რიჩარდ ლინკლეიტერის ახალი, ჭკვიანური, სექსუალური და მორალურად კომპლექსური კომედია
2023/2024 წლებში როგორც ჩანს გრძელდება დაქირავებული მკვლელების პოპულარული თემატიკა კინოში. დევიდ ფინჩერის Killer, გონზალო ლოპეზ გალეგოს American Star, მაიკლ კიტონის Knox Goes Away, ჰარმონი კორინის Aggro Dr1ft. ამ ფილმთა უმეტესი მოცემულობა დაქირავებული მკვლელის ფსიქოლოგიას ეხება, ან მთავარი პერსონაჟი კიდევ ერთ, უკანასკნელ მისიას ასრულებს და პენსიაზე გადის, ან რამე პრობლემა აქვს ჯანმრთელობაზე და ცდილობს რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს ყველაფერი, ან პირადი მოტივაცია, რევანში ამოძრავებს. ხოლო რიჩარდ ლინკლეიტერმა სრულიად სხვანაირი მიდგომა აირჩია აღნიშნულ თემატიკაზე, თავისი ახალი ნამუშევრით – Hit Man, რომანტიული კომედიისა და შავი იუმორის ნაზავით. ფილმის სიუჟეტი ცალსახად დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, კერძოდ კი, ჟურნალ Texas Monthly-ის 2001 წლის სტატიაზე, დაწერილი სკიპ ჰოლანდსვორთის მიერ. Hit Man-ის პრემიერა შედგა ვენეციის 80-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე 2023 წლის 5 სექტემბერს, გამოვიდა ამერიკაში შერჩეულ კინოთეატრებში 2023 წლის 24 მაისს და სულ რაღაც 2 დღეა რაც ფილმის დებიუტი ნეტფლიქსის სტრიმინგზე შედგა, კერძოდ კი 7 ივნისს. მთავარ როლებში: გლენ პაუელი, ადრია არიონა ტორესი, ოსტინ ამელიო და რეტა.
ფარული პოლიციელის ტიპაჟი (Undercover cop) ხშირად არის რომანტიზირებული pulp-ის სახეობის რომანებში, ფილმ ნუარში და უამრავ სერიალში. ეს როლი ასახავს იდუმალ, მარტოხელა ინდივიდის იმიჯს, რომელიც ცხოვრობს საფრთხით, იზოლაციითა და ალკოჰოლური სასმელებით სავსე ცხოვრებით. თუმცა გერი ჯონსონი (გლენ პაუელი), შუახნის განქორწინებული მასწავლებელი – არ შეესაბამება ამ ტრადიციულ ფორმას. როგორც ფსიქოლოგის ექსპერტი და Honda Civic-ის მძღოლი, რომელსაც ჰყავს ორი კატა (სახელად ID და Super-ego), ჯონსონი გადადის პოლიციის ოპერაციების ტექნიკოსიდან ფარულ აგენტამდე. გადაცმული როგორც მკვლელი, ის ხვდება კლიენტს, ეჭვმიტანილისგან აღიარების მისაღებად.
მიუხედავად იმისა, რომ გლენ პაუელი თავდაპირველად შეიძლება არ ჩანს როგორც გამოცდილი სამართალდამცავი ოფიცერი, გერი ჯონსონის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ტიპური. დაქირავებული მკვლელის როლში ის პოტენციური კლიენტებისგან იღებს აღიარებებს, თითოეულ კლიენტს ერგება თავისებურად, სხვადასხვა კოსტიუმებით და ოსტატურად ინიღბავს თავს, რაზეც შესაძლოა გაგახსენდეთ ბრიუს უილისის პერსონაჟი Jackal, ამავე სახელწოდების 1997 წლის ფილმიდან, სადაც ისიც ასევე უპრობლემოდ იცვლის იერს, ქამელეონივით. ერთ მომენტში ჯონსონი პატრიკ ბეიტმანსაც კი ბაძავს, American Psycho-დან, როგორც ტანსაცმლით, ისე მანერიზმებით და მიმიკებით, რაც ფილმს იუმორისტულ ელფერს მატებს.
Texas Monthly-ის სტატიით შთაგონებული, ლინკლეიტერისა და პაუელის სცენარში აღწერილია ჯონსონის შესანიშნივი მიღწევები, მათ შორის 60-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება. ჯონსონის უნარი შექმნას დამაჯერებელი პერსონები თითოეული კლიენტისთვის შთამბეჭდავია, აერთიანებს ნუარის, ნამდვილი კრიმინალისა და კრიმინალური კომედიის ელემენტებს. ხოლო ლინკლეიტერი, რომელიც ცნობილია სევდიანი მომენტების გადაღებითა და ასაკობრივი (coming-of-age) ნარატივებით, ამ ფილმში თავის თავს ჯობნის და ეფექტურად იყენებს voice-over მონოლოგებს. შესაბამისად ფილმი საინტერესოდ გარდაიქმნება ჟანრების უნიკალურ ჰიბრიდში, რომელიც გთავაზობთ ექსცენტრიულ და ამაღელვებულ ისტორიას.
