სენეგალელი მიგრანტების სასტიკი გზა ევროპისკენ
“ვიცით, რომ ბოლო 10 წელიწადში 30000 ადამიანი გარდაიცვალა ევროპამდე მისაღწევ გზაზე. დროთა განმავლობაში ჩვენ ამ ციფრებს ვეჩვევით, ამიტომ მინდოდა ამისთვის ადამიანურობა მიმენიჭებინა. მინდოდა კამერა მეორე მხარეს დამეყენებინა და საბოლოოდ მიმეცა ლაპარაკის საშუალება მათთვის, ვისაც ხმის მოწვდენა არ შეუძლიათ,” – ამბობს მატეო გარონე, რომელმაც 2023 წელს ფილმი “კაპიტანი” გადაიღო. ეს არის ისტორია ორ სენეგალელ თინეიჯერზე, 15 წლის სეიდუსა და მუსას შესახებ, რომლებმაც უკეთესი მომავლის მოლოდინით დატოვეს საკუთარი საცხოვრებელი დაკარში და დაიწყეს ხანგრძლივი მოგზაურობა ევროპისკენ, იტალიაში.
მნიშვნელოვანია, რომ სენეგალში ცხოვრებას რეჟისორი განსაკუთრეუბლი სიმძიმით არ გვიხატავს და სეიდუსა და მუსასაც განსხვავებულად არ წარმოაჩენს, როგორც მეტწილად გადმოგვცემს ხოლმე ევროპული კინო აფრიკაზე. ისინიც ისეთივე ბავშვები არიან, როგორც მათი თანატოლები განვითარებული ქვეყნებიდან, ისევე ერთობიან, როგორც სხვები, სქროლავენ ტიკტოკს და ოცნებობენ მუსიკის შექმნაზე, იმ განსხვავებით, რომ მათ ნაკლები შესაძლებლობა და მატერიალური რესურსი აქვთ, რისთვისაც ისახავენ გეგმას, რაც შეიძლება სწრაფად გაეცალონ სენეგალს. სხვადასხვა სამუშაოებით აგროვებენ ფულს და ემზადებიან ევროპისკენ წასასვლელად, სადაც შეძლებენ განვითარდნენ, გათავისუფლდნენ და დაეხმარონ ოჯახს. “ისინი ვირტუალურად იწყებენ ცხოვრებას ჩვენს სამყაროში, რომელიც ბევრ დაპირებას აძლევს მათ. ისინი მხოლოდ ამ ნაწილს ხედავენ, უკანა ფონი, ის, რაც ჩვენ ვიცით, დაფარულია, ამიტომაც ფიქრობენ, რომ აქ მოხვედრით გამდიდრდებიან და ოჯახებს დაეხმარებიან, მაგრამ ეს უფრო შენი ოცნებებისკენ სვლაა,” – ამბობს რეჟისორი.
სოციალური მედია განსხვავებულ სურათს ქმნის, რისაც ადამიანებს, რომლებიც შორიდან აკვირდებიან მოვლენებს, მარტივად სჯერათ. სისკო ერთადერთია, ვინ ბიჭებს ევროპის რეალურ სურათს უხატავს და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეხმარება სხვებს მიგრაციაში, მათ უარს ეუბნება, “ევროპა არ არის ისეთი, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ, რასაც ტელევიზორით გაჩვენებენ – ტყუილია. იქ ცივა, ბევრი ადამიანია ქუჩებში, რომელთაც გარეთ სძინავთ, კრიმინალები, ქურდები, ყაჩაღები, გარდაცვლილები, ნათესავები და წყვილები, რომლებიც იხოცებიან. სიკვდილი თუ გინდათ, წადით!” პასუხი პირდაპირია, თუმცა ბიჭებისთვის დაუჯერებელი, ამიტომ მზად არიან ყველანაირ დაბრკოლებას გაუმკლავდნენ საოცნებო ადგილას მოსახვედრად.
ემიგრანტების შესახებ გადაღებულ ფილმებში გზა, რომელსაც ისინი გადიან არ ჩანს, მატეო გარონესთვის კი სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. როგორ აპატიმრებენ, კლავენ და აწამებენ მათ, ტოვებენ უდაბნოში, სადაც სიკვდილისთვის არიან განწირულები, რამდენად ხანგრძლივი და რთულია მოგზაურობა, რომლის საბოლოო წერტილიც პატარ გემით ევროპის ნაპირებამდე მისვლაა. “კაპიტანი” დატვირთულია მაგიური რეალიზმის მომენტებით, სადაც სეიდუ სახლისკენ მიფრინავს და დედას აგებინებს, რომ ცოცხალია და ყველაფერი კარგად არის. ფანტასტიკა და რეალობა, რისი გამოვლაც ადამიანებს უწევთ, თანაბრად არარეალურია, რადგან თითქმის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება 15 წლის ბავშვს გემის მართვა და 250 ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღება დაევალოს. “ფილმის ბოლო ნაწილი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც 15 წლის ადამიანს გადახდა თავს, მას უნდა ემართა გემი და გამხდარიყო კაპიტანი ყოველგვარი ცოდნის გარეშე.”
“კაპიტანი” ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში, ვენეციის კინოფესტივალზე მოპოვებული აქვს “ვერცხლის ლომი.”
კაპიტანი (Io Capitano)
რეჟისორი: მატეო გარონე (Matteo Garrone)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 1 წუთი