“ყოველთვის ხომ არ იწვიმებს” – გოთიკური ელეგია 30 წლის შემდეგ
იყო დრო, როდესაც ადამიანებს სწამდათ, რომ როცა ვიღაც კვდება, ყვავი მის სულს გარდაცვლილთა ქვეყანაში მიაქანებს, მაგრამ ზოგჯერ ყვავს შეუძლია დააბრუნოს ეს სული, რათა არასწორი საქმეები გამოასწოროს. სანამ მსოფლიო (მეტნაკლებად) Crow-ს ახალ რემეიქს ელოდება, (სულ რაღაც რამდენიმე დღეში) მანამდე შეგვიძლია გავიხსენოთ 1994 წლის ორიგინალი ბრენდონ ლის მონაწილეობით. ფილმი – რომელიც, სამი ათწლეულის შემდეგაც კი, რელევანტურია როგორც გოთიკურ, ისე სუპერგმირულ ჟანრებში. მას შემდეგ, შავი ტყავის ლაბადა, მაისური და რეზინის ჩექმები ბევრმა მსახიობა მოირგო: ვინსენტ პერესმა City Of Angel-ში, ერიკ მაბიუსმა (უფრო თბილი ქურთუკი, ვიდრე ლაბადა) Salvation-ში, მარკ დაკასკოსმა Stairway to Heaven-ში, (Crow-ს ხანმოკლე სერიალი 1998 წლის) ედვარდ ფურლონგმა Wicked Prayer-ში და ახლა ჯერი ბილ სკარსგარდზე მიდგა. რამდენად წაბილწავს ან გამოანათებს ეკრანს ახალი ნაწილი ამას სულ მალე გავიგებთ, ამასობაში კი შეგვიძლია დროებით დავბრუნდეთ კრიმინალითა და წვიმით სავსე დეტროიტში და გავიგოთ რამდენად შეიწყალა დრომ პირველი “ყვავი.”
ტრაგედიის შედეგად დაბადებული და მწუხარების ატმოსფეროში გაჟღენთილი Crow შთაგონებული იყო მისი შემქმნელის, ჯეიმს ო’ბარის ცხოვრებაში მომხდარი სევდიანი მოვლენების სერიით. კომიქსი, რომელზეც არის დაფუძნებული 1994 წლის ფილმი, ო’ბარმა შექმნა თავისი საცოლის სიკვდილთან გამკლავების მიზნით, რომელიც მთვრალმა მძღოლმა მოკლა უბედური შემთხვევის შედეგად. ეს შურისძიებითა და მწუხარებით სავსე ისტორიაა, სადაც ფილმის ყოველი კადრი ატარებს ო’ბარის პირადი ტკივილის სიმძიმეს. ხოლო რეჟისორმა ალექს პროიასმა (რომელიც იმდროისთვის ძირითადად მუსიკალურ კლიპებს იღებდა ისეთი ჯგუფებისთვის როგორიცაა INXS, Fleetwood Mac, Alphaville, Cutting Crew) ეს უხეში, ემოციური მასალა ვიზუალურად განსაცვიფრებელ და ემოციურად რეზონანსულ კინოს ნიმუშად აქცია.
The Crow მოგვითხრობს ერიკ დრეივენის ისტორიას, როკ-მუსიკოსის, რომელიც ზებუნებრივი ყვავის მეშვეობით სიცოცხლეს უბრუნდება, რათა შური იძიოს საკუთარი და თავისი შეყვარებულის სასტიკ მკვლელებზე. ახალგაზრდა ბრენდონ ლის მიერ ნათამაშები დრეივენის როლი, ნამდვილად გამორჩეულია. მისი შესრულება როგორც მელანქოლიური, ისე გულწრფელია, კარგად ასახავს ადამიანს რომელიც სიყვარულსა და შურისძიების შორის არის გახლეჩილი. სამწუხაროდ ფილმის გადაღება ლის უეცარმა გარდაცვალებამ დროებით შეაჩერა. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას, პისტოლეტი, რომლიდანაც უნდა გაესროლა ერთ-ერთ პერსონაჟს, არ შემოწმდა კარგად და შესაბამისად, ლი ნამდვილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ხოლო კადრს მიღმა მომხდარი ეს ისტორია საკმაოდ ტრაგიკული და ცოტათი ბუნდოვანია, რაც ფილმის ისედაც ბნელ ნარატივს რეალური მწუხარების ფენას ჰმატებს. მაგრამ ჩვენი, მაყურებლის გულებში ლის მემკვიდრეობა, ისევე როგორც მისი პერსონაჟი, კვლავ ცოცხალია. “ყვავი” კი, დღესაც რჩება მტკივნეულ შეხსენებად მისი ნიჭისა და სიკვდილის გარშემო არსებული ტრაგიკული გარემოებების. საბედნიეროდ, ფილმის დასრულება მაინც მოხერხდა სხვადასხვა ციფრული მანიპულაციებითა და ლის დუბლიორ, კასკადიორის ჩედ სტაჰელსკის მიერ. (მოგვიანებით უკვე Jonh Wick-ის რეჟისორი)
