სიყვარული სისხლისგან იცლება (Love Lies Bleeding) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სიყვარული სისხლისგან იცლება (Love Lies Bleeding)

კუნთები, სიყვარული და ღალატი: როუზ გლასის ახალი კრიმინალური თრილერი 90-იანების ამერიკაში

სულ რაღაც 1 თვის შემდეგ, ციფრულ კინო-გაქირავებაში გამოვიდა როუზ გლასის ახალი კრიმინალური თრილერი – Love Lies Bleeding, A24-ის პროდიუსერობით, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ – კრისტენ სტიუარტი, ქეთი ობრაიენი, დეივ ფრანკო, ჯენა მალოუნი და ედ ჰარისი. ვფიქრობ, სტიუარტი უპრობლემოდ გადავიდა ბლოკბასტერული როლებიდან დამოუკიდებელ, ინდი ფილმებზე და არც ეს სურათია გამონაკლისი. მარტივად რომ ავღწეროთ Love Lies Bleeding, უბრალოდ წარმოიდგინეთ ესთეტიკური ნაზავი ნიკოლას ვინდინგ რეფნის ფილმებისა – The Neon Demon და Too Old to Die Young, ვინაიდან ეს ფილმიც სავსეა სექსითა და სისხლით და სურეალისტური კადრებით.

სიუჟეტი Love Lies Bleeding-ისა შემდეგშია: 1980-იანი წლების მიწურულს, (კერძოდ კი, 1989 წელს) ახალგაზრდა მიმღები, სახელად ლუ (კრისტენ სტიუარტის პერსონაჟი) მუშაობს სპორტდარბაზში, სადაც გაიცნობს ჯეკის, (ქეთი ო’ბრაიენის გმირი) კულტურისტ, ბოდიბილდერს, რომელიც ოცნებობს გაიმარჯვოს და პირველობა მოიპოვოს ბოდიბილდერთა კონკურსზე. ორივე პერსონაჟს უეცრად შეუყვარდებათ ერთმანეთი და იწყება ვნებიანი რომანიც. თუმცა, ლუს ოჯახური ცხოვრება რთულია, მამამისი იარაღის გაყიდვებშია ჩართული, ხოლო და მისი და – ბეთი (ჯენა მალოუნი) ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. რაც შეეხება ჯეკის, იგი საკუთარი გამოწვევების წინაშე დგას, მიმართავს სტეროიდების ინექციებს, რათა ერთგვარი უპირატესობა მოიპოვოს კონკურსში და ადვილად გაიმარჯვოს. სამწუხაროდ სწორედ ეს ინექციები იწვევს არასასიამოვნო გვერდით მოვლენებს როგორიცაა მაგალითად – ჰალუცინაციები, რაც ქმნის საფუძველს იმისა, რომ მოვლენები ამ დაძაბულ და ამავდროულად მომხიბვლელ ისტორიაში სისხლიანად “შემობრუნდეს”.

ქეთი ო’ბრაიენის სამსახიობო შესრულება შთამბეჭდავია. იგი ოსტატურად ასახავს პერსონაჟს, რომელიც ერთი შეხედვით ნაზა და მოსიყვარულე ჩანს, მაგრამ რეალურად მზად არის აფეთქდეს ემოციებისგან და კუნთებიც დაიბეროს, სადაც ნათლად ჩანს ყოველი ვენა (ეს უკვე ოპერატორის დამსახურებაა). მისი პერსონაჟი ღრმად არის ჩაფლული სიყვარულშ და მზად არის გასწიროს ყველაფერი ამისთვის. რაღაც მომენტში ჯეკიმ შესაძლოა She-Hulk-ის პერსონაჟიც კი გაგახსენოთ. ერთადერთი რამ, რაც ლუს ამ დაწყევლილ ოჯახთან აკავშირებს ძმური სიყვარულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ოჯახის დინამიკა შეიძლება ბევრად უფრო რთული იყოს. ზოგჯერ, უცხო ადამიანთან კავშირის დამყარება და მათი ოჯახის წევრად მიჩნევა შეიძლება უფრო მარტივი იყოს, ვიდრე სისხლით ნათესავთან. სტიუარტის პერფორმანსი როგორც ყოველთვის დამაჯერებელი და გულწრფელია, თუნდაც ერთი შეხედვით სულელური ვარცხნილობით და ჭუჭყიანი, აშლილი თმით. ხოლო დეივ ფრანკო განასახიერებს პერსონაჟს, რომელიც უსიამოვნებას იწვევს მთელ ამ ისტორიაში. ის თამაშობს მოძალადე ქმარს, რომელიც გამუდმებით ავლენს ძალადობას და რისხვას თავის ცოლზე. ნამდვილად სევდიანია და სამარცხვინოა , რომ მისი პერსონაჟი სრულებით ვერ აცნობიერებს მის დანაშაულს. როლის სირთულის მიუხედავად ფრანკო მშვენივრად უმკლავდება მოცემულ დავალებას.

