მომავლიდან წარსულში – გაბრიელ მონიეს სამი ცხოვრება.
ბერტრანდ ბონელოს 2023 წლის ფილმი The Beast შთაგონებულია ჰენრი ჯეიმსის მოთხრობით The Beast in the Jungle, რომელშიც მთავარი პერსონაჟი კაცი შეშინებულია მოლოდინით, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, რითაც მოცულია მთელი მისი ცხოვრება. ამავე იდეას ეფუძნება The Beast, იმ განსხვავებით, რომ სუბიექტი, რომელსაც მსგავსი შეგრძნება აქვს ქალია, სამ სხვადასხვა ეპოქაში.
ფილმი მწვანე ფონით იწყება, სადაც მსახიობ გაბრიელ მონიეს (ლეა სედუ) ყოველგვარი საგნებისა და სუბიექტების გარეშე კონკრეტული სცენის გათამაშება უწევს, რის შემდეგაც გადავდივართ 1910 წლის პარიზში, დიდი წყალდიდობის პერიოდში, იმავე ადამიანით, თუმცა განსხვავებული იდენტობით. მსგავსი გადასვლით ბონელო მიგვითითებს, რომ ნებისმიერი რამ, რასაც დავინახავთ შესაძლოა მწვანე ფონივით არარეალური, შექმნილი იყოს.
1910 წლის გაბრიელი დაოჯახებულია, წარმატებული პიანისტია და ერთ-ერთ წვეულებაზე ხვდება ადამიანს, რომელთანაც ადრეც ჰქონია დიალოგი თავისი ყველაზე დიდი შიშის შესახებ. მათი ურთიერთობა სწორედ ამ თემაზე საუბრით იწყება და საბოლოოდ მათ შორის მტკიცე ემოციური კავშირი მყარდება. გაბრიელის თქმით, მეუღლე მისთვის მნიშვნელოვანია ადამიანია, რომელმაც საშუალება მისცა პირველ რიგში სახლიდან წამოსულიყო და თავისუფლად ეცხოვრა, შემდეგ კი რთული ეპიზოდების დროს მუდმივად მის გვერდით იყო და ამხნევებდა. ამის მიუხედავად, მათი ურთიერთობა ცარიელია და გაბრიელი მის მიმართ სიყვარულს ვერ გრძნობს.
2014 წლის გაბრიელი მსახიობია, ლოს ანჯელესში თვეში 1000$-ის სანაცვლოდ სხვის სახლს უვლის და დადის ქასთინგებზე სამსახიობო კარიერის შესაქმნელად, ისიც ისეთი მარტოსული და სევდიანია, როგორც გაბრიელი 1910 წლიდან და აქვს შიში იმისა, რომ რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდება. კაცს, რომელიც მისთვის საბედისწერო ადამიანია, 2014 წელს სხვა როლი აქვს, ლუი (ჯორჯ მაკკეი) ბრიტანელი ჯენტლმენის ნაცვლად ე.წ ინცელია, რომელიც ვიდეოებს წერს იმის შესახებ, რომ უკვე 30 წლის არის და ჯერ ქალთან სექსი არ ჰქონია, მეტიც ხელიც კი არ მოუკიდებია მისთვის, თუმცა, ამის მიზეზი გაურკვეველია, რადგან დარწმუნებულია, რომ მომხიბვლელია, კარგად იცვამს და რაც მთავარია, ბევრზე უკეთესი მანქანა ჰყავს. მისი მიზანი ისეთი ქალების მოკვლაა, რომლებიც მასთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ, სამიზნე – გაბრიელია.
2044 წელი მომავალი დროა, სადაც სამყაროს ხელოვნური ინტელექტი მართავს და იმისთვის, რომ გაბრიელმა უკეთესი სამსახური მიიღოს, რაშიც ფიქრობს, რომ ადამიანის გონებრივი რესურსი მნიშვნელოვანია, ე.წ. “გაწმენდის” პროცედურის ჩატარება უწევს, რისი მიზანიც ადამიანისთვის წარსულის სრული გამოკვლევა და ემოციებისგან გათავისუფლებაა. სწორედ ერთ-ერთი სეანსის დროს ხვდება ლუის, რომელიც მასავით დაეჭვებულია და არ არის დარწმუნებული რამდენად სურს ან უსაფრთხოა მისთვის აღნიშნული პროცედურა. “1910 და 2014 წლებში შენ თავიდან ქმნი, 2044 უნდა გამოგვეგონებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ სამყარო ისეთი დაგვეტოვებინა, როგორიც ახლა არის, თუმცა მისთვის ყველაფერი გამოგვეცალა, მანქანები, ეკრანები, რეკლამები, ურთიერთობები, დავაცარიელეთ ყველაფერი, ხმხაც კი ხელოვნურია. აღარ არსებობს არაფერი, რაც ნაცნობია შენთვის და კავშირს დაამყარებ, არ არსებობს ტექსტურა და შენ აღარაფერი იცი,” – ამბობს ბერტრანდ ბონელო.
გაბრიელის მთავარი შიში სწორედ არცოდნაა, ასეთივე კავშირი აქვს მას ლუისთან, რომელიც ერთდროულად ნაცნობიც არის მისთვის და უცხოც, რადგან გაწყვეტილი აქვს ჯაჭვი, რომელიც მოვლენებს, საგნებსა და ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომ, შიში იმისა, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, გაურკვევლობის შიშია. სიმბოლოებსაც ასეთივე დატვირთვა აქვს მისთვის, “მტრედის გამოჩენა კარგია იქამდე, სანამ სახლში არ შემოვა,” ფრინველი ყოველთვის მასთან არის საფრთხის წინ, რასაც ყოველთვის შეიგრძნობს, თუმცა, დარწმუნებული არ არის რას ნიშნავს. 2044 წლის თოჯინა, Poupée Kelly (Saint Omer-ის მთავარი როლის შემსრულებელი Guslagie Malanda) საშიშია მისთვის, რადგან მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია ფაბრიკაში გაჩენილი ხანძარია, სადაც იქ არსებული ცელულოიდის თოჯინები დაიწვა, მაგრამ, ვერ ხვდება რატომ.
მნიშვნელოვანია, რომ ფილმში მაყურებელმაც ისევე არ იცის ვინ ან რა არის ურჩხული, როგორც პერსონაჟებმა, გაბრიელმა და ლუიმ რას ნიშნავს მათთვის კატასტროფა, რისიც მათ ყველა ვერსიას ეშინია. “შესაძლებელია რაღაც მოხდეს, ამიტომ ყველას ეშინია, როგორც ცხოველებს, რომლებიც საფრთხეს ელოდებიან. მაგრამ, სწორედ ეს გაცოცხლებს. რასაკვირველია, დასასრული სევდიანია, რადგან ურჩხული სიყვარულის შიშია და როცა ამას ხვდები, ძალიან გვიანია.. თუმცა ეს მელოდრამის აუცილებელი ნაწილია: დაგვიანებული. ტრაგიკულია იდეა იმისა, რომ რაღაცას შეიძლება იმდენ ხანს ველოდოთ, რომ დაგვაგვიანდეს,” – ამბობს დასასრულის შესახებ რეჟისორი.
ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, ლეა სედუს ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოპოვებული აქვს საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო.
ურჩხული (The Beast)
რეჟისორი: ბერტრანდ ბონელო
საფრანგეთი 2023
ხანგრძლივობა: 2 საათი და 26 წუთი