“კოსმოსში არავის ესმის შენი კივილი” – რიდლი სკოტის კლასიკა 45 წლის შემდეგ
ორმოცდახუთი წლის წინ, რიდლი სკოტმა სამყაროს გააცნო ფილმი “უცხო”, რომელიც სამუდამოდ შეცვლის სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელების ჟანრებს. დღეს, როდესაც Alien Romulus-ის (2024) გამოსვლის მოლოდინში ვართ, (დარჩა სულ რაღაც რამდენიმე დღე) დროა გავიხსენოთ ფილმი, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო – შედევრი, რომელმაც არამხოლოდ დროს გაუძლო, არამედ დღესაც აგრძელებს შიშისა და აღტაცების გამოწვევას. “უცხო” – ეს მხოლოდ ფილმი არ არის, ეს მოგზაურობაა, კოსმოსის ყველაზე ბნელ კუთხეებში, სადაც უნაპირო სიცარიელე ერთდროულად გაშინებს და გიზიდავს. იმ მომენტში როცა “ნოსტრომო” უხმაუროდ გადაადგილდება ეკრანზე, გარშერმორტყმული კოსმოსის ცივი ვაკუუმით, სადაც საზღვარი ადამიანსა და უცხოს, ნაცნობსა და უცნობს შორის იშლება.
ფილმის საწყისი მომენტები ჰქმნის სიმშვიდის ილუზიას, შევდივართ უსაფრთხოების ცრუ განცდებში, როდესაც ჩვენ ვმოგზაურობთ ხომალდის სტერილურ დერეფნებში. მაგრამ ეს მაცდური გარეგანი ყოფა მალავს ნელ, მცოცავ შიშს, შეგრძნებას იმისა, რომ რაღაც უხილავი, ენით აუწერელი სადღაც ახლოს იმალება ჩრდილში. ეს დაძაბულობა ჰქმნის “უცხოს” ასეთ დაუვიწყარს. ფილმი არა მხოლოდ ასახავს ამ შიშებს, არამედ გვაიძულებს, რომ ეს “ნოსტრომოს” ეკიპაჟთან ერთად განვიცადოთ. Alien-ის ცენტრში იმყოფება არსება – შექმნილი ისეთი იდეალური პროექტირებით, ისეთი საშინელების განსახიერებით, რომ ის ხდება ბოროტების ერთგვარი ხატი. ქსენომორფი, თავისი ბიომექანიკური ელეგანტობით, წარმოადგენს ჩვენს ყველაზე პირველყოფილ შიშებს როგორიცაა: ამოუცნობის, ძალადობის და სიკვდილის შიში. H.R. Giger-ის დიზაინი დღესაც ისეთივე შემზარავია როგორც 1979 წელს, ხორცისა და მეტალის შემაძრწუნებელი შერწყმა, რომელიც ერთდროულად არის როგორც უცხო, ასევე შემაშფოთებლად ნაცნობი.
ელენ რიპლის სახე, სიგურნი უივერის შესრულებით – უნებლიე გმირი, რომელიც იძულებული ხდება გაუმკლავდეს არსებულ სიტუაციას, რათა გადარჩეს, რჩება განმსაზღვრელ მომენტად კინემატოგრაფში. რიპლი – ეს არის საშინელებებში გამოწრთობილი პერსონაჟი, მისი ტრანსფორმაცია ეკიპაჟის ფრთხილი წევრიდან შეუბრალებელ, შეუპოვარ ადამიანად, კარგად წარმოადგენს ადამიანის სულის სიმტკიცეს. უივერი რიპლის ანიჭებს ისეთ ძალას და დაუცველობას, რომელიც მას არა მხოლოდ გმირად აქცევს, არამედ გადარჩენის სიმბოლოდ წარმოუდგენელი სიძნელეების წინააღმდეგ.
