ინფიცირებული (Vermines) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ახალი ფრანგული საშინელებათა ფილმი რვაფეხა მცოცავი არსებებით, კლაუსტროფობიული ლოკაციითა და სოციალური კომენტარით

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც თქვენი ყველაზე საშინელი კოშმარები მცოცავი არსებების შესახებ “ცოცხლდება” და თქვენი სახლი, ოდესღაც საიმედო თავშესაფარი, კოშმარულ ხაფანგად იქცევა. Infested (ასევე ცნობილი როგორც, Infested), ახალი ფრანგული საშინელებათა ფილმია რომელიც ამ შიშს ამრავლებს ათჯერ, აქსოვს სოციალურ კომენტარს იმიგრაციასა და პოლიციის სისასტიკის შესახებ. გადაღებული მახვილი თვალით დეტალების მიმართ და აქცენტით სასპენსზე, ფილმი გვპირდება სანახაობას რომელიც ერთდროულად შემზარავია და დამაფიქრებელია. მაგრამ რამდენად ეფექტურად აღწევს ამ ყველაფერს Infested? მაშ ასე, მოდით ჩავუღრმავდეთ ამ არაჩვეულებრივ არაქნიდებით ინფიცირებულ ამბის პლუსებსა და მინუსებს.

Infested სებასტიან ვანიჩეკის სადებიუტო ნამუშევარია, სრულიად ახალი სახე საშინელებათა ჟანრში. ვანიჩეკის მიდგომა ამბიციურია – ის აერთიანებს ტრადიციულ საშინელებათა ელემენტებსა და თანამედროვე, სოციალურად გაცნობიერებულ ნარატივს. მისი ხედვა იმედისმომცემია და თითქოს აქვს პატარა პოტენციალიც, განსაკუთრებით კლაუსტროფობიული ატმოსფეროს შექმნისას, რომლის დროსაც მაყურებელი დაძაბულია. ის, თუ როგორ ახერხებს სებასტიანი ყოველდღიური სივრცეების ტერორის სფეროდ გადაქცევას, დასაფასებელია და მყარ საფუძველს უქმნის მის მომავალ პროექტებს. თუმცა მომენტებში, მისი გამოუცდელობა ზოგჯერ იჩენს თავს, განსაკუთრებით ტემპისა და პერსონაჟთა განვითარების დროს.

ფილმის ცენტრშია საფრანგეთში მცხოვრები ახალგაზრდა ემიგრანტი კალები, რომელიც ყიდულობს ეგზოტიკურ ობობას ონლაინ ბაზრობიდან. რაც კალებმა არ იცოდა იყო ის რომ, ობობა საკმაოდ შხამიანი და ნაყოფიერია. ხოლო როდესაც არაქნიდი გაიქცევა და იწყებს გამრავლებას, კალების ბინა მალევე ხდება ინფიცირებული. სიტუაცია მალევე გადადის ქაოსში და გამოდის კონტროლიდან, რამაც ხელისუფლების მიერ შენობის ჩაკეტვა და სრული კარანტინი გამოიწვია. მაცხოვრებლები, რომლებიც შიგნით არიან ჩარჩენილი, უნდა დაუპირისპირდნენ თავიანთ შიშებს და ცრურწმენებს, და ნებისმიერ ფასად დააღწიონ თავი ამ ობობებით აღსავსე კოშმარს. ჩაკეტილი სივრცე და კარანტინის მსგავსი სცენარი ამძაფრებს ისედაც დაძაბულ სიტუაციას და შესაძლოა გაგახსენოთ ესპანური საშინელებათა ფილმი დაახლოებით მსგავსი მოცემულობით – REC.

