მზით გაჟღენთილი თრილერი, სადაც სასოწარკვეთა ხვდება საფრთხეს
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მზით გაჟღენთილ არიზონას უდაბნოში, სადაც ჰაერი სიცხით ანათებს და გზა უსასრულოდ არის გადაჭიმული. მსოფლიოს ამ შორეულ კუთხეში არსებობს ერთგვარი სასადილო და ამავედროს ბენზინგასამართი სადგური დაღლილი მოგზაურებისთვის, თავშესაფარი დაუნდობელი მზისგან. მაგრამ არ მოგატყუოთ სასადილოს მოკრძალებულმა ფასადმა. “ბოლო გაჩერება იუმას ოლქში” არ არის მხოლოდ ფინჯანი ყავის დასალევად განკუთვნილი ადგილი. ეს ადგილი შენელებული ბომბივით არის, სავსე სასოწარკვეთითა და გადარჩენის საჭიროებით.
ფრენსის გალუპი თავის ამბიციურ რეჟისორულ დებიუტში კარგად ასახავს წარსული ეპოქის შარმს. ფილმის სიმპატიური გახსნითი კადრი – მტვრიანი გზატკეცილი, მოტელის ნიშანი, რომელზეც წერია “TEL” და პატარა ჩიტი, რომელიც გაზის ტუმბოზე დგას – მყისიერად ქმნის ტონს. ფილმი შეიძლება აღვიქვათ როგორც “ნეო-ნუარ ირონია” – ტარანტინოს მიერ გაჟღენთილი ნოსტალგიით, რომელიც უარს ამბობს საკუთარი თავის სერიოზულად აღქმაზე. აქვე, საინტერესო ინფორმაცია საშინელებათა ფილმების მოყვარულთათვის: გალუპი გადაიღებს ახალ ნაწილს Evil Dead-ის საკულტო ფრენჩაიზში, რომელიც ცალკემყოფი ისტორია იქნება ამ სამყაროში. ხოლო “იუმას” ნახვის შემდეგ, შეგიძლიათ დარწმუნდეთ რომ პროექტი კარგ ხელშია.
მაშ ასე, გავაგრძელოთ უშუალოდ ფილმზე საუბარი. წარმოიდგინეთ: სასადილო, მისი საღებავი ცვივა, გაცვეთილი ჯიხურები და კონდიციონერი, რომელსაც თითქმის აღარ უდგია სული და ძლივს მუშაობს. თუმცა, როგორც სასადილოს ნიშანი იუწყება – აქ უგემრიელეს რევანდის ღვეზელს შეჭამთ. მეპატრონე, ვერნონი (რომელსაც მომხიბვლელი ფაიზონ ლავი ასრულებს) ურჩევს პატრონებს, რომ შემდეგი ბენზინგასამართი სადგური ოთხი საათის სავალზეა. სამწუხაროდ ტუმბოები მშრალია და საწვავის მანქანა აგვიანებს. სასადილო კი, ამასობაში ნელ-ნელა “ცხელ ყუთად” იქცევა, სადაც ასევე ნელი ტემპით “იხარშება” ტემპერამენტები, საიდუმლოებები და ინტრიგები.
სიცხე ძლიერდება, როდესაც სასადილო ივსება ჩარჩენილი მოგზაურებით – თითოეული თავისი მოტივითა და ე.წ. დღის წესრიგით. კონდიციონერის უკმარისობა უფრო და უფრო ასახავს მზარდ ფსონებს, ჩახუთულობას და პაპანაქებას. ჩვენ, მაყურებლები ვაკვირდებით, როგორ იკვეთებიან პერსონაჟები ერთმანეთში, იშლება საიდუმლოებები და სასოწარკვეთილება იწვევს გადაწყვეტილებებს. დაძაბულობა ყოველ წამს ძლიერდება და საათი უმოწყალოდ ტიკტიკებს.
