სიკეთის სახეები (Kinds Of Kindness) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ცინიზმის მორიგი დოზა ცნობილი ბერძენი რეჟისორისგან, მოწოდებული სამ ისტორიაში

უკვე დიდიხანია იორგოს ლანთიმოსს თავისი მუზა – ემა სტოუნი ჰყავს და ახალ ახალ ფილმებს ერთის მიყოლებით იღებს. წლევანდელი Kinds Of Kindness ერთ-ერთი მათგანია, თუმცა იორგოსი არ ჩერდება და კიდევ აპირებს ახალი ფილმის გადაღებას, ამჯერად კორეული კომედია/სამეცნიერო ფანტასტიკის რიმეიქს – Save the Green Planet! რომელშიც ერთ-ერთ როლს ემა სთოუნი შეასრულებს, ხოლო რიმეიქის სახელი – Bugonia გახლავთ. ამის ჩათვლით, ეს იორგოსის და ემას მეექვსე კოლაბორაცია იქნება. და მაინც რას წარმოადგენს “სიკეთის სახეები”? ეს აბსურდული შავი კომედიაა, ანთოლოგია, რომლის სცენარი იორგოსმა ეფტიმის ფილიპოუსთან ერთად დაწერა. მთავარ როლებში: ემა სთოუნი, ჯესი პლემონსი, ვილემ დეფო, მარგარეტ ქვეილი, ჰონგ ჩაუ, ჯო ელვინ, მამუდო ეთი და ჰანთერ შაფერი.

Kinds Of Kindness პრემიერა 77-ე კანის კინოფესტივალზე შედგა, ამა წლის 17 მაისს, სადაც ჯესი პლემონსს საუკეთესო მსახიობის ჯილდო გადაეცა. კინოთეატრებში ფილმი კი 21 ივნისს გამოვიდა. “სიკეთის სახეებს” აღწერენ როგორც ერთგვარ ზღაპარს შესრულებული ტრიპტიქის სტილში, რომელიც სამი სხვადასხვა მაგრამ ოდნავ დაკავშირებული ისტორიებისგან შედგება: პირველ ისტორიაში ვინმე კაცი ცდილობს დაიბრუნოს საკუთარი ცხოვრების კონტროლი და თავად აიღოს ხელში სადავეები, მეორეში კი ვხვდებით პოლიციელს, რომლის ცოლიც რამდენიმე ხნიანი “გაქრობის” და დაბრუნების შემდეგ სრულიად სხვა ადამიანია და ბოლოს, მესამე ისტორია სადაც ვინმე ქალი ეძებს ერთ კონკრეტულ ინდივიდს განსაკუთრებული ნიჭით.

ფილმის საფუძვლიანად ანალიზის შემდეგ, მზად ვარ ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველმა მარკეტინგულმა “ჰაიპმა” და აჟიოტაჟმა გამოიწვია ჩემი ინტერესი, “სიკეთის სახეები” ცალსახად იმედგაცრუება აღმოჩნდა. იორგოსმა აღნიშნული ფილმი Poor Things-ის პარალელურად გადაიღო და ის თითქოს დაშლილ ქმნილებას ჰგავს, ერთგვარ ფრანკენშტეინის ურჩხულს, რომელიც შეკერილია სხვადასხვა ელემენტებისგან. ცხადია, ბერძენი რეჟისორის საფირმო სტილი, თავისი მშრალი, შავი იუმორით, ადგილზეა, თუმცა თითქოს ამ ყველაფერს რაღაც აკლია, რამაც გამიჩინა კითხვა, იყო თუ არა ეს მისი ე.წ. back-to-the-roots როგორც ბევრი მოელოდა. აუტსაიდერის გადმოსახედიდან, “სიკეთის სახეები” რეჟისორის კარიერაში უმნიშვნელო პროექტად გვევლინება: მოკრძალებული ბიუჯეტი (ჰოლივუდის სტანდარტებით) განაწილებულია სამ საშუალო სიგრძის, ურთიერთდაკავშირებულ მოთხრობაზე, რომლებიც გაერთიანებულია განმეორებადი მსახიობებითა და თემებით. ლანთიმოსისთვის ეს ფილმი თავის მხატვრულ მოგზაურობაში თითქოს უფრო “ტრანზიტის პუნქტად” გამოიყურება.

