ბაიკერები (The Bikeriders) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

უმიზეზოდ ამბოხებული: ბაიკერების რუტინული ცხოვრების მედიტატიური ექსპლორაცია

1960-იან წლებში აქტიური მოტოციკლისტების კლუბი, სადაც ადგილობრივი აუტსაიდერები იკრიბებიან, თანდათანობით გადაკეთდა კრიმინალების ბუნაგად. ასეთი მოცემულობით გამოირჩევა ჯეფ ნიკოლსის უახლესი ფილმი. თუ საკუთარი ცხოვრების ორ საათს ამ ფილმს დაუთმობთ, თქვენ მოწმენი გახდებით ბაიკერების კლუბის “ვანდალების”, წარმოუდგენელი ევოლუციის. სცენარისტისა და რეჟისორის ყურადღება გამახვილებულია ამ ტრანსფორმაციის პროცესზე და არა შედეგზე. მაშ ასე, ველით მოვლენების ტიპურ ქრონიკას: ყველაფერი იწყება გოგონათი, რომელიც საერთოდ არ იცნობს ბაიკერულ კულტურას, მისთვის ეს სრულიად ახალი სამყაროა, რომელშიაც ახლახანს შეაბიჯა. შემდგომ კი, რასაც ეს გოგონა ხედავს და ისმენს კლუბის შეკრებების დროს, მოჰყვება ერთგვარი ტრაგიკული და ამავედროს იმედისმომცემი დასასრული.

ფილმი საკმაოდ სწორხაზოვანია, აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო აქ რაიმე სიღრმისეულის ძიება. მამაკაცები იბრძვიან გართობისთვის, სხედან, სვამენ და ზოგჯერ გვანახებენ როგორ იძიონ შური დაშინების მიზნით, თუ ვინმე მათი კლუბის წევრს ცუდად შეეხება, იქნება ეს ფიზიკური დაპირისპირება თუ სხვა რამ. “ვანდალები” ძირითადად უბრალო ბიჭები არიან, რომლებმაც იპოვეს კარგი ადგილი დასასვენებლად, ცხოვრობენ თავისთვის და არავის აწუხებენ. კლუბის აუტსაიდერების უმეტესობას ან არ გაუმართლა ცხოვრებაში, ან უბრალოდ უადგილოდ გრძნობს თავს ჩვეულებრივ საზოგადოებაში. აქვე მინდა დავსძინო რომ, ფილმში არაფერი გრანდიოზული არ ხდება, რაც სულს შეგიძრავთ ან გულს გაგიჩერებთ. არ არის ნარკოტიკების გავრცელება, საშინელი მკვლელობები, ექშენი, რიტუალური, საკულტო შეხვედრები ან პოლიციასთან დაპირისპირება. როგორც ჩანს, ჯეფ ნიკოლსმა მართლაც შექმნა სამაგიდო, სახლის ალბომი მოძრავი ფოტოებით. (“The Bikeriders” შთაგონებულია დენი ლიონის ამავე სახელწოდების წიგნ/ფოტო ალბომით, რომელშიაც მან 60-70-იანი წლების მანძილზე აღწერა და ფოტო დოკუმენტაცია გაუკეთა აღნიშნულ ინდივიდებს)

მთავარი აქცენტი გაკეთებულია ინტერვიუზე აქტიურ პერსონაჟ ქეთისთან (ჯოდი კომერი), რომელიც ძირითადად გვიყვება ისტორიებს ლიდერ ჯონის (ტომ ჰარდი), სიმპათიური ბენის (ოსტინ ბატლერი) და სხვა მაჩო მამაკაცების შესახებ ტყავის ქურთუკებში. (შთამბეჭდავი, ბოიდ ჰოლბრუკის, მაიკლ შენონის, ნორმან რიდუსის და დეიმონ ჰერიმანის ძლიერი სახეები) გარდა ამისა, ფილმში არსებობს ერთგვარი ინტერესების კონფლიქტი – ქეთისა და ბანდის ლიდერს შორის, რომელთაგან თითოეული იბრძვის ამ მეამბოხე ფიგურის (კერძოდ კი ბენის) გულისა და სულისთვის. The Bikeriders ასევე საინტერესოდ ასახავს იმას თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც პატარა, უვნებელ კლუბში ნელნელა შემოდიან არასასიამოვნო, საშიში პიროვნებები. რაც ცხადია მიუთითებს ჯგუფში გაჩენილ ბზარებზე, დაშლასა და პასუხისმგებლობის აღების შესახებ ბევრ უგუნურ პიროვნებაზე.

