დამიენ სიფრონის კრიმინალური დეტექტივი.
ბალტიმორი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. ფეერვერკების აფეთქებასთან ერთად სხვადასხვა ადგილებში ადამიანები ტყვიით განგმირულები ეცემიან ძირს. ქალაქში განგაში ცხადდება. ნათელია, რომ ქალაქს ახალი წლის დადგომასთან ერთად ახალი ,,მსროლელი” ჰყავს, რომლის მსხვერპლი ორ ათეულს აღემატება. პატრული ელეონორ ფრანკო (შეილინ ვუდლი) ერთ-ერთი პირველი ჩნდება შემთხვევის ადგილზე. მალე ,,მსროლელის” სავარაუდო შტაბ-ბინა ფეთქდება და ეს კიდევ უფრო მეტად ურევს თავგზას გამოძიებას, რომელსაც სათავეში ფედერალური ბიუროს სპეცაგენტი ჯეფრი ლამარკი (ბენ მენდელსონი) უდგება. იგი ელეონორში უმალ ამოიცნობს გამომძიებლის პოტენციალს და საქმეში რთავს. მათი მიზანია თავზეხელაღებული ფსიქოპათი დროზე ამოიცნონ და მორიგი მკვლელობები თავიდან აიცილონ.
დამიენ სიფრონი (Damián Szifron), მანამდე სერიალების არგენტინელი სცენარისტი და რეჟისორი, კინოსამყაროსთვის ცნობილი გახდა 2014 წლის ,,ველური ისტორიებით“, რომელმაც უცხოენოვან ფილმებში ოსკარის ნომინაცია მოუტანა. მისთვის დამახასიათებელი შავი იუმორი და უნიკალური ხელწერა ამ შესანიშნავად დადგმულ დეტექტივშიც იგრძნობა, რომელსაც არც დინამიკა აკლია, არც ექშენი, არც სოციალური პრობლემები და არც ნიჭიერი მსახიობები.