ემ ნაით შიამალანის ახალი, უცნაური, დაძაბული თრილერი კატა-თაგვობანას სტილში
ემ ნაითის უახლეს თრილერში – ყველანი გაგიჟებულნი არიან. რატომ? ეს იმიტომ, რომ ისინი მზად არიან დაესწრონ ცნობილი პოპ ვარსკვლავის, Lady Raven-ის კონცერტს. მისი ორი გულშემატკივარი: მამაკაცი, სახელად კუპერი (ჯოშ ჰარტნეტი) და ამ უკანასკნელის ქალიშვილი – რაილი (არიელ დონოჰიუ) აღტაცებითა და კარგი განწყობით ესწრებიათ შოუს, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა იწყებს მათი მელოდიის შეცვლას. თაყვანისცემის ყვირილსა და აპლოდისმენტების ხმების შორის, თავად კონცერტს ფარული მისია აქვს: გამოააშკარაოს და დაიჭიროს სერიული მკვლელი, ზედმეტსახელად “ყასაბი” (The Butcher) უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სათვალთვალო კამერები ირგვლივ, შეიარაღებული პოლიციელები მზადყოფნაში და გარეთ დაყენებული პოლიციის მანქანები. გადაურჩება ვინმე ამ უცნაურ კონცერტს, თუ “ყასაბი” უფრო მეტია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს?
პირველ აგვისტოს, ყველასათვის საყვარელი და (ალბათ ზოგისთვის საძულველიც) ინდოელი რეჟისორის – ემ ნაით შიამალანის ახალი თრილერის, “ხაფანგის” პრემიერა შედგა საქართველოს კინოთეატრებში. “300,000 თაყვანისმცემელი, 300 პოლიციელი და 1 მკვლელი. გაქცევა შეუძლებელია” – ამ სლოგანით ცდილობს ემ ნაითი მაყურებელთა ყურადღების მიპყრობას და დაინტრიგებას, რომლის ახსნა რამდენიმე სიტყვაში ასე შეიძლება (ასევე რეჟისორის სიტყვები) – (წარმოიდგინეთ) “კრავთა დუმილი” ტეილორ სვიფტის კონცერტზე. “ხაფანგის” ტრეილერები, მარკეტინგისას ცდილობდნენ ზედმეტად არ გაეცათ ინტრიგა და ინფორმაცია, რათა ფილმს თავისი ეფექტურობა არ დაეკარგა. დრო და დრო კი, ემ ნაითი ინსტაგრამზე სხვადასხვა სახალისო ფაქტს აზიარებდა თუ საიდან გაჩნდა ფილმის იდეა და როგორ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. ერთ-ერთ ასეთ ფაქტში ვიგებთ რომ Trap-ის სცენარი ემ ნაითმა ყველაზე სწრაფად დაწერა, დაახლოებით 5 ნახევარ თვეში. აქამდე კი, ყველაზე სწრაფად დაწერილში – SIGNS-ს მიიჩნევდა. (6 თვე) ხოლო მიუხედავად ბნელი ელემენტებისა, ის ყოველდღე სიცილით ჯდებოდა მაგიდასთან, სცენარზე მუშაობისას. სხვა მსგავსი ფაქტები კი შეგიძლიათ რეჟისორის ოფიციალურ ინსტაგრამზე ნახოთ.
“ხაფანგი” დაყოფილია სამ დიდ ნაწილად – კონცერტზე შესვლა, კონცერტის მსვლელობა და კონცერტის დასრულების შემდეგ, ამბის გაგრძელება, მაგრამ უკვე გარეთ და ურბანულ გარემოში. თითო ნაწილში მიმობნეულია სხვადასხვა ტვისტები, ცოტაოდენი მცირე ქვესიუჟეტები და დაძაბულობა, რომელიც ამ “კატა-თაგვობანას” სერიულ მკვლელსა და პოლიციას შორის – საინტერესოს ხდის. კუპერის პერსონაჟის რეალური სახე უკვე პირველი 30 წუთის შემდეგ ვლინდება, როცა იგი პერიოდულად ჩუმად ამოწმებს მის ახალ, ერთ-ერთ სახლში დაბმულ მსხვერპლს და ჯერ კიდევ ვერ ხვდება თუ რატომ არის ამდენი პოლიციელი გარეთ და რას ემსახურება ეს მაქსიმალური დაცვის ზომები. როგორც Lady Raven-ის მაისურების გამყიდველისგან ვიგებთ, (ინფორმაცია, რომელიც ამ ტიპისგან არანაირად არ უნდა გაგვეგო, რახან ეს ყველაფერი საიდუმლოა) პოლიცია ეძებს მკვლელს, საკმაოდ ორიგინალური სახელით – “ყასაბი”, ხოლო მისი მსხვერპლთა რიცხვი უკვე 7-ს აღწევს. მათ არ აქვთ “ყასაბის” ფოტო რობოტი, შესაბამისად ერთადერთი ხელის ჩასაჭიდებელი მის დასაჭერად – ეს ინფორმაციაა, რომ იგი ახლა აქ იმყოფება და კონცერტს ესწრება. ამ ამბის გაგება კი კუპერმა მარტივად მოახერხა, თავაზიანობითა და მომხიბვლელობით. სინამდვილეში, მას ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა სჭირს და უწევს სხვადასხვა “ნიღბის” მორგება, დეტალებზე დაკვირვება, სიტუაციის გაანგარიშება და მუდმივ კონტროლში ყოფნა.