ამ ინტენსიურ სპექტაკლში, რომელიც მთელი საათნახევარი ერთ ლოკაციაში (სასადილოში) ვითარდება, ვხვდებით კოლორიტულ პერსონაჟებს: დანების გამყიდველი, “კომივოიაჟერი” (ჯიმ კამინგსი): – შეშფოთებული მოგზაური, რომელსაც აქვს დანიშნულების ადგილი და მიზანი – ვიზიტი თავის ქალიშვილთან კალაბასასში, კალიფორნიის ქალაქში. შარლოტა (ჯოსელინ დონაჰიუ): ჭკვიანი, მოხერხებული, ტკბილი ოფიციანტი, რომელსაც მოაქვს უგემრიელესი რევანდის ღვეზელი და დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ ოცნებებს უთმობს. და ბოლოს, ტრევისი და ბო (რიჩარდ ბრეიკი და ნიკოლას ლოგანი): გაქცეული ბანკის მძარცველები, სახიფათოები, საზიზღრები და საშიშები, მათი ყოფნა სასადილოს მშვიდ იდილიას საშინლად უსიამოვნო ელფერს სძენს. თამაშობს ყველა მშვენივრად და დამაჯერებლად, ისე როგორც მსგავსი სტილის ინდი ფილმებს შეეფერება. მთავარ პერსონაჟთა გარდა ვხვდებით აგრეთვე მეორეხარისოვან გმირებსაც, რომელიც ამ სპექტაკლს ცოტათი ამრავალფეროვნებს, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც ამ ზემოაღნიშნულ ოთხეულზეა გაკეთებული.
სანამ ფილმის წვრილმან მინუსებზე გადავიდოდე, მანამდე მოკლედ ვიტყვი ფილმში ასახულ თემატიკებზე. ცხადია, მსგავსი სურათი არ არის დატვირთული მთელი რიგი სიმბოლიზმებით და ალეგორიებით, თუმცა “იუმაში” ფიგურირებს ორი მნიშვნელოვანი თემა, ესენია: სასოწარკვეთა – თითოეული პერსონაჟის ქმედებები განპირობებულია აუცილებლობისა და საჭიროების გრძნობით, რაც ასახავს ადამიანის ქცევის ნათელ სურათს ზეწოლის ქვეშ და რაღთქმაუნდა, იზოლაცია: დისტანციური გარემო ხაზს უსვამს გამიჯვნის თემას, როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურს, რომელიც კარგად რეზონანსდება მთელ ფილმში. რაც შეეხება, ფილმის მინუსებს, ისინი აქ არც ისეთი ბევრია. შესაძლოა ფილმის მოკლე, 90 წუთიანი ქრონომეტრაჟი და უშუალოდ რიტმი ცოტათი მოსაწყენი აღმოჩნდეს ან სულაც არ იყოს საკმარისი მთლიანი სურათის გასაშლელად და ნუარის ჟანრის მაყურებლებისთვის ზედმეტად ადვილად პროგნოზირებადი იყოს ფილმში არსებული “ტვისტები”, მაგრამ ვფიქრობ ამისდა მიუხედავად ისინიც მაინც კარგად არის მოწოდებული. უბრალოდ, ვისურვებდი ტვისტები ცოტათი მეტი ყოფილიყო როგორც ფინალი.
საბოლოო ჯამში, “უკანასკნელი გაჩერება იუმას ოლქში” საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზია თავისი დამაჯერებელი პერსონაჟებით, მომხიბვლელი სიუჟეტით და ატმოსფერული გარემოთი. თუკი 70-იანი წლების ნუარ ფილმები ხშირად სერიოზული და ფატალისტური ტონალობით გამოირჩევა, “იუმა” ამ ყველაფერში აზავებს ტარანტინოსეულ “სითავხედესა” და შავ იუმორს. შესაბამისად, ფრენსის გალუპის მოაქვს ახალი პერსპექტივა – ტრადიციული ნუარის ელემენტებსა და თანამედროვე “სეთინგს” აჯვარებს ერთმანეთში და საბოლოოდ ვიღებთ ასეთ სასიამოვნო პროდუქტს. დამღლელი საღამოსთვის კი “იუმა” იდეალური კანდიტატი იქნება დროის გასატარებლად და გასართობად.
ბოლო გაჩერება იუმას ოლქში (The Last Stop in Yuma County)
რეჟისორი: ფრენსის გალუპი (Francis Galuppi)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 31 წუთი