ემ ნაით შიამალანის ქალიშვილის საშინელებათა ფილმი უღრანი ტყეების მისტიურ არსებებზე
ამერიკელი მინა (დაკოტა ფენინგი) საცხოვრებლად გადადის ირლანდიის ერთ-ერთ ქალაქ გოლვეიში, რათა იპოვოს სიმშვიდე და ნუგეში და დროებით დაივიწყოს დედის გარდაცვალების ტრაგედია, რომელიც წლების წინ მოხდა. თუმცა მინა ჯერ კიდევ ებრძვის თავის მწუხარებას და ცდილობს ეს მწუხარება გადაფაროს სხვადასხვა რაღაცებით: ის მუშაობს ზოომაღაზიაში, საღამოებს ატარებს ბარებში, ატარებს პარიკს და ატყუებს სხვადასხვა მამაკაცს რომ ოდესღაც ბალერინა იყო. მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც მას ცხოველთა მაღაზიის უფროსი ავალებს ლამაზ, მაგრამ ძირითადად მდუმარე, ჩუმი, ყვითელი ფერის თუთიყუშის გადაყვანას ბელფასტის მახლობლად მდებარე ზოოპარკში. სცენურ პეიზაჟებში მოგზაურობისას მინას მანქანა ფუჭდება უღრანი ტყის გულში, რაც მას ბუნებასთან მოულოდნელ შეხვედრას სთავაზობს.
ბუნებრივია მწვანე “უდაბნოს” აქვს თვალები და მინა მალევე ხვდება უცნაურ ჯგუფს, რომელშიც შედის იდუმალი მედელინი (ოლვენ ფუერე), არც ისე სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი დანიელი (ოლივერ ფინეგანი) და გოგონა სახელად კიარა (ჯორჯინა კემპბელი). ადგილობრივები სწრაფად აცნობენ მას თავიანთი გასაჭირის შესახებ: ტყიდან გამოსავალი არ არის და მიწისქვეშა არსებები, რომლებიც ცნობილია როგორც “მაყურებლები”, ცხოვრობენ ქვემოთ. ჯგუფი აფარებს თავს ერთგვარ შუშის კუბში, რადგან როგორც აღმოჩნდება, ეს მონსტრები მოხიბლულნი არიან დაუცველ ადამიანებზე დაკვირვებით.
ასეთი მოცემულობით ცდილობს დაგვაინტერესოს ახალმა ფილმმა, სახელწოდებით – Watchers, იშანა შიამალანის რეჟისორული დებიუტი, რომელიც ასევე ეი ემ შაინის წიგნის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციაა. იშანა აღიარებული რეჟისორის ემ ნაით შიამალანის ქალიშვილია, რომელიც ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა Signs, The Village და Split. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მაყურებელს თავდაპირველად ჰპირდება დამაინტრიგებელ ატმოსფეროს, ახალ იდეებს და დამაჯერებელ წინაპირობას, ის საბოლოოდ არც ისე სავალალო შედეგს იძლევა. პოტენციალისდა მიუხედავად Watchers ვერ ახერხებს ამ მოცემულობაზე კაპიტალიზაციას, განასახიერებს შიამალანის კლასიკურ ფორმულასა და პრობლემას, სადაც მიმზიდველი “სეთაფი” სრულიად ვერ ახორციელებს თავის დაპირებას, შუაში იჭედება და უჭირს განვითარება.
თავდაპირველი მისტიკა და დაძაბულობა ძალზედ ეფექტურია, ქმნის ატმოსფეროს, სავსე სასპენსით. ხოლო პირველ ორმოც წუტში, როდესაც არსებები უხილავი რჩებიან, იშანა ოსტატურად იყენებს თავისებურ მინიშნებებსა და ფაქტორებს სიმძაფრის ასამაღლებლად, რაც მაყურებლის ინტერესს იპყრობს. ბნელი ირლანდიური ტყეები თითქოს თავისთავად იქცევა პერსონაჟად, რაც ქმნის მოლოდინის შესამჩნევ გრძნობას, როცა ბოლოს და ბოლოს ვხვდებით Watcher-ებს, ანუ მონსტრებს. თუმცა, მას შემდეგ რაც “დამკვირვებლები” (watchers) სრულად ვლინდებიან, ფილმი ნელ-ნელა იწყებს უპირატესობის დაკარგვას და მთელი ეს სანაქებო მოცემულობა და ინტრიგა ნელი ტემპით იფუშება. არსებები, რომელთაც უყვე მაყურებელი თუნდაც ერთხელ მაინც უკვე ნახავს, კარგავენ თავიანთ საშიშ მიმზიდველობას. როგორც ჩანს, იშანას ავიწყდება მნიშვნელოვანი კომპონენტი ასეთი ჰორორების გადაღებისას, რომელსაც less is more ჰქვია, უფრო სწორედ კი – რაც უფრო ნაკლებად იშლება კოზირები, მით უფრო ეფექტურია მაყურებლის “შეკავება” და ინტრიგაში ყოფნა.
