როგორ ყალიბდება კულტი – მია ვაშიკოვსკა ჯესიკა ჰაუსნერის ახალ სატირაში
“მანიპულაციასა და რადიკალიზმზე მინდოდა ფილმის გადაღება, რა დროსაც შთაგონებული ვიყავი ზღაპრით “The Pied Piper of Hamelin.” ეს არ არის ზღაპარი საკვების მიღებაზე, თუმცა აქაც მოზარდი აცდუნებს ბავშვების ჯგუფს, რომლებსაც სახლებიდან იტაცებს. მას მშვენიერი ფლეიტა აქვს და შესანიშნავ მუსიკას უკრავს. ჩემს ფილმში მასწავლებელი საინტერესო იდეოლოგიას სთავაზობს ახალგაზრდებს, რაც არამხოლოდ იდეას აწვდის მათ ჯანსაღად კვების შესახებ, არამედ მეტს – ცხოვრების აზრს,” – ამბობს Club Zero-ს რეჟისორი ჯესიკა ჰაუსნერი. ფილმის ცენტრში პრესტიჟული სკოლის ახალი მასწავლებელი, ნუტრიციოლოგი მის ნოვაკია (მია ვაშიკოვსკა), რომელიც ერთ-ერთი კურსის ფარგლებში ბავშვებს ასწავლის როგორ უნდა იკვებონ, თუმცა ეს არ არის გაკვეთილები დიეტასა თუ ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
მანიპულაციასა და რადიკალიზმზე მინდოდა ფილმის გადაღება, რა დროსაც შთაგონებული ვიყავი ზღაპრით “The Pied Piper of Hamelin.
ჯესიკა ჰაუსნერი
დასაწყისში, წრეზე მსხდომი მოსწავლეები ასახელებენ კურსის არჩევის მიზეზებს, წონაში კლებისა თუ ტანვარჯიშისთვის შესაბამის ფორმაში ჩადგომის გარდა აქცენტები კეთდება გარემოზე ზრუნვასა და კონსუმერიზმის შემცირებაზე. ყველაზე გულწრფელი პასუხი სტიპენდიისთვის კრედიტის მიღებაა, რაც მოსწავლეებს შორის შედარებით ღარიბის, ბენის მიზანია, რადგან სხვანაირად სკოლაში სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებს. პირველი დავალება მარტივია, “ჭამე ცნობიერად,” რაც თითოეული მცირე ლუკმის წინ ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვასა და იმის გააზრებას გულისხმობს, რას იღებ და რა გზას გადის ის საყლაპავი მილიდან კუჭამდე. მოსწავლეთა ნაწილი აღნიშნულს სრული სერიოზულობით ეკიდება და მიჰყვება მის ნოვაკის მითითებებს, თავიდანვე ავტორიტეტად მიიჩნევს მას, ხოლო მათთვის ვისაც “დიადი მიზნები” არ აქვს საეჭვო და აბსურდულია მასწავლებლის იდეოლოგია.
ცნობიერი ჭამის მთავარი მიზანი საკვები ულუფების შემცირებაა, რითაც იკლებს მოთხოვნა არასაჭირო პროდუქტებზე, რასაც კაპიტალიზმი კონსუმერიზმის გასაძლიერებლად იყენებს, ორგანიზმი ტოქსიკური ნივთიერებებისგან, ადამიანი კი კომერციული და სოციალური წნეხისგან თავისუფლდება. Club Zero-ს პირველი ნახევარი სატირულია და უფრო მეტად სასაცილოა, ვხედავთ როგორ აკრიტიკებენ კაპიტალიზმს ისეთი სკოლის მოსწავლეები, რომელში მოხვედრასაც ბევრი ფული სჭირდება და ბრუნდებიან სახლებში, სადაც მოსამსახურე ჰყავთ და მზარეულის მირთმეულ საჭმელს ჭამენ.
მშობლები თავიდან აღტაცებულები არიან და უხარიათ, რომ მის ნოვაკი აღმოაჩინეს, “მნიშვნელოვანია ჩვენს შვილებს ვასწავლოთ, როგორ შეამცირონ კონსუმერიზმი,” – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის, რაგნას მამა და ჯესიკა ჰაუსნერი გვიჩვენებს გარემოს, საიდანაც ეს სიტყვები ჟღერს, აუზიანი ვილა დიდი ბაღითა და ორსართულიანი თანამედროვე არქიტექტურის სახლით. მოგვიანებით, როცა მის ნოვაკის დავალებები რთულდება და კურსის მოსწავლეებიც შესაბამისად იწყებენ მოქმედებას, ჭამენ ძალიან ცოტას ან საერთოდ არ იღებენ საკვებს, მშობლების აღტაცება შეშფოთებით იცვლება.
თუკი დასაწყისში მთავარი მოთხოვნა ცნობიერი ჭამა იყო და მოსწავლეთა ნაწილი კურსის, ლექციის გარეთ საკუთარი სურვილის მიხედვით მოქმედებდა, არაცნობიერად ჭამდა ან იღებდა საკვებს დიდი რაოდენობით, ეტაპობრივად ისინი ჯერ ერთმანეთის კონტროლს იწყებენ, შემდეგ კი მის ნოვაკის ჩართულობით ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას. “ჭამე ცნობიერად“ ჯერ მცენარეული დიეტით იცვება, ბოლოს კი საკვების სრული აკრძალვით მთავრდება, რისი საბოლოო ეტაპიც “club zero”-ში გაწევრიანებაა. რაგნას ბოდიშის მოხდა და აღსარების ჩაბარება უწევს მის ნოვაკთან, რადგან მისმა მეგობრებმა აღმოაჩინეს როგორ ჭამდა, ბენს კი მასწავლებლის დირექტორთან ვიზიტის შემდეგ კურსში ჩაჭრით ემუქრებიან, რაც მნიშვნელოვანი სასჯელია, რადგან სტიპენდიის გარეშე ფულის გადასდას ვერ შეძლებს და შესაბამისად სკოლის დატოვება მოუწევს.
მნიშვნელოვანია, რომ მის ნოვაკის იდეები თითქოს თანმიმდევრული და სარწმუნოა, “კვების ინდუსტრია გვიბიძგებს ვჭამოთ “ნაგავი,” იმისთვის, რომ ვიღაცებმა ფული გამოიმუშაონ. შეუძლებელია ამის უარყოფა, თუმცა, ამავდროულად ვწუხვართ იმ გოგოს გამო, რომელიც ამ აზრის ნათელსაწყოფად თავს მსხვერპლად სწირავს,” – ამბობს რეჟისორი, მაგრამ ამის მიუხედავად, ვხვდებით, რომ ნოვაკის იდეები საზიანო და შესასრულებლად წარმოუდგენელია, რადგან ვიცით, რომ ადმაიანს ფუნქციონირებისთვის ენერგია და შესაბამისად საკვები სჭირდება. საბოლოოდ მოსწავლეების ჯგუფი, რომელიც მხოლოდ კონკრეტული სასწავლო კურსის ფარგლებში ერთიანდებოდნენ გადაიქცევა კულტად საშიში ლიდერით, სიცილი კი, რასაც დასაწყისში მდიდარი ადამიანების არაადეკვატური, შეუფერებელი ქცევა იწვევდა, ბოლოსკენ უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება მაყურებლისთვის.
Club Zero-ს პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმი ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოდა.
Club Zero
რეჟისროი: ჯესიკა ჰაუსნერი
2023
ხანგრძლივობა: 1 საათი და 50 წუთი