თვალით მანიშნე (Blink Twice) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

რადგან მილიარდელია არ ნიშნავს რომ კეთილია… ფსიქოლოგიური თრილერი ზოი კრავიცის სოლიდურ სარეჟისორო დებიუტში

როდესაც ტექნოლოგიების მილიარდერი სლეიტერ კინგი ხვდება კოქტეილის მიმტან ფრიდას მის საქველმოქმედო გალაზე, ის მას და მის მეგობრებს იწვევს სამოთხის მსგავს კუნძულზე საოცნებო წვეულებაზე. ველური ღამეები მალევე ერწყმის მზით გაჟღენთილ დღეებს, ყველა ბედნიერი და მხიარულია, მაგრამ როცა კუნძულზე უცნაური მოვლენები იწყება, ფრიდამ ცდილობს გამოავლინოს სიმართლე. მთავარ როლებში: ჩენინგ ტატუმი, ნეიომი აკი, ალია შოკეტი, კრისტიან სლეიტერი, საიმონ რექსი.

22 აგვისტოს საქართველოს კინოთეატრებში ზოი კრავიცის სადებიუტო თრილერის Blink Twice-ის პრემიერა შედგა. სცენარზე მუშაობა მან ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, რომლის პირვანდელი სახელწოდება ცოტათი კონტროვერსიული, Pussy Island იყო. ხოლო 2021 წლისკენ, ზოიმ გადაწყვიტა სცენარის ფილმად გადაქცევა, დაიხმარა ი.თ ფაიგენბაუმი (High Fidelity-ს სერიალი) და იმავე წელს დაიწყო ფროდაქშენი და გადაღებები მექსიკის ლოკაციებში, კერძოდ კი – იუკატანში და კინტანა-როოს შტატში. 2 წლის შემდეგ, პრემიერამდე ორი თვით ადრე კრავიცი დაფიქრდა, გადახედა ფილმის სახელს და 2024 წლის იანვარში სახელწოდება Pussy Island – Blink Twice-ით შეიცვალა. ცვლილებას თავისი მიზეზები ჰქონდა, რაშიც როგორც სტუდია, ისე კინოთეატრებიც ჩაერივნენ, თუმცა ზოი ამ ყველაფერს თავისი პოზიციით ხსნის და აკონკრეტებს რატომაც გადაიფიქრა პირვანდელი სახელწოდება. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ამ ცვლილების შესახებ შეგიძლიათ ამ ბმულზე გადახვიდეთ.

დაუსრულებელი გართობა, შამპანურის ცუნამი, აუარებელი კოქტეილების ზღვა, მზის მცხუნვარე სხივები, ცივი აუზი, ეგზოტიკური კერძები, სხვადასხვა სუბსტანციები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც კოუდი (საიმონ რექსი) ამბობს “წინაპრებთან შეგახვედრებთ.” ყოველი დღე ერთი და იმავე სასიამოვნო რუტინაში იზრდება, ყველა კარგ დროს ატარებს და თითქოს დრო ამ კუნძულზე გაჩერებულია. თითქოს ყველა კომპონენტი იდეალური შვებულებისთვის და განტვირთვის ადგილზეა, მაგრამ როგორც ასეთი მოცემულობა ზოგჯერ ზედმეტად კარგია რომ სიმართლე იყოს. ასე შეაქვს ნელ-ნელა ეჭვი ჩვენ მთავარ გმირს ფრიდას, რომელიც დამღლელი ოფიციანტობის რუტინიდან – თავისუფალ, უდარდელ წვეულებაზე აღმოჩნდა, ის აღარაა უხილავი, როგორც მას თავისი უფროსი ეუბნება, შენიშვნის მიცემის დროს, უცხო ხალხის ვიწრო, მაგრამ ხალისიან წრეში ის გახსნილად გრძნობს თავს. თუმცაღა დრო და დრო ფრიდა უცნაურ რაღაცეებს ამჩნევს კუნძულზე, კერძოდ კი ერთ-ერთ დამლაგებელს, რომელიც მას “წითელ კურდღლად” მოიხსენიებს. ხოლო მანამდე, მისთვის განკუთვნილ ოთახში შესვლისას ის დიდიხნის გამოყენებულ მანიკიურს პოულობს, რომელსაც ის მალევე აგდებს ნაგავში. ფრიდა ოფიციანტობასთან ერთად, დამწყები მანიკიურის, ფრჩხილების სპეციალისტია და მოსწონს ცხოველების დახატვა, რასაც იგი უცნაურ, მაგრამ ჭკვიანურ სახელს “ფრჩხოველებს” არქმევს. დაბნეული ფრიდა ამ უცნაურობებს ჰალუცინაციებს მიაწერს, ისხამს სუნამოს (რომელიც ამ ისტორიაში დიდ როლს თამაშობს) და განაგრძობს ხალისიანად დროის გატარებას მეგობრების წრეში.

