იალმარი ჰელანდერის ტარანტინოსეული სისასტიკით გამორჩეული, უკომპრომისო ექშენი.
1944 წელი. ევროპაში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს. ფინელები საბჭოთა კავშირთან ზავს აწერენ ხელს, რის შედეგადაც გერმანელთა დანაყოფები უკან იხევენ ამ მიწებიდან. ფინელი უტყვი ოქროს მაძიებელი აატამი კორპი ომის საშინელებებს განრიდებია და თავის ერთგულ ცხენთან და პუდელთან ერთად ძვირფასი მეტალების ძებნით არის შეპყრობილი. თავგამოდებულ მაძიებელს განძის ძებნაში უმართლებს, რასაც ვერ ვიტყვით ფაშისტების ნაწილზე, რომლებიც გადაწყვიტავენ აატამის ოქროს დაესაკუთრონ. მათ ხომ წარმოდგენა არა აქვთ, რომ ადგილობრივ ლეგენდას გადაეყარნენ, რომლის საშინელი რეპუტაცია მხოლოდ შიშს და სასოწარკვეთას იწვევს გამოცდილ მებრძოლებშიც კი.
სისხლიანი და დაუნდობელი ექშენის ავტორი ახალგაზრდა ფინელი იალმარი ჰელანდერია, რომელიც აშკარა სიმპათიით არის განწყობილი ქუენთინ ტარანტინოს შემოქმედების (კერძოდ ,,უსახელო არამზადების”) მიმართ. განსაკუთრებით დაკვირვებულმა მაყურებელმა შეიძლება სხვა რეჟისორის ფილმებზე (,,შეშლილი მაქსი”; ,,ჯონ უიკი”) მინიშნებაც შეიძლება აღმოაჩინოს, თუმცა ჰელანდერი მაინც როგორღაც ახერხებს ინდივიდუალიზმი შეინარჩუნოს და თვითმყოფადი კინო შემოგვთავაზოს.