ფერადი ქაოსი: ტყვიები, სისხლი და ულტრა-ძალადობა, შეუპოვარი და ქარიზმატული ბილ სკარსგარდით
რევანშის თემამ კინოში ბოლო დროს თითქოს მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა. ფილმებმა როგორიცაა Monkeyman და The Beekeeper, თავიანთი კვალი დატოვა დიდ ეკრანზე, კლასიკური “ჯონ უიკის” შემდეგ, რომელიც ერთი წლით ადრე გამოვიდა. თუმცა, სერიოზული და ტრაგიკული ნარატივების უწყვეტი აღლუმი, ადრე თუ გვიან დამღლელი ხდება. სწორედ ამიტომ, არსაიდან ჩნდება ვინმე რეჟისორი – მორიც მორი, რომელმაც გადაწყვიტა რომ ერთი და იგივე ამბავი განსხვავებული პერსპექტივიდან მოეყოლა. Boy Kills World-ში მორი აგროვებს შურისძიების ჟანრის ყველა წარმოუდგენელ/წარმოდგენილ შაბლონებს და მათ სატირის ქვეშ ატარებს. შედეგად ვიღებთ “ექშენ” ფილმს, რომელიც არ იკლებს მაღალი ხარისხის სამოქმედო სცენებს, მაგრამ ასევე იძლევა იუმორის დიდ დოზას, შემზარავი სარკაზმით.
Boy Kills World იყენებს ყველაზე ტრადიციულ მოტივაციას რევანშის ისტორიაში: მთავარ გმირს უმატებს სოციალურ ელემენტს და ათავსებს კარიკატურულ დიქტატურაში. შესაბამისად, ეს პარამეტრი ბიჭის მისიას ორმაგ დანიშნულებას აძლევს: შურისძიების პირადი “ქვესტი” და ცნობადი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნულმა დიქტატურამ კი შეიძლება მყისვე მოგვაგონოს The Hunger Games, რომელიც აქ გამოსახულია უაღრესად სტილიზებული სახით, მოკლებულია მკაფიო მახასიათებლებს ან ისტორიას როგორ და რანაირად მოვიდა ეს რეჟიმი ხელისუფლებაში, გარდა მისი აბსურდულობის, უხერხულობისა და სიცრუისა. რეჟიმის წარმომადგენლები გამოსახულია როგორც არაგულწრფელი და უმნიშვნელო, რაც ხაზს უსვამს სისტემის ე.წ. თანდაყოლილ არაადეკვატურობას. თუმცა, ფილმის ხშირი კომედიური ტონის მიუხედავად, ის სერიოზულად ასახავს რეჟიმის სისასტიკეს და ახსენებს მაყურებელს, რომ არ დააიგნორონ ფილმში ასახული სოციალური სისტემის კრიმინალი მისი აშკარა სიგიჟის გამო. უფრო მეტიც, ბიჭისა და მისი რამდენიმე მოკავშირის ეფექტური ქმედებებით, კინო ხაზს უსვამს ცენტრალური ანტაგონისტური ოჯახის ძალაუფლების სისუსტეს, რომელიც მხოლოდ შიშსა და სისასტიკეს ეყრდნობა, რეალური ძალისა და სახალხო მხარდაჭერის მაგივრად.
ცხადია, მსგავსი სტრუქტურის ექშენ ფილმები – სწორხაზოვანი სიუჟეტითა და ულტრა-ძალადობით საკმაოდ ბევრი დაგროვდა ბოლო დროს, თუმცა ამ ჟანრის თაყვანისმცემლები ყოველთვის მზად არიან მიიღონ ახალი დოზა და შეეგებონ ახალ წარმომადგენელს ჟანრში: სახალისო, ცოცხალი სასაკლაო The Raid-ის სტილში, ბანალური მაგრამ იუმორით აღსავსე. კონკრეტულად ამ ფილმს კი მოწყენილობის გასაფანტად – არა მხოლოდ ინდივიდუალური, მაღალი ხარისხით შესრულებული ქორეოგრაფიული დაპირისპირებები შველის, არამედ შავი იუმორიც, რომელიც ზოგჯერ მუშაობს, ზოგჯერ არა. და რათქმაუნდა, “ბ” კლასის კარგი სამსახიობო ანსამბლი, გამომშრალ, მაგრამ ცოცხალ ბილ სკარსგარდთან ერთად. მის გარდა ასევე ვხვდებით ლეგენდარულ იაიან რუჰიანს (The Raid), ენდრიუ კოჯის, ქარიზმატულ შარლტო კოპლის უკვე მეორედ (მანამდე Monkeyman-ში) და ფამკე იანსენს ბოროტმოქმედის როლში.
“ბიჭი კლავს სამყაროს” თითქოს ბევრ მოდურ ექშენ “ბოევიკს” ყრის ბლენდერში და ცდილობს ყველაფერი იყოს ერთბაშად, თუმცა რაღაც მომენტში შესაძლოა გაგახსენოთ Guns Akimbo, სადაც დენიელ რედკლიფი დარბის ხალათში, მიწებებული პისტოლეტებით. რეალურად “ბიჭსაც” და Guns Akimbo-საც არანაირი განსაკუთრებული ღირებულება გააჩნია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ერთხელ ყურება გასართობად და სიამოვნების მისაღებად, დამღლელი დღის შემდეგ. დიახ, მთავარი გმირი ყრუ-მუნჯია და ყველას უხეთქავს თავებს არნახული სისასტიკით, მაგრამ ბევრად უფრო საინტერესო საყურებელია ვიდრე წინა წლის ჯონ ვუს ფილმის ყრუ-მუნჯი მთავარი პერსონაჟი.