ოდნავ შეშინებული კუპერ ადამსი ამ მომენტიდან, მტაცებლური თვალებით იწყებს სიტუაციისა და ტერიტორიის დაზვერვას, ფიქრობს სხვადასხვა ეშმაკობებზე თუ როგორ გააღწიოს აქედან რაც შეიძლება მალე, მიუსწროს თავის ახალ მსხვერპლს და დაამთავროს დაწყებული საქმე და ამ პროცესში შეინარჩუნოს “კარგი მამის” სახე, სანამ ის თავის ქალიშვილთანაა. ამ მხრივ, ფილმი მალევე ავლენს თავის “კოზირს” მაყურებელთან და შემდეგ უკვე მათი მოლოდინებით თამაშს აგრძელებს. შესაბამისად, დანარჩენი უკვე მთლიანად აუდიტორიაზეა დამოკიდებული თუ როგორ გაჰყვება Trap-ს, იქნება ეს “დაუჯერებელ” მომენტებზე თვალის დახუჭვა და გართობა ან ყოველ მეორე-მესამე წუთს სიუჟეტური ხვრელების პოვნა და ნაკლებად რეალისტურ, დიალოგებზე დაკვირვება. (რაც შიამალანის ფილმებში ხშირად გვხვდება) თუ მაინცდამაინც პირველს მიჰყვებით, მაშინ “ხაფანგი” შემოგთავაზებთ სასიამოვნო “კატა-თაგვობანას” სტილის თრილერს, სადაც მკვლელი მუდმივად პოულობს გზას გაიპაროს და გააღწიოს ნებისმიერი სახის მახეებიდან.
“ხაფანგი” უშუალოდ არ აკეთებს აქცენტს ე.წ. ტვისტებზე, მისი მიზანია გვანახოს რამდენად შეიძლება დაძაბულობის დონის აწევა და როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი მასზე, კონცერტზე “გამოჭერილ” სერიულ მკვლელ კუპერზე, და მის “საღი აზროვნების ნიღაბზე”. ჯოშ ჰარტნეტისთვის თრილერი და ჰორორის ჟანრი უცხო არ არის. მას უთამაშია ისეთ ფილმებში (და შესაძლოა მაყურებელსაც ახსოვდეს) როგორებიცაა: Halloween H20: 20 Years Later, The Faculty, 30 Days Of Night და Black Dahlia. ამისდა გათვალისწინებთ ჰარტნეტი Trap-ში კომფორტულად გრძნობს თავს (რა ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს) და საკმაოდ კარგად ირგებს ფსიქოპათ/სოციოპათის როლს, რომელმაც მომენტებში შეიძლება მოგაგონოთ პატრიკ ბეიტმენი American Psycho-დან ან ნორმან ბეითსი Psycho-დან. კუპერის სახეზე ახლო ხედების გამოყენება ყოველ ჯერზე, როცა ის უცხო ადამიანთან შედის კონტაქტში, ან როცა ის უყურებს გასასვლელებს და პოლიციას, საინტერესოდ ასახავს იმ უხერხულობას, რომელსაც ეს გარკვეული მოვლენა უქმნის მკვლელს. ის ყოველთვის სრულ კონტროლშია და თითქმის ვერასდროს წარმოიდგენს რომ მას როდესმე “გამოიჭერენ.” ყოველ ჯერზე, როცა მისი გაქცევის გზა დაბლოკილია, კუპერი იმპროვიზირებს, და ამ ყველაფერს ეხმარება ის ფაქტი, რომ სხვა პერსონაჟებიც ისეთივე ჭკვიანები არიან, როგორც ის, რაც ზოგჯერ იშვიათია თრილერებში. კუპერი ოსტატურად ახერხებს გაუძვრეს სპეცრაზმს პირისპირ, გაასაღოს თავი როგორც კონცერტის პერსონალი, დაეპატრონოს FBI-ს ერთ-ერთი წევრის რაციას, მოუსმინოს მათ დიალოგებს, შექმნას დივერსიული მომენტები და დაუსხლტეს მორიგ პოლიციელს. (სამართალდამცავები აქ მაინც და მაინც დიდი ლოგიკით ან ჭკუით არ გამოირჩევიან და ხშირად პროტოკოლსაც არღვევენ) ასეთი მომენტები კი “ხაფანგში” ბევრია, რის გამოც შეიძლება იფიქროთ რომ, კუპერს ან უბრალოდ უმართლებს საჭირო დროს და საჭირო ადგილას, ან ის ზედმეტად ჭკვიანია და მალევე ადაპტირდება ნებისმიერ გარემოებაში.
