ნაცნობი ქსენომორფების დაბრუნება ფედე ალვარესის ახალ ნამუშევარში, სავსე სისხლით, ტერორითა და კლაუსტროფობიით.
მიტოვებულ სამთო კოლონიაში, სადაც ახალგაზრდა მუშები Weyland-Yutani კორპორაციის კონტროლის ქვეშ მონურად შრომობენ, ბიჭების ჯგუფი თავისუფლებისკენ მიისწრაფვის, იდეალურ შემთხვევაში კი, შორეულ პლანეტაზე. ისინი ერთიანდებიან ობოლ გოგონა რეინთან (კეილი სპეინი), და მის სინთეტურ ანდროიდ “ძმასთან” ენდისთან (დევიდ ჯონსონი) ერთად, რომლებიც შეიმუშავებენ თამამი გაქცევის გეგმას: მიაღწიონ მიტოვებულ კოსმოსურ ხომალდს და გამოიყენონ მისი hypersleep კაფსულები გრძელი მოგზაურობისთვის, იმის იმედით რომ უკეთეს სამყაროში გაიღვიძებენ. თუმცა, ყველაფერი ისეთი ადვილი არ არის როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა: ადგილზე მისვლისას, ახალგაზრდების გუნდი აღმოაჩენს, რომ ხომალდი მთლად ბოლომდე არ არის მიტოვებული: მათთან ერთად ქსენომორფებისა და facehugger-ების სახიფათო მოსახლეობა ცხოვრობს.
15 აგვისტოს, საქართველოს კინოთეატრებში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფრენჩაიზის “უცხოს” ახალი, მეშვიდე (თუ AVP: Aliens Vs Predators-ის ორ ნაწილს არ ჩავთვლით) ფილმის პრემიერა შედგა. თუმცა, სანამ ახალ ნაწილს პირადად ვნახავდი, ხმამაღალი “ჰაიპისა” და აჟიოტაჟის მიუხედავად, “რომულუსის” მიმართ მაინც ცოტათი სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, იმის გათვალისწინებით რომ, დიდებულმა რეჟისორებმა – რიდლი სკოტმა (Alien) და ჯეიმს კამერონმა (Aliens) მხოლოდ კარგი თქვეს ალვარეზის ნამუშევარზე. სკეპტიციზმს აქვს თავისი მიზეზები: სკოტმა უკვე დიდიხანია დატოვა საეჭვო, ბუნდოვანი მითოლოგია “უცხოს” ფრენჩაიზში Covenant-ის შემდეგ და 7 წლიანი დუმილის პერიოდში, ყველასთვის საყვარელი ქსენომორფები არავის უნახავს. (თუ რათქმაუნდა არ ჩავთვლით ვიდეოთამაშებს – Alien Dark Descent და Aliens Fireteam Elite) ხოლო კამერონი კი ზედმეტად იყო აღფრთოვანებული “ტერმინატორის” ახალი ნაწილებით, (კერძოდ კი – Genysis, Dark Fate) რომლებიც დევიდ ელისონმა გადაიღო. ჩვენი, თაყვანისმცემლების ნდობა ფედე ალვარესისკენ იყო მიმართული, ურუგვაელი რეჟისორისადმი, რომლის დანიშვნამ დიდი ოპტიმიზმი გამოიწვია. ალვარესი მაყურებლისთვის უცნობი არ უნდა იყოს, მისი კარიერა დაიწყო კრეატიული მოკლემეტრაჟიანი 4 წუთიანი ფილმით გადაღებული სულ რაღაც 300$-ზე და შემდეგ შემოგვთავაზა საკულტო ფილმის Evil Dead-ის რიმეიქი 2013 წელს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და სასტიკი ნაწილი ფრენჩაიზის ისტორიაში.
“რომულუსი” წარმოადგენს იმ კოსმოსურ სადგურს, სადაც ფილმის უმეტესობა ვითარდება. რეჟისორი ფილმის განმავლობაში ასევე გვანიშნებს (და რამდენიმე წუთით გვანახებს კიდეც) რომ არსებობს ტყუპი სადგური “რემუსიც,” რომელიც უკავშირდება ამავე სახელწოდების მითოლოგიურ ტყუპებს – რომისა და რომაული იმპერიის დამფუძნებლებს.
