“მარველის” მხსნელი დაბრუნდა და თან თავისი საუკეთესო მეგობარიც მოიყვანა.
ცინიკოსი და სარკასტული უეიდ უილსონი (რაიან რეინოლდსი) დაიღალა ანტიგმირის, დედპულის როლით და მიისწრაფვის შეუერთდეს “შურისმაძიებლებს”, რაზეც მან მტკიცე უარი მიიღო. ბედთან მშვიდად შეგუებული, უილსონი იწყებს მშვიდობიან ცხოვრებას მანამ, სანამ დროის ცვლილების ორგანოს (TVA – Time Variance Authority) – აგენტები არ დაადგებიან უეიდს სახლში და მიჰყავთ მისტერ პარადოქსთან ( მეთიუ მაკფადიენთან). იქ დედპული აღმოაჩენს, რომ მის დროის ხაზს (ან “თაიმლაინს”) საფრთხე ემუქრება. საკუთარი თავის და დროის ხაზის გადასარჩენად, მან უნდა იმოგზაუროს მრავალ სამყაროში, რათა იპოვოს ლოგანი, (ის ხომ ვულვერინია, უფრო სწორედ კი – სამურავი) (ჰიუ ჯეკმანი).
და აი ისიც, ქალბატონებო და ბატონებო! დიდი ხნის ნანატრი, ულევი ჰაიპით გაჟღენთილი პროდუქტი, რომელმაც ბევრის მოლოდინი გაამართლა, ბევრს იმედიც კი გაუცრუა და პირველი დღიდანვე საკმაოდ დიდი ფული შეიტანა კინო კომიქსების გაქირავებაში. Deadpool & Wolverine-ს პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 25 ივლისს შედგა და როგორც იტყვიან “სრული ანშლაგით” ჩაიარა. დედპულის წინა ნაწილიდან 6 წელი გავიდა და “რუსთაველის” კინოთეატრი, რომელიც სამწუხაროდ იმ წელს (2018-ში) მალევე დაიხურა, თითქოს დროში “გაიყინა” და ახლაც ამშვენებს შესასვლელ ვიტრინებს მეორე ნაწილისა და Avengers Endgame-ის პოსტერებით. 6 წლის შემდეგ კი, ვეგებებით დედპულის ახალ ნაწილს, ხოლო Comic Con-ზე Avengers-ის ორ ახალ ნაწილს აანონსებენ, საინტერესო დეტალებითურთ. ნოსტალგია, მართლაც რომ სევდიანია ზოგჯერ. “მარველის” რეპუტაციიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როცა მან თავის პიკს Endgame-ში მიაღწია, სრული დაღმართისკენ წავიდა: გამოუშვა საკმაოდ ბევრი კონტენტი, რითაც მაყურებელი ძალიან დაღალა, იკლო ხარისხმაც და თაყვანისმცემლებმაც მალევე დაკარგეს რწმენა რომ რაიმე კარგი გამოვიდოდა ახლო მომავალში. აქა-იქ იყო გამონათება Guardian Of The Galaxy 3-ს სახით და კინო კომიქსები ისევ ჩვეულ უღიმღამო რიტმს დაუბრუნდა. “დედპულმა და ვულვერინმა” ეს უღიმღამობა მარველის ამომშრალ უდაბნოში ცოტახნით გაფანტეს და ეკრანებზე ცინიზმი, ხალისი, თვით-ირონია და ბევრი სისხლი შემოიტანეს.