Infested დამაინტრიგებელი წინაპირობით იწყება, რომელიც მაშინვე განასხვავებს მას საშინელებათა ჟანრში. ობობის შემოტევის იდეა უნიკალური და ღრმად არასასიამოვნოა, თამაშობს საერთო შიშებზე და აძლიერებს მათ ახლებურად, საშინელი გზით. განსაკუთრებით ეფექტურია სპეც-ეფექტები, რომლებიც ობობათა ინვაზიის გამოსახატავად გამოიყენება. ისინი ჰმატებენ სურათს რეალიზმს, ამძაფრებს ეკრანზე მომხდარ საშინელებას, აიძულებს მაყურებელს თავის სკამში შეძრწუნდეს, დაიძაბოს, როცა მცოცავი არსებები საერთო საცხოვრებელში თავისუფლად დაცოცავენ. ვენიჩეკი ოსტატურად აყალიბებს სასპენსს, ყოველ ნატეხს, ნახვრეტს და ჩრდილს პოტენციურ საფრთხედ აქცევს. უფრო მეტიც, ფილმი არ ერიდება მის თხრობაში შესაბამისი სოციალური საკითხების ჩართვას. იმიგრაციისა და პოლიციის სისასტიკის თემები საინტერესოდ არის ჩაქსოვილი სიუჟეტში, რაც სიღრმისეულ ფენებს მატებს საშინელებას. შესაბამისად ფილმი არ არის მხოლოდ შიშისა და ე.წ. jumpscare-ების ატრაქციონი, არამედ ის გვთავაზობს რეფლექსიისა და დისკუსიისთვის საკმარის სივრცეს. ფილმის მეორე ნახევარში Infested ნამდვილად ბრწყინავს. დაძაბულობა თითქმის შესამჩნევი ხდება სიუჟეტის გამწვავებისას, იწყება ნელი ტემპით და ეტაპობრივად გადადის ამოუხსნელ სიგიჟეში. ხოლო ფრანგული საერთო საცხოვრებლების/გეტოების ბინძური და ჭუჭყიანი ესთეტიკა ამ ყველაფერს ავთენტურობას მატებს.

რა თქმა უნდა, ობობები, ზოგადად, საშინელებათა ჟანრში ადრეც ყოფილა გადაღებული და გაკეთებული ჯერკიდევ 50-იანი წლებიდან და დღემდე ერთ-ერთი პოპულაური ქვეჟანრია სხვა საშიშ არსებებთან ერთად, როგორებიცაა ნიანგები, ზვიგენები, პირანიები და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი (რასთანაც გამიჩნდა ასოციაცია Infested-ის ყურებისას) 1990-იანი წლების Arachnophobia იყო, იუმორისა და ჰორორის სახალისო ნაზავით და 2002 წლის Eight Legged Freaks, სადაც არაქნიდები მუტაციას განიცდიან ტოქსიკური ნარჩენებით, რომელიც ასევე გამოირჩევა კომიკური ტონით და თამაშობს მცოცავ არსებებთა პირველყოფილ შიშზე. Infested-იც დაახლოებით ამ ტრადიციას მიჰყვება, თუმცა ცდილობს დაამატოს თანამედროვე ტვისტი – სოციალური კომენტარის ჩართვით. შესაბამისად, ობობების, როგორც ცენტრალური საშინელებათა ელემენტის გამოყენება ახალი არ არის, მაგრამ ის კვლავ ეფექტურია. მათი უბრალო ყოფნაც კი საკმარისია რომ ადამიანებში შიში გამოიწვიონ, ხოლო ამ ყველაფრის შერწყმა ფსიქოლოგიურ ტერორთან ერთად უზრუნველყოფს, რომ რვაფეხა არსებები დარჩება დამაჯერებელი საფრთხედ საშინელებათა ჟანრის კინოში.