როგორც წესი, მსახიობების ამპლუას შეცვლა და რეჟისორის სავარძლის მორგება ცოტათი სარისკო, 50/50ზე გადადგმული ნაბიჯია, ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ ვერა. ცუდად არ გამიგოთ, ზოი მშვენიერი მსახიობია, მაგრამ მარკეტინგის გათვალისწინებით და ტრეილერიდან გამომდინარე (უკეთესი იქნება თუ ფილმზე “ბრმად” შეხვალთ, უფრო მეტი ინტრიგისთვის) სკეპტიკურად განვეწყვე მისი დებიუტის მიმართ, თუმცა ნახვის შემდეგ, სკეპტიციზმი მალევე გამიქრა, რადგან ფილმი სავსეა როგორც ინტენსიურობით, ასევე სასპენსით, როგორც კი ის სწორ “რელსებზე” დგება. მართალია, პირველი ნახევარი და მეორე ნახევრის ცოტაოდენი ნაწილი ზედმეტად ბევრ დროს უთმობს პერსონაჟთა დაუსრულებელ გართობას, სეირნობებსა და წვეულებებს, სანამ მოვლენები უჩველო ხასიათს მიიღებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფილმი აქა-იქ წამიერად აგდებს პატარ-პატარა მინიშნებებს, თუმცა იმდენი ხანი არა რომ დაძაბულობა გამოიწვიოს, მაგრამ როგორც კი მთლიან სურათში ბზარების გამოჩენა იწყება და ნელ-ნელა ფარდა ეხდება ამ მისტიურობას, მძაფრი ატმოსფერო დრამატულად იზრდება. ერთგვარი calm before the storm (სიმშვიდე ქარიშხლის წინ) მიდგომა, რომელიც მაყურებელს რაღაც დიდებულისთვის ამზადებს. აქვე დავამატებდი ორიგინალურ ფილმის სახელწოდების გამოჩენას ეკრანზე, რომელიც როგორც ფოტო აპარატის ეფექტი – წამიერად ჩნდება ეკრანზე, დაახამხამებ თუ არა თვალს, მალევე ქრება, მას შემდეგ როდესაც კრისტიან სლეიტერის პერსონაჟი აპარატით მომარჯვებული, დაიყვირებს – “Say, making memories!”

