ბენ აფლეკის მიერ საინტერესოდ მოთხრობილი ლეგენდარული ბრენდის დაბადება.
1984 წელი. Nike-ის წილი მსოფლიო კალათბურთის სპორტული ფეხსაცმელის ბაზარზე 17%-ია. კონკურენტები სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავენ რეკლამაში და შესაბამისად წინ მიდიან. სანი ვაკარო კომპანიის კონსულტანტი და ,,სკაუტია” კალათბურთის ხაზით, რომლის შედეგიანობით Nike-ის ხელმძღვანელობა მორიდებით რომ ვთქვათ, აღფრთოვანებული ნამდვილად არაა. ერთ-ერთი მორიგი მოსაწყენი შეხვედრისას, სადაც მწირ სარეკლამო ბიუჯეტს განიხილავენ, მას ებადება იდეა, რომლის სისწორეში კომპანიის ხელმძღვანელობის დარწმუნება გადაიქცევა მის მთავარ საქმედ ცხოვრებაში. ეს იდეა ჯერ კიდევ ახალგაზრდა და უცნობი მაიკლ ჯორდანია, რომლის პოტენციალსაც სანი ვაკარო იწმუნებს, და რომლთანაც კონტრაქტის გაფორმებამ უნდა შვას ლეგენდარული ბრენდი ,, ეარ ჯორდანი”…
ალექს კონვერის შესანიშნავი სცენარი, რომელიც ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული ბენ აფლეკმა 2021 წლის დაწუნებული, ეგრეთ წოდებული ,,შავი სიიდან” ამოსწია, მან და მეთ დეიმონმა რამოდენიმე შესწორება შეიტანეს მასში და ფილმად აქციეს. იმის შესახებ თუ ვინ მოიგონა ბრენდის სახელწოდება ყოველთვის საკამათო იყო, ამიტომ ფილმის შემქმნელები საკითხს დელიკატურად მიდგნენ და იდეის ავტორობა ორ ადამიანზე გაჰყვეს. ,,ეარ ჯორდანის” დიზაინერმა პიტერ მურმა კომპანია Nike 1987 წელს დატოვა და Adidas- ის გუნდს შეუერთდა, სადაც 1998 წლამდე იმუშავა და ამ ფირმის ლოგოტიპიც დღევანდელი სახით მისი დამსახურებაა. ფილმში საინტერესო ნაწილი დათმობილი აქვს მოლაპარაკების დაგეგმვას და მის წარმოებას. იგი ერთგვარ სახელმძღვანელოდაც შეიძლება გამოდგეს იმ ხალხისთვის, ვისაც ამ სახის კომუნიკაცია უწევს სამსახურში თუ მის გარეთ.