კატრინ ბრეიას პროვოკაციული დაბრუნება: სასიყვარულო ურთიერთობა ანასა და თავისი ქმრის არასრულწლოვან შვილს შორის
“უკანასკნელი ზაფხული” დანიური ფილმის Queen of Hearts რიმეიქია. პროდიუსერი საიდ ბენ საიდი და რეჟისორი კატრინ ბრეია (Fat Girl, Anatomy of Hell, Abuse of Weakness) ერთმანეთს ბელფორის კინოფესტივალზე შეხვდნენ, მოგვიანებით, 3 წლის შემდეგ საიდ ბენ საიდმა რეჟისორს შესთავაზა Queen of Hearts-ის მისეული ვერსიის გადაღება, რადგან თვლიდა, რომ ის ორიგინალზე უკეთესად გაართმევდა თავს ამ საქმეს. კატრინ ბრეია ამბობს, რომ ფილმის დასრულებისას მიუხედავად იმისა, რომ ძირეულად არაფერი შეუცვლიათ, სრულიად განსხვავებული ნამუშევარი მიიღეს, “იგივე სცენები და დიალოგები გაქვს, მაგრამ ყველაფერი იცვლება, რადგან რეჟისორის ნაწილში განსხვავებულია ხედვა და სურვილი. საიდს ვუთხარი, “ბოდიში, მე შენ გიღალატე, რადგან ორიგინალისგან სრულიად საპირისპირო რაღაცას გაძლევ.””
“ბოდიში, მე შენ გიღალატე, რადგან ორიგინალისგან სრულიად საპირისპირო რაღაცას გაძლევ.”
კატრინ ბრეია
ფილმში 40 წელს გადაცილებულ ქალს, ანას, რომელიც იურისტია და ბავშვთა ძალადობის საკითხებზე მუშაობს სექსუალური ურთიერთობა აქვს თავისი ქმრის შვილთან, 17 წლის თეოსთან. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს საკითხებში, ასაკობრივი სხვაობის დროს უფროსი ყოველთვის მოძალადედ ითვლება, რეჟისორი ანას პერსონაჟს ამ კუთხით არ წარმოაჩენს, მისთვის მათი ურთიერთობა გულწრფელი სიყვარულია და ფარული, ადამიანში ღრმად ჩამარხული სურვილების გაცოცხლება. ანას თითქოს კლასიკური გაგებით შემდგარი ცხოვრება აქვს, ცხოვრობს ვილაში ქმართან და ორ შვილთან ერთად, რომლებიც უყვარს, წარმატებული იურისტია და თავისი საქმისგანაც სიამოვნებას იღებს, თუმცა, პიერთან (ქმარი) პირველი სექსის ეპიზოდის დროს მათ შორის ვერანაირ ემოციურ კავშირს ვხედავთ. ანა იმის ნაცვლად, რომ სექსის პროცესზე ან პიერზე იყოს კონცენტრირებული, ყვება როგორ უყვარდა 14 წლის ასაკში 33 წლის კაცი და შემდეგ პიერის სიყვარულსაც მისი გერონტოფილური ვნებებით ხსნის.
ამისგან საპირისპიროდ თეოსთან სექსუალური კავშირის დროს ანა სიამოვნებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული ურთიერთობა ორივესთვის სიახლეა, თეოს გარდა იმისა, რომ ასაკით უფროს ქალთან აქვს სექსი, ქვეცნობიერად მამამის, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს, საკუთარ უპირატესობას უმტკიცებს. თავის მხრივ, ვიცით, რომ ანას პირველი სქესობრივი კავშირი ტრავმულია, რაზეც არ ლაპარაკობ და შესაძლებელია, სწორედ ამ ამბავს უკავშირდებოდეს მისი სექსუალური გემოვნების ჩამოყალიბება, გერონტოფილია. შესაბამისად, მათ შორის არსებული კავშირი ორივესთვის აღმაფრთოვანებელია, რის გამოც პრინციპებიდან თუ ნორმებიდან გადახვევა უწევთ. ანამ კარგად იცის, რომ ურთიერთობა მორალურად გაუმართლებელია, რითაც საკუთარ ოჯახსა და პროფესიულ რეპუტაციას კითხვის ნიშანს უსვამს, თუმცა, უარს არ ამბობს.
თეო ვისკონტის ტაძიოსნაირი პერსონაჟია, ქერა, ხვეული თმით, ნაზი, ნათელი კანითა და სიცოცხლის ენერგიით, რაც რადიკალურად განსხვავებულია იმაზე თუ როგორ ხედავს ანა პიერს. სექსუალური მიზიდულობა თეოსა და ანას შორის თავიდანვე ცხადია მაყურებლისთვის, როგორ ლაპარაკობენ და იცინიან ერთად, ტატუს ეპიზოდი, როგორ ეხება თეო ანას იმდენად გულწრფელია, რომ მათი ურთიერთობა სიყვარულად იხატება და არა ძალადობად. “ვფიქრობ, ამ ფილმის ძლიერი მხარე ის არის, რომ მიზიდულობა ორივე მხარისგან დაუძლეველია,” – ამბობს კატრინ ბრეია.
ვფიქრობ, ამ ფილმის ძლიერი მხარე ის არის, რომ მიზიდულობა ორივე მხარისგან დაუძლეველია,
კატრინ ბრეია
“უკანასკნელი ზაფხულის” საკვანძო ეპიზოდი პიერისა და ანას დიალოგია, როცა თეო მამამისს მათ ამბავს უყვება. ანას უნარი იმანიპულიროს თავის ქმარზე, უარყოფითა და თავდასხმით, მაგალითია იმისა თუ როგორ ცდილობენ ადამიანები იმის შენარჩუნებას, რაც სიამოვნებასა და ბედნიერებას არ ანიჭებთ. ფილმს ღია ფინალი აქვს და მაყურებელს საშუალებას აძლევს თავად განსაზღვროს ანას არჩევანი.
“უკანასკნელი ზაფხული” კაიე დუ სინემას 2023 წლის საუკეთესო 10 ფილმს შორის შედის.
უკანასკნელი ზაფხული (L’été dernier)
საფრანგეთი 2023 წ.
ხანგრძლივობაა 1 საათი 44 წთ