სამწუხაროდ, ფილმს აქვს პატარ-პატარა პრობლემები, რის გამოც მთელი ეს ყველაფერი რითი ცდილობს იყოს გამორჩეული – ოდნავ გააუფერულოს. პირველ ნახევარში ვაწყდებით ტემპის პრობლემებს. ცხადია ე.წ. build-up რომელიც საჭიროა ნებისმიერი ფილმისთვის რათა შევემზადოთ, გავიცნოთ სამყარო, პერსონაჟები, Infested-ში იმდენად ზანტი და დუნეა, რომ შესაძლოა ზოგიერთმა მაყურებელმა მალევე დაკარგოს ინტერესი, სანამ სიუჟეტი სრულად არ დაიწყება და გადაეშვება ტერორში, რომლიდანაც მაცხოვრებლები ცდილობენ გამოქცევას. შესაბამისად, უფრო საინტერესო გახსნით სცენებს შეეძლო მნიშვნელოვანი სხვაობა შეექმნა. თუკი ზანტი სტარტი ცალსახად პატიებადია, ფინალი ფილმისა საკმაოდ უცნაური და უხერხული გამოდგა, რამაც შეიძლება ბევრი მაყურებელი გააკვირვოს, გაანაწყენოს ან სულაც, უკმაყოფილო დატოვოს. ხოლო ძლიერი, გავლენიანი დასასრული გადამწყვეტია საშნელებათა ფილმებისთვის და მისი ნაკლებობა აქ გარკვეულწილად ამცირებს საერთო სანახაობას. (განსაკუთრებით კი, ბოლო 20 წუთი, რომელსაც არ დავასპოილერებ)

ფილმის კიდევ ერთი ნაკლი – პერსონაჟების განვითარებაა. გმირებით თითქოს საკმარისად კარგად არ არიან გაწერილები, რის გამოც მაყურებელს უჭირს მათთან ემოციურად დაკავშირება. კავშირის ამ ნაკლებობამ კი, შეიძლება შეამციროს მათი როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ბრძოლების გავლენა და ფილმის საერთო სასპენსი. მიუხედავად იმისა, რომ სოც საკითხების ჩართვა მსგავს ფილმებში თამამი ნაბიჯია, ზოგჯერ ისინი ფილმში თითქოს ან უადგილოა ან იძულებით არის ჩატენილი. (თუმცა გააჩნია მაყურებლის დამოკიდებულობას პოლიტიკასთან და იმიგრაციის პრობლემაზე) ამის გამო კი ბალანსი საშინელებებსა და სოც კომენტარებს შორის არც ისეთი ერთგვაროვანია და ცალსახად ამ დაძაბულ, ავთენტურ სანახაობას ოდნავ აფერხებს.

რომ შევაჯამოთ, Infested ახერხებს დაძაბულობის შექმნას და რამდენიმე საშიშ მომენტის მიწოდებას მაყურებლისთვის, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. ობობათა აურაცხელი არმია და მჭიდრო, კლაუსტროფობიული ლოკაციები ნამდვილად ქმნიან დახუთულ ატმოსფეროს, იწვევს შიშს, ფრუსტრაციას, პანიკას და სხვა მსგავს ემოციებს. მაგრამ ამ ყველაფერს ოდნავ აბათილებს ნელი სტარტი, არადაკმაყოფილებელი ფინალი და პერსონაჟების სიღრმის ნაკლებობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფრანგები ყოველთვის გამოირჩეოდნენ საინტერესო იდეებითა და მიდგომებით, განსაკუთრებით საშინელებათა ჟანრის რეალიებში და ამის არაერთი მაგალითი არსებობს, თუნდაც ალექსანდრ აჟას – High Tension ან პასკალ ლოჟიეს ლეგენდარული Martyrs, სია კი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ცხადია სებასტიან ვანიჩეკს წინ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა როგორც სადებიუტო ნამუშევარი, ვიტყოდი რომ, სოლიდურია და ერთხელ ნახვა, შანსის მიცემა მეტნაკლებად ღირს.

ინფიცირებული (Vermines)
საფრანგეთი 2023
რეჟისორი: სებასტიან ვანიჩეკი (Sébastien Vaniček)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 46 წუთი

Total
0
Shares
წინა
La Chimera 

La Chimera 

| ჯოშ ო'კონორი ალიჩე რორვახერის მაგიურ ზღაპარში ტომბაროლის შესახებ

შემდეგი
Exorcist III ‘Legion’ – Nurse Station Scene

Exorcist III ‘Legion’ – Nurse Station Scene

| ნაწყვეტი უილიამ პიტერ ბლეტის ფილმიდან - 'The Exorcist III: Legion'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share