დუბლიორი (The Fall Guy) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

დევიდ ლიჩის ახალი საზაფხულო “ბოევიკი” სიყვარულსა და ტრავმაზე

მაისის პირველი ნახევარი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა საზაფხულო ბლოგბასტერების სეზონი იხსნება. პირველი ფილმი კი რომელიც ამ სეზონს ხსნის, დევიდ ლიჩის The Fall Guy-ია. ლიჩი მაყურებლისთვის არ უნდა იყოს უცნობი რეჟისორი, მას ეკუთვნის ისეთი ნამუშევრები როგორიცაა: დედპული 1 და 2, პირველი ჯონ უიქი, Atomic Blonde და ა.შ. ბევრისთვის უცნობია ის ფაქტი რომ, აღნიშნული ფილმი დაფუძნებულია ძველ, 80-იანის წლების ამავე სახელწოდების სერიალზე, ხოლო ლიჩის ეს ვერსია გვთავაზობს ახალ პერსპექტივას და ფუთავს როგორც გასართობ, საზაფხულო “ბოევიკად”, ე.წ. reimagination-ად.

“დუბლიორი” მოგვითხრობს კოლტ სივერსზე, ოდესღაც მთავარი კასკადიორი და ჰოლივუდის მთავარი ვარსკვლავის პირადი დუბლიორი, რომელიც იძულებულია გავიდეს პენსიაზე, ზურგის მძიმე ტრავმის შემდეგ. 18 თვის განმავლობაში მან მიატოვა როგორც მისი პროფესია, ისევე შეყვარებული, ოპერატორი. თუმცა, მისდა გასაკვირად, რაღაც დროის შემდეგ, კოლტს უკავშირდება პროდიუსერი და სთხოვს დახმარებას მისი ყოფილი შეყვარებულის სადებიუტო ფილმისთვის დუბლიორობაზე. კოლტი მალევე თანხმდება ამ ავანტიურას და მიემართება ავსტრალიაში, რათა დაეხმაროს პროექტს. ჩამოსვლისთანავე, ყველაფერი ისე არ არის როგორც კოლტს ეგონა: მთავარი როლის შემსრულებელი გაქრა, რაც საფრთხეს უქმნის მთელ წარმოებას, შესაბამისად მისი პოვნა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფილმის გადაღებები ჩაიშლება. მთავარ როლებში: რაიან გოსლინგი, ემილი ბლანტი, აარონ ტეილორ ჯონსონი, ჰანა ვედინგჰემი, ტერესა პალმერა, სტეფანი ჰსიუ და ვინსტონ დიუკი.

CGI-ს და კომპიუტერული გრაფიკის ხანაში, The Fall Guy ნამდვილი სუფთა ჰაერია თვალებისთვის. უმეტესობა ტრიუკებისა ფილმში, რეალურია – არანაირი ციფრული მანიპულაცია. ფილმი თითქოს გვაბრუნებს 80-იან წლებში, თანამედროვე ელფერით და მსგავს ციფრულ ხანაში ასეთი კინო საჭიროა. ამასთანავე “დუბლიორი” წარმოადგენს ე.წ. “ემოციების ატრაქციონს”, რომელიც აერთიანებს იუმორს, რომანტიკას, იდუმალებასა და “ექშენს” კარგად შეკრულ ნარატივში. ატმოსფერო ფილმისა მსუბუქი და სახალისოა, სავსე სასპენსითა და ინტრიგებით.

ცხადია, The Fall Guy-ს სიუჟეტი არ არის ფილმის ყველაზე ძლიერი მხარე, რომელიც მოკლებულია ძირითად “ტვისტებს” ან სულაც შოკისმომგვრელელ “გამოცხადებებსა” და “აი ეს მესმის!” მომენტებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, კარგად ინარჩუნებს თავისებურობას, პირველ რიგში, მთავარ გმირებს შორის დამაჯერებელი ქიმიის გამო. მაგალითად სცენაში სადაც კოლტი, გადაღების პირველ დღეს უმალვე ეხვევა ცეცხლის ალში, შესრულებული ლამაზად და ავთენტურად. იუმორიც საკმაოდ კარგია, არ არის მოსაბეზრებელი, არ გადადის ზღვარს და სავსეა სხვადასხვა კლასიკურ ფილმთა რეფერენსებით, როგორიცაა: “უკანასკნელი მოჰიკანი”, “ჯეისონ ბორნი”, “მაიამის პოლიცია” და ა.შ. ამასთანავე პატარ-პატარა “წაკბენები” და ხუმრობები კინოინდუსტრიაზე ფილმს სასიამოვნო “ინსაიდერულ” და მეტა შეგრძნებას მატებს. Bullet Train-ისგან განსხვავებით, სადაც სიუჟეტი ხშირად ფარსში გადადის, The Fall Guy ინარჩუნებს უფრო თანმიმდევრულ თხრობას, ამბავს და რეალობასთან ნორმალურად არის მორგებული.

