Challengers - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ზენდაია, ჯოშ ო’კონორი და მაიკ ფეისტი ლუკა გუადანინოს ახალ სასიყვარულო სამკუთხედში

ლუკა გუადანინოს “Challengers” მისთვის ამერიკაში გადაღებული მეორე ფილმია, რისთვისაც მხოლოდ 41 დღე დასჭირდა. დასაწყისში ტაშისა (ზენდაია) და არტს (მაიკ ფეისტი) ვეცნობით, დაქორწინებულ, წარმატებულ წყვილს, რომელთაც ერთი პრობლემა აქვთ, კაცის კრიზისული პერიოდი, რაც მას წარმატებაში, აშშ-ის ჩოგბურთის ღია ჩემპიონატში მონაწილეობაში ხელს უშლის. თითქოს დანებებული და კმაყოფილია და არანაირი სურვილი აქვს კარიერული წინსვლის. თუმცა, ტაშის, რომელიც ამავდროულად მისი მწვრთნელიც არის, მოთხოვნითა და რეკომენდაციით, თანხმდება შედარებით დაბალი რანგის ტურნირში “ჩელენჯერში” მონაწილეობას, რაც მისთვის მთავარი ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ვარჯიში და იმის მტკიცებულება იქნება, რომ კვლავ შეუძლია თამაში, მზად არის მეტოქეობა გაუწიოს ტიტულოვან ჩოგბურთელებს და მისთვის დანაბება ჯერ ადრეა.

პირველ სცენაში მოვლენები 2019 წელს ვითარდება, რის შემდეგაც არტისა და ტაშის ურთიერთობის სხვა პერიოდებსაც ვეცნობით, რა დროსაც ჩნდება პატრიკი (ჯოშ ო’კონორი), არტის ბავშვობის მეგობარი და მეწყვილე ჩოგბურთში, 2006 წლის აშშ-ის ღია ჩემპიონატზე, სადაც ისინი იმარჯვებენ და იცნობენ ტაშის, რომელიც იმ დროისთვის წარმატებული და პერსპექტიული მოთამაშეა. ტაში ორივესთვის მიუწვდომელი, საინტერესო და სასურველია, ამიტომ თავიდანვე როცა მასთან ლაპარაკს იწყებენ და ურთიერთობის პირველ ეტაპებს გადიან უნებლიეთ ერთმანეთის მეტოქეები ხდებიან. მათთან სასტუმროს ოთახში შეხვედრის დროს ტაში თავდაჯერებულია, სვამს დამაინტრიგებელ კითხებს, მაქსიმალურად ავლენს თავის მტკიცე ხასიათს, რაც ორივეს იზიდავს და იმორჩილებს. კოცნის სცენის დასასრულიც ამის მაგალითია, ტაში თითქოს მათ გონებაში ჩნდება და ისეთ რაღაცებს აკეთებინებს ბიჭებს, რაც მათთვის ჯერ კიდევ უცნობია. ტაშის ნომრის მიღებაც ბრძოლაა, რაც ჩოგბურთის შეხვედრაში გამარჯვებულს ერგება და ამგვარად ხდებიან პატრიკი და ტაში შეყვარებულები. საბოლოოდ სწორედ პატრიკი აღმოჩნდება ის ადამიანი, ვის გამოც ზენდაიას პერსონაჟი ერთ-ერთი მატჩის დროს ტრავმას იღებს და სამუდამოდ ეთიშება ჩოგბურთის თამაშს. ამ დრამატულ ამბავს წინ უძღვის არტის “მეგობრული” რჩევები, რატომ არ იმსახუტებს პატრიკი ტაშის. კონკრეტულ შემთხვევაშიც და შემდეგაც, 2019 წელს მათი განმეორებითი შეხვედრის დროს (“ჩელენჯერის” ტურნირზე არტთან ერთად ეწერება პატრიკი და ისინი ფინალურ მატჩში ხვდებიან ერთმანეთს) მათ შორის ფარული და ფიზიკური, პირდაპირი კონკურენცია ტაშისთვის მუდმივად მიმდინარეობს.

ტაში ჩოგბურთზე ობსესიურად არის შეყვარებული და მისი ცხოვრება და ყოველდღიურობა ან ვარჯიშია არტთან ერთად ან მომზადება, თამაშების ნახვა, ინტერვიუების მოსმენა, რას ამბობენ მასზე, როგორ მოლოდინები აქვთ არტ დონალდსონის მიმართ, რაც წყვილის, როგორც ცოლ-ქმრის ურთიერთობას აუფასურებს, მისთვის არტი მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როცა იმარჯვებს, პატრიკთან საბოლოო მატჩის წინ ამბობს, რომ “თუ წააგებს, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან.” მაიკ ფეისტის პერსონაჟისთვის პირიქით, მათი ურთიერთობა უფრო მნიშნელოვანია, თამაშიც სწორედ იმის საჩვენებლად უნდა, რომ საყვარელი ადამიანი შეინარჩუნოს. საუნის სცენაში, სადაც არტი და პატრიკი თითქოს მეგობრულად საუბრობენ ერთმანეთთან, ვხვდებით, რომ “ისინი ჩოგბურთზე არ ლაპარაკობენ” და ყველაფერი ტაშის ეხება.

