შურისძიების ტრაგიკული ისტორია ლოს-ანჯელესის ცხელ ქუჩებში
როცა მისი დიდი ხნის პარტნიორს/კოლეგას ჯიმ ჰარტს (მაიკლ გრინი) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კლავენ, საიდუმლო სამსახურის აგენტი რიჩარდ ჩენსი (უილიამ პეტერსენი) შურისძიების პირობას დებს, დაიჭიროს საშიში კრიმინალი, მხატვარი და ფულის გამყალბებელი – ერიკ მასტერსი, (უილემ დეფო) ნებისმიერ ფასად. თავის ახალ, მთავარ პარტნიორთან, ჯონ ვუკოვიჩთან (ჯონ პანკოუ) ერთად, ჩენსი აყალიბებს ერთგვარ სქემას, რათა მასტერსი ხაფანგში მოიმწყვდიოს, რის შედეგადაც საიდუმლო სამსახურის undercover აგენტი კვდება. რადგანაც სამართლიანობისკენ სწრაფვა ჩენსისთვის ერთგვარ ობზესიად იქცევა, ვუკოვიჩი ეჭქვეშ აყენებს მის მიერ გამოყენებულ უკანონო მეთოდებს.
ოთხმოციანი წლების შუა პერიოდისთვის, უილიამ ფრიდკინის , ცნობილი რეჟისორი ისეთი კლასიკური ფილმებისა როგორიცაა, The French Connection, Sorcerer, The Exorcist, რეპუტაცია მნიშვნელოვად დაზარალდა. ყოფილი დიდების დასაბრუნებლად ის დაუბრუნდა პოლიციური თრილერის ჟანრს, რომელმაც მანამდე წარმატება მოუტანა. ამ მცდელობის შედეგად მივიღეთ “სიცოცხლე და სიკვდილი ლოს-ანჯელესში” – (დაფუძნებული ჯერალდ პეტევიჩის ამავე სახელწოდების წიგნზე). სათაური, რომელიც შეიძლება ცოტა პრეტენზიულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასევე პოეტურია.
როგორ გვახსოვს ოთხმოციანი წლების ლოს-ანჯელესი? – ნათელი, პრიალა, ცოტათი გლამურული და გარკვეულწილად რომანტიული. To Live and Die in L.A.-ში ქალაქი ისევ ისეთი ნათელი და თითქმის ყოველთვის მზიანია, მაგრამ მისი ზედაპირის ქვეშ დამთრგუნველი და პირქუში ატმოსფერო იმალება. აქ რომანტიკის მაგივრად მხოლოდ ცინიზმს და გამჭოლ სიცივეს შეხვდებით. ამ ატმოსფეროს წარმოქმნას ხელს უწყობს რობი მიულერის ბრწყინვალე კინემატოგრაფია/ოპერატურა, რომელიც ასევე ამშვენებს ვენდერსის, ჯარმუშისა და ფონ ტრიერის ფილმებს. რეჟისორი უილიამ ფრიდკინი, რომელიც ცნობილია თავისი საკულტო მანქანით დევნის სცენებით The French Connection-ის დროიდან, გვთავაზობს კიდევ ერთ განსაცვიფრებელ და საკმაოდ რეალისტურ მანქანის დევნის სცენას ამ ფილმში. ფრიდკინის ოსტატობა ქმნის ჩართულობისა და დაძაბულობის ეფექტს, რომელიც აუდიტორიას სკამზე “აწებებს” და მათ თვალებს ეკრანზე აჩერებს.
დანარჩენი ექშენ სცენები ასევე გამოირჩევა უნიკალური რეალიზმით, რაც უჩვეულოა იმ ეპოქის ფილმებისთვის და უდავოდ პლუსია. გარდა ამისა, ფრიდკინის მუსიკალური არჩევანი ქებას იმსახურებს. ბრიტანული New Wave ჯგუფის Wang Chung-ის შესანიშნავი და ატმოსფერული მუსიკა მყისიერად დასამახსოვრებელია (ჯერ მარტო გახსნითი სცენები რად ღირს) და აძლიერებს ფილმის გავლენას. ასევე, როგორც ზოგიერთი შეიძლება მიიჩნევდეს, არასდროს მიგრძვნია რომ ეს მუსიკა დღევანდელი გადმოსახედიდან მოძველებული ყოფილიყო. პირიქით – იდეალურად შეეფერება და ავსებს როგორც ფილმის თემას, ისე ტონს. გარდა ამისა, მუსიკამ To Live and Die in L.A.-ს ნათელი და ცოცხალი ტემპი მისცა, ხოლო მისმა სწრაფმა და ოპტიმისტურმა რიტმებმა ფილმი სასიამოვნო სანახაობად აქცია.
