დუმილი ოქროა რჩეული: ნიუ-იორკი უცხოპლანეტელთა ახალ საფრთხეს უმასპინძლებს
საიდუმლო არ არის რომ, ბოლო პერიოდში ჰოლივუდი საკმაოდ ბევრ სიქველებს, რებუთებს, რემეიქებს და პრიქველებს უშვებს. Quiet Place-ის ფრენჩაიზიც ვერ გადაურჩა ამას და საბოლოოდ გადაიქცა ტრილოგიად, რომლის ახალი ნაწილი Day One წარმოადგენს პრიქველს. “პირველი დღე” მოგვითხრობს უცხოპლანეტელი მონსტრების (უფრო სწორედ კი Death angels როგორც მათ წინა ნაწილებში ეძახიან) შემოსევის ადრეულ დღეებს დედამიწაზე. ხოლო სიუჟეტი მიჰყვება ორ მთავარ პერსონაჟს, რომლებიც ნიუ-იორკში ამ ტრაგედიის ეპიცენტრში მოხვდნენ. მთავარ როლებში: ჯოზეფ ქუინი (Stranger Things), ალექს ვულფი (Hereditary) და ლუპიტა ნიონგო. (Us, Black Panther) ხოლო რეჟისორი ამ სურათისა მაიკლ სარნოსკია, რომლის წინა ნამუშევარი უცნაური და ამავედროს საინტერესო რევანშ დრამა Pig-ია, ნიკოლას კეიჯის მონაწილეობით.
ფურცელზე ეს ყველაფერი საკმაოდ დამაინტრიგებელი ჩანდა. ეს ის ერთ-ერთი შემთხვევაა, როცა წინაისტორია გვპირდება რაღაც უფრო მომხიბვლელს და საინტერესოს, ვიდრე მთავარი სიუჟეტი. ფილმის სათაურიდან გამომდინარე, მაყურებელი ელოდება საინტერესო ინფორმაციას იმ ნაცნობი საშინელი ურჩხულების შესახებ, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც death angels ან “სიკვდილის ანგელოზები” კოსმოსიდან. (თუ რათქმაუნდა პირველი და მეორე ნაწილი ნანახი გაქვთ) თრეილერის ნახვის შემდეგ ჩვენ მალევე წარმოვიდგინეთ სიუჟეტი, სადაც მეცნიერებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს უცნობი ამოუცნობი ობიექტები კოსმოსში. არავინ იცის, საიდან მოდიან ან რას წარმოადგენენ, მაგრამ მათ ესმით, რომ ეს ობიექტები მალე ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოვა. ჩნდება შიში და ცნობისმოყვარეობა. სამხედროები სრულ მზადყოფნაში არიან. და აი შემდგომ ხდება პირველი კონტაქტი: არსებები ეშვებიან ნიუ-იორკში.
მაშ ასე, შემოსევაც დაიწყო..გოძილას, კინგ-კონგის, კლოვერფილდის ურჩხულის და ცუნამის შემდეგ The Day After Tomorrow-დან, როგორც ჩანს ნიუ-იორკმა ყველაფერი ნახა, მაგრამ სამწუხაროდ, ქალაქი ახალი საფრთხის წინაშეა. საინტერესო იქნებოდა სიუჟეტი წარმართულიყო Aliens-ის სტილში, სადაც მკაცრი, ძლიერი მეომრების ჯგუფი ერთ მუშტად იკვრებიან და დარწმუნებულნი არიან მტრის დამარცხებაში და სადილსაც დროულად რომ მოუსწრებენ. თუმცა შეშინებული სამხედროები მალევე ხვდებიან, რომ თავიანთი სიცოცხლისთვის ბრძოლა და გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქალაქის დაცვა და მშვიდობიანი მოქალაქეები ამ საშინელებას შეატოვონ. სამაგიეროდ, ფილმმა სრულიად განსხვავებული ამბავი წარმოგვიდგინა. შესაბამისად იმის მაგივრად რომ გაგვეგო თუ საიდან და რატომ მოვიდნენ “სიკვდილის ანგელოზები”, Day One გვთავაზობს ინტიმურ/პირად ისტორიას ორი მარტოხელა ადამიანის შეხვედრაზე, სამყაროში რომელშიც სიჩუმე და ქაოსია გამეფებული.
ამგვარად “პირველი დღე” ორ ახალ და მთავარ პერსონაჟს გვაცნობს: სემი (ლუპიტა ნიონგო), კიბოთი დაავადებული ინდივიდი და ერიკი (ჯოზეფ ქუინი), რომელიც დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდა ნიუ-იორკში სამართლის სასწავლებლად. ხოლო მათთან ერთად აგრეთვე ვხვდებით სემის საყვარელ და ფუმფულა კატას, სახელად ფროდო. როგორც კი ორივე პერსონაჟი დამეგობრდება, მათი მიზანია მიაღწიონ წყლიან ზედაპირს, დროებითი გადარჩენის შანსის მისაღებად. მაგრამ მანამდე, სემის უმთავრესი პრიორიტეტი: პიცერიის მონახულებაა. როგორ შეიძლება მოკვდე ნიუ-იორკში ისე, რომ ერთი პიცის ნაჭერი არ დააგემოვნო. ეს სიმპატიური ისტორია უნივერსალური ქაოსის და აპოკალიპტური სეტინგის ფონზე კარგად მუშაობს, გაიძულებთ იფიქროთ და იგრძნოთ ნაზი ატმოსფერო ზედმეტი რომანტიკის გარეშე. აუდიტორია ღელავს გმირებზე და იმედოვნებს, რომ ისინი გადალახავენ თავიანთ გამოწვევებს. ხოლო კატა – ფროდომ, დაე დიდხანს იცოცხლოს.