თუ კი ყველას გახსოვთ Logan-ის (2017) სევდიანი დასასრული, სადაც ყველამ გააცილა ლოგანი სამუდამოდ და ჯოხებისგან გაკეთებული იქსითა და საფლავით დაამშვენა, “მულტივერსების” შემოტანის შემდგომ ბევრ ასეთ სცენას ნელ-ნელა დაეკარგა თავისი ემოციური წონა. მოკვდა თქვენი საყვარელი გმირი ამ სამყაროში? რა პრობლემაა, იმის იქით, სხვა ალტერნატიულ სამყაროში, ამ გმირის სხვა ასეთი მილიონი ვარიანტია, რომლის ჩანაცვლება ყოველთვის შეიძლება. გახსნით სცენაში, (სანამ გავიგებთ რატომ, როგორ და რანაირად) დედპული აუდიტორიას და ეკრანს შორის ე.წ. “მეოთხე კედელს” (ამ პერსონაჟის ე.წ. დამახასიათებელი თვისება) არღვევს და გვეკითხება: “როგორ შეგვიძლია (ჰიუ ჯეკმანის ექსჰუმაცია) ლოგანის ხსოვნის უპატივცემულოდ?” რაზეც ის თავის თავს პასუხობს: “დაივიწყეთ, ჩვენ ამას არ ვაპირებთ”. ხოლო რაც შემდეგ მოხდება, 2017 წლის დრამის ფანებს გაანაწყენებს ან (ალბათ) გაამხიარულებს: დედპული იღებს ლოგანის ბოლომდე გახრწნილ და გამომშრალ გვამს, რომლისგანაც მხოლოდ ადამანტიუმის ჩონჩხია დარჩენილი და იყენებს ბოლომდე (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) თავისი კლანჭებითურთ TVA-ს ჯარისკაცებთან საჩხუბრად, NSYNC-ის უკვდავი ჰიტის Bye, Bye, Bye-ს ფონზე. ჰაერში დაფრინავს ამ უიღბლოების ტანის სხვადასხვა ნაწილები, სისხლის წვეთები და დედპულის ხუმრობები ასაკობრივი რეიტინგისა და დისნეის მიმართ. Deadpool & Wolverine-ში კი მსგავსი სახალისო სცენები ბლომადაა.
Deadpool & Wolverine-ის სიუჟეტი საკმაოდ შესაფერისია “მულტივერსის” კონცეფციისთვის, განსაკუთრებით დედპულის მიერ “მეოთხე კედლის” მუდმივი რღვევით, რაც მას განსაკუთრებულ არომატს მატებს. MCU-ს (Marvel Cinematic Universe) ბოლო ფილმების კონტექსტის გათვალისწინებით, Deadpool & Wolverine საკმაოდ ორგანულადაც კი გამოიყურება. თუმცა, ამ ყველაფერში არის ერთი ჩვეულებრივი “მაგრამ”. “მარველის” ქოლგის ქვეშ, დედპულმა თითქოს დაკარგა თავისი გამორჩეულობა. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე – პერსონაჟისთვის დამახასიათებელი ხელწერა – “ტუალეტის იუმორი”, R რეიტინგს და გრაფიკულ ძალადობას, მაგრამ ის მაინც ჩამოგავს კინემატოგრიული სამყაროს კიდევ ერთ ზოგად, შეკვეთილ და უსულო დანამატს, ვიდრე უნიკალურ დედპულის პროექტს.
რეჟისორი აღნიშნული ფილმისა არა დევიდ ლეიჩია, არამედ – შონ ლევია, რაც ექშენ სცენების ქორეოგრაფიაზე აისახა, რომელიც მომენტებში ოდნავ მოისუსტებს, თუმცა ინარჩუნებს სისხლიანობას და (ასე თუ ისე) სანახაობრიობას. გამოვყოფდი დედპულისა და ვულვერინის მცირე, მაგრამ სახალისო შეტაკებას AC/DC-ის Hell’s Bells-ის ფონზე, ისევე როგორც Honda Oddysey-ს გამართული ხელჩართული ბრძოლა ამ უკანასკნელებს შორის, ავტომობილის ვიწრო სივრცეში. ვფიქრობ, Deadpool & Wolverine ენაკვიმატი დაქირავებული მკვლელის ტრილოგიაში ყველაზე გაწონასწორებულია: ექშენით დატვირთულ სცენებს შორის ნაკლები შეფერხებაა და თუ არის, ის მალევე კომპენსირდება იუმორითა და მულტივერსის “მაგიით” – უფრო სწორედ კი – “კამეოების” სახით. ე.წ. “ფანსერვისი” ფილმში ბევრია და საკმაოდ კარგია,და მათ რაღაც დატვირთვა აქვთ სიუჟეტური თვალსაზრისით, ვიდრე მხოლოდ თვალების და გულების გახარება რამდენიმე წამით, როგორც ეს ბევრ “მარველის” ფილმს სჩვევია.
ყურადღება! ამ აბზაციდან იწყება სპოილერები. თუ ვერ მოასწარით ფილმის ნახვა, კითხვა არ გააგრძელოთ, ხოლო ვინც უკვე ნახა, მაშინ მომყევით.
