ჩერჩილის საიდუმლო მეომრების უთქმელი ამბავი გაი რიჩის ახალ კომედიურ “ბოევიკში”
გასულ წელს, გაი რიჩიმ მაყურებელი გააოცა არა ერთი, არამედ ორი ფილმით: კომედიური ჯაშუშური თრილერი Operation Fortune: Ruse de Guerre და ინტენსიური სამხედრო დრამა – The Covenant. ბრიტანელი რეჟისორი ამაზეც არ გაჩერდა და გააგრძელა ნეტფლიქსის სერიალით – The Gentlemen, მისი ამავე სახელწოდების ფილმის ე.წ. ახალი ვერსია. ახლა კი, მისი შემდეგი ფილმი – The Ministry of Ungentlemanly Warfare, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გამოვიდა დიდ ეკრანებზე. ეს ისტორიული “ექშენ” ფილმი მოგვითხრობს თავზეხელაღებული მეომრების ჯგუფზე, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ისინი ასრულებდნენ სხვადასხვა სახიფათო მისიებს ნაცისტების ლიკვიდაციის მიზნით, ნებისმიერი საჭირო საშუალებით. თუ უკვე თრეილერსაც ნახავდით, მაშინ უკვე მზად ხართ რას ელოდოთ რიჩის ფილმისგან – შავი იუმორი, უხეში რეალიზმი, დინამიური მონტაჟი და მაღალი ოქტანური “ექშენის” ნაზავი. მაგრამ, ასე არის თუ არა ეს სინამდვილეში?
1942 წელს, დიდი ბრიტანეთის გულში, განსაკუთრებული ინდივიდების ჯგუფი ჩნდება. გამოცდილი ავანტიურისტები და ელიტური სპეციალისტები, თითოეული მიჩვეული სოლო მუშაობას. თუმცა, როცა მსოფლიოს ბედი წყდება, ისინი იძულებულნი არიან გააერთიანონ ძალები და შექმნან ფარული საბრძოლო რაზმი. მათი მისია: ნაცისტური ძალების წინააღმდეგ სახიფათო და გაბედული ოპერაციის განხორციელება. ომი ახლა მათი ბურთი და მოედანია და ისინი თავისი მეთოდებით გაუძღვებიან მას, უდიდესი ეშმაკობითა და რაღათქმაუნდა – არაჯენტლმენტურად.
ფილმი, რომელიც შემდეგი წინადადებით იწყება – “დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე”, ჩვეულებრივი პრეტენზიაა, რომელიც ხშირად, ნამდვილი ამბისგან ცოტას რამეს ტოვებს. თუმცა ეს უმნიშვნელო დეტალია. მნიშვნელოვანია ერთი რამ – ხშირი და სერიოზული შედარება მრავალი ადამიანის მიერ ამ ფილმისა და კვენტინ ტარანტინოს “უსახელო ნაბიჭვრებს” შორის, რაც მის თითქოს პოტენციურ, გამორჩეულ მახასიათებელს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ რიჩის ნამუშევების გარჩევისას ყველა არ შეიძლება იყოს ისეთი გამჭრიახი, მაგრამ მუდმივი ასოციაციები “ნაბიჭვრებთან” “სამინისტროს” ყურებისას ცოტათი გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პარალელები: დროის პერიოდი ემთხევა, იქაც, ექსცენტრიული გმირების რაზმი ებრძვის ნაცისტებს და ტილ შვაიგერი ორივე ფილმში ჩნდება. თუმცა “სამინისტროში” პერსონაჟებს არ აქვთ ქარიზმა, შავი იუმორიც თითქმის არ არის, დაძაბული სცენებიც არ არის ადგილზე და არც ერთი “ნაბიჭვრებისთვის” დამახასიათებელი გონებამახვილური დიალოგი.
მაშ ასე, დავიწყოთ პერსონაჟებით. თავდაპირველად, ჰენრი ქავილის როლზე დიდი იმედები იყო, განსაკუთრებით თრეილერის შემდეგ, სადაც ის სახალისო მიმიკით გამოირჩევა და ენასაც კი ჰყოფს. თუმცა მისი სამსახიობო თამაში ჰენრის ტიპურ როლშია, სადაც ის ფილმის ოთხმოცი პროცენტი დადის ფეხით ან უბრალოდ ლამაზად გადმოსცემს თავის რეპლიკებს. ხოლო დარჩენილ ოც პროცენტზე, სადაც ის ბევრად უფრო ცოცხალია, პრეტენზია არ არის. მისი გუნდი, რომელიც შედგება ალან რიჩსონის, ჰენრი გოლდინგის, ალექს პეტიფერისა და ჰირო ფაინს ტიფინისგან, იუმორისტული და მიმზიდველია, მაგრამ თითოეული მათგან უფრო მულტფილმიდან გადმომხტარ პერსონაჟებს ჰგვანან და დიდი დროც არ აქვთ დათმობილი ფილმის განმავლობაში. თუმცაღა, მათ შორის გამოირჩევა რიჩსონი, თავისი გაბარიტებითა და საბრძოლო ოსტატობით. თავზეხელაღებულთა გუნდის გარდა ჩვენ კიდევ გვყავს კიდევ ორი პერსონაჟი: ეიზა გონზალესი და ბაბს ოლუსანმოკუნი, რომლებიც განასახიერებენ გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ოპერაციების აღმასრულებელი სამსახურის აგენტებს. გონსალესის გმირი წარმოჩენილია როგორც წარმოუდგენლად ლამაზი და გამოცდილი, საუკეთესო ჯაშუში, მსროლელი და მომღერალი. თუმცა მისი სამსახიობო ნიჭი არც ისე. ოლუსანმოკუნის პერსონაჟი, მისი პარტნიორი ბრძენი და მშვიდი ტიპაჟის როლშია, მაგრამ მასზე თითქმის ვერაფერს ვიგებთ.