ერთგულება ავთენტური, ადრენალინის შემცველი და სარისკო ტრიუკების წარმოდგენისკენ. სწორედ ეს არის ის, რაც ფილმს სასიამოვნო საყურებელს ხდის. “დუბლიორი” სავსეა სამოქმედო სექციების მრავალფეროვანი კასკადით, რაც მთავარი პროტაგონისტის, გამოცდილი კასკადიორის და რეჟისორის, (ასევე ყოფილი კასკადიორი) დამსახურებაა. მაყურებელს მოელის მთელი რიგი ინტენსიური ხელჩართული ბრძოლა, მძაფრი, დაძაბული სროლის სეგმენტები, უსწრაფესი საავტომობილო და სანაოსნო დევნები. ხოლო პრაქტიკული ტრიუკებისადმი ერთგულება უზრუნველყოფს იმას რომ, ბიუჯეტის ყოველი დოლარი აშკარად კარგად არის დახარჯული. აღსანიშნავია ისიც რომ, სცენებს მხოლოდ კოლტ სივერსი (რაიან გოსლინგი) არ იპარავს: თითქმის ყველა პერსონაჟს აქვს მომენტი გამოავლინოს თავისი საბრძოლო უნარები და მიიპყროს მაყურებლის ყურადღება.

“დუბლიორი” სახალისოდ იკვლევს სიყვარულის, სიმამაცის და ტრიუკების შემსრულებლების ხშირად შეუმჩნეველი სამყაროს თემებს. ეს არის ერთგვარი “ტრიბუტი” იმ გაბედული დუბლიორების მიმართ, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ ჩვენი გართობისთვის. ფილმი ასევე ეხება პირადი ურთიერთობების სირთულეებს, რადგან სახიფათო მისიის დაწყებისას, კოლტი ცდილობს გაერკვიოს თავის გრძნობებში ყოფილ შეყვარებულთან. The Fall Guy-ს სიძლიერე მდგომარეობს მის ქარიზმატულ მსახიობებში, კერძოდ კი გოსლინგის და ბლანტის დუეტში. მათი ქიმია მხიარულია, დამაჯერებელი და დინამიური. თუმცაღა ფილმის ტემპი შესაძლოა ზოგ მაყურებელს არ მოეწონოს. ეს კი ეხება მესამე აქტს, კერძოდ კი ბოლოსკენ, რომელშიც “ექშენ” დაპირისპირება იმაზე მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე საჭიროა. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს სიზანტის შეგრძნება და ცოცხალი თხრობის “ნაკადი” ცოტათი შეანელოს. ტემპის ეს პრობლემა არც ისეთი დიდი ტრაგედიაა, თუმცა ამ სასიამოვნო სანახაობს ოდნავ აფუჭებს.

რაიან გოსლინგი პირდაპირ ანათებს კოლტ სივერსის როლში და ე.წ. მაგნიტურ ხიბლს ანიჭებს მის პერსონაჟს. ხოლო ემილი ბლანტი, როგორც ჯოდი მორენო, გოსლინგის გმირის გვერდით კარგ კონტრასტს ჰქმნის. ამ ყველაფერს ჩინებულად ემატება მეორე პლანის მსახიობები: აარონ ტეილორ-ჯონსონი, ჰანა ვადინგჰემი და უინსტონ დიუკი.

რაც შეეხება საუნდტრეკს, ეს არის კლასიკური როკისა და თანამედროვე პოპის ნაზავი, რომელიც აორმაგებს ფილმის გასართობ, მხიარულ ტონსა და ნარატივს. აქ შეხვდებით ისეთ ცნობილ სიმღერებს როგორიცაა: KISS-ის I Was Made For Lovin’ You-ს, AC/DC-ის Thunderstruck-ს, ტეილორ სვიფტის All Too Well-ს, DJ Khaled-ის All I Do Is Win-და ა.შ. ეს სიმღერები არამხოლოდ ფილმის სამოქმედო თანმიმდევრობას ავსებს, არამედ ხაზს უსვამს თხრობის ემოციურ რიტმსაც.

დასასრულს, “დუბლიორი” არის ფილმი, რომელიც ოსტატურად აერთიანებს როგორც “ექშენს”, ისე იუმორსაც და ემოციებსაც. მისი დასამახსოვრებელი ტრიუკები, სცენები და საგულდაგულოდ შერჩეული საუნტრეკი მას სასიამოვნო, ამაღელვებელ და მიმზიდველ სანახაობად აქცევს. მიუხედავად მისი მინუსებისა და სწორხაზოვანი სიუჟეტისა, The Fall Guy ტოვებს ხანგრძლივ შთაბეჭდილებას და გვთავაზობს უნიკალურ პერსპექტივას ტრიუკების შემსრულებელ სამყაროზე. გარდა ამისა, ბოლოს როდის ნახეთ ფილმის ბოლოს ტიტრები, რომლის გვერდით ასევე ვხედავთ სახალისო “შიდა სამზარეულოს” თუ როგორ კეთდებოდა კინო და როგორ იღებდნენ ამა თუ იმ სცენას. ასე და ამგვარად, “დუბლიორისთვის” შანსის მიცემა ღირს, სანაცვლოდ კი ის შემოგთავაზებთ მსუბუქ, ემოციურ და გასართობ სპექტაკლს.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში (ხოლო ციფრულად გამოვა 4 ივნისს)

დუბლიორი (The Fall Guy)
რეჟისორი: დევიდ ლიჩი (David Leitch)

ხანგრძლივობა: 2 საათი და 5 წუთი

78/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Beth Gibbons – Lost Changes

Beth Gibbons – Lost Changes

| Album: Lives Outgrown

შემდეგი
Challengers

Challengers

| ზენდაია, ჯოშ ო'კონორი და მაიკ ფეისტი ლუკა გუადანინოს ახალ სასიყვარულო

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share