ოსტინ ბატლერი მშვენიერი პერფორმანსით გამოირჩევა, რომელიც მომენტებში ჯეიმს დინს (Rebel Without a Cause) მოგვაგონებს, განსაკუთრებით მისი გარეგნობითა და მანერებით. მას თითქმის არ სჭირდება კამერის წინ საუბარი. მისი ძლიერი ნიკაპი, “ბასრი” ლოყები, ლამაზი თვალები და ცხვირი ყველაფერს მის მაგივრად აკეთებს. ერთგვარი strong, silent type. ბატლერის კარიერა კი როგორც ჩანს ე.წ. ციცაბო აღმართზეა და მიიწევს წინ: ელვის პრესლისა და ფეიდ-რაუტა ჰარკონენის განასახიერებიდან დაწყებული ბენი ბაიკერის როლამდე. არადა ვინ იფიქრებდა: ხუთი წლის წინ მას სხვა ამომავალ ვარსკვლავებს შორის უმნიშვნელო როლი ჰქონდა ტარანტინოს ფილმში (Once Upon a time in Hollywood) და ახლა ის ყურადღების ცენტრშია და ბევრ საინტერესო პროექტში აპირებს მონაწილეობას. მეორე მხრივ, ტომ ჰარდი კარგად ირგებს დაღლილი, გულჩათხრობილი, მკაცრი ლიდერის როლს: აქტიურად ღრიალებს როცა საჭიროა, მარლონ ბრანდოსავით ჭუტავს თვალებს და წარბშეკრული გადაჰყურებს თავის კლუბს, რაც შესანიშნავად ერგება ფილმის მძაფრ ატმოსფეროს. (ხოლო მარლონ ბრანდო შემთხვევით არ ვახსენე: ჯონის “ვანდალების” შექმნის იდეა სწორედაც რომ 1953 წლის Wild One-ის ყურების შემდეგ დაებადა და ცდილობდა რაც შეიძლება მაქსიმალურად მიებაძა ბრანდოს პერსონაჟისთვის, როგორც მანერებით ასევე, ცოტაოდენი აქცენტით, რაც ზოგჯერ ცოტათი სასაცილოდაც ჟღერს ან გამოიყურება) ბატლერსა და ჰარდის შორის ასაკობრივი სხვაობა იდეალურია, რაც მათ საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ ხანდაზმული მამაკაცი და მისი პოტენციური მემკვიდრე. რას გამოიწვევს ეს ურთიერთობა? აქ კი დევს ინტრიგა, რომლის გასარკვევად ფილმი თავად უნდა ნახოთ.

ამ ყველაფრისდა მიუხედავად, “ბაიკერებს” აქვს თავისი ხარვეზები. მედიტატიური, ნელი ტემპი და აუჩქარებელი მიდგომა შესაძლოა ყველას არ მოეწონოს, თუ რათქმაუნდა ნიკოლსის წინა ფილმები არ გაქვთ ნანახი, რადგან ეს როგორც ჩანს, რეჟისორის თავისებური ხელწერაა. აქ თითქმის არ არის ექშენი ან ინტენსიური მომენტები. მხოლოდ და მხოლოდ ბაიკერთა ყოველდღიური ცხოვრების, რუტინის ზანტი ექსპლორაცია. ზოგი მაყურებელი შეიძლება შეწუხდეს ნარატივის ყოველ 15-20 წუთში შეფერხებით, კერძოდ კი ქეთის ინტერვიუს ნაწყვეტებით, როდესაც ის ჰყვება ისტორიებს და აგრძელებს სიუჟეტის წინსვლას. ხოლო ყოველ 5-10 წუთში ე.წ. needle drop-ებმა, (ან უბრალოდ საუნდტრეკის, იმ პერიოდის შესაბამისი სხვადასხვა სიმღერების აკომპანიმენტებმა) შესაძლოა გაგახსენოთ Goodfellas ან პირიქით – გაგაღიზიანოთ. გარდა ამისა, “ბაიკერები” საკმაოდ მარტივი ამბავია, ყოველგვარი ჩახუჭუჭებული “საბპლოტების” გარეშე. (პატარა ისტორიები რომელიც მთავარი ისტორიის ფონზე მიმდინარეობს, B ან C ისტორია)

მთლიანობაში, ჯეფ ნიკოლსმა, როგორც ჩანს, ყველაფერი მარტივად შეინარჩუნა თავისებური სტილითა და გადაღების მიდგომით. მან გამოიყენა სტატიკური, ხელის კამერები ზედმეტი ექსცესების, რაკურსების და dutch angle-ბის გარეშე, რის შედეგაც მაყურებელი ადვილად ეფლობა იმ წარსულ ეპოქაში, სადაც თავის დროზე Easy Rider-მა მოახდინა რევოლუცია კინოში. სხვათაშორის ფილმში სცენაც კი არის, როდესაც ნორმან რიდუსის პერსონაჟი თავის ბაიკზე ზის და სულ რაღაც 5 დოლარად, კინოთეატრის წინ რეკლამას უკეთებს. კომიქს ფილმების, დიდი, უკვე დამკვიდრებული ფრენჩაიზების და ანიმაციური ფილმებით გადატვირთულ, დღევანდელ სამყაროში “ბაიკერები” თავს გრძნობს როგორც დროში მოგზაური, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური სტილით. მიუხედავად მისი ანაქრონისტული განცდისა, ჩემთვის ეს ყველაფერი ერთგვარი სუფთა ჰაერი აღმოჩნდა, რადგანაც მსგავსი ფილმები სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში

ბაიკერები (The Bikeriders)
რეჟისორი
: ჯეფრი ნიკოლსი (Jeffrey Nichols)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 56 წუთი

Total
0
Shares
წინა
ხვალინდელი დღე ჯერ კიდევ არის (There’s Still Tomorrow)

ხვალინდელი დღე ჯერ კიდევ არის (There’s Still Tomorrow)

| ნეორეალიზმით შთაგონებული სატირა - პაოლა კორტელესის პირველი სრულმეტრაჟიანი

შემდეგი
ჩუმი ადგილი: დღე პირველი (A Quiet Place: Day One)

ჩუმი ადგილი: დღე პირველი (A Quiet Place: Day One)

| დუმილი ოქროა რჩეული: ნიუ-იორკი უცხოპლანეტელთა ახალ საფრთხეს უმასპინძლებს

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share