გრძელფეხება (Longlegs) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სატანური პანიკა: ოსგუდ პერკინსის ახალი მისტიური თრილერი ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით

90-იანი წლების პირქუშ, მძინარე ორეგონში, FBI-ს სპეც აგენტი ლი ჰარკერი, თავშეკავებული და ინტროსპექტიული ფიგურა, იწყებს გამოძიებას სერიული მკვლელის “გრძელფეხებას” შემზარავი საქმისა, რომელიც ატერორებს შტატს ათწლეულების განმავლობაში. ამ საქმეს განსაკუთრებით საშინელს ხდის ის, რომ “გრძელფეხება” მარტო არ მოქმედებს. როგორღაც, ის აიძულებს ერთგულ მამებს, აიღონ ცული და გადააქციონ საკუთარი სახლები ენით აუწერელ ხოცვა-ჟლეტის სცენებად, მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ თავი მოიკლან, როცა საშინელება დასრულდება. ყოველი საშინელი დანაშაულის ადგილზე რჩება მხოლოდ სისხლის გუბეები და პატარა ჩანაწერი იდუმალი შიფრით, ხელმოწერილი უბრალოდ, როგორც “გრძელფეხება”. წლების განმავლობაში გამოძიება გაჩერებული იყო, პროგრესი არ ჩანდა, სანამ ლიმ არ აღმოაჩინა ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც დამალული იყო ბოროტ, სატანისტურ სიმბოლოებში. ნუთუ ეს აღმოჩენა დაახლოებს ჰარკერს და მის კოლეგებს მოუხელთებელ მკვლელთან და შეაჩერებენ ისინი შემდეგი ტრაგედიის თავიდან არიდებას?

8 აგვისტოს საქართველოს კინოთეატრებმა დაიწყეს მისტიკური საშინელებათა ფილმის ჩვენება უცნაური სახელწოდებით “Longlegs სულებზე მონადირე”, რომელშიც მაიკა მონრო ფედერალური ბიუროს სპეც აგენტის, ხოლო ნიკოლას კეიჯი იდუმალი სერიული მკვლელის პერსონას ირგებს. დასავლელი კრიტიკოსები კინოს გაშლილი ხელებით შეხვდნენ: შეაქეს მრავალი კომპლიმენტებით, დაწყებული „წლის ყველაზე მომნუსხველი და ატმოსფერული ჰორორ ფილმი“, “თანამედროვეობის “კრავთა დუმილი”, და დამთავრებული “ათწლეულის ყველაზე საშიში ფილმით.“ მართლაც, სურათმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. საქართველოში კი, ფილმი ცოტათი გვიან ჩამოვიდა (პრემიერა 12 ივლისს შედგა), ხოლო რატომ აირჩიეს “სულებზე მონადირე” სახელწოდებაში, და არ თარგმნეს პირდაპირ – უცნობია. ვინაიდან, მთელი ინტრიგა და მისტიურობა ცოტათი იკარგება და მაყურებელი დაახლოებით შემზადებულია თუ რა ელის მას სიუჟეტურად.

“Longlegs”-ის წარმატება დიდწილად შეიძლება მიეწეროს Neon-ის კრეატიულ მარკეტინგს. ფილმის გამოსვლამდე, “ნეონმა” YouTube-ზე 11 პრომო რეკლამა (თიზერი) გააზირა, რომელმაც, 30 მილიონი ნახვა მოაგროვა. ხოლოე ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი მარკეტინგისა, მაიკა მონროა, რომელიც პირველად შეხვდა მომზადებულ კეიჯს გრიმში, მომენტი, რომელიც მას არ განუცდია სცენის გადაღებამდე, რამაც ცხადია, არც ისეთი დადებითი რეაქცია გამოიწვია მსახიობში. Seattle Times-მა ასევე გამოაქვეყნა რეკლამა იდუმალი კოდით, “ზოდიაქოს მკვლელის” მსგავსად, რომელიც დევიდ ფინჩერის ნამუშევრებს მოგაგონებდათ და მკითხველები რეტრო სტილის ვებსაიტზე გადაჰყავდა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი “გრძელფეხებას” საშინელი დანაშაულებები. იმავდროულად, თავად მანიაკი საგულდაგულოდ იყო “დამალული” საზოგადოების თვალისგან, დაახლოებით ისე, როგორც მარველმა “დამალა” ვარსკვლავური კამეოები “Deadpool and Wolverine”-ში. ამ სტრატეგიულმა საიდუმლოებამ და ჭკვიანურმა სარეკლამო კამპანიამ ფილმისადმი ნამდვილი ინტერესი გამოიწვია მის გამოსვლამდე. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგი, რომელიც აქცევს ამ დეტექტიურ თრილერს ოკულტური ელემენტებით აღსავსე, ყურების ღირსად – გამოცდილი პიარ კამპანიის მიღმა “Longlegs” ნამდვილად გამოირჩევა თავისი მახასიათებლებით.

