ლეგენდარული პოლიციელის დაბრუნება კალიფორნიის ნაცნობ ქუჩებში
როგორც იქნა, 4 ივლისს, ნეტფლიქსის სტრიმინგ პლათფორმაზე შედგა ედი მერფის ლეგენდარული, კომედიური ექშენ ფილმის Beverly Hills Cop-ის დიდი ხნის ნანატრი და ამავედროს ნატანჯი სიქველის პრემიერა, სახელწოდებით “აქსელ ფოული”. (სავარაუდოდ ყველას რომ შეახსენონ მთავარი გმირის სახელი, რადგანაც ბოლო, მესამე ნაწილიდან 30 წელი გავიდა) ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჭორები სიქველის შესახებ ვრცელდებოდა ინტერნეტში, არავის ჰქონდა იმის იმედი რომ მეოთხე ნაწილი სინათლეს იხილავდა, მაგრამ საბოლოოდ “აქსელ ფოულის” მორიგი თავგადასავალი მაინც გამოვიდა, ხოლო ერთგულ თაყვანისმცემლებს კი საბოლოოდ მიეცემათ საშუალება ჩაეშვნენ ნოსტალგიის მორიგ მორევში, კლასიკური საუნდტრეკების – “The Heat Is On”-ისა და ტიტულარული “Axel F”-ის ფონზე.
სიუჟეტის ცენტრში ხანდაზმული დეტექტივი აქსელ ფოულია, რომელიც კვლავაც ერთგული რჩება დამნაშავეების დაჭერისა და დასჯის მიმართ. ჩვეულებისამებრ, მისი მეთოდები აქსელს წინააღმდეგობაში აყენებდა უფროსებთან, ხშირად ეწინააღმდეგებოდა მათ წესრიგსა და პოლიციის პროტოკოლის სტანდარტებს. თუმცა, მისი შესანიშნავი რეპუტაცია წლების განმავლობაში გულმოდგინე სამსახურისთვის ხელუხლებელი რჩება. მაგრამ როცა მისი ძველი მეგობრის, ბილი როუზვუდის (ჯაჯ რეინოლდი; ფრენჩაიზის ფანებისთვის ნაცნობი პერსონაჟი) სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, აქსელი იძულებულია დაბრუნდეს ბევერლი ჰილზში (სადაც, მისი მტკიცებით, ის ყველას ძალიან უყვარს) კორუფციის საქმის გასარკვევად, პოლიციის “შიდა სამზარეულოში.”
მაყურებლებისთვის არ არის უცნობი ის ფაქტი რომ, მრავალი წლის შემდეგ, ქმედებებისთვის წარსულ მოტივებზე დაყრდნობა აღარ მუშაობს. სწორედ ამიტომ, სცენარისტებმა სიუჟეტში მთავარი გმირის ქალიშვილი შემოიყვანეს, რამაც ჩვეულებრივი კონფლიქტი შექმნა. შესაბამისად, აუდიტორია ხედავს ტიპურ უპასუხისმგებლო მამას, რომელიც უგულებელყოფს თავის ქალიშვილს, ავიწყდება მისი დაბადების დღე და ოჯახსაც ტოვებს ერთხელ და სამუდამოდ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ფილმში აქსელის ქალიშვილის დედის ადგილსამყოფელი არ არის ნახსენები, მაგრამ ამას არ ენიჭება დიდი მნიშვნელობა.თითქოს მესამე ნაწილის ბოლოს, იყო რაღაც ნამიოკი რომანტიული “საბპლოტისა”, რომელიც საბოლოოდ ვერ განვითარდა. მიუხედავად ამისა, მამასა და მის ქალიშვილს შორის კლიშური უთანხმოება დამახასიათებელია ამ ჟანრის ფილმებისთვის, რაც მაყურებელს აქამდე არაერთხელ უნახავს.
