ბრიტანი სნოუს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი – როგორია ცხოვრება კვებითი აშლილობის დროს
Parachute Pitch Perfect-ის ტრილოგიის ცნობილი მსახიობის ბრიტანი სნოუს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც რეჟისორისთვის ნაცნობ პრობლემას, კვებით აშლილობას, სხეულის დისმორფიასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. 2007 წელს People-თან ბრიტანიმ ანორექსიის შესახებ მის გამოცდილებაზე ისაუბრა და როგორც თვითონ აღნიშნავს გამოჯანმრთელებიდან 15 წლის შემდეგ გადაიღო ფილმი Parachute.
ფილმის გახსნით სცენაში რაილის (Courtney Eaton) ვეცნობით, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრს ტოვებს და სახლში დაბრუნებული პირველივე საღამოს მეგობართან ერთად გასართობად წასული ითანს (Thomas Mann) იცნობს. მას ფსიქოლოგის რეკომენდაციით 1 წლის განმავლობაში შეზღუდულია აქვს სასიყვარულო ურთიერთობა, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ წყვილს შორის ინტერესსა და სიახლოვეს თავიდანვე ვგრძნობთ, რაილის სურვილიდან გამომდინარე ისინი მეგობრები ხდებიან. თუმცა, მათი ურთიერთობა უფრო მეტად პლატონურ სიყვარულს ჰგავს ვიდრე მეგობრობას.
რაილის კვებითი აშლილობით იტანჯება, სხეულის დისმორფია აქვს, წარუმატებელი ურთიერთობა თავის ყოფილ შეყვარებულთან, რომელიც ღალატობს და რაც ყველაზე მთავარია მისთვის მასთან შედარებით გამხდარ გოგოსთან, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაილისთვის ყველა ადამიანი მისი პოტენციური მეტოქეა, რომელსაც ამ ნიშნით ეჯიბრება, მუდმივად ინსტაგრამის ინფლუენსერების ვიდეოებსა და ფოტოებს უყურებს, ისმენს როგორ მოიკლოს კილოგრამები და იკვებოს, ფსიქოლოგთან ვიზიტის დროსაც კი რეჟისორი ფრაგმენტულად გვიჩვენებს მისი სხეულის ნაწილებს, რაც ერთადერთი პირველია, რასაც რაილი ადამიანში ხედავს.
ყველა, ვისაც კვებითი აშლილობა ან სხეულის დისმორფია აქვს გეტყვით, რომ ეს ყველაფერი რეალურია, როგორ დააბიჯებ სამყაროში. არ ზომავ სხვებს იმიტომ, რომ ეს მათგან გამომდინარეობს, ეს უბრალოდ შენ გეხება, რამდენად ადარებ შენ თავს შენ გარშემო მყოფ ადამიანებს, რაც განსაზღვრავს იმას თუ ვინ ხარ შენ,
ბრიტანი სნოუ
ფილმში სხეულის დისმორფია ისეა ნაჩვენები, როგორც ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება და რეჟისორი ცდილობს რაილის პანიკური შეტევებითა და ობსესიური ეპიზოდებით ამ პრობლემის რეალური სახე დაგვანახოს, რამდენად შემაწუხებელი და რთული შეიძლება იყოს ყოველდღიური ცხოვრება, როცა მხოლოდ იმაზე გიწევს ფიქრი როგორ გხედავენ სხვა ადამიანები და რამდენად არ გინდა შენს საკუთარ სხეულში ყოფნა. “ვფიქრობ, მშვენიერია როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ადამიანები ამ დამოკიდებულებასთან ერთად, უყვარდებათ, საყიდლებზე დადიან და აუცილებელ საქმეებს აკეთებენ. ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი ადიქციები აქვთ ამ ყველაფერთან [ცხოვრებასთან] გამკლავება უწევთ,” – ბრიტანი სნოუ.
ფილმის მეორე მხარეს დგანან ითანი და ქეისი (რაილის საუკეთესო მეგობარი), რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ რაილის მდგომარეობაში შესვლასა და მისი პრობლემების გათვალისწინებას ცდილობენ, მასთან ურთიერთობაში კარგავენ თანასწორობის განცდას. ითანი მუდმივად მის გვერდით არის, მის გასახალისებლად აშენებს კარავს სახლში, ყოველთვის უყურებს დოკუმენტურ ფილმებს სერიულ მკვლელებზე, რისი ნახვაც რაილის ამშვიდებს, თუმცა, მისი ნებისმიერი მცდელობა თავი კარგად აგრძნობინოს პარტნიორს – არასაკმარისია. ასეთივე პოზიციაშია ქეისი, რომელიც იმასაც კი ვერ ეუბნება თავის მეგობარს, რომ ორსულადაა, რადგან ამისთვის შესაბამის დროს ვერ პოულობს, რაილი მუდმივად თავის პრობლემებსა და განცდებშია.
Parachute-ის ფინალი და გამოსავალი რაილისთვის, მარტივად პროგნოზირებადია, ის დამოუკიდებლად, სასიყვარულო პარტნიორის გარეშე უნდა გაუმკლავდეს პრობლემას, გაიცნოს საკუთარი თავი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ჯანსაღ ურთიერთბაში ყოფნას. ბოლო კადრი სადაც ითანი და რაილი ერთმანეთს უყურებენ, სწორედ ამის დასტურია.
Parachute-ის პრემიერა 2023 წელს SXSW-ის კინოფესტივალზე შედგა.
პარაშუტი (Parachute)
რეჟისორი: ბრიტანი სნოუ
აშშ 2023
ხანგრძლივობა: 1 საათი 37 წუთი