ვიქტორ ერისეს დაბრუნება – კინო, როგორც ბედისწერა
“ერთხელ ხორხე ლუის ბორხესს ჰკითხეს, “რა არის ლიტერატურა,” რაზეც უპასუხა, “ეს ბედისწერის ფორმაა.” არ ვიცი ეს აზრი ჩემად თუ შეიძლება გამოვიყენო, მაგრამ სწორედ ამას ვგრძნობ, კინო ბედისწერის ფორმაა,” – ამბობს ვიქტორ ერისე და კინოს ამ დანიშნულებაზე გვესაუბრება 30 წლის შემდეგ გადაღებულ თავის მეოთხე მხატვრულ ფილმში “დახუჭე თვალები.”
ფილმის პირველი კადრი შატოა 1947 წლის პარიზში, Triste le Roy – “სევდიანი მეფე,” რომლის პატრონი ლევი თავისი ნახევრად ჩინელი შვილის მოსაძებნად ფრანკს უკავშირდება და შანხაიდან მის ჩამოყვანას სთხოვს, რათა სიკვდილის წინ საბოლოოდ ჩახედოს მას თვალებში, ხელში სიმბოლურად ჭადრაკის ფიგურას, მეფეს გადასცემს და ერთმანეთს ემშვიდობებიან. დასაწყისი ეპიზოდია მიგელ გარაის 1990 წლის დაუსრულებელი ფილმის “The Farewell Gaze,” რაც მთავარი პერსონაჟის ხულიო არენას (ფრანკი) უეცარი გაუჩინარების გამო შეწყდა. რეჟისორი და მსახიობი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და ამ მოულოდნელი ამბის გაგებამ, რომელიც წლების განმავლობაში ამოუხსნელი დარჩა, მიგელის ცხოვრება განსაზღვრა და სრულიად ჩამოაშორა თავის საქმიანობას, ფილმის დამთავრება ან ახლის დაწყება კიდევ ერთხელ დააკავშირებდა იმ გაუგებარ ტრაგედიასთან, რაც მეგობრის მისტიურ გარემოებაში დაკარგვამ გამოიწვია.
მოგვიანებით მიგელი უკვე 2012 წლის მადრიდშია, სადაც ფინანსების მოძიების მიზნით საგამოძიებო გადაცემის წამყვანს ხვდება, რომელიც ხულიო არენას გაუჩინარებაზე აკეთებს რეპორტაჟს. ამბის გახსენება მიგელს იმ ადამიანებთან აბრუნებს, რომლებიც მის დაუსრულებელ ფილმს ან ხულიოს უკავშირდებიან. საბედისწერო მომენტი, რამაც მისი ცხოვრების გზა განსაზღვრა წლების შემდეგაც მთავარ საზრუნავად იქცევა მისთვის. ხვდება მაქსს, მისი ფილმის მემონტაჟესა და ცელულოიდის ფირების ერთადერთ კოლექციონერს, ვისთანაც არამარტო ხულიოს გაუჩინარებას განიხილავს, არამედ ზოგადად თანამედროვე კინოწარმოებასა და ძველ დროს ადარებს ერთმანეთს. გადაცემის წამყვანის თხოვნით უკავშირდება ხულიოს შვილს, ანას, რომელშიც მთავარ პერსონაჟს სიმბოლურად ვიქტორ ერისეს პირველი ფილმის “El espíritu de la colmena” მსგავსად ანა ჰქვია და იგივე მსახიობი ანა ტორენტი ასრულებს. რეჟისორისთვის კინოში დაბრუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფილმში მიგელისთვის თავისი ფილმისთვის “The Farewell Gaze” ახალი სიცოცხლის მინიჭება.
Cerrar los ojos მეორე ნაწილში მიგელის ცხოვრებისეულ კითხვასა და იდუმალ მოვლენას ნათელი ეფინება, გადაცემის გასვლის შემდეგ უცნობი ადამიანი ირწმუნება, რომ ხულიო ცოცხალია და თავშესაფარში ცხოვრობს, თუმცა, ამნეზია აქვს და თავისი წარსულის შესახებ არაფერი ახსოვს, აქვს მხოლოდ ერთი ფოტოსურათი და მეფის ფიგურა ჭადრაკიდან, რომელსაც მოგვიანებით ხულიო მის ოთახში პოულობს. სწორედ ამის შემდეგ იწყება მისთვის მეხსიერების აღდგენისა და გავლილი ცხოვრების გახსენების ეტაპი, სადაც გადამწყვეტ როლს მუსიკა და კინო – “The Farewell Gaze” ასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ მუსიკა წარსულთან დამაკავშირებელია მიგელის სანაპიროსპირა სახლის მეზობლისთვისაც, რომელიც თავდავიწყებით ასრულებს რიკი ნელსონისა და დინ მარტინის My Rifle, My Pony and Me-ის, ხულიოსა და მიგელის პირველი შეხვედრის დროსაც მის მიერ დაწყებულ სიმღერას ხულიო ასრულებს გაუაზრებლად. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ახსოვს, ეს მელოდია მისთვის ნაცნობი და საყვარელია. მიგელის გადაღებულ ფილმშიც მუსიკაა ის, რაც ჯუდითს მამას, ლევის ახსენებს, რომელსაც ვერ ცნობს.
ფილმის საბოლოო სცენაში “The Farewell Gaze”-ის დასასრულს ვუყურებთ ძველ კინოთეატრში შეკრებილ ადამიანებთან ერთად, სადაც მთავარი პერსონაჟი ხულიოა, რომელმაც მასთან შემორჩენილი ნივთები (ფოტზე გამოსახული ფილმის მსახიობი, ერთადერთი იმიჯი, რომელიც წარსულიდან შემორჩა და ჭადრაკის ფიგურა) ფილმთან უნდა დააკავშიროს, შეხედოს წლების წინანდელ თავის თავს ეკრანზე, რა დროსაც უნდა მოხდეს მთავარი ჯადოსნობა.
Cerrar los ojos-ოს პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, თუმცა, ადმინისტრაციის მხრიდან არსებული გაურკვევლობების გამო ერისემ პრემიერაზე მისვლაზე უარი თქვა, რის გამოც კანზე საფესტივალო შეჯიბრში მონაწილეობა ვერ მიიღო.
დახუჭე თვალები (Cerrar los ojos)
რეჟისორი: ვიქტორ ერისე (Víctor Erice)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 49 წუთი