წარმომავლობა (Origin) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

წარმომავლობა (Origin)

იზაბელ ვილკერსონის წიგნის ადაპტაცია – კასტა, როგორც უთანასწორობის საწყისი

იზაბელ ვილკერსონის პუბლიკაციებიდან  “The Warmth of Other Suns: The Epic Story of America’s Great Migration” და “Caste: The Origin of Our Discontents” ორივე ფერადკანიანების მიმართ უთანასწორობის საკითხს ეხება იმ განსახვავებით, რომ 2020 წლის წიგნში მწერალი პრობლემის სათავედ არა რასას, არამედ კასტურობას მიიჩნევს, რითაც ერთმანეთთან აერთიანებს ნაცისტური გერმანიის რეჟიმს, ინდოეთში დალიტების კასტისა და ფერადკანანების ჩაგვრას ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველი “The Warmth of Other Suns: The Epic Story of America’s Great Migration” უფრო მეტად ნარატიულია მეორე ნაშრომისგან განსხვავებით, რომელიც თეორიული დაკვირვებაა და ამ თეზისის დამტკიცებას ემსახურება, რეჟისორი ავა დუვერნეი თავის ახალ ფილმს “Origin” სწორედ ამ წიგნის მიხედვით იღებს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს რთულად ადაპტირებადი წიგნი გამოწვევაა და ამავდროულად ისეთ საკითხს ეხება, რაც მისთვისაც აღმოჩენა იყო. “მან პირადად ჩემთვის ახალი სალაპარაკო ენა გახსნა იმ საკითხებზე დისკუსიისთვის, რაზეც ხშირად ვფიქრობ, როოგრ ვეპყრობით ერთმანეთს, როგორ არის მოწყობილი ჩვენი საზოგადოება და სტრუქტურები, რითაც ვიმართებით.”

მან პირადად ჩემთვის ახალი სალაპარაკო ენა გახსნა იმ საკითხებზე დისკუსიისთვის, რაზეც ხშირად ვფიქრობ, როოგრ ვეპყრობით ერთმანეთს, როგორ არის მოწყობილი ჩვენი საზოგადოება და სტრუქტურები, რითაც ვიმართებით.”

ავა დუვერნეის “Origin” მთავარი ხაზი წიგნში დასმული საკითხის განხილვის გარდა, მწერალ იზაბელ ვილკერსონის პირადი ცხოვრებაა, მისი ტრაგედია, ორი საყვარელი ადამიანის, ქმრისა და დედის გარდაცვალება, რაც მისთვის ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა ამ თეზისზე მუშაობისთვის და კვლევისთვის, რა აერთიანებს ფერადკანიანების, ებრაელებისა და დალიტების წინააღმდეგ მიმართულ ჩაგვრას. ფილმის დასაწყისში ფოკუსი იზაბელის პირად ცხოვრებაზეა, რა დროსაც ხდება მთავარი მოვლენა, ფერადკანიანი ბიჭის მკვლელობა თეთრკანიანთა სამეზობლოში იმ არგუმენტით, რომ მკვლელს ღამით ქუჩაში მოსეირნე ადამიანი საფრთხედ მოეჩვენა და პოლიციასთან სატელეფონო ზარის პარალელურად სასიკვდილოდ ესროლა მსხვერპლს.

