დაიმახსოვრე, ყოველთვის, როცა სარკეში ჩაიხედავ, ჩემს სახეს დაინახავ
ჯონ ვუს კლასიკა 27 წლის შემდეგ
შონ არჩერი, FBI-ს (ფედერალური ბიურო) მტკიცე, მკაცრი, უხეში აგენტი კვლავ გლოვობს თავის გარდაცვლილ შვილს, მაიკლს. არჩერი თვლის, რომ მისი შვილის მკვლელი – საკმაოდ სახიფათო კრიმინალი და შონის დაუძინებელი მტერი – კასტორ ტროია. ერთ მშვენიერ დღეს, როცა არჩერი საბოლოოდ მოიმწყვდევს კუთხეში კასტორს, ძლიერი დაპირისპირების შემდეგ იგი უგონოდ ეცემა ძირს. თუმცა კასტორ ტროი ასე ადვილად არ ნებდება: როცა შონს ეგონა რომ ბოროტება დაამარცხა, ყველაფერი ახლა დაიწყო. არჩერი აღმოაჩენს რომ კასტორმა მოასწრო გამანადგურებელი ბომბის დადება ყველასთვის უცნობ ადგილას. ბომბის რადიუსი კი იმდენად დიდია რომ, მთელ ლოს-ანჯელესს და ყველა მცხოვრებს მტვრად აქცევს. სამწუხაროდ, ერთადერთი ვინც ამ ბომბის ადგილმდებარეობა იცის, კასტორის ძმა პოლუქსია, რომელიც ციხეში გადაიყვანეს და უარს ამბობს ლაპარაკზე. ერთადერთი გამოსავალი ამ პრობლემიდან – სპეცოპერაციის ექიმი და ექსპერიმენტული პროცესია, რომელსაც შეუძლია ამოჭრას ადამიანთა სახეები და შეცვალოს საპირისპიროდ. დიდხნიანი ყოყმანის შემდეგ, არჩერი თანხმდება ოპერაციას, ირგებს ტროის სახეს, რათა გაესაუბროს პოლუქსს. ამასობაში, კომაში მყოფი კასტორ ტროი რატომღაც გონს მოეგება და სურს შური იძიოს არჩერზე, მისი სახის მოპარვის გამო. შესაბამისად, ფსიქოპათი კრიმინალი იწყებს არჩერის არა მხოლოდ მისიის, არამედ პირადი ცხოვრების დანგრევასაც. შონს კვლავ უწევს ფსიქოპათის შეჩერება, ამჯერად – ეს პირადულია.
მოდით გავიხსენოთ ჯონ ვუს 1997 წლის კლასიკა “სახის გარეშე” და ვნახოთ რამდენად კარგად შეინახა დრომ 27 წლის შემდეგ და სად იკავებს ადგილას ნიკოლას კეიჯის ექშენ ფილმთა სამებაში, რომელთა რიგებში The Rock და Con Air-ია. ფილმის გადამეორებისას, “სახის შეცვლის” მექანიკაზე მსწრაფლ გამახსენდა ჯონ ფრანკენჰაიმერის 60-იანი წლების კლასიკური თრილერი Seconds, (სადაც ასევე ხდება სახის გადანერგვა, იდენტობის შეცვლა და სასურველ ადამიანად გახდომა საიდუმლო ორგანიზაციის მეშვეობით, ხოლო ფილმის მთავარი გმირი ვინმე იმედგაცრუებული ბანკირია, რომელსაც უბრალოდ ახალი ცხოვრება სურდა) თუმცა Face/Off-ისგან განსხვავებით უფრო სევდიანი და ბნელი დასასრულით.
