მანიაკის პერსპექტივიდან დანახული საინტერესო არტჰაუს სლეშერი
არაფერია ისეთი სასიამოვნო, როგორც მხიარული, სახალისო საშინელებათა ფილმი, განსაკუთრებით სლეშერის ქვეჟანრი. ჩვენ ყველას გვაქვს ერთგვარი “სიყვარულ/სიძულვილის” მსგავსი ურთიერთობა სტოიკურ, მუნჯ ჯეისონ ვურჰიზთან “მეცამეტე პარასკევიდან”, რომელიც დაუნდობლად და შეუპოვრად დადის მსხვერპლიდან მსხვერპლამდე, ხოლო მის უკან ტოვებს გვამებს, სისხლის მდინარეებს და ამასთანავე “ტელეპორტირების” საოცარ უნარს ფლობს და რაღათქმაუნდა გვამებს საშინელი სიზუსტით ალაგებს. ან ავიღოთ იდუმალი და მისტიური მაიკლ მაიერსი, უემოციო, ცივი გამომეტყველებით, მარმარილოსფერი ნიღბით, ნახევრად ადამიანი, ნახევრად – ბოროტების პერსონიფიკაცია, რომელიც მუდამ ჩრდილში იმალება. ან ვის შეუძლია დაივიწყოს ქარიზმატული ფრედი კრუგერი თავისი ბასრი ხელთათმანით, რომელიც მზადაა დაჭრას და გაჭრას ნებისმიერი და ამასთანავე მისი საფირმო მახვილგონივრული, შავი იუმორით გაჟღენთილი რეპლიკებიც წარმოთქვას პროცესში. რომ აღარაფერი ვთქვათ ტყავსახას (leatherface) ბენზოხერხის შემზარავ ხმაურზე Texas Chainsaw Massacre-დან. ასეთი პერსონაჟების სია კი გრძელდება და გრძელდება, რომელსაც მუდმივად ემატება ახალი მანიაკი.
სწორედ ამ ახალ ტიპზე ვისაუბრებთ დღევანდელ რეცენზიაში, კრის ნეშის სადებიუტო ინდი ჰორორ ფილმიდან In a Violent Nature, რომლის ჩვენება 22 იანვარს, სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. (სავარაუდოდ, კონცეპტიდან გამომდინარე, მარტივად “შეაპარეს” როგორც არტჰაუს სლეშერი და გახდა ნაწილი ფესტივალის Midnight პროგრამისა) კინოთეატრებში (მხოლოდ ამერიკასა და კანადაში) ფილმმა იხილა დღის შუქი 31 მაისს, ხოლო ციფრულად კი სტრიმინგ პლათფორმა – Shudder-ზე გამოვიდა სულ რაღაც ერთი კვირის წინ.
მიუხედავად იმისა, რომ სლეშერის ფორმულა ყველას უყვარს სწორედაც რომ თავისი სიმარტივის გამო, ის დრო და დრო მიისწრაფვის ექსპერიმენტებისკენ, სიახლეებისკენ, რათა ქვეჟანრმა შეინარჩუნოს ერთგვარი სიახლე და რელევანტურობა. საბედნიეროდ მას ხვდა წილად ასეთი შესაძლებლობა რამდენჯერმე, სხვადასხვა ინოვაციებითა და პერსპექტივებით. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ავანგარდული ჰორორ/სლეშერ ფილმი ავსტრიიდან Angst (1983), რომელიც გვთავაზობს შემზარავი, შეშლილი მკვლელის თვალთახედვას და ღრმად ჩაჰყავს მაყურებელი მის არამდგრად ფსიქიკაში, გვაცნობს მის ფიქრებს, წუხილს და ა.შ. შესრულებულია ეს ფსევდო-დოკუმენტური ფილმის სტილში, რომელიც ამ გამოცდილებას უფრო ავთენტურს და ატმოსფერულს ხდის. შეგვიძლია გავიხსენოთ კიდევ ერთი ასეთი მაგალითი, ბელგიური მოკიუმენტარი კრიმინალური კომედია, შავი იუმორის ელემენტებით – Man Bites Dog (1992), სადაც გადამღები ჯგუფი მიჰყვება ქილერს და მაყურებელიც აკვირდება, უყურებს მის ერთ ჩვეულებრივ რუტინულ დღეს, სავსე სისხლით და სისასტიკით. გარდა ამ ორი ფილმისა, ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ სხვა მსგავსი ექსპერიმენტული ნამუშევრები, როგორებიცაა: Antibodies (2005), “Behind the Mask: The Rise of Leslie Vernon” (2006), და “Henry: Portrait of a Serial Killer” (1986). ეს ფილმები სცილდება ჟანრის საზღვრებს, აერთიანებს ფსიქოლოგიურ სიღრმეს, შავ იუმორს და უნიკალურ თხრობის სტრუქტურებს, რათა შემოგვთავაზოს ახალი ხედვა ნაცნობი სლეშერის ფორმულის შესახებ.