ამის შემდეგ იზაბელს ამ ამბავზე დაწერას სთხოვენ, თუმცა, მხოლოდ მარტო დარჩენის, ტრაგიკული შემთხვევიდან გამოფხიზლების შემდეგ ახერხებს ფორმის მოძებნას როგორ უნდა მოყვეს ამ ისტორიაზე ისე, რომ მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევას არ შეეხოს. “Origin” იზაბელ ვილკერსონის მოგზაურობაა გერმანიასა და ინდოეთში, სადაც ადამიანებთან საუბრობს, უფრო მეტად მათ ისტორიებს ისმენს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, სადაც ოჯახთან ვახშამზე თავის თეზისზე ლაპარაკობს, ახალგაზრდა ქალი შეეწინააღმდეგება და ეუბნება, რომ ჰოლოკოსტი და მონობა ამერიკაში სხვადასხვა პრობლემაა და ამ ორის კავშირს ვერ ხედავს, რაც მამოტივირებელი გახდება მისთვის, რომ ამ საკითხს ბოლომდე მისდიოს. იზაბელი არ ამტკიცებს იმას, რომ მეთოდები, რითაც ეს სისასტიკეები მოხდა ერთნაირია ან შედეგებს ადარებს ერთმანეთს, არამედ საუბრობს ამ უთანასწორობის საწყისებზე, რაც მისი აზრით, არა რასობრივი განსხვავებაა, არამედ სოციალური უთანაბრობა, იერარქიულობა და კასტურობა. 

ამ მოგზაურობის განმავლობაში ავა დუვერნეი განსხვავებულ ისტორიებს გვთავაზობს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მიმოიხილავს ისტორიულ კონტექსტს, ყვება სიყვარულის ამბავს გერმანელ კაცსა და ებრაელ ქალზე, რომლებსაც ამის უფლება არ ჰქონდათ, გვაჩვენებს როგორ წვავდნენ ებრაელთა ნაშრომებს, როგორ ცხოვრობენ დალიტები ინდოეთში, რა დამცირებას გადიან ამერიკაში ფერადკანიანები. ყველა ისტორია თანაბრად შემზარავია, ვუყურებთ ბავშვთა საფეხბურთო გუნდის გამარჯვების შემდეგ როგორ ეპყრობიან ფერადკანიან ბიჭს, რომელსაც აუზში ჩასვლა თავის თანაგუნდელებთან ერთად არ შეუძლია, რადგან წყალი ახალი გაწმენდილი და გამოცვლილია, ვისმენთ დღევანდელ სტატისტიკას რამდენ დალიტ ქალს აუპატიურებენ ყოველდღიურად ინდოეთში მხოლოდ ამ ნიშნით და როგორ ახეხინებდნენ მათ შიშველი ხელებით ტუალეტებს, რამდენად უუფლებო იყო დალიტი ბავშვი, რომელსაც კლასში მერხთან დაჯდომაც კი არ შეეძლო და იატაკზე ჰქონდა სასწავლო ნივთები გაშლილი. 

ავა დუვერნეისგან მსგავსი ისტორიების მოყოლა ახალი არ არის, მისი ფილმი “Selma” და ნეტფლიქსის მინისერიალი “When They See Us,” რომელშიც რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ელის-ტეილორი თანამშრომლობენ, სწორედ ამ საკითხებს ეხება, თუმცა “Origin” თითქოს ყველანაირ უთანასწორობას აერთიანებს და საბოლოოდ ძალიან შემზარავი და ინფორმატიული ხდება, რითაც აღნიშნულ პრობლემაზე ახალ იდეებსა და შეხედულებებს გვიჩენს.

ავა დუვერნეი პირველი ფერადკანიანი ქალი რეჟისორია, რომელსაც ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს ლომისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიეცა. ფილმს მოპოვებული აქვს African-American Film Critics Association-ის ჯილდოები საუკეთესო დრამის, რეჟისორისა და მსახიობის კატეგორიებში.

წარმომავლობა (Origin)
რეჟისორი: ავა დუვერნეი
აშშ 2023წ

ხანგრძლივობა: 2 საათი და 21 წუთი

90/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Pearl Jam – Dark Matter

Pearl Jam – Dark Matter

| Album: Dark Matter

შემდეგი
სამოქალაქო ომი (Civil War)

სამოქალაქო ომი (Civil War)

| ალექს გარლანდის დისტოპიური თრილერი ორ ნაწილად გახლეჩილ ამერიკაზე

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share