ყვავი (The Crow) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

“ყვავის” გაცოცხლების კიდევ ერთი (წარუმატებელი) მცდელობა

შეყვარებულები, ერიკ დრეივენი და შელი ვებსტერი სასტიკად მოკლეს, როდესაც შელის ბნელი წარსულის დემონები მათ თავს დაატყდნენ. ერიკს ეძლევა შანსი გადაარჩინოს თავისი ნამდვილი სიყვარული საკუთარი თავის მსხვერპლად, ბრუნდება სისხლიანი შურისძიებისთვის, რომ დაამარცხოს მკვლელები და დააბალანსოს ცოცხლებისა და მკვდრების სამყარო, რათა ყველაფერი ისევ სწორ გზაზე დააყენოს.

29 აგვისტოს საქართველოს კინოთეატრებში შედგა საკულტო კლასიკის The Crow-ს ახალი ვერსია. დაარქვით ამას რიმეიქი ან რებუთი ან სულაც ხელახალი წარმოსახვა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: როცა რეჟისორი ასეთი კალიბრის ფილმის თავიდან გადაღებას აპირებს თანამედროვე აუდიტორიისთვის, შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, რასაც ვერ ვიტყოდი ახალ “ყვავზე.” თითქოს რიმეიქი თავიდანვე განწირული იყო ფიასკოსთვის. სატესტო ჩვენებები და პირვანდელი რეაქციები საკმაოდ ცუდი გამოდგა. ბილ სკარსგარდმა (ერიკ დრეივენის შემსრულებელი) დასასრულიც კი დაიწუნა. ორიგინალი, 1994 წლის ფილმის რეჟისორმა, ალექს პროიასმაც არ დაიშურა მცირედი კრიტიკა თავის ფეისბუქ გვერდზე. შეფასებებზე და კინოგაქირავებაში დაწერილ ფულზე რომ არაფერი ვთქვათ. თუმცაღა ამ ყველაფერზე რიმეიქის რეჟისორმა რუპერტ სენდერსმა მშვიდად მიუგო კრიტიკოსებსა და მოძულეებს: “ვფიქრობ ბევრი ხალხი დღესდღეისობით ძალიან აქტიურია ონლაინში ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. გადით გარეთ, გააკეთეთ რამე და ნაკლები დრო დაუთმეთ სხვისთვის ქვების სროლას. კარგი იქნებოდა იმის გააზრება ხალხისთვის რომ ჩემი ნამუშევარი ერთგვარი ხელახალი წარმოსახვაა, განსხვავდება ორიგინალისგან და ცხადია, ორიგინალი არსად წასულა.” რასაც ცალსახად ვეთანხმები, თავგადაკლული ფანობა რომ გვერდით გადავდოთ, ყველანაირ რიმეიქს, ვერსიას ან რებუთს აქვს არსებობის უფლება, ხოლო როგორ მოხდება მისი რეალიზაცია, ეს უკვე თავად რეჟისორზეა დამოკიდებული.

