“ტკბილეული ტკბილს” – კლაივ ბარკერის ურბანული გოთიკა 32 წლის შემდეგ
ჰელენ ლაილი სტუდენტია, რომელიც ადგილობრივ ლეგენდებსა და მითებზე წერს თეზისს. ის ქალაქის იმ ნაწილში მიდის, რომელიც “ქენდიმენის” ლეგენდით არის განთქმული – ხელის მაგივრად კაუჭით შეიარაღებული შავკანიანი კაცი და რომლის პირიდან ფუტკრები ამოდის. საკმარისია მისი სახელი ხუთჯერ წარმოთქვა სარკის წინ და ის მსწრაფლ გაჩნდება ნებისმიერის წინაშე. რა თქმა უნდა, ჰელენს ამ ყველაფრის არ სჯერა, თუმცა ამ ადგილას მცხოვრები ხალხი საშინლად შეშინებულია “ქენდიმენით.” როდესაც ჰელენი ყველანაირ გაფრთხილებას უგულებელყოფს და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი, მიდის გამოსაძიებლად იმ ადგილებში სადაც “ქენდიმენი” სავარაუდოდ ჩნდება ხოლმე, იწყება საშინელი მკვლელობების სერია. შესაძლოა ლეგენდა მართალი იყოს?
კლაივ ბარკერის ნაწარმოებების კინემატოგრაფიული ადაპტაციების უმეტესობა (მაგალითად Rawhead Rex, Lord of Illusions, The Midnight Meat Train და ა.შ.) უიღბლობით არიან ცნობილი, იქნება ეს ცუდად ადაპტირებული სცენარების, არასაკმარისი ბიუჯეტის ან სხვა პრობლემების გამო. სტივენ კინგის მსგავსად, ბარკერი საშინელებათა ჟანრის ოსტატია, რომელიც ქმნის ნამდვილ შემზარავ და ორიგინალურ ისტორიებს, სადაც გაერთიანებულია როგორც რეალობა, ისე ზებუნებრივი. Candyman ასეთი ისტორიებიდან ერთ-ერთია. შესაძლოა ზოგიერთმა მალევე დაინახოს ორ მეტრიან, საშიშ, შავკანიანი მამაკაცში შეიარაღებული მხოლოდ – კაუჭით, ხელის მაგივრად – მსგავსება ცნობილ, უკვდავ მანიაკთან – ფრედი კრუგერთან The Nightmare on the Elm Street-დან, თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება – კრუგერი ატერორებს და კლავს ბავშვებს როცა მათ უკვე ძინავთ, მაშინ როდესაც ქენდიმენის გამოძახება უბრალო და მარტივი რიტუალით შეიძლება: მისი სახელის ხუთჯერ თქმა, სარკის წინ. (დაახლოებით როგორც “სისხლიანი მერი”) ამისდა მიუხედავად, “ქენდიმენში” საშინელებანი მრავლადაა და ეფექტურია.
Candyman-ის ნელი ტემპი, კლაუსტროფობიული კამერის კუთხეები და ჩიკაგოს შავი უბნების “მოღუშული” საცხოვრებელი შენობები მალევე ქმნიან ბნელ ატმოსფეროს. როცა ჰელენი (ვირჯინია მედსენი) და ბერნადეტი (ქეისი ლემონსი) ღრმად იძირებიან “ქენდიმენის” ურბანული ლეგენდის მისტიურ აურაში, ისტორია მალევე გარდაიქმნება საშინელ და შემზარავ ამბად გარდაუვალობის და უიმედობის შესახებ. ფილმის შუა ნაწილში კი, თავად ქენდიმენს ვხვდებით და ეკრანზე მალევე იწყება მრავალი იდუმალი და სასტიკი მოვლენა. თავდაპირველი შფოთვა გზას უთმობს დიდ შიშს და მორალური ტერორი – იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ Candyman დაფუძნებულია კლაივ ბარკერის საშინელებათა ჟანრის მოკლე მოთხრობაზე The Forbidden, (რომელიც ასევე შესულია მისი მოთხრობების კრებულში – Books Of Blood) ფილმის წარმატების დიდი ნაწილი შეიძლება მიეწეროს სცენარისტ/რეჟისორ ბერნარდ როუზის ნიჭს. მისი კატალოგის ნახვისას (Immortal Beloved, Anna Karenina და ა.შ.) შეიძლება არ ელოდოთ, რომ ის ასეთ ჟანრში ფილმს გადაიღებდა, მაგრამ მან ეს დიდებულად და საინტერესოდ გააკეთა ისე, რომ იპყრობს მაყურებელს დასაწყისიდან ბოლომდე თავისი ინტრიგითა და ინტერესით თუ რა მოხდება შემდეგ. ფილმს გამორჩევაში რამდენიმე ელემენტი ეხმარება. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია რეჟისორის მინიმალისტური მიდგომა და მარტივი გადაღების სტილი, რომელიც ზრდის ამ ისტორიის საერთო გავლენას, ვინაიდან თავის არსში Candyman წარმოადგენს ფილმს ურბანული ლეგენდის შესახებ და როუზის სტილი საშუალებას აძლევს ლეგენდას განვითარდეს ავთენტურობითა და სასპენსით, რაც ხიბლავს მაყურებელს.