“Longlegs”, დეტექტიურ-მანიაკალური ჟანრის თრილერი, რომელიც მოგვაგონებს საკულტო კლასიკას, როგორიცაა “Silence of the Lambs” და “Seven”, სრულყოფილად ერწყმის „The Amityville Horror“-ის (რეალურ ტრაგედიაზე დაფუძნებული) ზებუნებრივ ელემენტებს. მათთვის, ვისაც არ ახსოვს, 1974 წელს რონალდ დეფეო უმცროსმა ჯერ მშობლები მოკლა, შემდეგ კი ორი ძმა და ორი და – მოვლენა, რომელიც სიმბოლურად ირეკლავს ამ ფილმის სიუჟეტის 1970-იან წლების ეპოქას. (კერძოდ კი ფლეშბექს, ლის ბავშვობიდან, ხოლო მოქმედება 90-იანების ადრეულ წლებში ხდება) აქ, შეშლილი მკვლელი, რომელიც გროტესკულ შოკ როკერს წააგავს, თავს არიდებს სწრაფ, სისხლიან სლეშერს. ამის ნაცვლად, ის ბინადრობს ბნელ, დაძაბულ და უკიდურესად ატმოსფერულ პოსტ-ჰორორ გარემოში. სწორედ ან მიდგომამ გამოიწვია ასეთი ძლიერი რეზონანსი მაყურებელში. სამწუხაროდ დღესდღეისობით, საშინელებათა ფილმების მოყვარულებს ვეღარ აშინებენ ყალბი სისხლის ვედროებითა და შეშლილი მანიაკით, რომელიც ცულით დასდევს უმწეო ქერა გოგონას. ის, რაც ახლა მოდაშია – არის თავად “მისტიკა” – საგულდაგულოდ განთავსებული მითითებებითა და მინიშნებებით, რომლებიც ქმნიან ერთგვარ ინტრიგის და დაძაბულობის დამაჯერებელ გრძნობას.

ხანდახან, ფილმის ნელი, აუჩქარებელი თხრობის ტემპის შეწყვეტა იშვიათი შიშის მომენტებით, უფრო სწორედ “ჯამფსქერებით” ხდება, რომლებიც მოულოდნელი მონტაჟის ცვლილებებითაა მიღწეული, თუმცა ზოგჯერ, ეს მომენტები არ სრულდება ისე ეფექტურად, როგორც იყო დაგეგმილი. მთლიანობაში “გრძელფეხება” უდავოდ ფორმალისტური ნამუშევარია, რომელიც გამოირჩევა თავისი განსხვავებული სტილით. პერსონაჟები ბინადრობენ ბუნდოვან, თითქმის კლაუსტროფობიურ სამყაროში, დადიან ვიწრო დერეფნებში და ჩაკეტილ სივრცეებში, რომლებიც ასევე ასახავს აგენტ ჰარკერის არეულ ფსიქიკას. პერკინსი ზოგჯერ ზღაპრულ მოტივებს ეყრდნობა – რაც გასაკვირი არ არის, თუ გავიხსენებთ მის ერთ-ერთ ნამუშევარს საშინელებათა ჟანრში – “ჰენზელი და გრეტელი”. ამის მაგალითი კი სცენაა, სადაც ვიღაცა მთავარი გმირის განმარტოებული სახლის კარზე აკაკუნებს, რომელიც ბნელ ტყეში მდებარეობს. ეს ელემენტი ფილმის ატმოსფეროს კიდევ უფრო ამძაფრებს, რომელსაც ავსებს ზედმიწევნით შემუშავებული ხმის დიზაინი, რაც შეფარულად აძლიერებს მაყურებლის დისკომფორტს.

და, რაღა თქმა უნდა, ეს სატანისკენ მიმართ უცნაური ლტოლვა ასე შემზარავი არ იქნებოდა, ნიკოლას ქეიჯის გიჟური შესრულების გარეშე, რომელიც თითქმის ამოუცნობია მძიმე მაკიაჟის ფენების ქვეშ. ქეიჯმა დიდი ხანია აჩვენა ნიჭი ველური სიგიჟის განსახიერებაში – იქნება ეს გატანჯული ანტიგმირი Ghost Rider-ში, სადაც ეშმაკთან შეთანხმება ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს, თუ Mandy-ს ვისცერული სიგიჟის დროს, რომელიც ასახავს მისი კარიერის შემდგომ ეტაპებს, როგორც ფრენსის ფორდ კოპოლას ექსცენტრიული ძმისშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ქეიჯის საეკრანო დრო შეზღუდულია დაახლოებით ისე, როგორც ჰანიბალ ლექტერის “კრავთა დუმილში”, მისი პორტრეტი – დაუვიწყარია. ამავდროულად, მაიკა მონრო აგრძელებს თავის ტრადიციას, რომ ათწლეულში ერთხელ ითამაშოს სპეციფიურ ჰორორ ფილმებში: ათი წლის, მან მიიღო მონაწილეობა დევიდ რობერტ მიჩელის შესანიშნავ ფილმში – It Follows, ხოლო ახლა, როგორც ჩანს, ისტორია მეორდება პერკინსის ახალ ნამუშევარში.

