სამოქალაქო ომი (Civil War) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ალექს გარლანდის დისტოპიური თრილერი ორ ნაწილად გახლეჩილ ამერიკაზე

ალექს გარლანდის უახლეს ფილმში, ჟურნალისტთა გუნდი იწყებს სახიფათო მოგზაურობას შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც ვითარდება დისტოპიურ, უახლოეს მომავალში. ერი დამანგრეველი სამოქალაქო ომის ტყვეობაშია, ავტომაგისტრალები სავსეა მიტოვებული ან სულაც დამწვარი მანქანებით, ღამის ცა კი განათებულია საზენიტო ცეცხლის პერიოდული გასროლით.

Civil War იხსნება მომხიბვლელი სცენით, როდესაც სასოწარკვეთილი ნიუ-იორკელების ბრბო ტბორავს ქუჩებს, რომლებიც ხელისუფლებისგან სასმელ წყალს ითხოვენ. დაძაბულობა მალევე იზრდება პოლიციასთან შეტაკებაში, რასაც მოჰყვება აფეთქება და მოულოდნელი, საშინელი სიჩუმე. ფილმში ეს დაძაბული მომენტი, სადაც ყოველ შრიალს თავისი წონა აქვს და კინოს დარბაზიც მკვეთრად განათებულია, მაყურებელს ძლიერ დისკომფორტს უქმნის. თითქოს რეჟისორი ცდილობს მაყურებელი კომფორტის ზონიდან გამოიყვანოს მთელი ფილმის მანძილზე.

უახლოეს მომავალში ამერიკა გადაიზარდა ბრძოლის ველად, სადაც ტეხასი და კალიფორნია გაერთიანდნენ მთავრობის წინააღმდეგ. მათი ალიანსის მიზეზები ბუნდოვანია, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ისინი მიიწევენ ვაშინგტონისკენ. აქ, პრეზიდენტი რომელიც ცდილობდა მესამე ვადით არჩეულიყო ისევ, ერთი წელზე მეტი იმალებოდა, თავს არიდებდა ჟურნალისტებს და კამერებს. სამოქალაქო ომი და კონფლიქტი კი რაღათქმაუნდა გახდა ერთგვარი მაგნიტი ჟურნალისტებისთვის და რეპორტიორებისთვის, რომლებსაც სურთ გადაიღონ ხატოვანი ფოტოები და სამუდამოდ აღბეჭდონ ეს მომენტები ფირზე. გარლანდი კი გვაცნობს ამ თავზეხელაღებულ, რისკის მოყვარულთა ჯგუფს, რომელთაც მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ – მოიხვეჭონ დიდება და აღიარება.

სიუჟეტის ცენტრშია ლი (კირსტენ დანსტი), ფოტოგრაფი, რომლის პერსონაჟი მოგვაგონებს ლი მილერს, ცნობილი როგორც ომის კორესპონდენტი და “ვოგის” მოდელი. დანსტის პერსონაჟი გამოსახულია როგორც თავშეკავებული, მკაცრი და ხანდახან სასტიკიც. სააბაზანოშიც კი, ნიუ-იორკში წყლის დეფიციტის მიუხედავად, მას გამუდმებით აწუხებს წარსული კონფლიქტების “ფლეშბექები” და შოკისმომგვრელი მომენტები, რომელიც მის ტვინში სამუდამოდ დაილექა. მისი ავანტუირისტი კომპანიონია – ჯოელი, (ბრაზილიელი ვაგნერ მოურა, ცნობილი Elite Squad-იდან და ნეტფლიქსის სერიალ – Narcos-იდან) რეპორტიორი, რომელიც სიამოვნებას განიცდის სარისკო კადრების გადაღებაში და ამით იღებს ადრენალინს. ისინი ერთად მიზნად ისახავენ შეაღწიონ ვაშინგტონში, პრესისთვის შეუზღუდავ ზონაში, სადაც ჟურნალისტებს პირდაპირ სიკვდილი ემუქრებათ ტყვიების ზუზუნსა და ყუმბარათა აფეთქებებში. მათ უნდა უზრუნველყონ საბოლოო ინტერვიუ მიუღწეველ პრეზიდენტთან დედაქალაზე მოსალოდნელი თავდასხმის დროს. ამ სახიფათო მისიას უერთდება სემი (კოლორიტული სტივენ ჰენდერსონი), New York Times-ის გამოცდილი ჟურნალისტი, რომელიც პენსიაზე გასვლამდე, ბოლო “დავალებას” იღებს ამ მოგზაურობის სახით. აგრეთვე მათ თან ახლავს ვინმე ჯესი (ქეილი სპენი, რომელსაც მაყურებელი იცნობს როგორც პრისცილას – სოფია კოპოლას Priscilla-დან), ახალგაზრდა, დამწყები ფოტოგრაფი და ასევე ლის თაყვანისმცემელი.