ამ პროექტისთვის ფედე ალვარესმა კინოს ტრადიციული კინოს გადაღების მიდგომა აირჩია, რაც მოიაზრებს პრაქტიკულ დეკორაციებს, ანიმატრონიკულ/მექანიკურ არსებებისა და მინიატურების გამოყენებას. ამ ხედვის მისაღწევად მოყვანილ იქნა სპეც ეფექტების ჯგუფი, რომელსაც ნამუშევარი ჰქონდა ჯეიმს კამერონის Aliens-ზე, 1986 წელს. “რომულუსის” შთაგონება მოვიდა “უცხოების” ერთ-ერთი წაშლილი სცენიდან, რომელიც მოგვიანებით სპეციალურ გამოცემაში შევიდა. ალვარესი იხსენებს: “მე ვუყურებდი სცენას, სადაც ბავშვები დარბოდნენ კოლონიის დერეფნებში და ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ამ ბავშვებისთვის სამყარო, რომელიც ჯერ კიდევ ათწლეულების მანძილზე იყო დაშორებული სრულ ტერაფორმირებას. თუ ოდესმე ამ სამყაროში მოვყვები ამბავს, მსურს გამოვიკვლიო და ვნახო როგორები გახდებოდნენ ეს ბავშვები ზრდასრულობაში.” იმათთვის ვინც “უცხოს” სერიებთან არ არის ცნობილი, მინდა შევახსენო რომ “რომულუსის” სიუჟეტი ქრონოლოგიურად პირველ “უცხოსა” და მეორე ნაწილს, “უცხოებს” შორის არის მოქცეული, 20 წლის დაშორებით.
ალვარესი საკმაოდ კარგად აყალიბებს დაძაბულობას და საშინელებათა ელემენტები აქ ძლიერია, მიუხედავად ოდნავი ზანტი სტარტისა. (დაახლოებით მეორე ნახევრისკენ, ფილმი უკვე იწყებს “დაქოქვას”) მაგრამ როგორც კი სათამაშო მოედანზე, უფრო სწორედ კლაუსტროფობიულად ჩამხუთველ და სტერილურ დერეფნებში – ქსენომორფები და facehugger-ები ჩნდებიან, ეს მართლაც რომ, დიდებული სანახაობაა. ფილმის მსვლელობისას ვხვდებით სხვადასხვა საინტერესო სეგმენტებს (სხვათაშორის პერსონაჟთა სიმწირის მიუხედავად, მთავარი პერსონაჟი საკმაოდ ლოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებს) როგორიცაა – facehugger-ებით სავსე ოთახის რაც შეიძლება ჩუმად გავლა, ან თუნდაც სახალისო, ექშენით სავსე ნულოვანი გრავიტაციის სეკვენციები, სადაც რეინი ქსენომორფების არმიას ებრძვის ყველასთვის ცნობილი პულსური შაშხანით (რომელსაც კოლონიის საზღვაო ქვეითები იყენებენ) და შემდეგ, ენდისთან ერთად ცდილობს გაიაროს, “გაცუროს” ამ ურჩხულთა მჟავიან სისხლში და რაღათქმაუნდა მესამე, ფინალური აქტი, რომელზეც ბევრი კრიტიკოსი და ფანი ორ ნაწილად გაიყო. დავტოვებ ცოტაოდენ ინტრიგას და სპოილერის თავიდან ასაცილებლად, დეტალებში აღარ ჩავეძიები, მაგრამ ერთს ვიტყვი – ფრენჩაიზის თაყვანისცემლებისთვის პატარა, ნაცნობი სიურპრიზია. ამ მხრივ “რომულუსი” “რელსებიდან ბოლომდე გადადის” და ერთ-ერთი ყველაზე საშიში, დაძაბული და ამავედროს უცნაური ფილმი ხდება.