ტემპი ფილმისა – სასპენსისა და დაძაბულობის შექმნის მასტერკლასია. სკოტი ზრუნავს თითოეული სცენის შექმნაზე, აძლევს ტერორს საშუალებას, განვითარდეს ნელა და თითქმის მტანჯველად. აქ ვერ შეხვდებით ისეთ ბანალურ ხრიკებს როგორიცაა – “ჯამფსქერები” (უეცარი შეხტომა) ან”სქრიმერები”, ერთგვარი იაფფასიანი, მარტივი შოკები. “უცხო” ამყოფებს მაყურებელს დაძაბულობის და შიშის მარწუხებში, იმის შეგრძნებით, რომ ნებისმიერ მომენტში ყველაფერი სხვანაირად შეიძლება წარიმართოს. და როდესაც ის საბოლოოდ იჩენს თავს, კერძოდ კი chestburster-ის სცენაში, სადაც “უცხოს” პირვანდელი ჩანასახი, პატარა ორგანიზმი, ეკიპაჟის ერთ-ერთი ინფიცირებული წევრის მკერდიდან სკდება – დღესაც კი იწვევს უკონტროლო შიშის მომენტს, რომელსაც წლების შემდეგაც არ დაუკარგავს თავისი ძალა. საინტერესოა ასევე რეჟისორის თავისებური მიდგომა – “Less is more”, (ნაკლები არის მეტი) რომელიც ეხება ქსენომორფის ქმნილებას. ფილმში არც ისე ხშირად ვხვდებით მას, მხოლოდ ცოტახნით, რამდენიმე წამით, ისიც ნაპრალებიდან, კუთხეებიდან ან ბნელი ადგილებიდან, როდესაც ის ნადირობს როგორც ნამდვილი, გონიერი მტაცებელი. ეს ძვირფასი “ინგრედიენტი” კი საკმარისია დაძაბულობის და ატმოსფერული შიშის “გამოსაცხობად”, რათა ეს ყველაფერი სულელურ სლეშერში არ გადაიზარდოს, სადაც პირდაპირ შეეძლო რეჟისორს ეჩვენებინა ურჩხული მთლიანი სხეულით და საფრთხის დონე ცოტათი დაწეულიყო, დამსხვრეულიყო ინტრიგა და შესაბამისად დაძაბულობაც. თანაც წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზული იქნებოდა რეზინის და ლატექსის ფორმაში შემოსილი მსახიობის სირბილი “ნოსტრომოს” ხომალდის დერეფნებში.
“უცხო” ასევე ატმოსფეროთი გაჯერებული ფილმია. “ნოსტრომო” თავისი პირქუში, ვიწრო დერეფნებით და ლაბირინთებით, ისეთივე მნიშვნელოვანი პერსონაჟია , როგორც ეკიპაჟის წევრები. ხომალდი თითქოს სიცოცხლითაა სავსე, მექანიკური გულისცემით, რომელიც მის ცარიელ დერეფნებში ისმის. ხმის დიზაინი ფილმისა, მონოტონური და ამავედროს ისეთი, რომელიც “ძვარ-რბილში ატანს”, აძლიერებს იზოლაციის შეგრძნებასა და სასოწარკვეთას, იმ დროს, როცა ლეგენდარული ჯერი გოლდსმითის მუსიკა ერთდროულად საშიში და ეთერული, იჭრება ამ სიცარიელეში ერთგვარი “შიშის ჩურჩულით”.
საბოლოო ჯამში, “უცხოს” მარადიული აქტუალობის საიდუმლო წარმოსდგება თვისებაში, გამოიწვიოს უნივერსალური შიში და წარმოაჩინოს ისეთი სახით რომ, დარჩეს აქტუალური წლების შემდეგაც. მიუხედავად ფუტურისტული გარემოცვისა, Alien ღრმად ადამიანური ფილმიცაა – ისტორია გადარჩენაზე, ამოუცნობზე, სიცოცხლის სიმყიფეზე სიკვდილის ზღვართან. 45 წლის შემდეგაც, ის რჩება საშინელებათა ჟანრის ეტალონად, ფილმი რომელიც აგრძელებს დაიპყროს და შესძინოს მაყურებელს შიშის განცდა. თავისებური “ბნელი ვარსკვლავი” კინემატოგრაფიის ცაზე, რომელიც არ ქრება. ველოდებით რა “უცხო: რომულუსს,” ჩვენ გვესმის რომ ის უნდა შეესაბამებოდეს იმ მემკვიდრეობას, რომელიც Alien-მა დატოვა. ხოლო იქნება ის ღირსეული ორიგინალისა თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს. მხოლოდ ერთია აშკარა: 1979 წლის Alien ძველებურად აგრძელებს ჩვენი სიზმრების დატერორებას და შთაგონებას მომავალი თაობების რეჟისორებისა – შედევრი რომელიც დაძველდა როგორც კარგი ღვინო და ყოველი წლის შემდეგ უფრო მდიდრდება და ღრმავდება.
ვარსკვლავები შეიძლება გაქრნენ, ცივილიზაციები შეიძლება განადგურდნენ, მაგრამ “უცხო” დარჩება, როგორც მარადიული კივილი სიცარიელეში.
Alien: Romulus-ის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დაგეგმილია 15 აგვისტოს
უცხო (Alien)
რეჟისორი: რიდლი სკოტი
ხანგრძლივობა: 1 საათი და 57 წუთი