ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს 180 გრადუსით კვირის ბოლოს წინა დღე
ლოს-ანჯელესის ყოფილი ნარკოდილერი საცხოვრებლად ტეხასში გადადის და ახალ ცხოვრებას იქმნის, როგორც დაქორწინებული არქიტექტორი, წყნარ და კომფორტულ გარეუბანში. თუმცა, მისი ძველი კრიმინალური პარტნიორის გამოჩენამ კეისის (თომას ჯეინი) მშვიდი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, რამაც მალევე მოიზიდა მოძალადე და არასასიამოვნო პერსონაჟები.
ასეთი მოცემულობით ცდილობს დააინტერესოს მაყურებელი სკიპ ვუდსმა თავისი ერთადერთი და უკანასკნელი რეჟისორული ნამუშევრით – Thursday. რაც საწყენია, ვინაიდან სკიპმა “ხუთშაბათის” შემდეგ სცენარისტობას მიჰყო ხელი და დაწერა სცენარები ისეთი ფილმებისთვის როგორებიცაა: Swordfish, Hitman, Sabotage, X-men Origins: Wolverine, A-Team და A Good Day to Die Hard. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ფილმი ყველა ასპექტში კარგად მუშაობს, იქნება ეს დიალოგები, იუმორი თუ სიტუაციები რომელშიც მთავარი გმირები ხვდებიან. მაშინაც კი, როცა ზოგიერთმა შეილება მალევე დაივიწყოს ეს ფილმი როგორც ტარანტინოს მორიგი მიბაძვა ან კლონი, რაშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან თუ კინო იღებს ინსპირაციას სხვადასხვა წყაროებიდან და ეს კარგად მოაქვს აუდიტორიამდე, მაშინ შეიძლება ითქვას რომ ფილმი – შედგა. მაშ, რა ხდის Thursday-ს ასე განსაკუთრებულს, ენერგიულსა და დამაინტრიგებელს? გეტყვით: ანეგდოტის სახით წარმოდგენილი მომხიბვლელი და იუმორისტული გახსნითი სცენა: იმპულსური კრიმინალი, ნიკი (აარონ ეკჰარტი) განსაკუთრებული შემოთავაზებით დაინტერესებული ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში, დაჟინებით ითხოვს ფასდაკლებას ყავაზე და უფასო ფუნთუშას, რომელიც მას აქციის მიხედვით ეკუთვნის. მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ მიდის – აარონ ეკჰარტის პერსონაჟს ფრუსტრაცია და იმედგაცრუება ხვდება: ჭიქა არასწორი ზომისაა, ფუნთუშები არ არის უფასო და მისი ხურდა ფულიც კი არ მიიღება. შკალა – “ეს შენი დღე არაა, მეგობარო” შთამბეჭდავ 90-ს აღწევს.
მაყურებელი უმასპინძლებს ლამაზად შესრულებულ, ხანგრძლივ და ეპიკურ სცენებს, რომლებიც მთელ ფილმს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ძირითადად ერთ სახლშია გადაღებული და კამერულ შთაბეჭდილებას ტოვებს, პერსონაჟთა მუდმივი მოძრაობის, მსუბუქი კადრირებისა და ფართო სივრცის გამო, რომელსაც რეჟისორი ოსტატურად იყენებს, აუდიტორია თავს შეზღუდულად არ გრძნობს. ეს დინამიური პარამეტრი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია საინტერესო დიალოგებით, მახვილგონივრული სიტყვა-პასუხითა და სასიამოვნო იუმორით. თუმცა, ფილმში არა მხოლოდ იუმორია გამორჩეული; პერსონაჟთა მართლაც სპეციფიური მოქმედებები გაგაღიმებთ და ზოგჯერ აღფრთოვანებულსაც დაგტოვებთ.
Thursday ოსტატურად ასახავს მოვლენათა ლოგიკურ თანმიმდევრობას, რომელიც მთავარ გმირს გადაისვრის ერთი აბსურდული სიტუაციიდან მეორეში და ქმნის დაგროვილი სიგიჟის ე.წ. “თოვლის გუნდის” ეფექტს. მიუხედავად ზედმეტად “ტკბილი” ჰეფიენდისა, უნდა აღინიშნოს რომ, განვითარებული მოვლენების ეპიკური ბუნება არ აღწევს პიკს ფინალისკენ, არამედ თანაბრად და მჭიდროდ არის გადანაწილებული მთელი საათნახევრის მანძილზე. ეს მიდგომა კი კარგად ინარჩუნებს აუდიტორიის ჩართულობასა და ინტერესს თავიდან ბოლომდე.