თავის მხრივ საინტერესოა პატრიკიც, რომელიც დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ისინი ერთად ყოფნას შეძლებენ და თავისი ქარიზმატულობით და თავდაჯერებულობით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ღია ჩემპიონატისთვის ასეულში ვერ შედის, შეძლებს ტაშის თავიდან მოხიბვლასა და შეცდომების გამოსწორებას, რაც ზენდაიას პერსონაჟისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

“Challengers-ში ტაში ამოძრავებს ყველაფერს, ის განსაზღვრავს დინამიკას, თუმცა, ამავდროულად ისიც არტისა და პატრიკის შექმნილია”

ამბობს რეჟისორი

“ჩელენჯერის” სამივე პერსონაჟი მნიშვნელოვნად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები, არტისა და პატრიკის ცხოვრებას, მათ კარიერას, სასიყვარულო ურთიერთობებს თითქოს მუდმივად ტაში აძლევს მიმართულებას. “Challengers-ში ტაში ამოძრავებს ყველაფერს, ის განსაზღვრავს დინამიკას, თუმცა, ამავდროულად ისიც არტისა და პატრიკის შექმნილია,” – ამბობს რეჟისორი. მათი პირველი დიალოგის დროს მისი თამაშით აღფრთოვანებულ ბიჭებს ეუბნება, რომ “ჩოგბურთი თამაში არ არის, ეს ურთიერთობაა” და საბოლოოდ “ჩელენჯერის” ფინალური მატჩის ბოლო სეტი, სადაც მათი ბედი წყდება, სწორედ ურთიერთობაა, ყველაფერი, რაც სამეულს ერთად აქვს გამოვლილი და რასაც მიუძღვნეს მთელი ცხოვრება.

ლუკა გუადანინო ამბობს, რომ მისთვის ჩოგბურთის ყურება მოსაწყენია, თუმცა, მათი თამაშის დინამიკა, კადრები, რაკურსები (გამოყენებულია როგორ ხედავს სათამაშო მოედანს ბურთი, როგორ ეცემა ბალახს და რას უყურებს ამ დროს ბალახი) და რაც მთავარია, მუსიკა დაუჯერებელ სანახაობას ქმნის, რაც მაყურებელს თამაშის მონაწილედ აქცევს. ლუკა გუადანინო ამბობს, – “შეგრძნება, რომელიც მინდოდა, რომ ფილმს ჰქონოდა არის მცხუნვარე დღეს ცივი კოკა-კოლის დალევა. ეს არის შეგრძნება და არა პროდუქტი. როდესაც ტრენტსა და ატიკუსს ველაპარაკე, ვუთხარი, რომ გვჭირდებოდა დრაივი და პულსი. მუსიკა, რომელიც პერსონაჟების ცხოვებისა და მოძრაობების პარალელურად იქნებოდა. ვთხოვე ისეთი ტექნო მუსიკა შეექმნათ, რაც დარბაზებში მაყურებლებს ააცეკვებდა, ამგვარად მივიღეთ ეს [“ჩელენჯერის” მთავარი საუნდტრეკი].”

“ჩელენჯერსის” პრემიერა 26 მარტს შედგა სიდნეიში და მისი მოგება უკვე 72 მილიონ დოლარზე მეტია. ფილმი გამოირჩევა მსახიობების შესრულებითა და ლუკა გუადანინოს შეუდარებელი ფერებითა და ვიზუალური იმიჯებით.

Challengers
რეჟისორი: ლუკა გუადანინო (Luca Guadagnino)

ხანგრძლივობა: 2 საათი და 11 წუთი

88/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
დუბლიორი (The Fall Guy)

დუბლიორი (The Fall Guy)

| დევიდ ლიჩის ახალი საზაფხულო "ბოევიკი" სიყვარულსა და ტრავმაზე

შემდეგი
მაიმუნების პლანეტის სამეფო (Kingdom Of the Planet of the Apes)

მაიმუნების პლანეტის სამეფო (Kingdom Of the Planet of the Apes)

| ახალი ერა მაიმუნებისა და ადამიანების თანაარსებობაში: 300 წლის შემდეგ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share