ჰონგ-კონგური ექშენ ფილმის Hard Boiled-ის წარმოუდგენელი წარმატების შემდეგ, ცნობილმა ჩინელმა რეჟისორმა ჯონ ვუმ მიიპყრო ჰოლივუდის ყურადღება და მიეცა საშუალება გადაეღო ამერიკული ექშენ ფილმი. რის შედეგადაც მივიღეთ Hard Target (1993), რომელშიაც მთავარ როლს იმდროისთვის პოპულარული ბელგიელი ჟან-კლოდ ვან დამი ასრულებდა. მიუხედავად მოკრძალებული ბიუჯეტისა, ფილმმა კარგი ფული მოიტანა კინოგაქირავებაში, რითაც გზა გაუხსნა ვუს მომდევნო პროექტს, Broken Arrow. ამ უკანასკნელმაც ჰპოვა წარმატება და ნელ-ნელა ჯონ ვუ ცნობადი და შესამჩნევი რეჟისორი გახდა ჰოლივუდის რეალიებში, განსაკუთრებით კი ექშენ ჟანრში. ხოლო ის, რაც ახლა ჩვენს წინაშეა, ვუს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლივუდური ფილმია და ასევე გვიანდელი 90-იანების, ჟანრის საუკეთესო მაგალითი.
ჯონ ვუ ყოველთვის განთქმული იყო კრიმინალური ორგანიზაციების წევრთა ნიუანსების წარმოჩენის უნარით, რომელიც გვაჩვენებდა რომ ისინი არ არიან ქვასავით ცივი ინდივიდები, არამედ ხალხი, რომლებიც ცხოვრებაში უბედურების წინაშე დგანან. ამ ფილმში ვუ წარმოგვიდგენს ორ დაპირისპირებულ მხარეს – პოლიციელებსა და კრიმინალებს – უბრალო შავ-თეთრი ნარატივის გარეშე. კასტორ ტროის ოჯახი ხდება პროტაგონისტის არჩერის განმეორებადი მსხვერპლი.შვილის მკვლელის დაჭერით შეპყრობილი შონი უგულებელყოფს სხვა უდანაშაულო ადამიანებზე მიყენებულ ზიანს, როგორიცაა ტროის ცოლი და ვაჟი.
თვითონ სიუჟეტი მოიცავს შემაშფოთებელ, უაღრესად ემოციურ და დასამახსოვრებელ ეპიზოდებს. მაგალითისთვის, ერთ სცენაში, სადაც რეინკარნირებული არჩერი მიდის ტროის ოჯახის სამალავში, მიუხედავად მისი როგორც ქმრის და მამის ქმედებებისა, ცოლი და ვაჟი მოუთმენლად ელიან მის დაბრუნებას და მაინც უყვართ იგი. ან თუნდაც შემდგომი სროლის ეპიკური სეკვენცია, რომელსაც თან ახლავს ტროის ვაჟის, ადამის მუსიკა ყურსასმენებიდან, ახშობს სროლას და ხელს უშლის პანიკაში ჩავარდნისგან, გამოირჩევა დრამატულობით. ასეთი მომენტები კარგად ასახავს ცნობილი რეჟისორის ხელმოწერასა და სტილს.
წლების მანძილზე მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, თუ ვინ ვის უფრო კარგად ასახავს ამ ფილმში: ჯონ ტრავოლტა ნიკოლას კეიჯს თუ ნიკოლას კეიჯი ჯონ ტრავოლტას როლში. დიდად არ ჩავეძიები დეტალებში ამ დებატებს, მაგრამ ვიტყვი, რომ ორივე ერთნაირად გამორჩეული პერფორმანსი შემოგვთავაზა, თავისი სიგიჟით და მანერიზმებითურთ. ჩემი აზრით, კეიჯი უფრო ბუნებრივად გამოიყურებდა არჩერის (ჯონ ტრავოლტა) როლში, ვიდრე ბოროტმოქმედის. ტრავოლტას შემთხვევაში კი პირიქით, Broken Arrow-ს შემდეგ, თითქოს ჯონმა კარგად მოირგო ანტაგონისტის პერსონა. საბედნიეროდ, სახეთა ცვლილების შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. რაც შეეხება მეორე პლანის მსახიობებს, რომელთა რიგებში ვხვდებით – ჯინა გერშონს, ჯოან ალენს, ნიკ კასავეტესს და ა.შ. სრულყოფილად ავსებენ მაღალ სამსახიობო კალიბრს, ხდის თითოეულ პერსონაჟს დამაჯერებელს და იწვევს მაყურებლისგან თანაგრძნობას.