სლეშერის ქვეჟანრში ასეთი ექსპერიმენტები დამაინტრიგებელია, ისინი ზოგჯერ არ ამართლებენ ხოლმე, მაგრამ საპირისპიროს შემთხვევაში, ექსპერიმენტი წარმატებულია და ჟანრში გამორჩეულებიც ხდებიან. ასეთი ამბიციით გამოირჩევა “ბუნებით სასტიკი”, პატარა ინდი სლეშერ ფილმი, რომელიც მიზნად ისახავს იყოს განსხვავებული ამ ფორმულირებულ, გასართობ კატეგორიაში. ფილმი გვთავაზობს უნიკალურ პერსპექტივას მკვლელის თვალებიდან. განსხვავებით Angst-ის და Man Bites Dog-ისა, აქ არცერთი გადამღები ჯგუფი არ მიჰყვება ანტაგონისტს. ამის ნაცვლად, ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებით, ვუყურებთ მკვდრეთით აღმდგარ ზომბს – ჯონის, ზურგიდან, რომელიც თავის მსხვერპლებს ჭრის, ჩეხავს და კუწავს. ამ უკანასკნელს გვარიც კი არ აქვს, უბრალო მოსიარულე სიკვდილის მანქანაა, ჯეისონ ვურჰიზივით, ხოლო მისი ძირითადი აქტივობა? აუჩქარებელი სიარული. ის დადის, დადის, დადის და კიდევ ერთხელ – დადის. არ მინდა ცოტა უხერხულად გამომივიდეს, მაგრამ თუ კი ჯონ კარვერის პერსონა არსებობს Thanksgiving-დან, რატომ არ შეიძლება ჯონის გვარი მოვუძებნოთ და უბრალოდ დავარქვათ Johnny Walker! (თითქმის ისე, როგორც ის ცნობილი ვისკის ბრენდი)
In a Violent Nature-ს ე.წ. “გიმიკი”, ან სულაც “მექანიკა”, რაზეც არის აგებული მთლიანად ფილმი, მალევე წურავს საკუთარ თავს, ვინაიდან ფილმი თითქოს ჯონივით ცარიელია, აქ არავინაა ისეთი, ვისაც აუდიტორია უქომაგებს, პერსონაჟთა სიღრმე ან ოდნავი პიროვნულობა არ არსებულია, დიალოგები, რომელიც კადრს იქით ისმის, უბრალოდ ფონის ხმაურია. (რათქმაუნდა ეს სლეშერ ფილმებში ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო, მაგრამ ზოგჯერ ოდნავ წონას ჰმატებდნენ და ზოგი ფრაზა ფანებს შორის ერთგვარ საკულტო სტატუსსაც იძენდა) აგრეთვე უკვე პირველ ნახევარში ჩვენ მალევე ვიგებთ ჯონის წინაისტორიას და ამბავს, ამ ტყეში მოხდარ ინციდენტზე, რომელიც 60 წლის წინ მოხდა. ხოლო სულელი თინეიჯერები, რომელიც ამ ადგილას სეირნობდნენ, თვალს მოჰკრავენ ოქროს მედალიონს, მოიპარავენ და თავიანთ გზას გაუდგებიან. მედალიონის გაქრობა კი იწვევს ფილმის მთავარი ანტაგონისტის გაცოცხლებას და წამოდგომას საფლავიდან ზუსტად ისე, როგორც “მეცამეტე პარასკევის” მეექვსე ნაწილში, სადაც ჯეისონი უბრალო ელვით ცოცხლდება. შესაბამისად აქედან უკვე იწყება ძალადობრივი ლაშქრობა ტყეში, ფატალური შედეგებით. ჯონის სიარულიდან გამომდინარე, უკვე წარმომიდგენია სადღაც როგორ აკეთებს და ამონტაჟებს ვინმე ვიდეოს, რომელშიც ამოჭრილია და შეწებებულია ჯონის სიარულის მომენტები, ოღონდ ასწრაფებული, დაახლოებით ისე როგორც GTA-ს timelapse ვიდეოებშია, სადაც ტომი ვერსეტი და კარლ ჯონსონი მთლიან ქალაქში “დასეირნობენ” აუჩქარებელი ნაბიჯებით, 3x სისწრაფეზე.