ჰორორ ელემენტები რომ გვერდით გადავდოთ, ამის მიღმა მე მაინც ვფიქრობ, რომ ალვარესმა აქ საკმაოდ სოლიდური სამუშაო შეასრულა ვიზუალური ნაწილის მხრივ. სამყარო მშვენივრად არის დახატული, ჩვენ წინაშეა სიღარიბითა და იძულებითი შრომით გადაფარული კოლონია, მიტოვებული სადგურები – “რომულუსი” და “რემუსი,” ჭუჭყიანი, იზოლირებული და დამაჯერებელი დერეფნებით. წარმოების დიზაინი უბრალოდ შთამბეჭდავია. ეს ყველაფერი კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, განპირობებულია ალვარესის დაჟინებული თხოვნით ყველაფერი ყოფილიყო პრაქტიკულ/ნამდვილი სპეცეფექტებით, მინიმალური CGI-ითა და ციფრული მანიპულაციებით. ეს დღევანდელ კინემატოგრაფსა და ციფრულ ეპოქაში ნამდვილი “სუფთა ჰაერი” და ამავედროს იშვიათი სანახაობაა, რომელიც ძველ დროში გვაბრუნებს და გვახსენებს თუ რითი იყო გამორჩეული “უცხოს” ძველი ნაწილები. ფილმი თითქოს ერთდროულად გაჯერებულია ალვარესის 2016 წლის ჰორორ ფილმის Don’t Breathe-ის და პირველი “უცხოს” დაძაბული ატმოსფეროთი, სადაც ყოველი ნაბიჯი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ირონიულია ის ფაქტიც რომ, ორივე ფილმში ანტაგონისტი ბრმა არის და მსხვერპლებს შეგრძნებით პოულობს. “რომულუსზე” ზოგს შეიძლება პოლ ანდერსონის Event Horizon-იც გაახსენდეს, რომელიც თითქმის იმავე მოცემულობით გამოირჩევა, სადაც ასევე გაუჩინარებული ხომალდის მოსაძებნად უშვებენ გუნდს, რომელიც შემდგომ ფატალური შედეგით სრულდება. ლამაზი ვიზუალების, მშვენიერი დეკორაციების გარდა, რეჟისორმა საინტერესოდ მიმოაბნია წინა ნაწილების “რეფერენსები” და “ომაჟები”, აქ შეხვდებით როგორც პირველი ორი ნაწილის თითქმის იდენტურ სცენებს, ასევე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენას მესამე ნაწილიდან და მეოთხე ნაწილიდანაც კი. გარდა ფილმებისა, ალვარესი ვიდეოთამაშ Alien: Isolation-ის მხურვალე ფანიც ყოფილა და “რომულუსში” შეხვდებით სტრატეგიულად განლაგებულ ე.წ. easter egg-ებს, რომელიც დიდ როლს თამაშობს ნარატივში და აგრეთვე ექშენ სცენებშიც.
“აიმაქსში” Romulus-ის ხილვა ყურებისთვის ნამდვილი დღესასწაულია, რადგან ფილმში ხმა უბრალოდ ბრწყინვალეა. თქვენ პირდაპირ გრძნობთ თავს მოვლენების ცენტრში: ქსენომორფის კბილების კრაჭუნი, აღჭურვილობის ხმაური, განგაშის სირენები, გასროლის ხმები – ყველაფერი დამაჯერებლად ჟღერს. ბენჟამინ ვოლფიშის საუნდტრეკი კი ამ საშიში სანახაობას მშვენიერ აკომპანიმენტს უწევს, აცოცხლებს ბევრ სცენას და ეპიკურობას სძენს.