პირველი ისტორია საინტერესოდ იკვლევს თავისუფლების ტვირთს და ადამიანთა უნივერსალურ სურვილს, დაშალოს საკუთარი თავი სხვაში. მეორე წარმოადგენს შეურაცხმყოფელი, მოძალადე ურთიერთობების ვიზუალურ ალეგორიას. მესამე კი, იკვლევს კულტს, რომელიც ორიენტირებულია ფულზე, ძალაუფლებაზე, რელიგიაზე და ხაზს უსვამს შედეგად ძალადობას. სამივე ამბავს სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტების პარადოქსული გადაჯაჭვულობა აკავშირებს. ჩვენი სიახლოვის სურვილი მალავს საშიშროებას, რომ მთლიანად დავკარგოთ “საკუთარი მე” სხვისთვის – საკმაოდ სასურველი, მაგრამ ამავე დროს შემზარავი პერსპექტივა. პროკრეაცია კი გულისხმობს სახეობათა უკვდავებას და ინდივიდის სასრულობას.

ქირურგიული მიზანსცენები, რობოტული სამსახიობო თამაში და ტრანსტრავული კადრები – ლანთიმოსის ხელმოწერის ტექნიკა – ყველაფერი ადგილზეა. ინტიმური კამერა ერევა გმირთა პირად ცხოვრებაში, ხოლო შავი იუმორი ხანდახან გადაჭარბებულია (კერძოდ მეორე ისტორიაში, ძაღლები), რომელიც ცოტათი გაღიზიანების ზონაში გადადის. “სიკეთის სახეები” უფრო ახლოს არის “წმინდა ირმის მკვლელობასთან”, მაგრამ უფრო სუსტი ინტენსივობითა და სცენარით, ვიდრე მისი წინა ნამუშევრები. განსაკუთრებით საწყენია ის ფაქტიც, რომ ეს “ტრიპტიქი” მელანქოლიის საშინელებებისა და გარედან მოწონების საჭიროების შესახებ აუდიტორიას მესიჯებს ზედმეტად მკაფიო, პირდაპირი და ოდნავ ბრტყელი სტილით აწვდის. მიუხედავად იმისა, რომ ასახული თემების კრიტიკა ცინიზმით არის გაჟღენთილი, ფილმი კარგავს საკუთარ თავს, ვერ ხვდება როდის უნდა შეჩერდეს, იბლანდება, რის შედეგადაც ეს ყველაფერი იმედგამაცრუებელ არეულობაში იზრდება. მარგარეტ ქუელისა და ემა სთოუნის თაყვანისმცემლებისთვის კარგი ამბავი მაქვს: ფილმში შეხვდებით შეზღუდულ, მაგრამ ვულგარულ და პერვერსიულ სცენებს, რადგან როგორც ჩანს იორგოსმა ეს განუყრელი გარყვნილობა რაც მას სჩვევია, Poor Things-დან ისესხა, ალბათ ათიოდე პროცენტით. სამივე ისტორია ფილმში სავსეა მსუბუქი, მაგრამ მოჩვენებითი იგავებით, რომელიც აბსურდისკენ იხრება. რაც შეეხება “სიკეთის სახეების” ფერთა პალიტრას, ცოტათი უფერული და ოდნავ მოსაწყენია, რაც დიდი ალბათობით მიზანმიმართულია, თუმცა მაინც იწვევს დაღლილობას. ხოლო Kinds Of Kindness-ის საკმაოდ ვეებერთელა სამ საათიანი ქრონომეტრაჟის გათვალისწინებით, ფილმი ნაკლებად მოსაწყენია, რადგან სცენიდან სცენამდე ყოველთვის რაღაც ხდება და ამ მხრივ ტემპს კარად ინარჩუნებს, მაგრამ როგორც კი მესამე ისტორიამდე მიხვალთ, ემოციურ დაღლილობასთან ერთად ფიზიკურსაც იგრძნობთ.