მთავარ გმირთა ჯგუფმა მშვენივრად იცის, რომ ეს მოგზაურობა შეიძლება იყოს მათი უკანასკნელი, რადგან მათ ჟილეტებზე წარწერა “პრესა”, სამთავრობო ჯარისკაცებისთვის მოძრავ სამიზნეს ჰგავს. ფილმის საწყის ეტაპებზე გარლანდი ოსტატურად “აშენებს” სასპენსს, რაც დამახასიათებელია მისი სტილისთვის. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ Annihilation, Men, Ex-Machina და თუნდაც 28 Days Later, სადაც სასპენსი სტაბილურად მატულობს და აღწევს კლიმაქსს ფინალურ აქტში. გარლანდი ეჭვისთვის ადგილს და სივრცეს არ ტოვებს: ეს ექსპედიცია საკმაოდ შორს არის მხიარული გასეირნებისგან და ჟურნალისტებისთვის კიდევ უფრო სახიფათოა ვაშინგტონში ყოფნა, ვიდრე დარჩენილი რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში არის რაღაც მინიშნებები პრესის დემონიზაციაზე, რომელიც ხშირად ასოცირდება ტრამპთან ან მის მხარდამჭერებთან, რაც მიუთითებს ამჟამინდელი ადმინისტრაციის ყოფნაზე თეთრ სახლში, Civil War მაინც და მაინც ღრმად არ ჩადის პოლიტიკურ კომენტარებში.

ფილმის გამოკვეთილი კონტექსტის ნაკლებობა, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, პარადოქსულად აძლიერებს მის აქტუალობას. ომის გამომწვევი მიზეზები უცნობია, არავინ არ იცის არაფერი ნორმალურად, ჯარისკაცები უბრალოდ ერთმანეთს ესვრიან და ასრულებენ ბრძანებებს. ყველგან გაურკვევლობა და ბუნდოვანება სუფევს. ფილმის რელევანტურობა ან სულაც ე.წ. გრძელვადიანი გავლენა გაურკვეველია იქნება თუ არა საყურადღებო. თუმცა, 20 წლის შემდეგ რეალობა შეიძლება ისე მკვეთრად შეიცვალოს, რომ გარლანდის ამჟამინდელი შეშფოთება აუდიტორიისთვის გაუგებარი იყოს. ალტერნატიულად, მაყურებელი 2044 წელს (თუ ვივარაუდებთ რომ სტრიმინგი მაგ დროისთვის იარსებებს) შეიძლება გაოცებული დარჩეს იმით, თუ რამდენად ზუსტად იწინასწარმეტყველა ფილმმა თანამედროვე საკითხები და პრობლემები.

სიუჟეტის უნიკალურობა მომდინარეობს გმირების პროფესიიდან, რომელიც აკავშირებს ყველა სცენას რეალობის აღქმაში. სამოქალაქო პირებისგან განსხვავებით, რომლებიც იცავენ თავიანთ სახლებს ან ჯარისკაცებს, ასრულებენ მოვალეობებს, ისინი არიან უპასუხისმგებლო დამკვირვებლები, რომლებიც ყველაზე სასტიკ მოვლენებსაც კი ათვალიერებენ კამერის ლინზებით. გარლანდი თითქოს ვარაუდობს, რომ მედია ინდუსტრია დაინგრა: საგაზეთო კულტურა ნანგრევებშია და ინტერნეტთან წვდომა საკმაოდ მწირია. პრესა დამოუკიდებლად მუშაობს, მხოლოდ თავის მიზანს ემსახურება; საკუთარი აუდიტორია ინფორმირებულია, ხოლო აუტსაიდერები სავარაუდოდ უარყოფენ მათ მოხსენებებს, როგორც ყალბს.

ლი და მისი კოლეგები ცდილობენ შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი, თავი აარიდონ მხარის დაკავებას ყველაზე მძაფრ ვითარებაშიც კი. (განსაკუთრებით ეფექტურია ექსცენტრიული ჯესი პლემონსის მცირე სცენა, ვარდისფერი სათვალეებით) თუმცა გარლანდის ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ლის და მისი კოლეგების მთავარ მისიაზე. ნუთუ ისევ ემსახურებიან ისინი საზოგადოებას? ეძებენ თუ არა სიმართლეს, იცავენ თუ არა მკაცრად ფაქტებსა და კანონს, თუ უბრალოდ მღელვარების მაძიებლები არიან?