მიუხედავად იმისა რომ, “ბუნებით სასტიკი” სწრაფად “იცლება” თავისი “ორთქლისგან”, ის ცდილობს დააკომპენსიროს “გართობისა” და არასერიოზულობის ფაქტორების უქონლობა – უფრო სერიოზული ტონით, მძიმე, გროტესკული ძალადობითა (მაგრამ მინიმალისტური) და ბუნებრივი გარემოს ე.წ. “ემბიენსის”გამოყენებით, ვინაიდან ფილმში თითქმის საერთოდ არ არის მუსიკა ან მუსიკალური აკომპანიმენტი, შესაბამისად მორიგი თინეიჯერის მკვლელობისას რამდენიმე წამით ადრე შესაბამისი საუნდტრეკი არ ირთვება, პირიქით ეს ძალადობრივი აქტი უბრალოდ ერწყმება ბუნების ხმებსა და ჩიტების ჭიკჭიკს. ასეთი მიდგომა კი აუდიტორიას “ძირავს” ერთგვარ იმერსიულ და ავთენტურ სანახაობაში. ჩვენ მრავალი დასამახსოვრებელი მკვლელობა ვნახეთ სლეშერ ფილმების ისტორიაში, მაგრამ ერთ-ერთი მკვლელობის სეკვენცია სადაც ჯონი ერთ თინეიჯერ გოგონას უსწორდება იოგას სესიის დროს, კრეატიული, მაგრამ საშინლად დეტალური ძალადობრივი გზით, ალბათ სამუდამოდ ჩაიბეჭდება ჩვენს ტვინში. Cannibal Corpse-ის (ცნობილი death metal ჯგუფი ამერიკიდან) მუსიკოსებიც კი გაკვირვებულები დარჩებიან და სავარაუდოდ შეისწავლიან ამ ფილმს მათი მომავალი ნამუშევრების ინსპირაციისთვის. აი მსგავსი სისასტიკის მაყურებლები კი ვფიქრობ, დაკმაყოფილდებიან ფილმში ასახული ბრუტალიზმით, თუნდაც ამ ეფექტურ და ამავე დროს მინიმალისტურ დონეზე.
და პრინციპში მთლიანი ფილმი სულ ეს არის. ჩვენ მხარდამხარ მივყვებით მკვლელს, ისე როგორც ეს მესამე პირის ვიდეოთამაშებშია, მაგალითად გვიანდელი (2004/2009) Resident Evil ან თუნდაც Skyrim-ის მსგავსად. ჯონისთან ერთად ჩვენც ვმოგზაურობთ ამ უღრან ტყეში და თითქოს ეს ყველაფერი რეჟისორის ჩანაფიქრის მიხედვით ერთ უწყვეტ კადრში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დროდადრო შეუიარარებელი თვალითაც კი ადვილად შესამჩნევია პატარ-პატარა “გადასვლები” და ჭრები, რაც ერთგვარ და უცნაურ “ტელეპორტის” ეფექტს იძლევა. ფილმის ყურებისას ჩნდება კითხვები ჯონის შესახებ: არის ის უბრალოდ შეუჩერებელი სიკვდილის მანქანა? დაისვენებს ეს მონსტრი მედალიონის აღების შემდეგ? რატომ ჰკლავს ჯონი ამ ხალხს, უბრალოდ ინსტინქტით თუ რაიმე მამოძრავებელი ძალით? ეს გაურკვევლობა, როგორც ჩანს მიზანმიმართულია, მაგრამ საშუალოსტატისტიკურ მაყურებელს რაღაც მომენტში ეს სანახაობა შესაძლოა უბრალოდ მობეზრდეს და ნელნელა დაიწყოს გადახვევა, რაშიც მე მათ არ ვადანაშაულებ.
In a Violent Nature, თავისი ნიშიდან და მიდგომიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს დაუკავშირდეს სპეციფიურ აუდიტორიას, რის გამოც ის ადვილად შეიძლება “ჩამოწერონ” ჰორორ ფილმების თაყვანისმცემლებმა და ზოგჯერ ხანდახან გაიხსენონ როგორც – “ის ერთი განსხვავებული სლეშერი” ან “ჰეი, გახსოვთ ის ერთი ჰორორ ფილმი რომელიც მკვლელის პერსპექტივით და მთლიანად ბუნების ხმებით იყო?”, შესაბამისად, ჯონი შესაძლოა მალევე მიეცეს დავიწყებას, თავისი სიმპატიური მეხანძრის ნიღბითა და დახეული ტანსაცმლით.