არა, სიუჟეტური სპოილერები Deadpool & Wolverine-ს ვერაფერს დააკლებს, უფრო მეტიც, ფილმის მთავარი “მუღამი” (თანამედროვე ჟარგონს რომ დავესესხო) – სწორედაც რომ, ფანსერვისი და კამეოების გალერეაა, რომელშიაც შეხვდებით “მარველის” ძველ კინო პერსონაჟებს, სანამ MCU იარსებებდა, ხოლო რახან სიუჟეტში 20th Century Fox ფიგურირებს, (“მულტივერსი”) ძველი “იქს-ადამიანების” ნოსტალგიური დოზაც გეგმაშია. სიუჟეტის გაგება მალევე შეიძლება და აქ ის თითქმის არ არსებულია და ნაკლები მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, ვინაიდან მთავარი მარკეტინგული სვლა და აქცენტი უფრო ზემოხსენებულ “ფანსერვისზე” იყო გაკეთებული. აქ შეხვდებით – უესლი სნაიპსის – “ბლეიდს”, ჯენიფერ გარნერის – “ელექტრას”, ჩენინგ ტატუმის – “გამბიტს”, ჯერ კიდევ 2015 წლის “იქს-ადამიანების” სოლო ფილმის ანონსიდან მოყოლებული, რომელმაც დღის სინათლე ვერ იხილა, უკვე წამოზრდილ X23-ს “ლოგანიდან”, კრის ევანსის არა “კაპიტან ამერიკას”, არამედ “ცეცხლის ადამიანს” – “ფანტასტიკური ოთხეულის” ძველი 2000-იანების ფილმებიდან. მათთან ერთად აგრეთვე ვხვდებით უარყოფით გმირებს მცირე როლებში და კამეოებში, რომლის უმეტესობა X-Men The Last Stand-იდან გეცნოთ, თუ “იქს ადამიანების” ტრილოგია კარგად იცით, შეხვდებით ასევე Pyro-ს, რომლის “დაპირისპირება” “ცეცხლის ადამიანთან” ღიმილს მოგგვრით. ხოლო sabretooth-ის გამოჩენა და “გაქრობა” გენიალური იყო. სხვა თუ არაფერი, ლეგენდარული “ჯაგერნაუტიც” კი ჩნდება ამ ბოროტმოქმედების გვერდით, თუმცა ვინი ჯონსის მაგივრად მის როლში სხვა მსახიობია. უმცირესი როლითაც ვხვდებით ასევე წითელზოლიანი მაისურით შემოსილ the russian-ს, რომელიც სავარაუდოდ Punisher-ის 2004 პატარა რეფერენსი იყო. კამეოებზე ლაპარაკისას, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ სცენათა სეკვენცია, სადაც დედპული ვულვერინის სხვადასხვა ვარიანტებს ეძებს, სხვადასხვა დროის ხაზებში, რომელშიც წამიერად და რატომღაც, ჰენრი ქავილის მიერ რამდენიმე წამიან ვულვერინსაც კი ვხედავთ. (სავარაუდო “წაკბენა” DC-ს მიმართ) გარდა ქავილისა, ვხვდებით ბებერ ლოგანს (Old Man Logan-დან) 80-იანების ვულვერინს,იქსის ფორმის ჯვარზე გაკრულ ვარიანტსაც, რომელიც იმდროინდელი კომიქსის ყდის რეფერენსია და ცალთვალა ვულვერინსაც.
საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა მესამე ნახევარიც, კერძოდ კი ფინალი, სადაც ყველასთვის საყვარელი დუეტს Deadpool Corps-სთან უწევს ბრძოლა, რაც დედპულის 100-ზე მეტ ვარიანტს და ვარიაციას მოიაზრებს, ხოლო ვულვერინი თავის კლასიკურ კოსტიუმთან ერთად, თავზეც ირგებს შესაბამის ფერებში გაკეთებულ ნიღაბს, რომელიც ბევრს არა მარტო კომიქსებიდან არამედ ანიმაციებიდანაც გაახსენდეს. ასეთი შთამბეჭდავი და მომხიბვლელი – ვულვერინი არასდროს ყოფილა. თვითონ ექშენ სეკვენცია Deadpool Corps-თან ბრძოლისა, სისხლიანია, იუმორით და მსუბუქი მიდგომებით სავსეა შუალედებში.