მესამე ნახევარში იცვლება გარემოება, სიტუაცია და საპირისპიროდ მიდის ყველაფერი, მასშტაბი ცოტათი იზრდება და შებოჭილი ტერიტორიიდან უკვე გაშლილზე გადავდივართ კუპერთან ერთად. კერძოდ კი, კატა-თაგვობანა კუპერსა და ლედი რეივენს შორის.(სალეკა შიამალანი, ემ ნაითის ქალიშვილი და R&B პოპ ვარსკვლავი, თავის სადებიუტო როლში) სიუჟეტის ასეთი რადიკალური ცვლილება ხმაურიანია, სახალისოა და სულელური. კუპერ ადამსი ერთდროულად ჭკვიანი ბოროტმოქმედია და ამასთანავე კინოს მაგიური ლოგიკის ბენეფიციარი. ცხადია Trap ვერ მოვა ლეგენდარულ “კრავთა დუმილთან”, მაგრამ ემ ნაითს რეალიზმი დიდად არ ადარდებს. ეს წმინდა წყლის გასართობი, ნაკლებად-პროგნოზირებადი, მომხიბვლელი საპოპკორნე თრილერია.
რაც შეეხება “ხაფანგის” მინუსებს, აქ ისინი არც ისე ბევრია თუ რაღაც-რაღაცებზე “თვალს დახუჭავთ” და ე.წ. suspension of disbelief-ს გამოიყენებთ, (უნდობლობის ჩახშობა) ვინაიდან როგორც ზევით ვახსენე, ზოგი მაყურებელი შეიძლება გაღიზიანდეს დაიგნორებული საბპლოტებით, სტერილური და რობოტული დიალოგების სტილით, რომ თითქოს შიამალანის ფილმებში ხალხი სხვა პლანეტიდან არის და პერიოდიული ინფორმაციის ექსპოზიცია FBI-ს ფსიქოლოგ, დოქტორ გრანტის მიერ, (ჰეილი მილისი) რომელიც გვეუბნება თუ როგორ მოიქცეოდა ბოროტმოქმედი ამ სიტუაციაში და ასევე მცირე დეტალებს გვაძლევს მის შესახებ. მესამე აქტიდან თითქოს ფილმი კარგავს იმ ინტრიგას და კონცეპტის ეფექტურობას რაზეც თავდაპირველად იყო აგებული. ცოტათი პათეტიურია აგრეთვე კუპერისა და მისი ცოლის რეიჩელის (ელისონ ფილი) დიალოგი და აგრეთვე ღიმილს იწვევს ჩვენი ბოროტმოქმედის მუდმივი ლტოლვა გაქცევისადმი, თითქოს იგი არასდროს ნებდება: თვალის დახამხამებაში იცვლის ტანსაცმელს და უჩინარდება ბრბოში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ ამ მინუსებს ადვილად აკომპენსირებს ჰარტნეტის გენიალური თამაში, უსულო თვალები, გამოხედვა, მზაკვრული ღიმილი, რომლის დროსაც შეიძლება სისხლიც გაგეყინოთ ძარღვებში და ფილმის დინამიურობა, სადაც ყოველ წუთს გამუდმებით რაღაც ხდება და აუდიტორიაც დაძაბულია, აინტერესებს თუ როგორ დაიძვრენს თავს მორიგი ხაფანგიდან კუპერი.
მთლიანობაში, Trap შესაძლოა შედევრი არ იყოს, მაგრამ როგორც ორიგინალური იდეის მქონე ფილმი, საინტერესოდ ცდილობს განვითარდეს, თავისი ინტრიგით, დაძაბულობითა და დინამიურობით. ცოტათი სუსტი მესამე ნახევრის და შიამალანის კლასიკური მინუსების გათვალისწინებით, რომელსაც მარტივად აკომპენსირებს ჰარტნეტის ქარიზმა და ფსიქოპატის დამაჯერებელი პერფორმანსი, “ხაფანგისთვის”, როგორც გასართობი, საპოპკორნე თრილერი დამღლელი საღამოს შემდეგ – შანსის მიცემა ღირს. იმის ფონზე, რაც ახლა ჰოლივუდური სტაგნაციის პერიოდში ხდება – (მუდმივი რიმეიქები, რებუთები და 20-30 წლით დაგვიანებული სიქველები) მსგავსი ფილმები, კრეატიული და ორიგინალური იდეებით – იშვიათია და დასაფასებელია. ასევე, არ არის გამორიცხული რომ, Trap-მა მსგავსი მოცემულობით ბრაინ დე პალმას Snake Eyes და ჰიჩკოკის თრილერებიც გაგახსენოთ.
ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში, ხოლო ციფრული რელიზი ჯერჯერობით უცნობია.
ხაფანგი (Trap)
რეჟისორი: ემ ნაით შიამალანი (M. Night Shyamalan)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 45 წუთი