ახალი ერა მაიმუნებისა და ადამიანების თანაარსებობაში: 300 წლის შემდეგ პოსტ-“ცეზარის” სამყაროში.
“მაიმუნების პლანეტის” ბოლო ნაწილიდან, კერძოდ კი “ცეზარის” ტრილოგიიდან საკმაოდ დიდი დრო, 7 წელი გავიდა. ჰოლივუდმა კი არ დააყოვნა და მალევე შემოგვთავაზა ახალი ნაწილი “სამეფოს” სახით. როგორც ჩანს, მათი გეგმა – ახალი ტრილოგიის შექმნაა, თუ რათქმაუნდა “სამეფო” გაამართლებს. ამ მხრივ კი, პროდიუსერებმა და სცენარისტებმა საინტერესო და ჭკვიანურ ხერხს მიმართეს – წარმოაჩინეს ახალი ნაწილი როგორც “უსაფრთხო” ექსპერიმენტი, სადაც დიდად არ არის გაშლილი არაფერი, არც ღია დასასრულია და მასშტაბურობაც ნაკლებია. ფიასკოს შემთხვევაში, არაფერი დაშავდება – “სამეფო” დარჩება როგორც ნორმალური ცალკემყოფი ფილმი ფრენჩაიზში და საინტერესო დამატება/გაგრძელება მაიმუნების სამყაროში. ფილმის წარმატება კი რასაკვირველია დამოკიდებულია კინოგაქირავებაში დაწერილ მოგებაზე. რეჟისორად ახალი ნაწილისა მოგვევლინა უეს ბოლი, რომელსაც მაყურებელი საკმაოდ პოპულარული Maze Runner-ის ტრილოგიით იცნობს.
ახალბედა ფანებისთვის Planet of the Apes-ის ფრენჩაიზის”სამეფოდან” დაწყება არ წარმოადგენს პრობლემას, რადგანაც “ცეზარის” მეფობიდან საკმაოდ დიდიხანია გასული (კერძოდ კი 300 წელი), მაიმუნები დაყოფილნი არიან სხვადასხვა ტომებად და ადამიანები უბრალო ველურებად გადაიქცნენ. თუმცა ოდნავი გადამეორება story recap-ის სახით, არ იქნებოდა ურიგო. სიუჟეტის ცენტრალური გმირი, ახალგაზრდა შიმპანზე – ნოაა, რომელიც მიდის მოგზაურობაში, რათა განსაზღვროს მაიმუნებისა და ადამიანების მომავალი, ამასთანავე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, რაც ასწავლეს წარსულში. მაიმუნთა ზოგიერთ ჯგუფს არასოდეს სმენია “ცეზარის” შესახებ, ზოგი კი მის სიბრძნესა და სწავლებას მზარდი იმპერიების ასაშენებლად იყენებს. ამ ველურ გარემოში კი არსებობს კიდევ ერთი მაიმუნთა ლიდერი, რომელიც იწყებს ამ დაქსაქსული ტომების გაერთიანებას და დამონებას, რათა იპოვნოს/დაეუფლოს ადამიანთა ტექნოლოგიას, მიტოვებული ბუნკერ/თავშესაფრის სახით. ხოლო ნოა, რომელიც შეესწრო მისი კლანის განადგურებას, მოგზაურობას იწყებს თავისუფლების მოსაპოვებლად. ფილმში ის ეწინააღმდეგება “პროქსიმუს ცეზარს”, ტირან მაიმუნს, რომელსაც სურს გამოიყენოს უძველესი ადამიანური ტექნოლოგია, რათა თავი პლანეტის ყველაზე ძლიერ მმართველად აქციოს.
