საინტერესო ნეო-ნუარი ცნობილი “კომანდოს” რეჟისორისგან
წ
კაზინოს მენეჯერმა ლას-ვეგასში მიითვისა ერთი მილიონი დოლარი. ქურდობის აღმოჩენის შემდეგ, ხელმძღვანელობამ ფულის დაბრუნება გადაწყვიტა. ერთ-ერთი ბუღალტერი ამ ფულით, ჩემოდნით ხელში გარბის, მაგრამ კლავენ. ხოლო ტაქსის ახალგაზრდა მძღოლმა რომელიც ამ ადამიანს ემსახურებოდა, ამ ინციდენტის მოწმე გახდა და მხოლოდ მოგვიანებით იპოვა ფულით სავსე ჩემოდანი უკანა სავარძელზე. ამ მომენტიდან კი, ახალგაზრდა მძღოლის სიცოცხლე დამოკიდებული ხდება იღბალზე, ჩემოდანზე და მუდმივ მოძრაობაზე, რათა გადარჩეს.
რეჟისორმა მარკ ლ. ლესტერმა, ლეგენდარული “კომანდოს” (არნოლდ შვარცნეგერით) და კომედიური ექშენ ფილმის “შეტაკება პატარა ტოკიოში” (ბრენდონ ლის და დულფ ლუნდგრენის დუეტი) ძალა ნეო-ნუარის ჟანრში მოსინჯა და შემოგვთავაზა “გაქცეულის ღამე,” რომელიც სავსეა სხვადასხვა კარგი მომენტებით, მიუხედავად გაუთვალისწინებელი ფაქტორებისა. ფილმის დებიუტი შედგა ამერიკული საკაბელო ტელევიზიის არხების ქსელ, HBO-ზე, სანამ შემდეგ პირდაპირ VHS-ზე გამოვიდოდა. შესაბამისად “გაქცეულის ღამეში” ხშირად შეხვდებით ვულგარულ, ეროტიულ და ბრუტალურ სცენებს. ერთ-ერთი ასეთი, გახსნით სცენაშია, სადაც ვხვდებით ერთი შეხედვით უწყინარ, ჯენტლმენ, მაგრამ ამავდროს პირქუშ, ულმობელ ცივსისხლიან ქილერს – დევიდ ეკჰარტს, (სკოტ გლენი) რომელიც თავის საყვარელთან ნებივრობს ლოგინში და მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე უმტვრევს კისერს, როგორც კი ეს უკანასკნელი მისი ვინაობით დაინტერესდება. ფილმი მალევე იღებს სადავეებს ხელში, როდესაც ენდრიუ მაკკარტის პერსონაჟი, ლოგანი, არც ისე ჭკვიანი და თავზე ხელაღებული ტაქსის მძღოლი, შემთხვევით პოულობს დიდძალ ფულს, რაც წარმოშობს გაუთვალისწინებელ მოვლენათა ჯაჭვს, რომელიც მალევე აინტრიგებს მაყურებელს.
“გაქცეულის ღამის” ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი, მისი ფამილიარული, ნაცნობი ფორმულაა, კლასიკური ნეო-ნუარული სიუჟეტი, სადაც “ერთი ჩვეულებრივი ადამიანი პოულობს უამრავ ფულს და იწყება გართულებები.” ერთი შეხედვით მილიონჯერ ნანახი და თქმული ფორმულა, რომელიც ყოველთვის კარგად მუშაობს, თუ რათქმაუნდა – შესრულებაც შესაბამისია, ლესტერი კი ამ დავალებას კარგად ართმევს თავს. ლას-ვეგასის წარმტაცი კადრები მისი გაჩირაღდნებული სინათლით და ნამდვილი, ავთენტური ატმოსფეროთი ანიჭებს სურათს გარკვეულ მომხიბვლელობას . მაღალი დონის ოპერატორული ნამუშევარი, ჰქმნის გარკვეულ ვიზუალს , როცა მაყურებელი ეშვება ლას-ვეგასის ბნელ სამყაროში.
სკოტ გლენის პერფორმანსი ეკჰარტის როლში – სულისშემძვრელია. ის განასახიერებს ცივსისხლიან მკვლელს, რომელიც ყოველთვის მშვიდია, ცინიკოსი და გაანგარიშებული – ვინც გადაეღობება გზაზე, უმტვრევს კისერს, თხრის თვალებს, არავის ინდობს და ყველა საქმე ბოლომდე მიჰყავს. მიუხედავად ენდრიუ მაკკარტის არც ისე კარგი შესრულებისა უიღბლო (უხეირო) ლოგანის როლში, მაინც მეტ-ნაკლებად კარგია. მართალია, ლოგანის გულუბრყვილო გადაწყვეტილებების სურვილები რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად მაყურებელში გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ ფილმში ეს აძლიერებს სასოწარკვეთილების თემას. მაკკარტის გმირის სასიყვარულო ინტერესი, შესრულებული მომხიბლავი ჯენეტ განის მიერ, მატებს ფილმს ერთგვარ რომანტიკის ელემენტს და ხდის მის სარისკო მოგზაურობას უფრო ადამიანურს.