სხვათაშორის, ზემოთა სამეულს რომ დავუბრუნდეთ, კერძოდ კი – ელექტრას, გამბიტს და ბლეიდს, ისინი უფრო მეტნი არიან ვიდრე კამეოები და მთელი ექშენ სცენაც აქვთ განკუთვნილი. თუ კი “ელექტრას” სოლო ფილმი საშინელება იყო, აქ მან თავი “გამოისყიდა” ჩინებული ქორეოგრაფიით, “ბლეიდისგან” Trinity-ს შემდეგ სიწყნარეა, (თუ არ ჩავთვლით ახლანდელი “ბლეიდის” ფილმის პრობლემატურობას, რომელიც ხან რეჟისორს ჰკარგავს და ხანაც სცენარისტს) სნაიპსმა კი თავი ისევ შეგვახსენა და თავისი ქარიზმით დაგვარწმუნა რომ ერთადერთი და iconic ბლეიდი მხოლო და მხოლოდ – უესლი სნაიპსია. ერთ მომენტში ის თავის ლეგენდარულ ფრაზას – “Some motherfuckers are always trying to ice-skate uphill” ამბობს და იღიმის. “გამბიტმა” თავისი მოქნილობით და ცოცხალი თამაშით ცოტახნით გვანახა როგორი იქნებოდა მისი სოლო ფილმი. წარმოიდგინეთ როგორც “ნაგლეჯი”.
სპოილერების დასასრული. შეგიძლიათ თამამად გააგრძელოთ რეცენზიის კითხვა.
თითქოს სამყარომ ჰიუ ჯეკმანსა და რაიან რეინოლდს მეორე შანსი მისცა 15 წლის შემდეგ და თუ მათი დუეტი არც ისე წარმატებულად შედგა, (განსაკუთრებით დედპულის ვიზუალით) 2024 წელს ხელახალი შეხვედრა ბევრად უფრო წარმატებული და ეფექტური გამოვიდა ვიდრე გვეგონა. პერსონაჟებს შორის ქიმია იმდენად ძლიერი და გადამდებია, რომ მათ ირგვლივ სხვა პერსონაჟები უბრალოდ ჩრდილები არიან. რაიანი თითქოს ამ როლისთვის იქნა დაბადებული და სამწუხაროდ ამ პერსონაჟში “ჩარჩა”, თუმცა გამოსდის მას დედპულის განსახიერება – ვირტუოზულად. ჰიუ ჯეკმანი კი ყველასთვის და მათ შორის ჩემთვისაც, ერთადერთი და განუმეორებელია. არც აქ აკლებს, პერფომანსის მხრივ და ბოლომდე შედის პერსონაჟის ტყავში. ვინც არ იცის, ვულვერინი აქ უბრალოდ “ვარიანტია” სხვა “მულტივერსიდან”, რომელმაც თავისი “იქს გუნდი” დაკარგა, ვერ დაეხმარა და ამის გამო ის მუდმივ წუხილში, დეპრესიაში და სინანულშია, ხოლო დარდს კი ალკოჰოლში ახრჩობს. ორივე პერსონაჟის ე.წ. “არკა” როგორც ასეთი, არაფერი განსაკუთრებული არ არის – დედპული არ აიყვანეს “შურისმაძიებლებში”, მაგრამ უნდა რომ იყოს მნიშვნელოვანი, დაეხმაროს ხალხს, ვიდრე იყოს უნიკალური ანტიგმირი “მეოთხე კედლის” რღვევის შესაძლებლობით, ხოლო ლოგანისთვის სულერთია სამყაროს რა ბედი მოელის, მისთვის მთავარია ალკოჰოლის ბოთლი და ჭიქა ყოველთვის სავსე იყოს და დროებით დაივიწყოს დეპრესია. მიუხედავად ამისა, ფილმის ბოლოსკენ ორივე “არკა” სასიამოვნოდ და დამაკმაყოფილებლად იკვრება ემოციური ფინალის ფონზე.