გენიალური ედ ჰარისი ამ სამსახიობო ანსამბლში ჩინებული დანამატია და ამ ფილმში კიდევ ერთხელ ავლევს თავის მრავალმხრივ ნიჭს. მისი როლი, როგორც ბოროტი მამა, რომელიც სასოწარკვეთილია და ცდილობს დაფაროს დანაშაულის კვალი, დამაჯერებელია. იგი კარგად გადმოსცემს პერსონაჟს, რომელიც მზად არის დაეხმაროს როგორც საკუთარ ოჯახს, ასევე უცნობებს, მაგრამ ამავდროულად შეიძლება გაბრაზდეს კიდეც, თუ მის დახმარებას არ აფასებენ და არაფრად აგდებენ. ერთ-ერთ ასეთ მომენტში ის ხოჭოსაც ჭამს, რაც მის პორტრეტს ერთგვარ სიღრმეს ჰმატებს.

Love Lies Bleeding მალევე იპყრობს მაყურებლის ინტერესს, თავისი საინტერესო დასაწყისით, მიუხედავად იმისა რომ სიუჟეტი ფოკუსირებულია ერთსქესიან ურთიერთობაზე. ამბის პროგრესირებასთან ერთად ტემპიც ჩქარდება და ორივე გმირის ბედი მალევე დგება საფრთხის ქვეშ. ყველას კარგად მოეხსენება თუ რამდენად რთულია მიიღო გადაწყვეტილება და გაუშვა ადამიანი და წინ წახვიდე, გააგრძელო ცხოვრება, განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი გაკავებს და ქვევით, ფსკერისკენ გითრევს. ისტორიის უმეტესი ნაწილი ტრიალებს ჰორმონალური პრეპარატების გარშემო, ჰმატებს კომპლექსურობის ფენას, განსაკუთრებით 90-იან წლებში. თამამად შეგვიძლია გავავლოთ პარალელი დენი ბოილის Trainspotting-თან, რადგან აქაც ვხვდებით პარტნიორებს შორის ნდობის წვრილ ხაზს და დამოკიდებულის (ადიქციის) თემებს. სიყვარული ფილმში როგორც გამაერთიანებელი, ასევე გამყოფი ძალაცაა, რომელიც სვამს მთავარ კითხვას: რას გააკეთებდით სიყვარულისთვის? გამოცდები, ან განსაცდელები, რომელსაც მთავარი გმირი (ლუ) აწყდება, აიძულებს მას დაუპირისპირდეს რთულ არჩევანს – წავიდეს წინ თუ უბრალოდ უსაშველოდ მიეჯაჭვოს წარსულს.

როგორც კი ფილმი შუა წერტილს უახლოვდება, საოცარი “ტვისტი” იწყებს განვითარებს საათისა და 36 წუთის მანძილზე, რასაც ფანტასტიური და ამასთანავე უცნაური დასასრულისკენ მივყავართ. სწორედ ამ დასასრულმა შესაძლოა გაჰყოს მაყურებელი ორად და მთელი ეს დაძაბული თრილერი თავისი არც თუ ისე მსუბუქი ისტორიით, ოდნავ გააბათილოს ან პირიქით გააორმაგოს ფილმის ეფექტი. გარდა ამისა, Love Lies Bleeding-ში ზოგ სცენაში ვხვდებით საშინელ ბოდი-ჰორორის მაგვარ მომენტებს, როგორიცაა ჯეკის ჰალუცინაციები შოკის მომგვრელი, გრაფიკული სცენებით. რეჟისორმა მშვენივრად წარმოაჩინა ეკრანზე როგორც მსგავსი საზიზღარი კადრები, ისევე ეროტიული სცენებიც. კინოს მინუსში ცალსახად შეიძლება გავიყვანოთ ისიც რომ, როუზ გლასი თითქოს ერთდროულად იღებს უამრავ თემას: ქალების ბოდიბილდინგი, სტეროიდები, ოჯახური ძალადობა, მამებისა და შვილების პრობლემა, მაგრამ არც ერთი მათგანი მიჰყავს ბოლომდე გამოსაკვლევად.

მთლიანობაში, Love Lies Bleeding მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცუდი ნამუშევარი არ არის და ყურებადია, თუმცა საკამათო დასასრული, რომელზეც შეიძლება “50 ფუტიანი ქალის თავდასხმა” მოგაგონოთ, ოდნავ ცვლის ფილმის განწყობას, რომელიც დაიწყო როგორც სერიოზული, “ექშენით” სავსე თრილერი. ასე და ამგვარად, კინოს ნახვა ერთმნიშვნევლოვნად ღირს, სწრაფი ტემპის, ადრეული 90-იანების ჭუჭყიანი ატმოსფეროს, საინტერესო სიუჟეტისა და მშვენიერი სამსახიობო დასის გამოც.

სიყვარული სისხლისგან იცლება (Love Lies Bleeding)
რეჟისორი: როუზ გლასი (Rose Glass)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 44 წუთი

78/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Pet Shop Boys – Loneliness

Pet Shop Boys – Loneliness

| Album: Nonetheless

შემდეგი
არაჯენტლმენურ საქმეთა სამინისტრო (The Ministry of Ungentlemanly Warfare)

არაჯენტლმენურ საქმეთა სამინისტრო (The Ministry of Ungentlemanly Warfare)

| ჩერჩილის საიდუმლო მეომრების უთქმელი ამბავი გაი რიჩის ახალ კომედიურ "ბოევიკში"

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share