რაღაც მხრივ, ფილმი, როგორც მოსალოდნელი იყო, “სესხულობს” და იღებს ნაგლეჯებს სერიის წინა ნაწილებიდან. მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ხელახალი გამოჩენა მიუთითებს საკვანძო მომენტებზე, ხუმრობებსა და ირონიაზე. ერთი მხრივ, ეს ნოსტალგიის კარგ განცდას იწვევს, რაშიც არაფერია ცუდი, მაგრამ მეორეს მხრივ, ასეთი “ილეთები” შესაძლოა მალევე გახდეს დამღლელი და იმედგამაცრუებელი. გავიდა ბევრი წელი, მსახიობები შესამჩნევად დაბერდნენ და დაკარგეს თავიანთი ძველი ენთუზიაზმი. ედი მერფის ოდესღაც ორგანული და მხიარული ხრიკები, ენამოსწრებულობა, ახლა თითქოს დაჩრდილულია მის თვალებში დაღლილობით. სცენარისტებს თავისუფლად შეეძლოთ მთავარი გმირის თვისებების ან ხასიათების განვითარება, მაგრამ ეს არ გააკეთეს, სავარაუდოდ იმის შიშით, რომ ეს ფილმი იმ ნაცნობ ატმოსფეროსა და ფამილიარულობას დაარღვევდა ან შეაფერხებდა. შედეგად კი, აუდიტორია თვალს ადევნებს ხანშიშესულ, მხიარულ პოლიციელს, რომელიც უხერხულად ცდილობს კრეატიულად იხუმროს, რაც უკიდურესად აბსურდული და სასაცილო ან სულაც სევდიანი სანახაობაა.
ედი მერფის ღიმილს აღარ აქვს ძველებური ბზინვარება მის თვალებში, სწრაფვა, აღელვება, ხალისი, რაც ოდესღაც მის პერფორმანსს განსაზღვრავდა და წინა ნაწილებს “მხრებით ზიდავდა”. მისი ხუმრობები ხშირად უადგილოა, ნაკლებად სასაცილო და მის მსახიობობას აკლია ის ძველებური მხიარული ერთგულება, რაც ადრე ჰქონდა. ეს სენტიმენტი კი ვრცელდება ფილმის ყველა მსახიობზე, რომლებიც როგორც ჩანს ნაკლები ენთუზიაზმით თამაშობენ და თითქოს შემთხვევით შემოისეირნეს გადასაღებ მოედანზე. თუკი პირველ ორ ნაწილში ხალისიანი ატმოსფერო იყო, სადაც იმპროვიზაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ენერგიაც იგრძნობოდა, “აქსელ ფოულიში” ეს გრძნობა სრულიად გამქრალია.
ბევრი მაყურებლის და მათ შორის ჩემი აზრითაც, ფრენჩაიზი მესამე ნაწილის შემდეგ უნდა მორჩენილიყო საბოლოოდ, ვიდრე გაგრძელების გადაღება, თანაც 30 წლის მერე. ცხადია, ეს არ არის ის გამონაკლისი როგორიცაა მაგალითად Top Gun-ის “დაგვიანებული” სიქველი Maverick, რომელიც წარმატებული გამოდგა და დაამტკიცა რომ 36 წლის შემდეგაც კი, ფრენჩაიზს აქვს პოტენციალი, კომპეტენტური ხალხის ხელში. თავად სცენარისტებიც კი დასცინიან Beverly Hills Cop-ის მესამე ნაწილს აქა-იქ, “აქსელ ფოულიში”.