სამწუხაროდ, “გრძელფეხება” არც ისეთი უნაკლოა როგორიც ის კრიტიკოსთა უმეტესობამ შერაცხა. რეჟისორის ნელი და ზანტი თხრობის ტემპი ბევრისთვის შესაძლოა რაღაც მომენტში დამღლელი იყოს, ბოლომდე არ მიჰყვეს ისტორიას და რელიგიურ/სატანისტური სიმბოლიკაც ვერ აღიქვას სერიოზულად. ხოლო ჩვენი მთავარი გმირი, ლი ჰარკერი, (მაიკა მონრო) რომელიც ფლობს უნიკალურ უნარებს, (გაძლიერებული ინტუიცია, ტელეპათია) რაზეც ჯერ კიდევ დასაწყისში იყო მინიშნება, ბოლომდე არ არის გამოკვლეული და თითქმის იგნორირებულია. გამოტოვებული შესაძლებლობა, რომელიც ამ უცნაურ ისტორიას უფრო მეტ ინტრიგას შემატებდა. ფინალისკენ, ოსტატურად ნაშენები სტრუქტურა ნელ-ნელა იშლება და ეფექტურობას ჰკარგავს – იწყება კლასიკური exposition dump ბანალური ზებუნებრივი ტვისტით, სადაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ხსნის სიუჟეტურ კვანძებს და ფარდას ხდის მისტიურობას. კარგი იქნებოდა, ფილმი უეცრად რომ გაწყვეტილიყო და მაყურებელს თავად ემტვრია თავი თუ როგორ განვითარდებოდა შემდგომ ისტორია. შესაბამისად, ბევრი მისტიური თრილერის ფანი შეიძლება იმედგაცრუებული და მოტყუებულიც კი დარჩეს იმით რასაც ფილმი ჰპირდება პირველ/მეორე ნახევარში, თითქოს ეს ყველაფერი დიდებულ ან ორიგინალურ კულმინაციამდე უნდა მისულიყო, სამაგიეროდ რასაც ვიღებთ ჩვეულებრივი შაბლონური “ეშმაკისეული შეპყრობის” სცენარია, მაგრამ დეტალებში არ ჩავეძიები, სპოილერის თავიდან ასაცილებლად. ეს თავად მაყურებელმა განსაჯოს.

მიუხედავად იმისა, რომ რთულია მივაკუთვნოთ ისეთი ხმაურიანი ეპითეტები “გრძელფეხებას”, რომლებსაც ზოგიერთი ინგლისურენოვანი კრიტიკოსი იყენებს, ფილმი ნამდვილად იმსახურებას ყურადღებას. ის გამორჩეული გზით მიდის, თავისი უნიკალური მიდგომით, რომელმაც შესაძლოა წლევანდელ კინემატოგრაფიულ ლანდშაფტში აღიარებაც დაიმსახუროს. ამასთანავე, ის გვახსენებს, რომ დიდ საიდუმლოებებზე პასუხი ხშირად ჩვენს ირგვლივაა, რომელიც უბრალოდ აღმოჩენას ელიან. აშკარა მინუსების გათვალისწინებით, Longlegs გამოირჩევა სპეციფიური ცივი, სტერილური ატმოსფეროთი, დაძაბული მომენტებით, სისხლიანი და გრაფიკულად შემზარავი სცენებითა და სულის შემხუთველი გარემოთი – ის ყველა ელემენტი, რითიც ზემოაღნიშნული პრობლემები ცალსახად კომპენსირდება.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში, ხოლო ციფრული რელიზი დაგეგმილია – 23 აგვისტოს

გრძელფეხება (Longlegs)
რეჟისორი: ოსგუდ პერკინსი (Osgood Perkins)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 41 წუთი

78/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
ხაფანგი (Trap)

ხაფანგი (Trap)

ემ ნაით შიამალანის ახალი, უცნაური, დაძაბული თრილერი კატა-თაგვობანას სტილში ემ

შემდეგი
უცხო (Alien)

უცხო (Alien)

"კოსმოსში არავის ესმის შენი კივილი" - რიდლი სკოტის კლასიკა 45 წლის შემდეგ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share