ფილმის მღელვარე და საშიშ ატმოსფეროს ასევე აძლიერებს გამორჩეული, დასამახსოვრებელი გოთური სტილის საუნდტრეკი, რომელიც ცნობილ კომპოზიტორ ფილიპ გლასს ეკუთვნის. მისი მომხიბლავი, ჰიპნოტური ჰანგები შესანიშნავად უხდება ფილმის მძაფრ, შემზარავ და ამავედროს სევდიან ტონს და თან ახლავს ეკრანზე მომხდარ საშინელებებს, როგორც ხმოვანი გაფორმება. ვირჯინია მედსენმა (ჰელენის პერსონაჟი) შესანიშნავად შეასრულა მკვლელის დევნის “ობიექტის” რთული, ფსიქოლოგიური როლი. შეუძლებელია, რომ მას არ თანაუგრძნოთ როგორც უბედურ ქალს, რომელსაც ბრალს სდებენ ყველა სისხლიან მკვლელობაში, ჩადენილი “ფუტკრიანი და კაუჭიანი” მანიაკის მიერ. ვირჯინია დამაჯერებლად წარმოსახავს შიშს და შფოთვას ადამიანის, რომელიც საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომლის კონტროლიც არ ძალუძს.
კიდევ ერთი ელემენტი Candyman-ის წარმატებისა, ტონი ტოდია, რომელიც განასახიერებს ამ ტიტულარულ პერსონაჟს. ტოდის რეპერტუარში ხშირად შეხვდებით უარყოფით პერსონაჟებს, (Grange “The Crow”-ში, William Bludworth “Final Destination”-ის სერიებში, Captain Darrow “The Rock”-ში, და ა.შ.) ხოლო მისი “შემოსვლა” საშინელებათა ჟანრის ტერიტორიაში განაპირობა ტომ სავინის Night Of The Living Dead-მა (რიმეიქი ამავე სახელწოდების ჯორჯ რომეროს კლასიკური 68 წლის ფილმისა) 1990 წელს. ტონი ტოდის მიერ განსახიერებული – ქენდიმენი კი მალევე გახდა სიმბოლური, საკულტო ფიგურა ჰორორ მანიაკების პანთეონში და ხშირად იხსენებენ ხოლმე ჯეისონ ვურჰისთან ან მაიკლ მაიერსთან ან სულაც ფრედი კრუგერთან ერთად. სამწუხაროდ, Candyman-ის ფრენჩაიზმა ვერ მიაღწია პოპულარობის ისეთ დონეს როგორიც იგივე “მეცამეტე პარასკევია” ან “კოშმარი თელების ქუჩაზე”, მაგრამ მან მაინც მოახერხა გაგრძელებების “გამოცხობა” 1995 და 1999 წლებში. (თუმცა, ეს სხვა ისტორიაა) ტონი ტოდის ქარიზმამ გააცოცხლა ქენდიმენი დიდ ეკრანზე და მიუჩინა ამ პერსონაჟს მუდმივი ადგილი ჟანრის მოყვარულთა შორის. რაც შეეხება კაუჭიანი ანტაგონისტის წარმომავლობის ისტორიას, ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ის უსამართლოდ დასაჯეს ლინჩის წესით, მოაჭრეს ხელი, წაუსვეს თაფლი და მიუსიეს ფუტკრები. თითქოს იგი ერთგვარი შურისმაძიებელი სულია, მოჩვენება, რომელსაც სისხლი და სამართლიანობა სწყურია, ხოლო რაც უფრო სჯერათ მისი არსებობის ხალხს, მით უფრო ძლიერი და სამუდამოა, ვინაიდან იგი იკვებება შიშზე და ცრურწმენაზე. (უფრო დეტალურად, ქენდიმენის დასჯის ისტორიასა და მიზეზს ვიგებთ მეორე ნაწილში, მაგრამ ამაზე, რამე სხვა დროს მოგიყვებით)