დასამახსოვრებელი სცენები თითქმის ორ საათიანი ქრონომეტრაჟის ფონზე, ასე თუ ისე არის. განსაკუთრებით სახალისო სანახავია Frosty Puffs-ის შოუზე გამართულ სანახაობრივ სასაკლაოს, რომელიც ერთი შეხედვით სახალისო, უწყინარი შოუა, მაგრამ ბიჭის და მისი მეგობრების დახმარებით, რომელიც უეცრად ჩნდებიან, ეს ყველაფერი სისხლით, მოჭრილი ხელ-ფეხით და სისასტიკით ივსება, რომელშიც მონაწილეობენ როგორც შიშველი ხელები, ისე სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი. გარდა ამისა, ბიჭთან ერთად იბრძვის მისი მოკავშირე (რომელიც მანამდე მოწინააღმდეგე იყო) – June27 (ჯესიკა როთე), გოგო ბაიკერი, ყვითელ/შავ ფერებში ჩაცმული და ბაიკერული ჩაფხუტით, რომელზეც დრო და დრო საკომუნიკაციო ფრაზები ჩნდება, მორბენალი სტრიქონის სახით. ერთად ისინი ადიან მაღლა და მაღლა დიქტატურული სისტემის “შტაბ-ბინაში” და სწორედ აქ ჩნდება კიდევ ერთი კოლორიტული სცენა, სადაც პერსონაჟები იბრძვიან საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯარისკაცებთან, რომელთა რიგებში ტყვიაგაუმტარი ბრონის ჟილეტებიანი და დიდი ტყვიამფრქვევიანი მებრძოლებიც გამოერევიან. თუმცა ამ დუეტისთვის მსგავსი დაბრკოლებები პრობლემას არ წარმოადგენს, შეუპოვრობა, სიმამაცე და დაუღალავი ბრძოლა ამ ყველაფერს მტვრად აქცევს. ხოლო სამზარეულოში ჩხუბის სცენამ ყველის სახეხით და სხვადასხვა სახის დანებით, შესაძლოა მომენტებში Monkeyman გაგახსენოთ წამიერად.
მსგავსი ფეთქებადი, ხასხასა და სახალისო ექშენი ფილმი მინუსების გარეშე არ არსებობს. ვინაიდან Boy Kills World რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია, მასში ვერ შეხვდებით დასამახსოვრებელ ბოროტმოქმედებს, რადგან მათ არ გააჩნიათ სიღრმე, არიან ერთ-განზომილებიანი, არ აქვთ კომპლექსურობა და სიკვდილის შემდეგ, დავიწყებადი ხდებიან. თუმცა გამონაკლისად შეიძლება ჩავთვალოთ მისტიური შამანის პერსონაჟი (იაიან რუჰიანი), რომელიც დიდ როლს თამაშობს ბიჭის ისტორიაში და ფინალური შეტაკება შამანსა და ზემოაღნიშნულ დუეტს შორის, საკმაოდ დაძაბული და ემოციურია. ფინალური ტვისტი ასევე უცნაურად სენტიმენტალურია და ბოლივუდის ფილმების მსგავსი დონის ხარისხის იყო, რაც ოდნავ უადგილო იყო, თუმცა ამით მანამდე ნანახი ულტრა-ძალადობის შემცველი სცენები არ ფუჭდება.
ასე რომ, თუ “ბიჭს” ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვამთ, რაღაცმხრივ შეიძლება სასიამოვნო სანახაობად გადაიქცეს და დააკმაყოფილოს გართობის, რელაქსაციის პუნქტები. რათქმაუნდა ფილმს აკლია სიახლე, ორიგინალობა და სიღრმე, მაგრამ ის რჩება როგორც მარტივი და გასაგები, ზედმეტი სისულელეების გარეშე. Boy Kills World მსუბუქად უდგება ტრადიციულ, სერიოზულ თემებს, ინარჩუნებს მხიარულ ტონს, როცა სხვა მისთანანი ატარებენ ტრაგიკული ტონით გამოირჩევიან, თუმცა არასოდეს გადადის ზედმეტად აბსურდიზმში. შესაძლოა შემქმნელები ხშირად ვერ “არტყამენ მიზანში”იუმორით, რომელიც შეიძლებოდა ბევრად უფრო მახვილგონივრული ან მკვეთრი ყოფილიყო და სიუჟეტით, რომელიც ცოტათი უკეთესიც შეიძლებოდა, თუმცა სტილის მხრივ – წარმატებას მიაღწიეს. “ბიჭი კლავს სამყაროს” პრეტენზია არ არის იყოს შედევრი, მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ საშუალ ფილმებსაც აქვთ თავიანთი ქარიზმა და შარმი, რომ რაღაც სახის სიამოვნება მოანიჭოს მაყურებელს რთული დღის შემდეგ.
ბიჭი კლავს სამყაროს (Boy Kills World)
რეჟისორი: მორიც მორი (Moritz Mohr)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 51 წუთი