მიუხედავად იმისა, რომ CGI და კომპიუტერული ეფექტები გასული ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა და დაიხვეწა, ისინიც მაინც ახერხებს მაყურებლის გაოცებას თავიანთი ფოტო-რეალისტური ვიზუალით. მიღწეული რეალიზმი კი იმდენად დამაჯერებელია, რომ ხშირად ვგრძნობდი თითქოს ეკრანზე რეალურ მაიმუნებს ვუყურებდი. ხოლო ვიზუალური ეფექტების დიდი მოცულობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ მშვენივრად არის ინტეგრირებული თხრობას, რაც საერთო სანახაობას სასიამოვნოს ხდის. თუმცა, მხოლოდ შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტები საკმარისი არ არის ფილმის შესანარჩუნებლად, თუ ცხადია გმირებს არ აქვთ შესაბამისი სიღრმე და ინტერესი. საბედნიეროდ, ეს ფილმი ორივე მიმართულებით გამოირჩევა. პერსონაჟები კარგად არიან განვითარებული, რაც ისედაც განსაცვიფრებელ ვიზუალს ემოციური რეზონასის მნიშვნელოვან ფენას მატებს. ხოლო უმაღლესი დონის CGI-სა და დამაჯერებელი პერსონაჟების “არკების” კომბინაცია კი ქმნის მართლაც რომ იმერსიულ სანახაობას.
რაც შეეხება ისტორიის მთავარ გმირ, ნოას, საინტერესო პერსონაჟია და მკაფიოდ განსხვავდება “ცეზარისგან”. თუკი “ცეზარი” განასახიერებდა ბრძელ ლიდერს, რომელიც ხელმძღვანელობდა თავის ხალხს ახალი მომავლისკენ, ნოა – პირიქით, გამოსახულია როგორც პრობლემური ახალგაზრდა მაიმუნი, რომელიც თავის დამკვიდრებას ცდილობს ამ სამყაროში და ბევრი კითხვა აწუხებს. პერსონაჟთა დინამიკაში ამ კონტრასტმა ნოას მოგზაურობა განსაკუთრებით დამაჯერებელი გახადა. შესაბამისად იმის ყურება თუ როგორ ვითარდება ნოას გმირი ე.წ. ჰეროიკულ ფიგურად, საინტერესოა. ოუენ ტიგის შესანიშნავმა შესრულებამ უზრუნველყო შიმპანზეს ბრძოლები და ტრიუმფები ავთენტური და მიმზიდველი ყოფილიყო. ფილმი აგრეთვე აგრძელებს საყვარელი ორანგუტანების ტენდენციას. ნოასთან ერთად ჩვენ ვეცნობით რაკას, რომელიც ბევრისთვის ფავორიტი პერსონაჟი გახდება. მისი სიღრმე, სიმშვიდე და შარმი ამ ისტორიას ხალისს და სიმსუბუქეს ჰმატებს. გარდა მაიმუნებისა, ჩვენ აგრეთვე ვხვდებით ადამიან პერსონაჟს – ფრეიას, რომელიც თხრობის დინამიკას საინტერესოდ ანახლებს. მისი ურთიერთობა ნოასთან მოულოდნელი და ამასთანავე დამაინტრიგებელიც იყო. ფრეიას გმირი სიუჟეტს კარგად ავსებს ისე, რომ მაიმუნთა ცენტრალური ფოკუსი არ იჩრდილება. შესაბამისად, ბალანსი, რომელიც ამ ფილმებს უნიკალურს ხდის – შენარჩუნებულია.
“სამეფო” აგრძელებს “განთიადის” და “ომის” მიერ დადგენილ ტრადიციას – ეფექტურად წარმოაჩინოს ამ სამყაროს ევოლუცია წინა ფილმის შემდეგ. საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ განვითარდა ეს უცნაური მსოფლიო ბოლო ტრილოგიის დასრულების შემდეგ. ამ “უწყვეტობამ”(ან უბრალოდ continuity-მ) შეინარჩუნა თხრობის “ჩართულობა”, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი თვითონ არ არის ინოვაციური. ფილმი ინარჩუნებს კარგ ტემპს, რაც მას ყურებადს ხდის. თუმცა, ფილმის პრობლემა სწორედაც რომ სიუჟეტის სტრუქტურაშია. “სამეფოს” პირველი ნახევარი ძლიერია, მაგრამ მეორე ნახევარი ამ სიძლიერეს ნელ-ნელა ჩამორჩა, თითქოს ჩიხში შევიდა და იმპული დაკარგა. ისტორიამ ცოტათი დაკარგა ინტრიგა, ინტერესი, რამაც გამოიწვია თხრობის გარკვეულწილად შეჩერება. ამ მინუსის მიუხედავად, ფილმის უნარი, წარმოაჩინოს მსოფლიოს წინსვლა და უმეტესწილად შეინარჩუნოს სტაბილური ტემპი, ხდის მას საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილებად.