ამდენი პოზიტივის შემდეგ, ძალიან არმინდა “რომულუსის” მინუსებზე და ნაკლოვანებებზე ვისაუბრო, თუმცა ამის გარეშე რეცენზია სამწუხაროდ არ გამოვა. რამდენადაც ცალკემყოფი სიუჟეტია Romulus-ში, რაც ახალბედა ფანებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, დაახლოებით ისე როგორც Rogue One-ია “ვარსკვლავური ომების” სამყაროში, ისტორია თვითონ ცოტათი მოსაწყენი და ნაკლებად ორიგინალურია. მძარცველების გუნდი რომელსაც დასაწყისში ვეცნობით, ნაკლებად საინტერესოა და პერსონაჟთა უმეტესობა უბრალოდ უკანა ფონისთვისაა და ქსენომორფთა “საზარბაზნე ხორცია.” თუმცა მთავარი გმირის, რეინის და ანდროიდი ენდის ურთიერთობა და ქიმია საკმაოდ საინტერესო, ემოციური და გამორჩეულია. რაც შეეხება რეინს, თამაშობს ქეილი სპეინი (Civil War, Priscilla) მშვენივრად, მომენტებში შესაძლოა ელენ რიპლიც მოგაგონოთ, თუმცა “ნოსტრომოს” გადარჩენილ გმირთან მას საკმაოდ ბევრი უკლია. არანაკლებ ქებას იმსახურებს ანდროიდი ენდი, (დევიდ ჯონსონი) რომელიც იდეალურად ირგებს როგორც დეფექტური ანდროიდის როლს და Weyland-Yutani-ს ჩიპის ჩატვირთვის შემდეგ შეუპოვარ მიზანმიმართული რობოტის პერსონასაც. ბევრი “ფან-სერვისის” მიუხედავად, “რომულუსი” თითქოს ერთგვარი პოპურია წინა ნაწილებისგან, რის გამოც ის თავის ორიგინალურობას “კარგავს” და ბევრისთვის დამღლელი იყოს. (აქ უკვე გააჩნია “უცხოს” თაყვანისმცემელს) მიუხედავად ამისა, ამ მინუსებს მარტივად აკომპენსირებს ისევ და ისევ თვალისმომჭრელი სპეც ეფექტები, ვიზუალური მხარე, ეპიკური სექციები, რომლებიც იყო და ყოველთვის იქნება ამ ჟანრის სიცოცხლისუნარიანობის წყარო. თანაც, Prometheus-ის და Covenant-ისგან განსხვავებით, “რომულუსში” ნაკლები ფილოსოფიაა და უფრო მეტი დრო ეთმობა ქსენომორფთა სისხლით ხომალდის დერეფნის კედლების შეღებვას ან პირიქით.
საერთო ჯამში, ვფიქრობ ფედე ალვარესმა მოცემულ დავალებას კარგად გაართვა თავი და “უცხოს” გულშემატკივრებიც კმაყოფილნი დარჩებიან. ფილმში საკმარისად არის ტერორის, დაძაბულობის, შიშის, ექშენის, იზოლაციისა და სტერიული სიცარიელის ელემენტები. “რომულუსის” სამყარო ბიომექანიკური კოშმარია, სადაც რეპროდუქციის თემები ახალ, საშიშ სიმაღლეებამდეა მიყვანილი, ხოლო თავად კინო აღვიძებს 70-80-იანი წლების დაკარგულ სულს, იმ დროს, როდესაც ეკრანული სამყარო ავთენტური და თითქმის ხელშესახები იყო. შესაძლოა “უცხოს” სამყარო ამოწურა თავისი ახალი ტერიტორიების გარღვევის უნარი და ვეღარ შეძლო ამოუცნობი სივრცეების შესწავლა. მაგრამ როცა ეკრანი ივსება მცოცავი არსებებით, სირენების ხმაურით, პანიკით და ცეცხლსასროლი იარაღით, ეს ეჭვები მალევე ქრება. თითქოს ფრენჩაიზის ხომალდი განუხრელად მიისწრაფვის ლეგენდარული H.R. Giger-ის წარმოსახვის ბნელი პლანეტებისკენ და არ აპირებს თავის კურსს გადაუხვიოს. ხოლო მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, გირჩევთ “რომულუსი” აიმაქსის დარბაზში ნახოთ და მანამდე გადაიმეოროთ პირველი ნაწილი.
ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში, ხოლო ციფრული რელიზის თარიღი ჯერჯერობით უცნობია
უცხო: რომულუსი (Alien: Romulus)
რეჟისორი: ფედე ალვარესი (Fede Alvarez)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 59 წუთი