ფილმში წარმოდგენილია სხვადასხვა კოლორიტული კრიმინალი, თითოეული კი გამოირჩევა თავისი უნიკალური ფილოსოფიით. მაშინ როცა ერთი ტკივილის მიყენებისგან იღებს კმაყოფილებას, მეორე სექსში პოულობს ეიფორიას, მესამე კი მეგობრობას ყველაფერზე მეტად
აფასებს. მეგობრობის თემა კი Thursday-ში ჩნდება როგორც გადამწყვეტი ელემენტი, ერთგვარი ქვაკუთხედი, სადაც პერსონაჟი გარემოებების მიუხედავად ურყევი რჩება, მეორე კი ადაპტირდება. ნიკის დამოკიდებულება კეისის მიმართ უცვლელი რჩება მთელი ფილმის განმავლობაში, ხოლო კეისის ქცევა ნიკის მიმართ – განსხვავებულია. თომას ჯეინის გმირის ბრძოლა წარსული ცხოვრებიდან თავის დასაღწევად მატებს სიღრმეს მათ ურთიერთობას, დამაინტრიგებლად იკვლევს თუ რას ნიშნავს მეგობრობა თითოეული პერსონაჟისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში პერსონაჟთა და მსახიობების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, უშუალოდ ვისაუბრებ მთავარ მსახიობებზე და მათ გმირებზე, რომლებიც ამ ისტორიის თავი და ბოლოა:
თომას ჯეინმა შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა, მთავარი გმირის კეისის როლში, რომელიც ცდილობს გადადგეს, გავიდეს პენსიაზე, მაგრამ ამის უფლებას თითქოს არც სხვა გმირები და გარემოება აძლევს. მან ოსტატურად დააბალანსა პერსონაჟის ორმაგობა: ერთი
ცივსისხლიანი, ელეგანტური და უშიშარი ბანდიტი იყო, ხოლო მეორე კი ჩვეულებრივი არქიტექტორი, კრიმინალის გარეშე, მშვიდი ცხოვრებით დაინტერესებული. სახალისო სანახავია როგორც ცდილობს კეისი თავისი საქმეები აკეთოს, როცა მას ყოველ წუთს აწყვეტინებენ ფიქრს მოულოდნელი სტუმრები, რასაც შემდეგ უცნაური და აბსურდული სიტუაციები მოსდევს. ხოლო მისი ტელეფონის გამორჩეული ვიზუალი, შესაბამისი ხმით, უბრალოდ – შედევრია და კარგად ავსებს ამ სიტუაციებს.
რაც შეეხება აარონ ეკჰარტს, (მცირე საეკრანო დროის მიუხედავად საინტერესო იყო მისი ხილვა შეუპოვარი, ქარიზმატული კრიმინალის როლში, შემდგომ ნამუშევრებში მისი უფრო ნაცნობი როლების გათვალისწინებით. თუმცა სადაც არ უნდა ითამაშოს ეკჰარტმა, ის ყოველთვის კარგ და სასიამოვნო პერფორმანსს გვთავაზობს. ნიკის ურთერთობა კეისისთან მიმზიდველია, ხოლო აარონის გმირის სცენებიდან გამოვარჩევდი ისევ და ისევ პროლოგის გახსნით სცენას სადღეღამისო მაღაზიაში რომელმაც ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. ამ სცენამ კი მალევე განსაზღვრა მისი პერსონაჟის სირთულის ტონი.
პაულინა პორიზკოვა კი უდაოდ Thursday-ს მთავარი “ჰაილაითია”. მან იდეალურად ასახა ცივი, საშიში დამნაშავე, რომელიც უნაკლოდ ასრულებს თავის დავალებებს. ხოლო მისი პერსონაჟის ყველაზე ცუდი თვისებები სიზუსტით აღბეჭდა. ბოლო სცენა სავსე დაძაბულობითა და კომიკურობით, მის და კეისის შორის, უცნაურ, ეროტიულ გარემობაში, შთამბეჭდავი იყო. ასევე აღვნიშნავდი გარდერობის განყოფილებას შესანიშნავი კოსტიუმების შერჩევისთვის, განსაკუთრებით წითელი ლატექსის კაბას, რომელიც გაჟღენთილია ვულგარულობით და მშვენივრად ასახავდა დალასის (პაულინა პორიზკოვა) ფიზიკურობას და ქურთუკი, ზურგზე საოცრად გამომწვევი წარწერით – Cunt. ხოლო ამ სცენების თანმხლები თემატური საუნდტრეკები საერთო სანახაობას უფრო კარგს ხდიდა.
და ბოლოს, მიკი რურკი, რომელიც აქ ეპიზოდურ როლშია, მაინც მოახდინა დაეტოვებინა მცირეოდენი შთაბეჭდილება. მისი მცირე საეკრანო დროის გათვალისწინებით, მან მოახერხა შემოეტანა ამ ამბავში თავისებური სტილი, ხასიათი, ქცევა და ქარიზმატულობა, რაც მის
პერსონაჟს დასამახსოვრებელს ხდის.
მთლიანობაში, Thursday ლამაზი, სიმპატიური კრიმინალური თრილერია ყველა ელემენტით, რომ დამღლელი საღამო სასიამოვნო გახადოს: ნიჭიერი სამსახიობო დასი, კარგად გაკეთებული “ექშენ” სცენები, დამაინტრიგებელი, დასამახსოვრებელი დიალოგ/მონოლოგები და
ულევი შავი იუმორი. რა თქმა უნდა, ბევრს “ხუთშაბათის” ყურებისას Pulp Fiction ან სულაც გაი რიჩის ადრეული ნამუშევრებიც კი გაახსენდეს, ვინაიდან ფილმი თითქოს იღებს პატარ-პატარა ინსპირაციებს ამ ნამუშევრებიდან და საინტერესოდ იყენებს ამბის მოსაყოლად, კარგად არგებს სხვადასხვა სიტუაციებს და ყოველი პერსონაჟი განსხვავებულია თავისი ხასიათებითა და პიროვნულობით.
ხუთშაბათი (Thursday)
რეჟისორი: სკიპ ვუდსი (Skip Woods)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი