Whenever there is any doubt, there is no doubt.
საკულტო მანქანებისა და 1998 წლის ექშენ კლასიკის ექსპლორაცია
მცირე ინფორმაცია ფილმზე
Ronin 1998 წლის ამერიკული ექშენ თრილერია, გადაღებული რეჟისორ ჯონ ფრანკენჰაიმერის მიერ, რომელიც საინტერესოდ აყალიბებს ცვალებადი ლოიალობისა და ე.წ. “მაღალი ფსონების” ინტრიგების რთულ ქსელს. ფილმი მოგვითხრობს ყოფილ სპეცოპერატორთა გუნდზე, თითოეული ბუნდოვანი წარსულის მქონე, რომლებიც იკრიბებიან პარიზის ბისტროში სახიფათო მისიის შესასრულებლად. აი, რა ხდის “რონინს” გამორჩეულს:
იდუმალი ქეისი: სიუჟეტის ცენტრშია იდუმალი, უმკაცრესად დაცული ჩემოდანი, ხოლო მისი შიგთავსი გაურკვეველი რჩება – სრულყოფილი “მაკგაფინი”, როგორც ჰიჩკოკი იტყოდა. გუნდის მისია? – იდუმალი ქეისის მოპარვა, რის ფასადაც არ უნდა დაჯდეს. პერსონაჟთა მოტივაცია და ალიანსები ყოველთვის ცვალებადია, რაც სურათს ჰმატებს დაძაბულობისა და სასპენსის ფენებს.
რეალისტური საავტომობილო დევნები: “რონინი” ცნობილია თავისი ამაღელვებელი, სულის შემძვრელი მანქანების დევნის სეგმენტებით. განლაგებული ნიცასა და პარიზის თვალწარმტაცი პეიზაჟების ფონზე, ეს სეგმენტები რეალისტურად და ავთენტურად გამოიყურება. ხოლო პროფესიონალი მრბოლელი მანქანების მძღოლები კოორდინირებას უწევდნენ და ასრულებდნენ ამ სახიფათო ტრიუკებს, ქმნიდნენ ამაღელვებელ, გულისამაჩუყებელ მომენტებს, რომელიც ფილმს გასართობდ სანახაობად აქცევდა.
პერსონაჟთა დინამიკა: სამსახიობო დასი Ronin-ში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – ბრწყინავს. რობერტ დე ნირო თამაშობს სემს, იდუმალი წარსულის მქონე ამერიკელს და ყოფილ CIA-ს ოპერატორს. ჟან რენო ვინსენტის როლში, საფრანგეთის სადაზვერვოს ყოფილი აგენტი. სტელან სკარსგარდი როგორც გრეგორი, ყოფილი გერმანელი ან სულაც კგბ-ს აგენტი, საკმარისი ინტრიგა შემოაქვს გუნდში. ვხვდებით ასევე შონ ბინს, რომელიც ჩვენდა გასაოცრად არ კვდება, მაგრამ არც დიდი ხნით არის გუნდში, ხოლო ჯონათან პრაისის პერსონაჟი გუნდის ისედაც დაძაბულ დინამიკას უფრო ამძაფრებს. დაქირავებულთა რაზმის ყოველ მონაწილეს თავისი ე.წ. უნიკალური მახასიათებელი აქვს: ერთი კარგად ერკვევა კომპიუტერებში და ნავიგაციაში, მეორე ტყვია-წამალს განსაზღრავს, მესამე და მეოთხე გამოცდილი ტაქტიკოსები არიან და ა.შ. ამდენი ხნის მიუხედავად, მათ არ დაუკარგავთ თავიანთი რეფლექსები, გამოცდილება, ცოდნა და ისევ ისეთი პროფესიონალები არიან. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, გუნდის არცერთი წევრი ენდობა ერთმანეთს, ვინაიდან არავინ იცის ვინ როდის შეიძლება უღალატოს და შეიცვალოს მხარეები.
“რონინის” გამორჩეული მანქანები
ფილმში დაქირავებულთა რაზმი მისიის შესასრულებლად არც ძალას ზოგავს და არც რესურსებს, შუა ქუჩაში თავისუფლად ხსნიან ცეცხლს, ესვრიან მოწინააღმდეგეებს და არ ადარდებთ ვინ მოჰყვება ამ ცეცხლის ქვეშ, იქნება ეს პოლიციელი თუ უბრალოდ დაუცველი გამვლელი. ანალოგიურად, სახიფათო დევნის სექციების დროს, ქუჩებში სრული ქაოსი იწყება, როგორც კი რაზმის რომელიმე წევრი სამიზნეს აეკიდება: ილეწება ბევრი მანქანა, მრავალი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის, პოლიციასაც უჭირს ამ საშიშ ხალხთან გამკლავება. შესაბამისად Ronin დახუნძლულია მანქანებით, როგორც ალეწილი, ისე კარგ მდგომარეობაშიც, თუმცა ამ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე, მთავარ ავტომობილზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ამ სექციებში. ესენია: Audi S8, Peugeot 406, BMW 535i და Mercedez-Benz 450SEL 6.9
Audi S8: მართავს ლარი (სკიპ სადათი), აღჭურვილია 4,2 ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 340 ცხენის ძალას, აღწევს სიჩქარეს 250 კმ/სთ-მდე, ხოლო საწვავის მოცულობა – 82 ლიტრია. აღნიშნული მანქანა ცნობილია თავისი ბალანსით ფუფუნებასა და წარმადობის შორის, რაც მას იდეალურ ვარიანტად აქცევს მაღალსიჩქარიანი დევნისთვის. მისი Quattro all-wheel-drive სისტემა უზრუნველყოფს მართვის უმაღლეს კონტროლს, რაც ასეთი აუცილებელი იყო მჭიდრო მოხვევებისთვის და მანევრირებისთვის მაღალ სიჩქარეებზე. (ფილმში სიტუაციებიდან გამომდინარე)
Peugeot 406: მართავს ვინსენტი (ჟან რენო), აღჭურვილია 3.0 ლიტრიანი V6 ძრავით, გამოიმუშავებს 190 ცხენის ძალას, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 235 კმ/სთ, საწვავის მოცულობა კი 70 ლიტრი. ეს ავტომობილი მსგავსი ჟანრის რეალიებში ნაკლებად არის ცნობილი, აქ კი ერთგვარი მოულოდნელი გმირი გახდა თავისი სისწრაფითა და საიმედო წარმადობით, რაც აუცილებელია ნიცას ვიწრო, ხვეული ქუჩებისთვის.
BMW 535i: მართავს სემი (რობერტ დე ნირო), აღჭურვილი 3,5 ლ 6 ცილინდრიანი ძრავით, გამოიმუშავებს 211 ცხენის ძალას, გამოირჩევა მაქსიმალური სიჩქარით – 230 კმ/სთ და საწვავის მოცულობით რომელიც 80 ლიტრია. ცნობილი თავისი ზუსტი handling-ითა და მძლავრი ძრავით, ეს მანქანა შესანიშნავი ვარიანტია Ronin-ის მაღალსიჩქარიანი დევნისა და ეფექტური გაქცევისთვის.
და ბოლოს, Mercedez-Benz 450SEL 6,9, რომელიც მდიდრული, მაგრამ ძლიერი პერფორმანსით, დაიკვეხნის 6,9-ლიტრიანი V8 ძრავით, 286 ცხენის ძალით, მაქსიმალური სიჩქარით – 225 კმ/სთ და საწვავის მოცულობით – 96 ლიტრი. აღნიშნული მანქანის ე.წ. მტკიცე, მყარი კონსტრუქცია ხიფათის ფენას მატებს ისედაც მძაფრ დევნის სცენებს, ხოლო პროცესში და პრაქტიკაში კი აჩვენებს მის სრულ შესაძლებლობებს როგორც სიმძლავრით, ასევე გამძლეობით.
კადრს მიღმა: როგორ იღებდნენ სახიფათო დევნებს
საავტომობილო დევნის სცენები “რონინში” ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ზედმიწევნით შექმნილი სეგმენტებია კინოს ისტორიაში. ამ მიზნის მისაღწევად , ჯონ ფრანკენჰაიმერი, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება სარბოლო ფილმების რეჟისორობაში, დაჟინებით მოითხოვდა რეალური მანქანებისა და პროფესიონალი ტრიუკების მძღოლთა გამოყენებას. ფილმის ყველაზე ცნობილი დევნის სცენა, რომელიც ვითარდება საფრანგეთის ნიცას ვიწრო ქუჩებში, მოიცავს მაღალსიჩქარიან ექშენ სეგმენტს 193 კმ/სთ სიჩქარით. რეალიზმის გასაუმჯობესებლად მსახიობებს ხშირად ათავსებდნენ მანქანებში პროფესიონალ მძღოლებთან ერთად, რომლებიც რასაკვირველია ასრულებდნენ ტრიუკებს. მწარმოებელმა ჯგუფმა მრავალი კამერის მოწყობილობა გამოიყენა, მათ შორის მანქანებზე დამონტაჟებული (დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე 70-იანებში უილიამ ფრიდკინმა The French Connection-ში), ინტენსიური ექშენის სხვადასხვა კუთხიდან გადასაღებად. დასაფასებელია რეჟისორის არჩევანი პრაქტიკული ეფექტების ერთგულებისა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფილმის მომხიბვლელობასა და ავთენტურობაში. არანაირი CGI და ციფრული მანიპულაციები, მანქანათა სიმფონია და შეტაკება დღესაც ისე ცოცხლად გამოიყურება როგორც მაშინ, 1998-ში.
მემკვიდრეობა და გავლენა
“რონინმა” წარუშლელი კვალი დატოვა ექშენ ჟანრში, განსაკუთრებით მანქანებით დევნებისადმი თავისებური და უნიკალური მიდგომით. ფილმის აქცენტმა რეალიზმზე, სადაც ვერანაირ სუპერ გაჯეტებს ვერ შეხვდებით და ყოველი პერსონაჟი ჩვეულებრივი ადამიანია რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს იმსხვერპლოს მოწინააღმდეგის ტყვიამ და ასევე პრაქტიკულ ტრიუკებზე – ახალი სტანდარტი ჩამოაყალიბა აღნიშნულ ჟანრში, რამაც გავლენა მოახდინა და შთააგონა ახალი თაობის ექშენ ფილმები, როგორიცაა მაგალითად The Bourne Identity (2002) და The Transporter (2002).
კრიტიკოსებმაც და მაყურებლებმაც შეაქეს Ronin დაძაბული სიუჟეტის, კომპლექსური, ღრმა, საინტერესო პერსონაჟების და ცხადია, გამაოგნებელი სამანქანო დევნების გამო. ფილმი დღესაც რჩება ეტალონად კინორეჟისორებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ შექმნან ავთენტური ექშენ სეგმენტები. ხოლო ფილმის მემკვიდრეობა ვლინდება პრაქტიკული ეფექტების მუდმივ შეფასებასა და კარგად შესრულებულ საავტომობილო დევნებში.
დასასრულ, “რონინი” ჩინებულად აერთიანებს დამაჯერებელ პერფორმანსებს, რთულ, ოდნავ დამაბნეველ და მომენტებში ბუნდოვან სიუჟეტს და საუკეთესო საავტომობილო ექშენ სეგმენტებს, რაც კი ოდესმე გადაღებულა და გაკეთებულა. მანქანათა ტექნიკური დეტალები, დევნის სცენების ზედმიწევნითი დაგეგმვა და ფილმის ხანგრძლივი გავლენა ჟანრზე მას ულაპარაკოდ აქცევს ე.წ. must-see-დ და რომელიც ნებისმიერი ექშენ კინოს მოყვარულის კოლექციაში უნდა იკავებდეს საპატიო ადგილს.