რეჟისორის მიერ დასახულ ამოცანას, მსახიობები მშვენივრად ართმევენ თავს. მიუხედავად იმისა რომ აქ არ ვხვდებით აბსოლუტურ ვარსკვლავებს, არის რამდენიმე ნაცნობი სახე. მთავარ გმირს, ფედერალური ბიუროს აგენტს – რიჩარდ ჩენსს უილიამ პეტერსონი ასრულებს. ის ოსტატურად ასახავს ადამიანს, რომლის შურისძიების სურვილი ყოვლისმომცველ შეპყრობილობად იქცევა. პეტერსონის პერსონაჟი შურისძიების სახელით ჩადის არაერთ საქციელს, რაც ნელნელა შლის ზღვარს პოლიციელების და დამნაშავეებს შორის, რომლებზეც ის ნადირობს, რაც საბოლოოდ მის ნადვილად ტრაგედიად იქცევა. ფილმში ყველაზე გამორჩეული და ბოროტი როლი – ერიკ მასტერსი, უილემ დეფოს ეკუთვნის, რომელიც დემონური ინსტინქტების მქონე ფულის გამყალბებელს თამაშობს. ბუნებრივად ბოროტი გარეგნობით, დეფო ფანტასტიურ პერფორმანსს გვთავაზობს, რომელიც მისი მსახიობობის რეპუტაციას უფრო ამყარებს. მისი ჩაცმულობაც, ანტაგონისტის შესაბამისია – ყელიანი მაისური, შავი ფერის ტყავის ქურთუკი და მაყუჩიანი პისტოლეტი, რომელიც მყისვე იწვევს ძარღვებში სისხლის გაყინვას. კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია მასტერსის მეგობარი, რომელსაც ჯონ ტურტურო თამაშობს. მის კარიერაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პირველი კინოროლი გახდა.
რაღაც მხრივ შეიძლება ითქვას, რომ რთულია ფილმის დასაწყისში მთავარი გმირის მეგობრის დაკარგვის თანაგრძნობა, რადგან ეს მეგობარი ეკრანზე მხოლოდ მცირე ხნით არის და მხოლოდ რამდენიმე ფრაზას ამბობს, მათ შორის – “დავიღალე ამ საშინელებებით”. თუმცა ეკრანზე შეზღუდული დროის მიუხედავად, ფილმი ეფექტურად გადმოსცემს მათ კავშირს და ჯიმის დაღლილობას ლაკონური, გავლენიანი დიალოგისა და ურთიერთქმედების გზით. ეს ლაკონურობა კი არ ამცირებს მეგობრის დაკარგვის ემოციურ წონას, მაგრამ ჰმატებს რეალიზმს და ასახავს იმას თუ რამდენად მოულოდნელი შეიძლება იყოს ასეთი ტრაგედიები ცხოვრებაში. ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს მაყურებელს მეტი ყურადღება გაამახვილოს გმირის შემდგომ მოგზაურობასა და ემოციურ არეულობაზე, რაც შურისძიების სურვილს უფრო დამაჯერებელს და გასაგებს ხდის.
ამ ისტორიის მთავარი გმირები – რიჩარდი და ჯონი – კომპლექსური და მრავალმხრივები არიან, რის გამოც შეიძლება ზოგმა მაყურებელმა ისინი იმპულსურებად ან ნაკლებად კომპეტენტურებად მიიჩნიოს. ორივე პერსონაჟი გამოსახულია ავთენტურად, რაც საინტერესოდ ასახავს მათი სამუშაოს სერიოზულ და არაპროგნოზირებად ბუნებას. რიჩარდის იმპულსურობა და მზადყოფნა, დაარღვიოს წესები სამართლიანობის ძიებისას, ხაზს უსვამს მის ხარვეზებსა და დაუცველობას. ეს მას უფრო დამაჯერებელ, საინტერესო პერსონაჟად აქცევს, ვიდრე უბრალო, სწორხაზოვან გმირად. მეორე მხრივ, ჯონის სახით ვხვდებით კონტრასტულ პერსპექტივას – უფრო ფრთხილი და თანმიმდევრული მიდგომით. მისი შინაგანი ბრძოლა რიჩარდის საეჭვო მეთოდებთან სიღრმეს მატებს მის ხასიათს და აჩვენებს მორალურ დილემებს, რასაც ხშირად აწყდებიან სამართალდამცავები. ორივე პერსონაჟი არ უნდა იყოს სრულყოფილები ან იდეალურები. ისინი გამოსახულნი არიან როგორც რეალური ადამიანები საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეებით. ეს შეფარული “პორტრეტი” ეხმარება ფილმს უფრო რეალისტურ და რელატიურ კონტექსტში ჩამოყალიბებაში, რაც უფრო გასაგებს ხდის პერსონაჟთა ქმედებებსა და მოტივებს.
საერთო ჯამში, “სიცოცხლე და სიკვდილი ლოს-ანჯელესში” შესანიშნავი კრიმინალური თრილერია, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან დაუფასებელია. ოთხმოციანი წლების ესთეტიკაში მყარად ფესვგადგმული, პოპულარობის კუთხით, მან მიზანს ვერ მიაღწია. შესაძლოა იმ დროისთვის ის უბრალოდ ზედმეტად ცინიკური და რეალისტური იყო. ერთი განსაკუთრებით შესამჩნევი ასპექტი რაც აქ დამამახსოვრდა – საშობაო დეკორაციების არქონაა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ამბავი ზამთრის პერიოდში ვითარდება, კერძოდ კი დეკემბრის/იანვრის მანძილზე. სამაგიეროდ ფილმი წარმოგვიდგენს მზიან, ოფლიან ატმოსფეროს, რომელიც შესანიშნავად აძლიერებს დაძაბულობისა და ქაოსის ჩინებულ ნაზავს.
სიცოცხლე და სიკვდილი ლოს-ანჯელესში (To Live and Die in L.A.)
რეჟისორი: უილიამ ფრიდკინი (William Friedkin)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 56 წუთი