დიტო ცინცაძის (Dito Tsintsadze) დრამა მამა-შვილის ურთიერთობაზე.
ახალგაზრდა ნიკა დიდი ბაღითა და საუკეთესო ხედით დამშვენებულ სახლში ინვალიდ მამასთან ერთად ცხოვრობს. სანდრო შეძლებულ ოჯახში გაზრდილი, განებივრებული ეგოისტი კაცია, რომელსაც ავტოავარიის შედეგად ფეხები წაერთვა და ინვალიდის სავარძლით მოძრაობს. მამა-შვილის ყოველდღიურობაში ნიკას მეგობარი გოგო – ნასტია იჭრება, რომელიც ცდილობს რაღაცნაირად ადგილი დაიმკვიდროს ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში.
ფილმის სცენარისტი და რეჟისორი დიტო ცინცაძე 1996 წლიდან ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა მისთვის პოსტსაბჭოური და თანამედროვე ქართული რეალობა, ქართული მენტალიტეტი ნაცნობი ამბავია. პოსტსაბჭოთა პერიოდის ფუფუნებაში გამოზრდილი (და იქ იმ პერიოდში ჩარჩენილი) ინვალიდი მამა და ახალი თაობის წარმომადგენელი, ევროპაში ნაცხოვრები შვილი ძლიერ ეკრანულ კონტრასტს ქმნიან და თაობათა ხიდჩატეხილობის პრობლემას თანამედროვეობის ჭრილში გვანახებენ, თუმცა ფორმაცია აქ თითქოს დროში არც იცვლება: ახალი თაობა, რომელთაც არ ესმით წინა თაობის, რომელთაც თავის მხრივ არ ესმოდათ მათი წინა თაობის და ასე უსასრულოდ… მამა-შვილის გაუცხოვებას, მათ კონფლიქტს საოცრად აბალანსებს მშვენიერი პერსონაჟის გამოჩენა, რომლისთვისაც საერთოდ უცხოა ეს გარემო, იმ კომუნიკაციის ფორმა რასაც აწყდება იგი მამა-შვილის სახლში მოხვედრისას. რა თქმა უნდა მასაც აქვს ტრავმები და ის მიჩქმალული შეცდომები, რომლის გარეთ გამოტანას იგი ერიდება, თუმცა სიუჟეტში ყველა პერსონაჟი თითქოს განწირულია ტკივილებისა და ტანჯვისათვის, და მხოლოდ აღსარებებს, გულახდილობას მოაქვს მათთვის ის მოკლეხნიანი შვება, რომელიც მათ სუნთქვის საშუალებას, ცხოვრების გაგრძელების შანსს აძლევს. ფილმი, რომლის სცენარი სულ რამოდენიმე გვერდს შეიცავს, რეჟისორული და ოპერატორული, მხატვრული თვალსაზრისით დახვეწილი და საინტერესოა. რადგან მოქმედება ერთ სახლში ხდება, მთელი დატვირთვა მსახიობებზე და მათ არტისტულ ხელოვნებაზეა ჩამოკიდებული, რასაც ისინი თავს კარგად ართმევენ, მითუმეტეს რომ ზოგიერთ მათგანს ორ ენაზე უწევს თამაში. ფილმი ნომინირებული იყო ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ პრიზზე.
ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი