ცუდი ბიჭები: სიცოცხლის ბოლომდე (Bad Boys: Ride or Die) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ცუდი ბიჭები: სიცოცხლის ბოლომდე (Bad Boys: Ride or Die)

ძებნილებად ქცეული პოლიციელები: ლოურის და ბერნეტის ახალი თავგადასავლები მაიამის ქუჩებში

კიდევ ერთი buddy-cop ექშენ (ქვე)ჟანრის ფრენჩაიზი აღდგა მკვდრეთით, მაგრამ მინიმუმ 4 წლის შემდეგ, 30-ის ნაცვლად. (იგულისხმება Axel F, Beverly Hills Cop-ის ახალი ნაწილი) Ride Or Die-ის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 6 ივნისიდან გადის, ხოლო ციფრულმა რელიზმა დღის შუქი – 23 ივლისს იხილა. რეჟისორებად ისევ ბელგიელი დუეტი – ადილ ელ არბი და ბილალ ფალა დაბრუნდნენ, რომლებმაც ასევე გადაიღეს “ცუდი ბიჭების” მესამე ნაწილი 2020-ში. რამდენად კარგი გამოვიდა და აჯობა თუ არა Ride Or Die-მ მესამე ნაწილს, ამ რეცენზიაში გავიგებთ.

მაშ ასე, მაიამის პოლიციის დეპარტამენტში დიდი სკანდალია: აღმოჩნდა რომ თურმე, ახლახან გარდაცვლილი კაპიტანი ჰოვარდი (ჯო პანტოლიანო) ინფორმაციით ამარაგებდა დიდ ნარკოკარტელს. (ბოლო დროს, მსგავს ფილმებში რაღაც მოხშირდა ნარკო კარტელების თემატიკა. დაახლოებით მსგავსი რამ იყო Axel F-შიც) მტკიცებულებები თავისთავად საუბრობენ ამაზე: გარდაცვლილის ანგარიშებზე ასტრონომიული თანხები იქნა ნაპოვნი, ამიტომ ყველა, ვინც კაპიტანთან ახლოს იყო, ეჭვის ქვეშ არიან, პირველ რიგში კი – დეტექტივები მაიკ ლოური და მარკუს ბერნეტი. ცხადია, მსგავს ფაქტს მაიკი და მარკუსი არ იჯერებენ, უარჰყოფენ რომ მათი მეგობარი მაფიაში მუშაობდა, შესაბამისად – იწყებენ საკუთარ გამოძიებას, რათა კაპიტანის სახელი გაწმინდონ და სიმართლეს ფარდა ახადონ. თუმცაღა მათ მალევე სდებენ ბრალს არ არსებულ დანაშაულში, აცხადებენ ძებნილებად და ახლა, ბიჭებს უწევთ დამალვა არა მხოლოდ მაიამის ყველა ბანდისგან, არამედ მათი კოლეგებისგანაც, რომლებიც მზად არიან ლეგენდარული წყვილი ციხეში გაუშვან.

სიუჟეტური თვალსაზრისით, მეოთხე ნაწილი ბევრად კარგია ვიდრე მესამე. ნაკლები აქცენტია გაკეთებული იძულებით დრამაზე, ურთიერთობებზე და დიდად არ მიიწევს “სანტა ბარბარას” დონის სენტიმენტებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში სენტიმენტებს ისედაც ვხვდებით, ისინი მაინც სტერეოტიპულია და ბევრჯერ გვინახავს სხვა მსგავს ფილმებში. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოროტმოქმედებში Ride Or Die-ს უჭირს. რათქმაუნდა, დამაინტრიგებელია იმის გაგება თუ ვინ არის “ვირთხა” (ან “თხუნელა”) პოლიციის დეპარტამენტის შიდა სამზარეულოში, მაგრამ ფილმი იმდენად მალევე შლის ბანქოებს, რომ პირველი წუთებიდან მისი გამოცნობა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. არანაირი სიღრმე, ქარიზმა, არაფერი – ერთჯერადი, დავიწყებადი ბოროტმოქმედი, რომელიც უბრალოდ არსებობს რათა სიუჟეტმა წინ წაიწიოს. ისტორია Ride Or Die-ს ნორმალურია, ალბათ ვიტყოდი უფრო – დამაკმაყოფილებელი ან საშუალოზე ოდნავ კარგი, მაგრამ მუდმივი ყვირილი პერსონაჟებს შორის, გაუთავებელი გამოძიება და ის “სირთულეები” რაზეც მთავარ პერსონაჟებს უწევთ გავლა პროცესში საკმაოდ დამღლელი ხდება და ისედაც მარტივ ისტორიას უფრო ოდნავ ართულებს და ახუჭუჭებს. ბევრად უკეთესი იქნებოდა გაუთავებელი ექშენი 90 წუთის განმავლობაში (მეორეს მსგავსად) ვიდრე 2 საათიანი ქრონომეტრაჟი, რომელიც რაღაც მომენტში მოწყენისკენ გადადის.

ადილი და ბილალი აგრძელებენ ფრენჩაიზის ტრადიციას მაიკისა და მარკუსის კონტრასტული პიროვნებების ხაზგასმას, მაგრამ ახალი ნაწილის ძირითადი ყურადღება გამახვილებულია მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ცვლილებებზე. დიდი ხნის უცოლო მაიკმა საბოლოოდ იქორწინა, მარკუსი კი გულის შეტევას გადაურჩა და კლინიკური სიკვდილის გამოცდილების შემდეგ, გასხივოსნებას პოულობს. შესაბამისად, იუმორის დიდი ნაწილი ტრიალებს მაიკის მცდელობებზე დააბრუნოს თავისი სულიერად გაღვიძებული პარტნიორი რეალობაში. ეს მცდელობები არაერთგვაროვან შედეგებს იწვევს: თუკი დიეტის კორექტირება მართვადია და კონტროლს ექვემდებარება, უეცარი სულიერი “გამოღვიძებები” კი უფრო რთულია. უილ სმიტსა და მარტინ ლოურენსს შორის ქიმია კვლავ ძლიერია, რაც ხიბლს მატებს ყველაზე შაბლონურ ხუმრობებსაც კი, რომლის ძირითადი ნაწილი უხამსი ან ვულგარულია. სხვა პერსონაჟები კი მალევე იჩრდილებიან და ძირითადად ან უკანა ფონის ნაწილი ხდებიან ან სულაც ემსახურებიან სიუჟეტის წინ წაწევასა და მხარს უჭერენ, ეხმარებიან მთავარ გმირებს.

ის, რაც Ride Or Die-ს გამოარჩევს, კამერასთან მუშაობის სრული კრეატიულობაა. პირველივე (გახსნითი) სცენიდან – რომელიც ასევე “არეფერენსებს” პირველი ნაწილის მსგავს სცენას ნოსტალგიური თვალსაზრისით – ვხვდებით რამდენიმე მოულოდნელ და ორიგინალურ კადრებს, როგორიცაა მაგალითად – მაჯის საათიდან დანახული წამიერი პერსპექტივა ან იგივე POV (point of view) ამ მომენტიდან კი ყველაფერი უკეთესობისკენ მიიწევს. ვიზუალური თვალსაზრისით მეოთხე, წინა ნაწილებს არაფრით ჩამოუვარდება. რას იტყვით იმ ფანტასტიურ POV კადრებზე პისტოლეტიდან, რომლებსაც მაიკი და მარკუსი ერთმანეთს უგდებენ სროლის დროს? ან მარკუსის სურეალისტური ხედვა/გამოცხადება, როდესაც ის იატაკზე ეცემა და თავს წყალქვეშ წარმოიდგენს და ზეცაში ადის. ან თუნდაც, ინტენსიური სროლის სეკვენცია ხელოვნების კლუბში, ფლეჩერთან (ერთ-ერთი მცირე პერსონაჟი ფრენჩაიზში), სადაც მარკუსი მხიარულად იჭერს ენით ძირტკბილას ტკბილეულს ნელი მოძრაობითა და უემოციო გამომეტყველებით, ან მაგალითად სასტიკი ჩხუბის სცენები სწრაფად ჩამომავალ სატვირთო ვერტმფრენზე. მეოთხე ფილმში ადილმა და ბილალმა ექშენ სცენები საინტერესო და მრავალი შემოქმედებითი ექსპერიმენტებით შეფუთეს.

მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორები მხიარულად “ჟონგლიორობენ” ვიზუალური სტილებით, მათ ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ სროლები “ცუდ ბიჭებში” უნდა იყოს “გემრიელი” და განსაცვიფრებელი. ჩხუბისა და დევნის სეგმენტებში უკეთესი იქნებოდა, რომ ყველაფერი ყურადღების ცენტრში იყოს, ექშენის შემთხვევით ნაწილებზე გადასვლის/ჭრის ნაცვლად. ასეთი მიდგომა კი ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი სცენა ვერ აღწევს სრულ პოტენციალს. პრობლემის ნაწილი მდგომარეობს ხანდახან უცნაურ და უხერხულ რედაქტირება/მონტაჟში, მაგრამ კიდევ უფრო გულდასაწყვეტი არის ის რომ, ზოგიერთ ეპიზოდს არ აქვს ისეთივე გრანდიოზული მასშტაბი და სანახაობრიობა, რასაც მაიკლ ბეი ყოველთვის აწვდიდა მაყურებელს. თუმცა მაინც გამოვარჩევდი ერთ კარგ სცენას, როგორიცაა: მარკუსის სროლის სეგმენტი, როცა ის სწრაფმავალი, მოძრავი მანქანის კაპოტზე დგას, ხოლო მაიკი ბოლო ძალებით ცდილობს დაეწიოს ბოროტმოქმედებს მარკუსთან ერთად.

