მამი ვატა (Mami Wata) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მამი ვატა (Mami Wata)

მამი ვატას, ძველი აფრიკული ქალღმერთის როლი თანამედროვე ცხოვრებაში, ანუ ტრადიციისა და “პროგრესის” ჭიდილი

რიტა ედოქი ფილმიდან ‘Mami Wata’

ნიგერიელი რეჟისორი სი. ჯეი. ობასი ფილმისთვის “მამი ვატა” იყენებს აფრიკულ ფოლკლორს, ქალღმერთ მამი ვატას და ყვება სოფელ იის ამბავს, სადაც ადამიანები თანამედროვეობას უარყოფენ და იმართებიან შუამავალი მამა ეფეს მიერ, რომელიც ერთგვარი მედიატორია ქალღმერთსა და ხალხს შორის. სწორედ მის გავლით უზრუნველყოფს მამი ვატა მშვიდობას, მოსავალს, ადამიანების ჯანმრთელობას და ყველა იმ საწყის მოცემულობებს, რაც სიცოცხლისთვის საჭიროა. 

“მამი ვატა” შავ-თეთრი ფილმია, რითაც რეჟისორი კიდევ უფრო გამოკვეთს შავ ფერსა და მის სილამაზეს. “ზოგადად ინდუსტრია შავი სხეულითა და მისთვის ახალი მზერის მინიჭებით არაა დაინტერესებული. როცა მე ვქმნი, სწორედ ამ მზერას ვდებ პროექტში. ჩემთვის შავკანიანი ქალი ღმერთია. ესაა რეალობა, რომლის ნახვაც მინდა ამ სამყაროში,” – ამბობს ობასი.

უზოამაკა ანიუნო ფილმიდან ‘Mami Wata’

ფილმში ფოკუსი მამა ეფესა და მის შვილებზე, პრისკასა და ზინვეზეა, ისინი წარმოადგნენ მთავარ ძალას, რომელიც ტრადიციის, ავთენტურობის შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა, მაშინ, როცა ზინვე იგებს, რომ ისიც წყლის შვილია, მამი ვატას მოვლენილია და აუცილებლად მას დაუბრუნდება, თითქოს გაურბის თავის ბედს და ტოკენთან (სიმბოლო, რომელშიც ჩადებულია ძალა) ერთად ტოვებს სოფელს. ამის შემდეგ მამა ეფე თავის ძალებს კარგავს, რაც სოფელში უთანხმოებას იწვევს. ახალგაზრდა კაცი, რომლის შვილსაც მამა ეფე რიტუალით ვერ გადაარჩენს, უპირისპირდება მას და სხვა სოფლების მსგავსად ითხოვს სკოლებს, საავადმყოფოებსა და გზებს. საბოლოოდ მმართველობის სადავეები სოფლისთვის უცხო ადამიანის, ჯასპერის ხელში გადადის, რომელიც წყალმა გამორიყა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. 

“მამა ვატა” ცვლილებების, თანამედროვეობისა და დასავლური კულტურის შემოსვლის შედეგებზეა. ჯასპერი, რომელიც გზებსა და სკოლებს ჰპირდება მოსახლეობას, პირველივე შესაძლებლობისთანავე, როცა ხალხისგან ფულს კრეფს, იარაღს ყიდულობს. მშვიდობის დაპირებასა და მოლოდინს, იარაღი და ძალადობა ანაცვლებს. მნიშვნელოვანია, რომ ფილმში არ არის პირდაპირი მინიშნება ჯასპერის წარმომავლობაზე, თუმცა, ჯვარი, რომელსაც ის ატარებს, მის რელიგიურ მრწამსზე მიგვანიშნებს. ქრისტიანობა, დასავლეთი იჭრება იიში და მასში დამკვიდრებას ცდილობას. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთადერთი თეთრკანიანი ფილმში ადამიანია, რომელსაც სოფელში იარაღი შემოაქვს. 

“მამი ვატა” თემატურად რამდენიმე ნაწილად იყოფა და თითოეულ მათგანს აღნიშნულ ეპიზოდში არსებული ციტატა გასდევს. ფილმის ბოლო ნაწილი იწყება ტიტრებით: “შენ უნდა გეშინოდეს ქალის” და საბოლოოდ დასასრული სწორედ ამის დამტკიცებაა რა ძალა აქვს ქალს. მამი ვატაც ქალღმერთია და შესაბამისად ზინვესა და პრისკას გაერთიანებაც ქალის ძალას აჩვენებს. 

“მამი ვატას” მთავარი მახასიათებელი, ის, რაც მას აფრიკაზე გადაღებული ფილმებისგან გამოარჩევს, დამოკიდებულებაა. როგორც წესი, აფრიკის არა შესწავლა, არა მის პრობლემებზე რეფლექსირება, არამედ დაკვირვებაა ისე, თითქოს რაიმე ველურსა და ეგზოტიკურს ვუყურებდეთ. ობასი ფილმს ამ მზერას აშორებს, “მინდოდა აფრიკის რურალურ სოფელზე გადამეღო ფილმი არა იმ ჩვეული მზერით, რითაც ფილმებში ამ ადგილებს გაღარიბებულად წარმოაჩენენ. კამერის მზერა ჩვეულებრივ ზევიდან უყურებს ხოლმე მათ, ჩვენ პირიქით გვინდოდა, გვეყურებინა ქვევიდან ზევით და ჩვენი პერსონაჟები, როგორც ღმერთები ისე წარმოგვეჩინა კამერაში.”

“მამი ვატას” მთავარი ღირსება სწორედ ეს არის – ობასი ქმნის მზერას, რომელიც მაყურებელში არა სიბრალულს, არამედ სიყვარულსა და მოწონებას იწვევს. “მინდოდა შემექმნა ემპათიური მზერა, რაც შესაძლებელს ხდის დაუკავშირდე სხვას.”

“მამი ვატას” პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და ლილის სუარესმა ჟიურის სპეციალური კინემატოგრაფის ჯილდო მოიპოვა. 

მამი ვატა (Mami Wata)
რეჟისორი: სი. ჯეი. ობასი (C.J. Obasi)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 47 წუთი

90/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
ნინძების სახლი (House of Ninjas)

ნინძების სახლი (House of Ninjas)

| ნებისმიერი რამის გაქრობა შეგვიძლია, მათ შორის საკუთარი თავისაც - ნეტფლიქსის

შემდეგი
გაქცეული გოგოები (Drive-Away Dolls)

გაქცეული გოგოები (Drive-Away Dolls)

| გიჟური საგზაო კომედია ითან კოენისგან, ამჯერად ჯოელის გარეშე

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share