როგორც ჩანს, The Crow-ს ფრენჩაიზის სულმა ვერ მოისვენა, ყვავმა ის კიდევ ერთხელ მოაბრუნა საიქიოდან და სცადა ყველაფრის გამოსწორება – გულის მოგება როგორც ახალი აუდიტორიის, გოთური სუბკულტურის ახალგაზრდა მოყვარულების, ისე ძველი თაყვანისმცემლების, რომელიც არც თუ ისე დიდი წარმატებით დასრულდა. გოთი შურისმაძიებლის ამპლუა წლების განმავლობაში არაერთმა მსახიობმა მოირგო და ტიტულარული გრიმი, შავი ტანსაცმელი ესტაფეტასავით გადადიოდა ხელიდან ხელში: ვინსენტ პერეზი (The Crow City Of Angels), ერიკ მაბიუსი (The Crow Salvation), მარკ დაკასკოსი (ხანმოკლე სერიალი The Crow Stairway to Heaven) და ედვარდ ფურლონგი. (The Crow Wicked Prayer) რიმეიქის ამბავი ახალი არაა, სხვადასხვა სტუდია წლების მანძილზე ცდილობდა ამ იდეისთვის ხორცის შესხმას და ერთი პერიოდი ჯეისონ მომოაც განიხილებოდა მთავარ როლში, თუმცა პროექტი მალევე გაუქმდა და მხოლოდ რამდენიმე ფოტო შემორჩა გადასაღები მოედნიდან, რომელიც რაღაც პერიოდის მერე ამოტივტივდა ინტერნეტ-სივრცეში. და აი, ამ იდეამ ნათელი საბოლოოდ იხილა, ერიკ დრეივენის როლი ბილ სკარგარდსმა შეითავსა და ყველა ინტერესმა და ინტრიგამ მოიცვა, რაც მალევე გაუფერულდა როგორც კი პირველი ფოტოები გამოჩნდა ფილმის პოსტ-პროდაქშენის შემდეგ. ჩვენს წინაშე არა გოთი შურისმაძიებელია ტყავის ქურთუკში და გრიმში, არამედ დაკუნთული, მოკლე თმიანი ემო-თინეიჯერი, mumble რეპერის ვიზუალით და სვირინგებით, რომელიც გაოცების მაგივრად უხერხულობას იწვევს. როგორც ბილი აღნიშნავს, როლზე მუშაობისას, საერთოდ არ ორიენტირდა ბრენდონ ლიზე, რეჟისორთან ერთად გადაწყვიტა ფოკუსირებულიყო სიყვარულის თემატიკაზე, შეექმნათ თავიანთი ახალი ვარიანტი და მოერგოთ თანამედროვე მაყურებლისთვის. სანაქებო მცდელობაა, მაგრამ 35 წლის სკარსგარდი ახალგაზრდა თინეიჯერის როლში უცნაურად გამოიყურება. ვინმე ასე 18-20 წლის ასაკიანი მსახიობი ალბათ ბევრად უკეთესი ვარიანტი იქნებოდა ერიკის როგორც როლისთვის, ისე პერსონაჟისთვის.

თუკი 1994 წლის ორიგინალი ჩვეულებრივი, მარტივი ისტორიისგან გამოირჩეოდა, სადაც სრულიად უდანაშაულო წყვილს სახლიდან გამოსახლების შეწინააღმდეგების მიზნით კლავენ, ახალ ვერსიაში ეს სრულიად შეიცვალა იმით, რომ ამჯერად შელი ვებსტერი საშინელ საიდუმლოს მალავს, რომელიც მისმა მეგობარმა ვიდეოზე აღბეჭდა. ამ ვიდეოს გამჟღავნება კი დიდ პრობლემას წარმოადგენს მთავარი ბოროტმოქმედის ვინსენტ როეგისთვის. (დენი ჰიუსტონი) შესაბამისად შელისა და ერიკის მკვლელობა შანტაჟის მოტივს ეფუძნება, რომლის ინტრიგა და ინტერესი ნელნელა სუსტდება ფილმის მსვლელობის დროს. სენდერსმა, რეჟისორი ისეთი ფილმებისა როგორიცაა Ghost in the Shell და Snow White and the Huntsman, ახალი “ყვავი” საკმაოდ უღიმღამო და სტერილური გახადა: აქ არც სტილი იგრძნობა, არც ამოძახილი, არაფერი. პროიასის ატმოსფერული, საშიში, ბნელი, წვიმიანი დეტროიტის ქუჩები შეცვლილია ჩეხეთის საშუალო დონის პანორამებით, თუმცა წვიმა აქაც მოდის პერიოდულად და შემდეგ წყდება, როცა ორიგინალში ამას თავის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ფილმის რიტმს ასევე აკლია დინამიურობაც; თითქმის ორ საათიან ქრონომეტრაჟზე არაფერი არ ხდება, ყველაფერი მიიზლაზნება ზანტად, მათ შორის ერიკის გამოძიებაც და პირველი 50-55 წუთი დათმობილი აქვს მისი და შელის დაუსრულებელ ვულგარულ, რომანტიული სცენების მონტაჟს – დაწყებული ლოგინის სცენებიდან, დამთავრებული პიკნიკითა და ხიდზე სეირნობის სცენებით. შეყვარებულებს შორის ქიმია ძალიან სუსტია, არ აქვს არანაირი ემოციური დატვირთვა და არადამაჯერებელია. მათ სულ რაღაც 2-3 დღის წინ გაიცნეს ერთმანეთი და უკვე სამუდამო სიყვარულს ეფიცებიან, როცა ძველ ვერსიაში ამ ყველაფერს პატარ-პატარა ფლეშბექებიდან ვეცნობოდით და გვჯეროდა ერიკისა და შელის დიდხნიანი რომანის. ერიკ დრეივენი როკ-მუსიკოსის ამპლუის მაგივრად, ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრშია, (რატომ და როგორ, ამას ფილმი ძალიან ბუნდოვნად ხსნის) გამუდმებით აბულინგებენ და ამას, როგორც ჩვეულებრივი ამბავი ისე ხვდება.