ატმოსფეროს და ინტრიგის გარდა, Blink Twice ასევე გამოირჩევა საკმაოდ კარგი ეფექტებით, ოპერატურით, კადრებითა და ფერთა სიმკვეთრით. ჩვენ შეგვიძლია ბოლომდე შევიგრძნოთ და დავტკბეთ კუნძულის სილამაზით, როგორც სახლის მყვირალა წითელი ფერით, დიდებული ინტერიერებით, ისე გარეთ არსებული სიმწვანეებით და საშიში ქვეწარმავლებით, რომლებიც რამდენჯერმე ჩანს ფილმში და ასევე დიდ როლს თამაშობს სიუჟეტში. საინტერესოდ არის ასევე ჩასმული ქამელეონისა და “პიეტას” ქანდაკების სიმბოლიკა დასაწყისში, რომლის გაანალიზებაც ფილმის ფინალისკენ მარტივი ხდება, როგორი ბანალურიც არ უნდა ჩანდეს ერთი შეხედვით. საუნდ დიზაინიც ასევე იმსახურებს აღნიშვნას, რომელიც ვფიქრობ ერთ დონეზე დგას Civil War-თან. ეს ყველაფერი მშვენიერ, ავთენტურ საზაფხულო, გასართობ განწყობას ქმნის და ჩვენ, მაყურებლებიც თითქოს იქ ვართ, სლეიტერ კინგის წვეულებაზე და მის კომპანიაში ვატარებთ დროს. იმავე ტრეილერებიდან გამომდინარე, სამსახიობო დასზეც შესაძლოა მცირეოდენი სკეპტიციზმი დაგებადოთ, მაგრამ საბედნიეროდ ყველამ კარგად ითამაშა, ისეთ სიტუაციებშიც კი როცა Blink Twice შეიძლება ოდნავ მოსაწყენი ყოფილიყო.

მსახიობები “თვალით მანიშნეში” მშვენივრად თამაშობენ. ნეიომი აკი კარგად ირგებს უიღბლო ქალის როლს, რომელსაც ცხოვრებაში დიდად არ უმართლებს და ამოსდის ცხოვრებაში ერთადერთი შანსი, რომ იყოს ბედნიერი. თუკი ფრიდა თავიდან კარგად გრძნობს, შემდეგ ის თანდათანობით ხვდება, რომ მას საფრთხე ემუქრება და რომ სლეიტერი არც ისეთი კარგი ადამიანია, როგორიც მას ერთი შეხედვით ეგონა. ნეიომის ეს პერსონაჟის ცვლილება დამაჯერებელია და ბუნებრივი. ფრიდასთან ერთად ვხვდებით მის მეგობარს – ჯესს, (ალია შოკეტი) რომელთან ერთადაც ხვდება ამ კუნძულზე. მათი ქიმიაც მშვენიერია. სამსახიობი დასის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მომხიბვლელი ადრია არიონაა, (რომელიც შეიძლება გახსოვდეთ რიჩარდ ლინკლეიტერის ახალ ფილმიდან – Hit Man) ძლიერი, ყოფილი რეალითი-შოუს მონაწილე, თავიდან იქცევა როგორც ცივი, დისტანციაზე მყოფი ადამიანი, მაგრამ მალევე იცვლება მეორე ნახევრისკენ და უმეგობრდება ფრიდას, როცა რაღაცებს თანდათანობით სინათლე ეფინება. ამ ყველაფერს აგვირგვინებს Blink Twice-ს უმთავრესი ვარსკვლავი – ჩენინგ ტატუმი და ერთი რამ ნათელია, ამ მსახიობს ნამდვილად აქვს დიაპაზონი გარდაისახოს ნებისმიერი სახის პერსონაჟად, იქნება ეს ენაკვიმატი, მხიარული გამბიტი “დედპული და ვულვერინიდან”, კომიკური, მხიარული ჯენკო 21 Jump Street-იდან თუ ნაკლებად სანდო ტექმილიარდერი სლეიტერ კინგი, რომელიც საკმაოდ საშიშ და დამაჯერებელ ანტაგონისტს ქმნის, რომლის სერიოზულად აღქმა სავსებით არ წარმოადგენს პრობლემას. მთავარი მსახიობების გარდა, მეორე პლანზე ვხვდებით სხვადასხვა ნაცნობ სახეებს, მცირე როლებით მაგრამ დასამახსოვრებელი მომენტებით. ესენია – კრისტიან სლეიტერი, რომელსაც თავისი ქარიზმა არსად დაუკარგავს, ჩინებული ჯინა დევისი – სლეიტერი კინგის ასისტენტისა და დის როლში, კაილ მაკლაქლენი (ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი დეილ კუპერი “ტვინ პიკსიდან”), მხიარული ჰეილი ჯოელ ოსმენტი (“ფორესტ გამპი,” “მეექვსე გრძნობა”) და ქარიზმატულად სასაცილო საიმონ რექსი (“წითელი რაკეტა,” “ძალიან საშიში ფილმი 3, 4, 5”) რომლის ყოველი გამოჩენა ღიმილს იწვევდა. მართალია, ამ პერსონაჟებს მცირე დრო აქვთ დათმობილი და მთავარი პერსონაჟების ფონზე მალევე იჩრდილებიან, მაგრამ მათი არსებობა სიუჟეტს უფრო გასართობს და საინტერესოს ხდის.

