ჯოშ ო’კონორი ალიჩე რორვახერის მაგიურ ზღაპარში ტომბაროლის შესახებ
“მსურს მოგონებების ნაკვალევს გავყვე, მაგრამ არა ჩემს – პერსონალურს. ეს არის საზიარო, კოლექტიური მეხსიერება, რაც ჩემზე ბევრად მეტს ნიშნავს,” – ამბობს ალიჩე რორვახერი და მისი ფილმები ყოველთვის წარსულსა და მასზე დაკვირვებას უკავშირდება. The Wonders წარსულის განდიდებასა და კომერციალიზაციაზეა, Happy As Lazzaro პირიქით მის უარყოფაზე, La Chimera მის ყველაზე საკრალურ ადგილებთან დაკავშირებასა და მათთვის ამ წმინდა მნიშვნელობის ჩამოშორებაზეა.
“მსურს მოგონებების ნაკვალევს გავყვე, მაგრამ არა ჩემს – პერსონალურს. ეს არის საზიარო, კოლექტიური მეხსიერება, რაც ჩემზე ბევრად მეტს ნიშნავს”
ალიჩე რორვახერი
ფილმი მაგიური რეალიზმის ჟანრს ეკუთვნის, სადაც მისტიკა, სიზმრისეული და რეალური მუდმივად ენაცვლება ერთმანეთს. დასაწყისიც სწორედ რეალობაში დაბრუნებაა. მთავარ პერსონაჟს, ართურს (ჯოშ ო’კონორი) მატარებლის გამცილებელი აღვიძებს სიზმრიდან, რომელშიც ცხადად ვხედავთ ბენიამინას, მის დაკარგულ შეყვარებულს და ამის შემდეგ იწყება დიალოგი კაბინაში მსხდომ ადამიანებთან, კამათი, ჩხუბი და ყველაფერი, რაც ცხოვრების ყოველდღიურობას შეგვაგრძნობინებს.
ართური ბრიტანელი არქეოლოგია და ციხიდან ბრუნდება იტალიის რურალურ ქალაქში თავის ძველ მეგობრებთან ერთად, რომელთათვის გადარჩენისა და ფულის მოპოვების მთავარი გზა საფლავების გაძარცვა, ძველი ეტრუსკული არტეფაქტების მოპოვება და შავ ბაზარზე გაყიდვაა. ართური მითოლოგიურ პერსონაჟს ჰგავს, რომელიც ბედსწერას ამ საქმისკენ მიჰყავს და ერთადერთია, ვისაც მიწისქვეშ დამალული საფლავების აღმოჩენის ნიჭი აქვს. რეჟისორი იხსენებს, რომ “ისინი [საფლავები] ყოველთვის იქ იყო, თუმცა არავის ჰქონია გამბედაობა მათ გასაძარცვად. ყველამ ვიცოდით, რომ იქ არსებული საგნები წმინდა იყო, სულებს ეკუთვნოდათ და არა ცოცხალ ადამიანებს, ამიტომ მათ არავინ ეხებოდა.”
ართურის კავშირი სულებთან დასაწყისშივე ცხადია. ჩამოსვლისთანავე ბენიამინას დედას სტუმრობს, ფლორას (იზაბელა როსელინი), სადაც საუბრობენ დაკარგულ შვილზე, რომელიც აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა მოგვიანებით ვარკვევთ, რომ ის გარდაცვლილია და მათში არსებული იმედი სწორედ თავის მოტყუებასა და სიცრუეს ეფუძნება, რითაც ართურის კავშირი წარსულთან თითქოს უწყვეტია და მისი გარღვევა შეუძლებელია. ამის პარალელურად ჩნდება იტალია, ფლორას დამხმარე, რომელიც სიმღერის გაკვეთილების სანაცვლოდ უვლის მას და მის ძველ, ნგრევის პირას მყოფ სახლს. იტალია არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ართურისთვის აწმყოში დაბრუნების შანსს იძლევა, რადგან მისი ყველა მეგობარი წარსულის ქექვით არის დაკავებული.
ფილმში არ არსებობს ინდივიდუალიზმი, ადამიანები კომუნებში ერთიანდებიან, სადაც კონკრეტული სახე საზოგადოდ არის გამოხატული, ართური განასახიერებს ტომბაროლის (იტალიური ტერმინი, რაც საფლავების მძარცველებს ნიშნავს) და მათთან ურთიერთობის დროს ყველა იმ თვისებას გამოხატავს, რაც მის მეგობრებს აქვთ. ასეთივე გაერთიანებაა იტალიას კომუნა იმ განსხვავებით, რომ ისინი ძველ შენობას სახლად აქცევენ და განვითარებასა და შენებაზე ზრუნავენ, ნაცვლად ტომბაროლებისგან, რომელთა საქმეც დესტრუქცია და ნგრევაა იმისა, რაც საუკუნეების წინ მიწის ქვეშ შექმნეს.
კაპიტალიზმისა და ფილმის კავშირზე ალიჩე რორვახერი ამბობს, – “ამ ფილმში იმ იმიჯის შექმნა მინდოდა, რასაც კაპიტალიზმი ჩემთვის განასახიერებს. ეს არის ძაღლების ხროვა, რომელიც ერთმანეთს უღრენს და ჩხუბობს, სადაც დიდი და პატარა ძაღლი – ყველა ერთია. არ არსებობს გამყოფი მყიდველსა და გამყიდველს შორის. ისინი ერთმანეთს ერთი ძვლისთვის უღრენენ. ართური ამ კომერციულ სამყაროში იღებს ძვალს და წყალში აგდებს.” გადაწყვეტილება, რომელიც ართურს ეკუთვნის გამოფხიზლებაა, “ისინი სულებს ეკუთვნით, ჩვენი არ არის” – ამბობს იტალია, სიწმინდე, რასაც კაპიტალიზმი იტაცებს კუთვნილ ადგილს უბრუნდება.
La Chimera-ს ფინალი ისეთივე პოეტურია, როგორც მთლიანი ფილმი, რაც მაგიურ ვიზუალსა და შთაბეჭდილებას ქმნის. პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც La Chimera-ს მოპოვებული აქვს Palme Dog – Mutt Momen ჯილდო, ფილმი წარმატებული აღმოჩნდა ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზეც.
La Chimera
რეჟისორი: ალიჩე რორვახერი (Alice Rohrwacher)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 13 წუთი