ვიზუალურად, The Crow ალბათ გოთიკური კინოს შედევრია. პროიასის რეჟისურა, დარიუშ ვოლსკის ოპერატურულ ოსტატობასთან ერთად, ქმნის სამყაროს, რომელიც იგრძნობა როგორც რეალური, ასევე არამიწიერი. ქალაქის ხედები ნამდვილი დისტოპიური კოშმარია: წვიმით გაჟღენთილი ურბანული ჯუნგლები, სადაც კრიმინალი ბობოქრობს, გაყიდული პოლიციელები ხელს აფარებენ ერთმანეთს, სადაც ჩრდილები დიდია, ხოლო სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ხაზი ბუნდოვანი. “ყვავის” ესთეტიკა, რომელიც ძლიერად არის შთაგონებული გოთური და პანკ სუბკულტურებით, ბნელი, სევდიანი და ლამაზად მელანქოლიურია. მინიმალური CGI და სტილიზებული ვიზუალების გამოყენება განაპირობებს ფილმის დროის მდგრადობას, რაც დღესაც კარგად გამოიყურება.
“ყვავის” საუნდტრეკი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელზეც შეილება საათობით ვილაპარაკოთ. სავსე ისეთი ცნობილი ბენდების ნაწარმოებებით როგორებიცაა The Cure, Nine Inch Nails, My Life With The Thrill Kill Kult, Machines Of Loving Grace, Pantera და Rage Against the Machine, მუსიკა შესანიშნავად ერწყმის ფილმის ტონალობასა და ატმოსფეროს. მართალია ეს საუნდტრეკი წარმოადგენს 90-იანების ალტერნატიული როკისა, ინდასტრიალის და გრანჟის ერთგვარ დროის კაფსულას, მაგრამ ის დღემდე ემოციურად ძლიერია, როგორც მაშინ. მუსიკა “ყვავში” არ არის მხოლოდ უკანა ფონი, ის ჩართულია ნარატივში, რაც აძლიერებს ამა თუ იმ სცენის წონას, ატმოსფეროს და შეიძლება კიდევ ერთ პერსონაჟადაც კი ჩაითვალოს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთისთვის “ყვავი” შეიძლება ჩვეულებრივი B კლასის ფილმი იყოს კარგი პროდუქციით, სამსახიობო დასით, ტიპური რევანშის ისტორიითა და ადვილად პროგნოზირებადი განვითარებით, ვფიქრობ ფილმი თავის ჟანრის შეზღუდვებს სცილდება ემოციური სიღრმით, ვიზუალური სტილითა და კულტურული გავლენით. The Crow რეზონირებს მრავალ დონეზე, სიყვარულის და დანაკარგის შეწავლიდან შურისძიებისა და გამოსყიდვის ასახვამდე. ფილმის თემები უნივერსალურია, მისი ესთეტიკა გამორჩეული, ხოლო მისი გავლენა – მარადიული. 30 წლის შემდეგაც კი, “ყვავი” რჩება სემინალურ ნამუშევრად – ბნელ, პოეტურ ისტორიად სიყვარულზე, დანაკარგზე და შურისგების დაუმარცხებელ სულზე.
რამდენიმე ტრეილერის, ფოტოების გადასაღები მოედნიდან და ინფორმაციების შემდეგ, მეეჭვება ვინმე მოუთმენლად ელოდებოდეს “ყვავის” ახალ ადაპტაციას, თუმცა არსებობს იმედის მცირე ნაპერწკალი, რომ მან შეიძლება აღბეჭდოს თუნდაც მცირე ნაწილი იმისა, რაც ორიგინალს ასე განსაკუთრებულს ხდიდა. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა 2024 წლის ვერსია პატივი სცეს The Crow-ს მემკვიდრეობას. მაგრამ ერთი რამ ცხადია: როგორი ცუდი ან განსხვავებული არ უნდა გამოვიდეს რუპერტ სენდერსის ვერსია, ორიგინალი “ყვავი” ყოველთვის დარჩება როგორც სიყვარულისა და შურისგების ძალის სევდიანი დასტური.
ყვავი (The Crow)
რეჟისორი: ალექს პროიასი (Alex Proyas)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 42 წუთი