სცენარი და სიუჟეტი Blink Twice-ის კარგია, მიდის საინტერესოდ და აღვივებს ინტრიგას იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს ეს კუნძული. მისტიკა იწყება მცირე დოზებით (უცნაური სუბსტანციები, სუნამოები, სუფთა, გამოცვლილი ტანსაცმელი ყოველდღე და ა.შ.) მაგრამ მალევე ერთდება ერთმანეთში, და მიექანება საკმაოდ დაძაბულ კლიმაქსამდე. ფილმი ასევე ეხება მეხსიერებისა და ძალაუფლების თემებს, რაზეც სლეიტერ კინგი ფიქრობს რომ დავიწყება ზოგიერთი მეხსიერებისა, ერთგვარი საჩუქარია. პატიება არ არსებობს და მისი აზრით, არაფერს ცვლის. გარდა ამისა, ფილმი ეხება ისეთ თემებს როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობა, მანიპულაცია ასევე გვთავაზობს ახალ ხედვას ე.წ. #MeToo-ს შესახებ. ამ მხრივ “თვალით მანიშნე” კუნძულის ირგვლივ არსებულ მისტიურობას საინტერესოდ და კომპეტენტურად ინარჩუნებს. შესაძლოა ზოგიერთი წამოწეული თემა ცოტათი ზედაპირული და ნაკლებად ღრმა იყოს, მაგრამ შესაბამის ეფექტს მაინც აღწევს და ფინალური ტვისტით აძლიერებს ამ შეგრძნებას.

საბოლოო ჯამში, Blink Twice, ზოი კრავიცისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი დებიუტი გამოდგა. ერთი შეხედვით შეიძლება ფილმმა ბევრი მსგავსი მოცემულობის ნამუშევრები გაგახსენოთ, ისეთები როგორიცაა The Menu, Triangle Of Sadness, Saltburn და შეიძლება Get Out-საც კი შეადაროთ, მაგრამ ზოი როგორც ჩანს, ცდილობს გასცილდეს ბანალურ, გაცვეთილ eat the rich მესიჯს და სხვანაირი კუთხით წარმოაჩინოს “მდიდრულ კუნძულზე არსებული წვეულების” ფორმულა, სადაც უფრო რელევანტურ, მნიშვნელოვან თემებს ეხება. ხოლო რაც უფრო ნაკლები ინფორმაციით შეხვალთ Blink Twice-ს საყურებლად, მით უფრო კარგი ეფექტი ექნება ნახვისას. მიუხედავად ოდნავ ადვილად-პროგნოზირებადი მომენტებისა, ზოი კრავიცი მაინც ახერხებს ინტრიგის, მისტიურობის შენარჩუნებას და ასრულებს ამ ყველაფერს, მძაფრი მესამე ნახევრით.

თვალით მანიშნე (Blink Twice)
რეჟისორი: ზოი კრავიცი (Zoë Kravitz)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 42 წუთი

78/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Magdalena Bay – Image

Magdalena Bay – Image

| Album: Imaginal Disk

შემდეგი
ყვავი (The Crow)

ყვავი (The Crow)

"ყვავის" გაცოცხლების კიდევ ერთი (წარუმატებელი) მცდელობა

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share