ისევე, როგორც “ომი”, “სამეფო” ძირითადად ერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს, თუმცა ის ვერ აღწევს წარმატებს იმავე დონეს, ძირითადად მისი სუსტი და ნაკლებად დამაჯერებელი ბოროტმოქმედის გამო. ფილმი საინტერესოდ ცდილობს მოგვაწოდოს რელიგიური გაუგებრობის, არასწორი ინტერპრეტაციისა და რევიზიონისტული ისტორიის თემები და ამას საკმაოდ ეფექტურად აკეთებს, სანამ ეკრანზე “პროქსიმუს ცეზარი” არ ჩნდება. სამწუხაროდ, “პროქსიმუსს” აკლია სიღრმე და შესაძლოა მოგაგონოთ სტერეოტიპული, დაგრეხილ- ულვაშიანი ანტაგონისტი. სასურველი იქნებოდა რაიმე მცირედი წინა ისტორია მაინც გვცოდნოდა მასზე. გარდა ამისა, როგორც ჩანს, “სამეფო” განიცდის ე.წ. “პირველი ნაწილის სინდრომს”. ის დიდ დროს ხარჯავს სამომავლო ნაწილებისთვის ნიადაგის შესაქმნელად, რაც უშუალო ისტორიას ცოტათი აფერხებს. ცხადია, თუ “სამეფო” წარმატებული გახდება, შემდეგი ნაწილები ამ ნიადაგიდან აღმოცენდება და ამ დახარჯულ დროს აანაზღაურებს, თუმცა ამ ეტაპზე ახალი ნაწილი ცოტათი უცნაურ შეგრძნებას ტოვებს. ერთ-ერთი ასპექტი რითაც “აღზევება” გამოირჩეოდა, იყო – მისი სრული, დამოუკიდებელი, ცალკემყოფი ამბის მოყოლის უნარი. ის ტოვებდა ადგილს გაგრძელებისთვის და ამავედროს მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი ფილმი. სამწუხაროდ, “სამეფოს” სამომავლო ამბიციების გამო, მაყურებელი შესაძლოა დარჩეს ცოტათი იმედგაცრუებული.
ასე და ამგვარად, Kingdom Of the Planet of the Apes ზაფხულის ბლოგბასტერის კრიტერიუმებს მეტნაკლებად აკმაყოფილებს, გვთავაზობს საინტერესო, გასართობ სანახაობას, აკლია მასშტაბურობა, ოდნავ მაღალი ე.წ. “ფსონები”, კარგი ბოროტმოქმედი და უფრო ფოკუსირებულია პერსონალური ისტორიის თხრობაზე, კერძოდ კი ნოას თავგადასავალზე, სიმწვანით და ხავსით მოცულ დაუსახლებელ ტერიტორიებზე, ულამაზესი პეიზაჟებით. თუმცა 2 საათის განმავლობაში ფილმი მაინც გამოირჩევა ჩართულობითა და მცირედი ინტრიგით, ხოლო იმედისმომცემი დასასრული ამ თავგადასავალს გამორჩეულ სანახაობად აქცევს. ისღა დაგვრჩენია გავიგოთ რამდენად წარმატებული იქნება “სამეფო”, რომ გავიგოთ რა ბედი ეწევა ნოასა და მის მეგობრებს, მაიმუნების სამყაროში.
ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში (ხოლო ციფრულად გამოვა აგვისტოში)
მაიმუნების პლანეტის სამეფო (Kingdom Of the Planet of the Apes)
რეჟისორი: უეს ბოლი (Wes Ball)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 25 წუთი