ფილმზე ლაპარაკისას, არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი ვიზუალური მხარე. რეჟისორის საფირმო სტილის შესაბამისად, Face/Off-ში ვხვდებით შენელებულ სცენებს ყველაზე ეპიკურ მომენტებში, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს დატკბეს კედლის ნამსხვრევებითა და იარაღის ლულიდან გამოსროლილი ნაპერწკლებით ყველა მიმართულებით. მაკედონიური სტილი სროლა დამსხვრეულ მინაზე ხტომისას, უხვი აფეთქებები და გადაღების ინოვაციური ტექნიკა ხელს უწყობს დაუვიწყარ სცენათა სერიას. შესაბამისად Face/Off ამ მხრივ გვათავაზობს უამრავ ორიგინალურ და დასამახსოვრებელ ექშენ სცენებს, დაწყებული გამორჩეული, გახსნითი ბრძოლიდან აეროდრომზე და დამთავრებული კატერებით დევნის სცენამდე. ამ ყველაფერს ემატება ვუს საფირმო შტრიხები როგორიცაა მტრედები, რომლებიც პირდაპირ დაფრინავენ კამერაში სიმბოლურად, ინტენსიური დუელების დროს, რაც წარმოუდგენელ მომხიბვლელობას ჰმატებს სურათს.
შთამბეჭდავია საუნდტრეკიც. ჯონ პაუელი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც “ჯეისონ ბორნის” ტრილოგიის კომპოზიტორი, გვთავაზობს მრავალფეროვან კომპოზიციებს, რომელიც აძლიერებს ფილმის დინამიურ ექშენ სცენებს და ავსებს მის ნაზ, ლირიკულ მომენტებს. განსაკუთრებით ეფექტურია არჩერის ოჯახის სახლში გაჟღერებული მელოდია, რომელიც ხურავს ფილმს. არვიცი რამდენმა შეამჩნია, მაგრამ ფილმის განმეორებადი თემა ცოტათი ჩამოგავს Broken Arrow-ს ცენტრალურ თემას, კერძოდ კი კომპოზიცია – Brothers-ს. (რომლის კომპოზიტორი, ჰანს ციმერი გახლავთ)
მთლიანობაში, “სახის გარეშე” გამოირჩევა, როგორც 1990-იანი წლების განსაკუთრებული ექშენ ფილმი, რომელშიც ვხვდებით აბსურდულ, მაგრამ საინტერესო და ამავედროს მომხიბვლელ სიუჟეტს, რელიგიურ იკონოგრაფიას – მათ შორის დრამატული სროლები, ეკლესიის თუ სხვა შენობის ინტერიერებისა და უამრავი მტრედის ფონზე და ასევე ტრავოლტა/კეიჯის დუეტის გამორჩეულ გიჟურ პერფორმანსებს ვუს ფილმოგრაფიაში. რეჟისორის ზედმიწევნით მუშაობას კი შედეგად მოჰყვა მე-20 საუკუნის ბოლოში ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომლის ყურებაც და გადამეორებაც დრო და დრო კვლავ შეიძლება. ხოლო ფილმის დამოკიდებულება პრაქტიკულ ეფექტებზე და ცოცხალ ლოკაციაზე შესრულებულ ტრიუკებზე, მინიმალური CGI-თ, ხელს უწყობს მის მუდმივ მიზიდულობასა და საკულტო სტატუსს. მიუხედავად ამისა, ზოგ სცენაში შესაძლოა შეამჩიოთ ხილული ტროსები მსახიობებზე, მაგრამ რეალური ტრიუკები და სროლები ფილმს მუდმივ ხარისხს ანიჭებს და დღესაც კი გამოიყურება, რადგან მსგავსი ცოცხალი ბევრად უფრო კარგად დაძველდა, ვიდრე კომპიუტერით დახატული “კოლეგები”. ასევე შეიძლება გაგაღიზიანოთ რამდენიმე სულელურმა “სიუჟეტურმა ხვრელმა” ე.წ. plot hole-ებმა, მაგრამ “სახის გარეშე” ისეთ ფილმებს მიეკუთვნება, რომელშიც შეგიძლიათ უბრალოდ გამორთოთ ტვინი, დაისვენოთ და დატკბეთ ტრავოლტა/კეიჯის დუეტის ამაღელვებული თავგადასავლებით ორი საათის განმავლობაში.
სახის გარეშე / Face Off
რეჟისორი: ჯონ ვუ (John Woo)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 18 წუთი