აღსანიშნავია ისიც რომ, “სიკეთის სახეები” იღებს უფრო კომპაქტურ და ლაკონურ სტილს და შეიცავს მხოლოდ არსებით დეტალებს. მიუხედავად ამ ვიზუალური შეზღუდვისა, კადრები ყოველთვის დატვირთულია ყოვლისმომცველი შფოთვით, რომელიც გაძლიერებულია მიზანმიმართული ასიმეტრიით. ხოლო მას შემდეგ რაც მაყურებელი ეფლობა ნევროზულ ატმოსფეროში და დაძაბული ელის როგორ განვითარდება მოვლენები, სხეულებრივი სისასტიკის სცენები როგორიცაა – თითები, თავები და შინაგანი ორგანოები, ემატება ისედაც შემაშფოთებელ თხრობას. ჯესი პლემონსი და უილემ დეფო როგორც ყოველთვის გამოირჩევიან თავიანთი პერფორმანსებით, ეს უკანასკნელი კი ოსტატურად გადადის უარყოფითსა და მეორეხარისხოვან როლებს შორის. უილემის გარდა, ემა სთოუნიც და მარგარეთ ქუელიც ქამელეონივით იცვლიან პიროვნულობას და ამ სიურეალიზმში უფრო აბნევენ აუდიტორიას. (გამოვყოფდი ერთ-ერთ ფავორიტ სცენას მესამე ისტორიის ბოლოს, სადაც ემას კმაყოფილი პერსონაჟი მანქანასთან ბედნიერი ცეკვავს, ხოლო მის უკან ამ ისტორიის მნიშვნელოვანი პერსონაჟი, ინვალიდის ეტლშია)

საერთო ჯამში, ვფიქრობ ლანთიმოსის უნიკალური სტილის თაყვანისმცემლები, სავარაუდოდ იპოვიან რაღაც სიამოვნებას “სიკეთის სახეებში”. ფილმი აერთიანებს იუმორს, ცინიზმს და ხანდახან რადიკალიზმს, როგორც ეს იორგოსს ახასიათებს. ხოლო სამსახიობო დასის კარგი პერფორმანსები კი “აკავებს” აუდიტორიას ამ ისედაც კომპლექსურ ნარატივში. მართალია ფილმი გაჟღენთილია მისი საფირმო მშრალი იუმორით, სამივე ისტორია ნაკლებად მომხიბვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ის საინტერესოდ და ძლიერად იწყება (განსაკუთრებით პირველი ამბავი), კინო კარგავს გარკვეულ იმპულსს ბოლოსკენ, რაც სამწუხაროდ აუბრალოებს და ამარტივებს როგორც სტრუქტურას ისევე მის თემებსა და სათქმელს. შესაბამისად, “სიკეთის სახეები” ე.წ. mixed bag-ია კარგი და არც-ისე კარგი მომენტების ნაკრებით, არა კატასტროფა, მაგრამ არც შედევრი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ კი ლანთიმოსს პირველად ეცნობით ან მანამდე მხოლოდ Poor Things გაქვთ ნანახი, მაშინ Kinds Of Kindness შესაძლოა მოგეწონოთ და ამ მხრივ ერთხელ ნახვა და შანსის მიცემა შეიძლება, რადგან ფილმი უდაოდ ტოვებს შერეულ შთაბეჭდილებებს, რომელიც დიდხანს გაგყვებათ. ხოლო სრულიად ახალბედებისთვის, ბერძენი რეჟისორის სიურეალისტურ/აბსურდული სტილი საკმაოდ საინტერესო და ამავედროს უცნაური გამოცდილება იქნება. ხოლო რაც შეეხება იორგოსის და ემას კრეატიულ დუეტს, მათი შემოქმედებითი მოგზაურობა მეეჭვება გაჩერდეს უახლოეს მომავალში, შესაბამისად, როგორც მათი ნამუშევრების ერთგული თაყვანისმცემელი, თამამად წავალ მათ შემდეგ ფილმზე.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში, ხოლო ციფრული რელიზის თარიღი ჯერჯერობით – უცნობია

სიკეთის სახეები (Kinds Of Kindness)
რეჟისორი: იორგოს ლანთიმოსი (Yorgos Lanthimos)

ხანგრძლივობა: 2 საათი და 56 წუთი

Total
0
Shares
წინა
ჩუმი ადგილი: დღე პირველი (A Quiet Place: Day One)

ჩუმი ადგილი: დღე პირველი (A Quiet Place: Day One)

| დუმილი ოქროა რჩეული: ნიუ-იორკი უცხოპლანეტელთა ახალ საფრთხეს უმასპინძლებს

შემდეგი
ბუნებით სასტიკი (In a Violent Nature)

ბუნებით სასტიკი (In a Violent Nature)

| მანიაკის პერსპექტივიდან დანახული საინტერესო არტჰაუს სლეშერი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share