ხოლო სხვა პერსონაჟთა ჩამოთვლას უბრალოდ აზრი არ აქვს, რადგან ისინი ძირითადად ან ფონური ხმაურის როლს ასრულებენ, ოდნავ მიჰყავთ სიუჟეტი წინ და ზოგჯერ სრულიად არასაჭიროებიც არიან. ფილმი გადატვირთულია უამრავი პერსონაჟით, არცერთ მათგანს ყურადღება არ ექცევა. შედეგად, მაყურებელი ვერ ახდენს ემოციურ ინვესტირებას მათ ბედში, თუნდაც ისეთ მომენტებში, როცა ნათლად ჩანს, რომ მათ შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეთ.
რაც შეეხება სიუჟეტს, “სამინისტრო” საკმაოდ მოსაწყენი და ზედმეტად გადაწელილია, მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ოთხი (!) სცენარისტი ჰყავს. ზოგ მომენტში ვიფიქრე კიდეც – “რა საჭიროა ეს ან ეს სცენა, რომელიც ისტორიაზე თითქმის არ მოქმედებს?” რიჩის, როგორც რეჟისორის, ასევე რედაქტორის ამპლუაში, მარტივად შეეძლო ამ სცენების მიჭრა-მოჭრა თხრობის მთლიანობისთვის, კომპრომისის გარეშე. ხოლო დიალოგები მოკლებულია ყველანაირ ხალისს ან იუმორს, Operation Fortune-თან შედარებით.
ფილმი იმსახურებს ქებას მისი კარგად დადგმული სამოქმედო სცენების გამო, რომელიც ზომიერად ბრუტალური და ზოგჯერ სანახაობრივიცაა. თუმცა, მთლიანი კინოს განმავლობაში, მხოლოდ სამი მასიური სამოქმედო სექვენციაა, მეორე და მესამე სცენებს შორის დიდი ინტერვალით – 50 წუთი. ინტრიგების, დაძაბულობის ან “მაღალი ფსონების” ნაკლებობის მიუხედავად, ფილმის გამორჩეული თვისება ისევ და ისევ – “ექშენია”. ხოლო რაც შეეხება იუმორს, გარდა იმისა, რომ გაბედულია, აკლია მახვილგონივრულობა და სიმკვეთრე. რეჟისურა “სამინიტროს” ელეგანტური და ფერადია, თუმცა არა მთლად რიჩის ჩვეულ სტილში. აი ფინალური შეტაკების გადაღება სიბნელეში ცოტათი უცნაური გადაწყვეტილებაა.
რომ შევაჯამოთ, “სამინისტროს” აქვს თავისი ძლიერი მხარეები, თუმცა როგორც იტყვიან, “უსახელო ნაბიჭვრებამდე” “ვერ მოვა”. რასაკვირველია, ორივე ფილმი მიზნად ისახავს გართობას და არა ღრმა ანაზლის ან ზედმიწევნით სამხედრო სიზუსტეს. რაც შეეხება Inglorious Basterds-ს, მან თითქოს თავიდან გადაწერა ისტორია თავისი დასასრულით და მიუხედავად მცირე სამოქმედო სცენებისა, გამოავლინა დამაჯერებელი ამბავი დასამახსოვრებელი დიალოგებითა და პერსონაჟთა ინტენსიური დინამიურობით, განსაკუთრებით საკულტო ბარის სცენით. გარდა ამისა, კრისტოფ უოლცის თამაშმა ფილმს დაძაბულობის და ქარიზმის ფენაც შემატა, რამაც მას შემდეგ ოსკარი მოუტანა. ამის საპირისპიროდ კი, რიჩის “სამინისტრო” უფრო პირდაპირ, სწორხაზოვან “ექშენ” ან B-ფილმს მოგვაგონებს, თუმცა ოდნავ შთამბეჭდავი პერსონაჟთა პორტრეტებით, კოსტიუმებითა და დეკორაციებით. ერთხელ ყურება შეიძლება დამღლელი საღამოს შემდეგ, მაგრამ გაწელილი ორ საათიანი ქრონომეტრაჟი, (კერძოდ კი შუა ნაწილი) შაბლონურობა და პერსონაჟთა უმეტესობა რომელიც მოსაწყენია, შესაძლოა ეს სიამოვნება გააუფერულოს. თუმცაღა საპირისპიროდ პლუსებში გავიყვანდი – მუსიკას, სამსახიობო დასს, ცოტ-ცოტა იუმორს, “ექშენს”, სახალისო ფინალსა და ატსმოფერულობას.
ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში
არაჯენტლმენურ საქმეთა სამინისტრო (The Ministry of Ungentlemanly Warfare)
რეჟისორი: გაი რიჩი
ხანგრძლივობა: 2 საათი