ამდენი ნეგატივის ფონზე, ფილმს აქვს რამდენიმე კარგი და სახალისო სცენა და მომენტი, როგორიცაა მაგალითად სერჟის დაბრუნება პირველი ნაწილიდან, რომელსაც აქვს ერთი მხიარული სცენა თანამედროვე უძრავი ქონების აგენტთან. კიდევ ერთი ნათელი წერტილი: კევინ ბეიკონი საკმაოდ შაბლონურ, კომიკურ და ადვილად პროგნოზირებად ცუდ პერსონაჟს თამაშობს, ამასთანავე ფილმი მალევე “უმხელს” მაყურებელს რას წარმოადგენს მისი გმირი, თუმცა მისი პერფორმანსის ყურება ყოველთვის სასიამოვნოა, რამდენადაც მდარე არ უნდა იყოს. სახალისო სცენებიდან ასევე გამოვყოფდი ვერტმფრენის სცენას ჯოზეფ-გორდონ ლევიტის და მერფის პერსონაჟებთან ერთად, მაგრამ რამდენადაც გასართობია ეს მომენტი, იმდენად უღიმღამოა საშუალოზე დაბალი ციფრული CGI-ს ფონზე. აღნიშვნას იმსახურებს აგრეთვე გახსნითი სცენა, რომელშიც თვალს ვადევნებთ თუ როგორ მისდევს მორიგ ბოროტმოქმედს აქსელ ფოული (ედი მერფი) ყვითელი ფერის თოვლის გამწმენდი, სატვირთო მანქანით და როგორ იწვევს შუა გზაზე ქაოსს, ავარიებს და უსიამოვნებებს. სამწუხაროდ, აქ მთავრდება დადებითი მხარეები. რაც შეეხება “ექშენ სეგმენტებს” , ფილმი გამოირჩევა საშუალოზე დაბალი, დამაკმაყოფილებელი ხარისხით: ციფრულად “დახატული” ალი და ცეცხლები, სისხლის თითქმის სრული არარსებობა და მოსაწყენი სროლები ყველანაირი დაძაბულობის ან “ფსონების” გარეშე. სიუჟეტი კი, იმდენად სავსეა კლიშეებითა და შაბლონებით რომ, თითქოს “აქსელ ფოულის” სცენარი ერთ ღამეში დაიწერა, მუხლებზე. ხოლო 2 საათიანი ქრონომეტრაჟის მანძილზე, ფილმის დამთავრება ნამდვილ გამოწვევად და ნერვების გამოცდად იქცევა.
საბოლოო ჯამში, “პოლიციელი ბევერლი ჰილზიდან 4” არ არის სრული კატასტროფა, ცალსახად ყურებადია და ბევრად უკეთესია ვიდრე მისი წინამორბედი, მესამე ნაწილი. რამდენადაც “აქსელ ფოული” ცდილობს მიბაძოს პირველი ორი ფილმის წარმატებას, იმდენად ეყრდნობა ნოსტალგიას ზედმეტად და ახალს ვერაფერს გვთავაზობს. ფინალური შედეგი კი არის ცარიელი, უღიმღამო ქმნილება 150 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით. მიუხედავად იმისა, რომ “აქსელ ფოულის” აქვს თავისი მომენტები, buddy-cop-ის სათავგადასავლო ქვეჟანრმა ისედაც ამოწურა თავის თავი 90-იანი წლების ბოლოსა და 00-იანი წლების დასაწყისში. ჩვენ ეს ყველაფერი ბევრჯერ ვნახეთ და შესაბამისად, დიდი ნიჭი და ორიგინალურობაა საჭირო რაიმე ახლის ან თუნდაც ახალი პერსპექტივის შესაქმნელად. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ საინტერესო გამონაკლისები 00-იანი წლებიდან როგორებიცაა: The Nice Guys, Hot Fuzz, 21 Jump Street, Kiss Kiss Bang Bang და თუნდაც Rush Hour-ის პირველი ორი ნაწილი. ასე და ამგვარად, Beverly Hills Cop: Axel F ვერ სთავაზობს მაყურებელს რაიმე ინოვაციურს, ვინაიდან მხოლოდ ნოსტალგიის სახალისო დოზა არ კმარა. წინა ნაწილების მაგიის დაბრუნება კი “აქსელ ფოულის” ვეღარ ძალუძს.
პოლიციელი ბევერლი ჰილსიდან: აქსელ ფოული (Beverly Hills Cop: Axel F)
რეჟისორი: მარკ მოლოი (Mark Molloy)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 58 წუთი