შეიძლება ვივარაუდოთ რომ გარლანდი მათ სხვადასხვა გამოცდას უტარებს და აუდიტორიის ემოციებით აშკარად მანიპულირებს. ვინაიდან ჩვენ მარტივად შევეჩვიეთ ერთ კონკრეტულ შაბლონს, როცა ყოველ ჯერზე, ეკრანზე მოქმედება წყდება, ჩერდება, მშვიდი, სახალისო ან იუმორისტული მომენტისთვის, მას აუცილებლად მოჰყვება ტრაგიკული მომენტი. ხოლო ამ მანიპულაციის მწვერვალი არის სცენა, რომელიც საშობაო ბაზრობაზე ვითარდება, აყვავებულ მინდვრებს შორის. თითქოს არსებითი მოკლემეტრაჟიანი საშინელებათა ფილმი “შეხვეული” პოლიტიკურ დრამაში. ამის შემდეგ კი უცვლელი არაფერი რჩება; გმირებმა ისედაც უკვე ძალიან დიდი სტრესი გადაიტანეს. ან იქნებ ესეც არ იყო საკმარისი?

ომის ერთ-ერთი შემაშფოთებელი ასპექტია მისი უნარი, რომელშიც კოშმარული განსაცდელი შეიძლება გადაიქცეს ამქვეყნიურ რუტინად და ზოგისთვის სიამოვნების წყაროდ ან სულაც ახალ დასახულო მიზნად, რომელიც დაჩრდილავს მორალურ თუ იდეოლოგიურ რწმენას. არ აქვს მნიშვნელობა რა უჭირავს ხელში ადამიანს, იქნება ეს იარაღი თუ ფოტოაპარატი, ომს შეუძლია გამოავლინოს თავისებური მიმზიდველობა, სადაც თავდაპირველი მოტივაცია ბუნდოვანია. ახალგაზრდა ჯესი კი ამ სენტიმენტს საინტერესოდ ეხმაურება, რომელიც ეკრანზე ნამდვილ ტრანსფორმაციას განიცდის ახალბედა, შეშინებული ადამიანიდან, მძაფრ მომენტებზე მონადირე, ადამიანამდე, რომელსაც სულ არ აინტერესებს რა მოუვა, ოღონდ რაც შეიძლება მალე დააფიქსიროს ესა თუ ის მნიშვნელოვანი კადრი და მიიღოს ადრენალინის მორიგი დოზა. მიუხედავად ამისა, სანამ ფინალური ტიტრები გამოჩნდება ეკრანზე, ჩვენ მაინც გვაინტერესებს ეს პიროვნული რენესანსი საბოლოოდ იქნება დადებითი თუ უარყოფითი ძალა.

ასე და ამგვარად, ალექს გარლანდის ფინალური ნამუშევარი საინტერესო და ამავედროს დაძაბული სანახაობა გამოვიდა. აპოკალიპტური “როუდ-მუვი”, რომელიც მალევე გადადის ქაოსში, დაძაბულობის მორევში, მიიწევს გაურკვეველ კონფლიქტში და ულამაზესი კადრებისა და კომპეტენტური საუნდ დიზაინის წყალობით მაყურებელიც ერთვება ამ ბუნდოვან ატმოსფეროში, რასაც ლამაზად ერთვის სხვადასხვა საუნდტრეკები შესრულებული ისეთი ჯგუფების მიერ როგორიცაა: Silver Apple, Suicide, Skid Row, De La Soul და სხვანი. ზემოხსენებული მახასიათებლები მარტივად აკომპენსირებენ ფილმის სხვა მინუსებს რომელიც ძირითადად უკავშირდება აუხსნელ კონფლიქტს, არც ისე ღრმა პერსონაჟებს, რომლებიც ძირითადად ე.წ. “სიუჟეტის ხელსაწყოები” არიან და არსებობენ იმისთვის რომ ამბავი წინ წასწიონ, და აქა-იქ არსებული “ექშენ” სცენები, რომელსაც ცოტათი აკლია ინტენსიურობა. (თუმცა ფინალური შეტაკება თეთრი სახლის შტურმით, საკმაოდ შთამბეჭდავია და ზოგს შესაძლოა Call Of Duty Modern Warfare 2-ს ერთ-ერთი მისიაც გაახსენდეს მსგავსი თემატიკით, კერძოდ კი Whiskey Hotel ჯეიმს რამირეზის მონაწილეობით).

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში

სამოქალაქო ომი (Civil War)
რეჟისორი: ალექს გარლანდი

ხანგრძლივობა: 1 საათი და 49 წუთი

78/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
წარმომავლობა (Origin)

წარმომავლობა (Origin)

| იზაბელ ვილკერსონის წიგნის ადაპტაცია - კასტა, როგორც უთანასწორობის საწყისი

შემდეგი
Music in 80’s Films

Music in 80’s Films

Playlistების წარმდგენია musmus

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share