“გაქცეულის ღამე” საინტერესოა და აქვს გარკვეული ინტრიგა, მაგრამ აქვს თავისი ნაკლოვანებები. მას თითქოს აკლია No Country For Old Men-ის სერიოზულობა და სკორსეზეს კლასიკური დახვეწილობა, ისეთი როგორიც After Hours-შია. ფილმის სიუჟეტში ბევრჯერ შეხვდებით მომენტებს, როდესაც ლოგანის ესა თუ ისე გადაწყვეტილება, აშკარად სულელურია ან ლოგიკას მოკლებული. (გირჩევდით მოიმარჯვოთ ბევრი ე.წ. suspension of disbelief) მისი ხასიათის უკეთ დამუშავება, ან სულაც ოდნავი წინა ისტორია წარმომავლობისა, დაეხმარებოდა მაყურებელს უკეთ გაეგო როგორ რისკზე მიდიოდა ის და რატომ. თუმცაღა, კატა-თაგვობანას მძაფრი, საინტერესო თამაში გლენსა და მაკკარტის შორის კომპენსაციას უწევს ამ მინუსებს და ფილმს ძალზედ მომხიბვლელს ხდის.
დასამახსოვრებელია ასევე ერთ-ერთი პირქუში ფსიქოპათის და ასევე ეკჰარტის ძმაკაცის, დერეკ მილსის (ჯონ გლოვერი) როლი, რომელიც წარმოადგენს სნობს და იყენებს წამების სასტიკ მეთოდებს. განსაკუთრებით კი სცენა მდუღარე წყლით წამებისას წარმოადგენს ერთ-ერთ ძნელად აღსაქმელს, ტოვებს არასასიამოვნო შეგრძნებას და აძლიერებს ფილმის ინტენსივობას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოროტმოქმედს მცირე დრო აქვს დათმობილი, გლოვერის შესრულება აძლიერებს მისი შეშლილობის შთაბეჭდილებას.
ფილმის საუნდტრეკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ავთენტური ატმოსფეროს გასაძლიერებლად. მართალია ასეთი ჟანრის ფილმისთვის დასასრული ზედმეტად “ჰეფი ენდური” იყოს, მაგრამ როგორღაც მუშაობს, რომლის ნაწილი განპირობებულია გლენის და მაკკარტის დამაჯერებელი თამაშის წყალობით. ზოგისთვის “გაქცეულის ღამის” დასაწყისი შეიძლება ცოტათი ზანტი იყოს და მისი სიუჟეტის ადვილად-პროგნოზირებადობაზე მალევე აიბზუოს ცხვირი, მაგრამ ეგზეკუცია ამ ყველაფრისა – სოლიდურია. ექშენი და ძალადობა არც თუ ისე ბევრია ან ხშირი, მაგრამ როცა არის – ძლიერი, ბრუტალური და სისხლიანია. განსაკუთრებით ფინალური ბრძოლის დროს.
მთლიანობაში, “გაქცეულის ღამე” ეს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ სიმპატიური, “ჩამალული მარგალიტია” ნეო-ნუარის ჟანრში. ფილმი გვთავაზობს დაძაბულობის და მღელვარების 90 წუთიან რბოლას, რაც სავსებით საკმარისი უნდა იყოს მაყურებლის დაინტერესებისთვის. ხოლო მინუსებსა და ნაკლოვანებებს აკომპენსირებს ინტენსიური დევნა, მშვენიერი პერფომანსები და ლას-ვეგასის ატმოსფერული ფონი. ლესტერის რეჟისურა და თავბრუდამხვევი სიუჟეტი ჰქმნის “გაქცეულის ღამეს” თრილერად, რომელიც უნდა ნახოთ. მართალია წიგნი, რომელზეც ფილმია დაფუძნებული არ წამიკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ისიც ასევე დაძაბული იქნება როგორც ეს ადაპტაცია.
ფილმის ნახვა შესაძლებელია იუთუბზე
გაქცეულის ღამე (Night Of The Running Man)
რეჟისორი: მარკ ლ. ლესტერი (Mark L. Lester)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 33 წუთი