სიუჟეტისა და გარემოდან გამომდინარე, Candyman შეიძლება დახასიათდეს როგორც ერთგვარი slum gothic. (“ღატაკთა” გოთიკა) ფილმის პირქუშ ატმოსფეროს აძლიერებს მოსახლეობის სიღარიბე, მაცხოვრებლების არეულობა და ქაოტური ცხოვრება, (ნაგვის ნარჩენების გათელვის ხმა, როცა ჰელენი თავის გამოკვლევას ატარებს) და თითქმის ყველგან, ყოველ კედელზე გამოსახული გრაფიტი. (როგორც პროფესიული, ასევე სამოყვარულო) სწორედ ასეთ გარემოში ცხოვრება აიძულებს ადამიანებს სჯეროდეს ბოროტი ურჩხულის, კაუჭით ხელში. ეს რწმენა აიძულებს მათ ჩაკეტონ კარები ღამით და შეაშინოს ყველა, ვინც გაბედავს მისი სახელის ხმამაღლა ხუთჯერ წარმოთქმას. ვფიქრობ, Candyman-ის წარმატების ფორმულა მარტივია: მათ აიღეს ურბანული ლეგენდის მიერ შექმნილი მონსტრი და აქციეს სიმბოლოდ – უსამართლობის სიმბოლოდ, რომელიც ადამიანებში შიშს და ცრურწმენისეულ საშინელებებს ნერგავს. შესაბამისად, “ქენდიმენი” ახერხებს მაყურებლის შეშინებას ზედმეტი ტექნიკური გაჯეტების გარეშე, მარტივ იდეაზე დაყრდნობით.
მთლიანობაში, Candyman-ის მელანქოლიური, მიზანმიმართული ტემპი და მზარდი, უსიამოვნების განცდა ანიჭებს ფილმს უნიკალურობას, რაც მის ხარისხზე მეტყველებს. ეს არჩევანი კი, ეფექტურია. ხოლო ბევრი საშინელებათა ფილმისგან განსხვავებით, რომელთა უმეტესობა უაზროდ გადაჭარბებულ ძალადობას და ექშენს ეყრდნობა, Candyman უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ატმოსფეროზე, ცრურწმენით გამოწვეულ შიშზე და აურაზე. თუმცაღა, ქენდიმენის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობები სიხლის გუბეების და სისასტიკის გარეშე უბრალოდ ვერ გამოვიდოდა, შესაბამისად რამდენიმე სცენაში სწორედ ასეთ საზარელ სანახაობას ვაწყდებით, ჰელენთან ერთად. Candyman-ში ვერ შეხვდებით მუდმივ ექშენს ან მოქმედებას, რის გამოც ტიპური თრილერის ან ჰორორების მაყურებლები შესაძლოა უკმაყოფილონი დარჩნენ. ხოლო იმათთვის, ვინც ასეთ საინტერესო და ცოტათი განსხვავებულ მიდგომას აფასებს, მაშინ ისინი, როგორც მთავარი გმირები ნელ ნელა ჩაეშვებიან ჩიკაგოს ბნელ, ჭუჭყიან ქუჩების კოშმარსა და სიგიჟეში, სადაც ხაზი რეალობასა და ფიქციას შორის ქრება. ეს გამორჩეული მიდგომა კი “ქენდიმენს” გარკვეულ მაგნეტიზმს ანიჭებს.
ქენდიმენი (Candyman)
რეჟისორი: ბერნარდ როუზი (Bernard Rose)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 39 წუთი