და მაინც, ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლოა მაყურებელს (რომელმაც ნახა წინა ორი ნაწილი) გაუჩნდეს კითხვა: კი მაგრამ, მეორე ნაწილში არ იყო იგივე “პირველი დღე”, მაგრამ სხვა ოჯახით? რატომ უნდა გაუჩნდეს აუდიტორიას სურვილი იმისა რომ ნახოს იგივე პეიზაჟები და ლოკაცია ახალი პერსონაჟებით, რომლებიც იდენტური პრობლემების წინაშე დგანან? კარგი იქნებოდა რომ ფილმს ეჩვენებინა ახალი პერსპექტივა, თუნდაც ყოფილიყო მთავარი პროტაგონისტი – კატა. რაც შეეხება კატას, უცნაური პერსონაჟია, ყოველ ჯერზე როცა ის ეკრანზეა, მაყურებელი ჩუმად განიცდის, რომ ფროდო დაძაბულ მომენტში ადრე თუ გვიან დაიკნავლებს, მაგრამ მან რატომღაც იცის და ხვდება რომ დუმილი გადარჩენის გასაღებია. გარდა ამისა, ფროდოს რატომღაც შეუძლია დიდიხნით სუნთქვის შეკავება წყალქვეშ, რაც ასევე უცნაური იყო. მიუხედავად ამისა, “პირველ დღეში” არის რამდენიმე დაძაბული მომენტი, როგორიცაა მინის დიდ შენობაში დევნის სცენა ან კლაუსტროფობიულ კანალიზაციაში ცურვა “სიკვდილის ანგელოზისგან” თავის დასაღწევად. თუმცა როგორც ჩანს, შეზღუდული ბიუჯეტის გამო, ფართომასშტაბიანი შემოსევა შემოიფარგლა მცირე სივრცეებითა და ლოკაციებით, დიდად ეყრდნობოდა CGI-სა და ციფრულ მანიპულაციებს, ხოლო საშიში ურჩხულები ფონის ნაწილი გახდნენ და თავისთვის მისდევნენ ვერტმფრენებს.
მთლიანობაში, Quiet Place: Day One არც ისეთი ცუდი ფილმია. სიუჟეტი მეტნაკლებად კარგია, შესაბამისი პერსონაჟებით, შესანიშნავი საუნდ დიზაინით (განსაკუთრებით IMAX-ში) რომლითაც ეს ფრენჩაიზი ყოველთვის გამოირჩეოდა და რაღათქმაუნდა არაჩვეულებრივი მოტივაცია, პიცის ნაჭრის გულისთვის გადარჩენა სიცოცხლის ფასად. თუმცა, “პირველი დღე” ბოლომდე ვერ ართობს მაყურებელს, ვერ უჩქარებს პულსს და არ გააჩნია ნამდვილად მიმზიდველი საშინელებათა ელემენტი. როგორც პრიქველი, Day One-ში მთლად ბოლომდე ვერ ვიგებთ “სიკვდილის ანგელოზების” წარმოშობის ისტორიას, მაგრამ როგორც დრამა ჰორორის ელემენტებით, ფილმი კარგად მუშაობს, ძლიერი პერფომანსებისა და მომხიბვლელი ქიმიის წყალობით სემსა და ერიკს შორის. “პირველი დღე” შეიძლება მაგალითისთვის შევადაროთ ერთი დიდი ვიდეოთამაშის ნაგლეჯს (ე.წ. DLC-ს), “Survival Stories” სტილში, რომლის გასვლა და დამთავრება სულ რაღაც საათზე ნაკლებ დროში შეიძლება. ამბიცია იმისა რომ Day One ყოფილიყო ორიგინალური და ფოკუსი უფრო პერსონალურ, ინტიმურ ამბავზე გადასულიყო – დასაფასებელია, მაგრამ საშიში ატმოსფეროს არ არსებობა და ურჩხულთა წარმოშობის ამბის “უქონლობა” – გულდასაწყვეტია. ამ ყველაფრისდა მიუხედავად, Quiet Place: Day One-ს ნახვა როგორც ერთჯერადი სანახაობა, თავისი ხანმოკლე საათი და 40 წუთიანი ქრონომეტრაჟით – შეიძლება. (განსაკუთრებით კი IMAX-ის დარბაზში)
ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში
ჩუმი ადგილი: დღე პირველი (A Quiet Place: Day One)
რეჟისორი: მაიკლ სარნოსკი (Michael Sarnoski)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 39 წუთი