ფილმის შემქნელებს შეეძლოთ მარტივად მოექციათ მთელი ფილმი ჯონსონის სამუშაო დღეების გარშემო, სადაც გერი შესანიშნავად ირგებს ამა თუ იმ იერს, იცვლის როგორც ჩაცმულობას, ისე ხმას, რომელიც ცოცხალი და იუმორისტული მიდგომით არის ასახული. თუმცა, ლინკლეიტერმა და პაუელმა გადაწყვიტეს გერის ეკრანულ ვერსიას მიეცეს ის, რაც მის რეალურ, სამჯერ განქორწინებულ კოლეგას აკლდა: ნამდვილი სიყვარული. მისი ერთ-ერთი რეგულარული კლიენტი, უბედური ქალი – მედისონი (ადრია არიონა), ცდილობს დაიქირაოს იგი მოძალადე ქმრის მოსაკლავად. რონის ქარიზმატულ მაჩოს როლში შესული, გერი აღმოაჩენს რომ მოულოდნელად შეუყვარდება მედისონი მათი გულწრფელი საუბრის დროს და ხვდება, რომ არ სურს მან დაანგრიოს მისი ცხოვრება მორალური ურჩხულის გამო.
ცნობილი თავისი ღრმად ემოციური და ნატურალისტური ტრილოგიით სიყვარულის შესახებ, რიჩარდ ლინკლეიტერს აქვს უნიკალური ნიჭი შექმნას ფილმები ურთიერთობებზე, რომლებიც თავიდან იცილებენ ვულგალურობასა ან კლიშეს. ამ ფილმში რომანტიული სიუჟეტი სასიამოვნოდ ვითარდება, განსაკუთრებით შესამჩნევი მსახიობთა პერფორმანსში. ისინი განასახიერებენ ლინკლეიტერის ფილმების ჩვეულებრივ მოდუნებულ გმირებს, ერთვებიან საუბრებში სიარულის დროს ან კაფეში ჯდომისას, განიხილავენ ყველაფერს და აგრძნობინებენ მაყურებელს, თითქოს სამუდამოდ შეუძლიათ მათი მოსმენა.
Hit Man-მა ადვილად შეიძლება შეიყვანოს შეცდომაში მაყურებელი, ერთი შეხედვით მარტივი სიუჟეტით. თუმცა ნაჩქარევად ნუ უგულებელყოფთ ფილმს, როგორც კიდევ ერთ საშუალო “რომ-კომს”, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ სინოფსისზე. რიჩარდ ლინკლეიტერს, დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეჟისორს, აქვს შესანიშნავი უნარი ჭკვიანურად ჩააქსოვოს ფილოსოფიური შეხედულებები ნებისმიერ ჟანრში, მათ შორის კომედიაშიც. მაგალითად, შემთხვევით არ არის, რომ გერი ჯონსონის ყველა ლექცია ფოკუსირებულია თვითიდენტურობაზე, პიროვნების დაშლაზე და იდ-ისა და სუპერ-ეგოს ფროიდისეული ცნებების დაბალანსებაზე.
რაც შეეხება მინუსებს, Hit Man-ს არც ისეთი ბევრი აქვს. ზოგისთვის შესაძლოა გერი ჯონსონის სახალისო თავგადასავალი ცოტათი მოსაწყენი გახდეს რიტმის და ტემპის გამო, რადგან ეს არის ერთგვარი “ბოევიკი” სავსე გვამებით თუ სისხლით, ვინაიდან ფილმი უფრო ორიენტირებულია პიროვნებაზე, იდენტობაზე და მსგავს თემებზე. ხოლო გერის ტრანსფორმაცია როგორც პერსონაჟი ფინალისკენ, ოდნავ რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფილმის კონტექსტიდან გამომდინარე – ასე თუ ისე, მუშაობს. (არ არის გამორიცხული რომ ამ წყვილის თავგადასავალზე ტონი სკოტის კომედია/”ბოევიკი” True Romance გაგახსენდეთ). აი ფინალი, რომელსაც არ დავასპოილერებ, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს და მთელი ეს ინტრიგა წყალში ჩაყაროს, თუმცა ესეც სუბიექტურია. სხვა მხრივ, პაუელისა და არიონას ურთიერთობა, ქიმია ამ სანახაობას სასიამოვნოს ხდის.
ასე და ამგვარად, ბალანსი ამ ფილმის ერთგვარი გასაღებია. ეს კი, განსაკუთრებით შესამჩნევია ლინკლეიტერისა და პაუელის კოლაბორაციაში. მათ ერთად შექმნეს მომხიბვლელი, მახვილგონივრული და ღრმად ემპათიური ფილმი, რომელიც ოსტატურად და საინტერესოდ აერთიანებს რომანტიული კომედიების “სიგრილეს”, სინეფილურ შეხედულებებსა და ფსიქოანალიზის მოკლე კურსს. ხოლო ინდივიდუალურად, თითოეულმა გამოიჩინა თავი: ლინკლეიტერმა შექმნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე გასართობი ფილმი, ხოლო პაუელმა გამორჩეული შესრულება. Hit Man დაამახსოვრდება პუბლიკას არა მხოლოდ თავისი ხიბლით, არამედ პაუელის ფენომენალური მსახიობობითაც.
დაქირავებული მკვლელი (Hit Man)
რეჟისორი: რიჩარდ ლინკლეიტერი
აშშ 2023
ხანგრძლივობა: 1 საათი და 55 წუთი