პირადად მე, ვისიამოვნე მსგავსი უცნაური “ექსპერიმენტით”. ეს თავისებური, ლეთარგიული და მედიტაციური სანახაობაა, შესაბამისი ატმოსფეროთი, რომელშიც არ არის მუსიკა, ცარიელი პერსონაჟები არანაირ ემპათიას არ იწვევენ, ხოლო დაუმარცხებელი ბოროტება, რომელიც მიიწევს წინ და ყველაფერს შთანთქავს თავის გზაზე განურჩევლად სქესისა, დრო და დრო გვაოცებს კრეატიული და ინოვაციური მკვლელობის მეთოდებით. გადაღებულია ეს ყველაფერი კომპეტენტურად და ლამაზად, მაგრამ ზემოაღნიშნული “ჭრები” უწყვეტი კადრის ეფექტს ოდნავ აფუჭებს და უცნაურ შეგრძნებას იწვევს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ბუნებით სასტიკი” საინტერესო მცდელობაა მოგვიანებით გროტესკულ გრაფიკულ ბრუტალიზმზე ორიენტირებულ ფილმებთან შედარებით, რომლებმაც საზღვრები არ იციან და ყოველ ხუთ წუთში სისხლის მდინარეებით ცდილობენ გააკვირვონ მაყურებლები. (მაგალითად Terrifier-ის ფრენჩაიზი) ამ მხრივ, In a Violent Nature მინიმალისტური ძალადობის ასახვით ინარჩუნებს ზომიერებას, მაგრამ როგორც არ უნდა დავიცვა ეს ფილმი, ცოტაოდენი სიღრმე, “გაპრიალება” და ფინალის “შესწორება” ურიგო არ იქნებოდა. მესამე ნახევრისკენ, როცა უკვე უკანასკნელი გადარჩენილი გოგო (რომელიც თითქმის არ ჩანდა მთელი ფილმი) ერთ ქალს უჯდება მანქანაში და უყვება ისტორიას დათვის შესახებ, რაც თითქმის არ არის საინტერესო და თუ კი ვინმე ელოდებოდა ერთგვარ “ომაჟს” Texas Chainsaw Massacre-ის ფინალურ სცენასთან, მაშინ იმედი გაუცრუვდებათ და ამასთანავე ვერ ვიგებთ როგორ მთავრდება ფილმი – ის უბრალოდ წყდება.
საბოლოო ჯამში, ღირდა ეს უაზრო, ძალადობრივი ლაშქრობა იმ ჰაიპად და აჟიოტაჟად, რომელიც ფილმის გამოსვლამდე იყო? ცალსახად კი. როგორც ერთჯერადი მცდელობა რომ ახალი სიცოცხლე “ჩაებერა” ისედაც “გადაღლილ” ქვეჟანრში, “ბუნებით სასტიკი” ჩემგან გარკვეულ ქებას იმსახურებს. ჩვენ, ჰორორ ფილმების გულშემატკივრები ყოველთვის მივესალმებით მსგავს მცდელობებსა და ექსპერიმენტებს დღის ნებისმიერ დროს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო და ენთუზიაზმი იქნება ჩადებული. თუმცა აუტსაიდერის გადმოსახედიდან, კინო ბევრად უკეთესად იმუშავებდა როგორც პატარა 20 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ვიდრე სრულმეტრაჟიანი და თანაც, საათნახევრიანი. პრობლემა იმაშია რომ, თუ რეჟისორი იღებს რაიმე იდეას ან მექანიკას და ცდილობს გადაწელოს ეს ყველაფერი საათნახევარზე, მაშინ მან აგრეთვე უნდა შემოიტანოს სხვა ელემენტები, რათა სანახაობა საინტერესო გახდეს და მაყურებელიც ჩართული იყოს. სევდიანია ასევე ის ფაქტიც, რის მიხედვითაც ჰორორ ფილმებში სტანდარტები იმდენად დაბალია, რომ მსგავსი სახის ექსპერიმენტები იშვიათია. თუმცა რამდენადაც არ უნდა მიყვარდეს “მეცამეტე პარასკევის” მსგავსი არასერიოზული, გასართობი სლეშერები, In a Violent Nature-ს მსგავს საინტერესო “მცდელობებს” ყოველთვის მივესალმები და ავირჩევ, ვიდრე ისედაც უკვე დამკვიდრებულ ჰორორ ფრენჩაიზების ახალ სიქველებს, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ და მხოლოდ – ფულია.
ბუნებით სასტიკი (In a Violent Nature)
რეჟისორი: კრის ნეში (Chris Nash)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 34 წუთი