კლერ დენის ბერლინის კინოფესტივალის პრიზიორი დრამა ურთიერთობის გაწყვეტაზე.
სარა და ჟანი უკვე დიდიხანია ცოლ-ქმარნი არიან, თუმცა წლებმა მათ სიყვარულს და ვნებას ვერაფერი დააკლო. ისინი შანს არ უშვებენ ერთმანეთის მიმართ სითბო და სიყვარული არ გამოხატონ, და როგორც ჩანს ბედნიერები არიან. სარა რადიოზე წამყვანად მუშაობს, ჟანს სამსახურთან დროებითი პრობლემები აქვს და მის აქტიურ ძებნაშია. მისი შვილი წინა ქორწინებიდან ბებიასთან იზრდება და გარკვეულწილად მის საფიქრალს ესეც ამძაფრებს. თუმცა როცა წყვილის ცხოვრებაში მათი საერთო ნაცნობი (სარას ყოფილი საყვარელი და ჟანის ახლო მეგობარი) ჩნდება, ყველაფერი უკან იწევს. ბალანსი ირღვევა. სარას მივიწყებული გრძნობები იღვიძებს და ვნებააშლილი, გონებაარეული ქალი იწყებს ორ მამაკაცს შორის გახლეჩას…
კლერ დენის (Claire Denis) ფილმი მისი ძველი ნაცნობი მწერლის კრისტინ ანგოს რომანის ეკრანიზაციაა, რომელიც ოდესღაც ეხმარებოდა დენის როლან ბარტის ,,ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან” ეკრანზე გადაეტანა. ფილმში განსაკუთრებული სიღრმითაა გადმოცემული მთავარი გმირების სულიერი განცდები, რაც მხოლოდ ისეთი დონის მსახიობების თამაშის წყალობით მიიღწევა, როგორიც ჟულიეტ ბინოში (Juliette Binoche) და ვინსენ ლინდონია (Vincent Lindon). რეჟისორი არ აკრიტიკებს თავის გმირებს, არ ასამართლებს, იგი უბრალოდ ახლო კადრით აკვირდება და იკვლევს მათ გულისცემას, მათ ტკივილებს, მათ სიყვარულს, მათ განშორებას.
სიყვარულით და მრისხანებით (Avec amour et acharnement)
რეჟისორი: კლერ დენი (Claire Denis)
2022წ. (საფრანგეთი)
ხანგრძლივობა: 1 საათი 56 წუთი