საბედნიეროდ, იქ, სადაც ვიზუალური პრეზენტაცია ზოგჯერ იკლებს, სმიტის და ლოურენსის ქარიზმა ერთმნიშვნელოვნად აკომპენსირებს ამ ყველაფერს. ცნობილი დუეტის გარდა, გარკვეული დრო დაეთმო სხვა პერსონაჟებსაც ექშენის კუთხით: არმანდოს (მაიკის შვილი წინა ნაწილიდან) ფანტასტიური ჩხუბის სცენა ციხის ეზოში ან მაგალითად ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესოდ გადაღებული დაძაბული სცენა რეჯის (მარკუსის სიძე) მონაწილეობით, სადაც ეს უკანასკნელი უპრობლემოდ უსწორდება 15 კაცს, იცავს სახლს და მარკუსის ოჯახს. (რეჯი ამჯერად უკვე როგორც ამერიკის საზღვაო ქვეითების სერჟანტად გვევლინება) ეს სეკვენცია კი მოწოდებულია ერთდროულად როგორც უსაფრთხოების სათვალთვალო კამერებით, ასევე ჩვეულებრივი კადრებით, უპრობლემო გადასვლა/გადმოსვლით. მაგრამ ყველაზე “გემრიელი ლუკმა” ექშენის ფანებისთვის რეჟისორებმა ბოლოსკენ მოიტოვეს. კერძოდ კი – მიტოვებულ გასართობ პარკში, ფინალური დაპირისპირება, სადაც მაიკი, მარკუსი და მათი გუნდი შენობების გაშლილ კომპლექსში შტურმით იღებენ ყველაფერს და უსწორდებიან მტრებს მჭიდრო დერეფნებში. ხოლო იქვე, დუკი, ალბინოსი ალიგატორი, დაცურავს ახლო-მახლო და მზადაა დაღეჭოს და შესანსლოს ვინმე, ვისაც არ გაუმართლა და პირდაპირ თავით ჩავარდა დატბორილ სარდაფებში. ეს სეკვენცია კი წმინდა წყლის ბლოგბასტერული ოქროა: მღელვარე, ხმაურიანი აფეთქებები, სისხლის გუბეები, ძვლების გამანადგურებელი დარტყმები, მტრების ლაშქარი, რომლებიც ბუზებივით იხოცებიან და შესანიშნავად გათვლილი რეპლიკები. (one-liner-ები)

მთლიანობაში, “ცუდი ბიჭები: სიცოცხლის ბოლომდე” ცუდი ფილმი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლომდე ვერ აღწევს მეორე ნაწილის ფეთქებად სიმაღლეებს, ის მაინც ახერხებს იყოს გასართობი და ყურებადი. ცხადია, სიუჟეტი მტკივნეულად პროგნოზირებადია, რომელიც სტანდარტული კატა-თაგვური თამაშივით მიმდინარეობს და დიალოგები თავისი იუმორით ზოგჯერ შეიძლება უხერხულობას ან ე.წ. “ქრინჯსაც” იწვევდეს. ხოლო წინა ფილმებიდან დაბრუნებული გმირები, (სხვათაშორის, არ გამოგრჩეთ მაიკლ ბეის რამდენიწამიანი კამეო) ქვესიუჟეტების და ახალი სახეების სიმრავლე (მაგალითად რეა სიჰორნის პერსონაჟი, როგორც კაპიტანის ქალიშვილი, სიუჟეტს თითქმის არაფერს მატებს) დიდად არ ეხმარება ფილმს. თუმცა “ცუდი ბიჭები” არასდროს გამოირჩეოდა რაიმე სიღრმისეული სიუჟეტით. პირიქით, ექშენ სცენები და ფეთქებადი მომენტები არის ის, სადაც ეს ფრენჩაიზი ნამდვილად ბრწყინავს და ამჯერად ამ მისიას მათ წარმატებით გაართვეს თავი. ბევრად უკეთესი ვიდრე მისი “კოლეგა”, ახლახანს გამოსული Axel F.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში და ასევე ხელმისაწვდომია ციფრულად

ცუდი ბიჭები: სიცოცხლის ბოლომდე (Bad Boys: Ride or Die)
რეჟისორები: ადილ ელ არბი და ბილალ ფალა (Adil El Arbi and Bilall Fallah)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 55 წუთი

64/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
ტორნადოები (Twisters)

ტორნადოები (Twisters)

| იან დე ბონტის "ტორნადოს" სიქველი 28 წლის შემდეგ: უფრო მეტი ქარიშხლებით,

შემდეგი
დედპული და ვულვერინი (Deadpool & Wolverine)

დედპული და ვულვერინი (Deadpool & Wolverine)

| "მარველის" მხსნელი დაბრუნდა და თან თავისი საუკეთესო მეგობარიც მოიყვანა

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share