აქ კი, სამწუხაროდ, ვაწყდებით ფილმის პრობლემას – სცენარისა და კონცეფციის არასაკმარისი განვითარება, რაც მთელი პატივისცემისდა მიუხედავად, ახასიათებს იშანას მამის, ემ ნაითის უმეტეს პროექტებს. როგორც იტყვიან, ვაშლი ვაშლის ხიდან შორს არ ვარდება. ზემოხსენებული მონსტრები, რომლებიც თავდაპირველად საშიშ ატმოსფეროს ქმნიდნენ, კარგავენ თავის ძალას. ამასთან ერთად, Watchers-ში ცუდია პერსონაჟთა განვითარებაც – ზედმეტად გაუხსნელი და ბრტყელი. ხოლო დიალოგები უმეტესწილად ხელოვნურია, ან სულაც გადატვირთულია ახსნა-განმარტებით, რაც ხელს უშლის მსახიობებს სრულად გახსნაში. დაკოტა ფენინგის მთელი ძალისხმევის მიუხედავად, მას არ აქვს საკმარისი შემუშავებული მასალა ემოციების სრული დიაპაზონის საჩვენებლად და 100 წუთიანი ქრონომეტრაჟის განმავლობაში იგი სცენიდანად სცენაში სულ ერთი სახის გამომეტყველებით დადის. ჰორორ ფილმების ხშირი სტუმარი, ოლვენ ფუერტე, რომელიც შესაძლოა გინახავთ ახალ Texas Chainsaw Massacre-ში ან ახლანდელ Tarot-ში, არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ მთელი ფილმი ხსნის და ხსნის წესებს, რაც რაღაც დროის მერე დამღლელი და გამაღიზიანებელია. სხვებზე ბევრი არაფერია სათქმელი, რადგან შემქმნელები ძალიან მცირე ინფორმაციას გვაწვდიან პერსონაჟების შესახებ და, შესაბამისად ისნი არ იწვევენ დიდ ინტერესს. თუმცა ჯორჯინა კემპბელი, მეორე მხრივ, გამოირჩევა დანარჩენებისგან, სამწუხაროდ მისი როლი შეზღუდულია.
სიუჟეტური ტვისტები (ან გადახვევები) იმდენად აბსურდულია, რომ Watchers საშინელებათა ფილმის პაროდიის ყურებას ჰგავს. დასასრული ტოვებს ისეთ შეგრძნებას, თითქოს დაბადების დღეზე ძალიან მაგარ საჩუქარს დაგპირდნენ, მაგრამ “მაგარი საჩუქარი” მორიგი წინდების წყვილი აღმოჩნდა, რომელიც უჯრაში მილიონობით დევს. ხოლო დასკვნა იმდენად დამაბნეველია, რომ მეგობრებსაც კი ვერ აღუწერთ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი “თვალთვალის”, “დანაკარგის” და “გადარჩენის” დამაინტრიგებელ თემებს იკვლევს, ეს იდეები რჩება ზედაპირული და განუვითარებელი. შედეგად კი ვიღებთ გადაუჭრელ დაძაბულობის განცდას, რაც მაყურებელს ტოვებს უკმაყოფილოს, სიუჟეტური დახურვის არარსებობით.
რომ შევაჯამოთ, Watchers პოტენციალით სავსე ფილმია, კელტური ფოლკლორი, მითოლოგია, შერეული ჰორორის ელემენტებითა და უღრანი, საშიში ტყის პეიზაჟებით, მაგრამ ამ ყველაფრის ფასი – კაპიკია, თუ კი რეჟისორი ვერ ახერხებს ამ კონცეფციის მაყურებლამდე კარგად მოტანას და პრეზენტაციას. იშანასგან ჩანს ამბიცია და ნიჭი, თუმცა მას სჭირდება ერთგვარი დისტანცირება მამამისის მსგავსი რთული, უცნაური ისტორიებისგან, განავითაროს საკუთარი სტილი და მიაღწიოს ბალანსს განსაცვიფრებელ ვიზუალსა და შინაარსს შორის. მიუხედავად იმისა რომ ფილმი ლამაზად არის გადაღებული, მუსიკაც კარგად ავსებს სცენებს, Watchers მომხიბვლელობისა და ატმოსფერულობის იქით ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთ, იქნება ეს მძაფრი ემოციები თუ ღრმა შეხედულებები.
ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში
დამკვირვებლები (The Watchers)
რეჟისორი: იშანა შიამალანი (Ishana Shyamalan)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 42 წუთი