რაც შეეხება მინუსებს, Deadpool & Wolverine-ში არც ისე ბევრია, მაგრამ კლასიკურია, რომლიდანაც თითქოს ამ კლოუნადამაც (კარგი გაგებით) ვერ დააღწია თავი. რამდენი ირონიის ფენამაც არ უნდა დაფაროს ფილმი, აქ მაინც შეხვდებით ხუმრობათა კორიანტელს, რომლიდანაც დიდი ნაწილი ძალით არის ჩატენილი, ზოგი ვერ “არტყამს მიზანს”, ზოგიც ძალიან გამაღიზიანებელი ხდება რამდენიმე ხნის შემდეგ.(თუმცა რაღაც ნაწილი ხუმრობებისა არ იყო ცუდი) ვიზუალურად ფილმი ცოტათი უღიმღამოა, ამდენი ფერების მიუხედავად აკლია ლამაზი ან დასამახსოვრებელი კადრები, კონტრასტი, მაგრამ გრაფიკას და ციფრული ეფექტებს არაუშავს, “მარველის” წინა პროექტებთან შედარებით ბევრად კარგია. სიმღერათა რეპერტუარი აქ მშვენივრად არის შერჩეული, მაგრამ მომენტებში თითქოს უკანა ფონში იკარგება. რიტმის თვალსაზრისით Deadpool & Wolverine ნაკლებად მოსაწყენია 2 საათიანი ქრონომეტრაჟის გათვალისწინებით, მაგრამ შუა ნახევარში, როცა მთავარი გმირები უდაბნოში დაბოდიალობენ და ე.წ. Void-ში არიან “გაჭედილები”, ფილმიც თითქოს ოდნავ ჩერდება და ერთ ადგილზე ბუქსაობს. და ბოლოს, ორივე ბოროტმოქმედს – Mister Paradox-ს და კასანდრა ნოვას (რომელიც თურმე ჩარლ ქსაივერის დას წარმოადგენს) ისევ თითიდან გამოწოვილი მოტივაციები აქვთ, არიან დავიწყებადები და სიღრმე თითქმის არ აქვთ. შესაძლოა ეს ამ “ირონიული კლოუნადის” ჩანაფიქრი იყო, რომ ფილმის ტონს დამთხვეოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერანაირ ინტერესს ვერ იწვევენ მაყურებელში, გარდა იმისა რომ მათ სამყაროების განადგურება უნდათ, მარტო იმიტომ რომ თავის უფროსებზე არიან გაბრაზებულები.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ენაკვიმატი დაქირავებული მკვლელისა და კლანჭებიანი მუტანტის დუეტი წარმატებულად შედგა. გართობის თვალსაზრისით Deadpool & Wolverine გაგართობთ და კარგ დროს გაგატარებინებთ. ჩამკვდარი “მარველის” პროექტების ფონზე, ფილმი ნამდვილი სუფთა ჰაერი იყო და ეხლაც, ამ რეცენზიის წერისას უკვე 500 მილიონ დოლარსაც მიუახლოვდება მალე, რაც არ არის გასაკვირი და ლოგიკურიცაა, რადგან ეს რომ მაგალითად 2 წლის შემდეგ გადაეღოთ, ხალხის დიდი ნაწილი დაიწუნებდა ან ცხვირს აიბზუებდა, მაგრამ 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის რომ მონატრებული – წითელ ტრიკოში გამოწყობილი, კატანებით შეიარაღებულ ანტიგმირს გაშლილი ხელებით შევეგებოთ, თანაც ასეთ ფორმატში, სადაც ის არავის მიმართ არ იშურებს როგორც ხუმრობას, ისე წაკბენასა და დაცინვას, უპრობლემოდ ირგებს პერსონაჟის სახასიათო თვისებებს და არღვევს “კედლებს”. პლუს, ჩვენ ასევე მივიღეთ “დისნეის” მიერ გამოშვებული პირველი R-რეიტინგული MCU ფილმი, რომელსაც Deadpool & Wolverine ბოლომდე იყენებს ნებისმიერი შესაძლებლობით. როგორც ჩანს, ასეთი წარმატებული პროექტის შემდეგ, ჯერ კიდევ ადრეა კინო კომიქსების სიკვდილის წინასწარმეტყველება, რადგან ხალხი უფრო ყურადღებიანი და შერჩევითი გახდა – რას უყუროს და რას – არა, ამასთანავე ნოსტალგია თავისას შვრება და ზუსტად ამიტომ არის ასეთი ეფექტური და მომგებიანი – ყველასთვის საყვარელი დუეტის ეკრანებზე დაბრუნება. როგორც ვულვერინი იტყოდა – “Let’s fucking go!”
ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში, ხოლო ციფრული რელიზის თარიღი სექტემბრის შუა რიცხვებისკენ არის დაგეგმილი
დედპული და ვულვერინი (Deadpool & Wolverine)
რეჟისორი: შონ ლევი (Shawn Levy)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 8 წუთი