ერიკის პერსონაჟი, გამომწვევი, უცნაური სვირინგების გარდა, ზედმეტად სერიოზულია, აკლია ცოტაოდენი ბნელი იუმორი და ქარიზმა, რაც ბრენდონის “ყვავს” ასე ცნობილს და დასამახსოვრებელს ხდიდა. მაგრამ ბილი აქ უბრალოდ – ცარიელი სიკვდილის მანქანაა, ამასთანავე გამოიყურება სულელურად, რაზეც ერთ-ორ სცენაში გამვლელთა რეაქციაც მეტყველებს. 2024-ის ერიკი უფრო დაბნეულია, ჯიუტი და აკლია თავდაჯერებულობა, დიდიხანი ცდილობს გაერკვეს მის ახლადაღმოჩენილ ძალებში და ხშირად სტუმრობს განსაწმენდელს, სადაც კრონოსი (სემი ბუაჯილა) აძლევს ინფორმაციას თუ რა როგორ უნდა გააკეთოს, ამასთანავე კოვზით აწვდის მაყურებელს ამა თუ იმ ცნობას გოთი შურისმაძიებლის ძალების შესახებ. ერიკის გრიმი, რომელსაც ყოველი გმირი წინა ნაწილებში თავისებურ ვარიაციას აძლევს და ამას თავის მიზეზიც აქვს, აქ საკმაოდ ცუდია; შესაძლოა მოგაგონოთ ელის კუპერის მაკიაჟი, ოღონდ უგემოვნოდ წასმული. ხოლო გრიმის წასმამდე, კრონოსი ამბობს ერთ-ორ სიტყვას შავ სისხლზე, როცა ერიკი თავის შეწირვას გადაწყვეტს შელის სულის გამოსახსნელად, და ეს უფრო ლოგიკური, საინტერესო ახსნა იქნებოდა მისი გრიმის ვიზუალისთვის, ვიდრე უბრალოდ შავი მელნის მოსმა თვალებთან და პირთან. განსაწმენდელის ლოკაციაზე შეიძლება ტარკოვსკის “სტალკერი” გაგახსენდეთ და მადონას კლიპი Frozen თავისი CGI ყვავებით.

რაც შეეხება პერსონაჟებს და ბოროტმოქმედებს, მათზე რეალურად ბევრი არაფერია დასაწერი. თავისი კოლორიტულობისდა მიუხედავად – დენი ჰიუსტონი, ფინელი მსახიობი ლაურა ბირნი, ჩეხი კარელ დობრი უბრალოდ ვერ აღწევენ იმ სახასიათო კრიმინალებს ორიგინალიდან, რომლებიდანაც თითოეულს თავისი ე.წ. მახასიათებელი გააჩნდა – გრძელთმიანი ოკულტისტი მაიკლ ვინკოტის შესრულებით, მისი შეყვარებული ბაი ლინი და დაბალი, მაგრამ სახიფათო დევიდ პატრიკ კელი. ჰიუსტონის პერსონაჟი უბრალოდ მოსაწყენი ტიპია კოსტიუმში, რომელიც ფილმის უმეტესობა ან ზის ან ტელეფონზე საუბრობს, წარმოადგენს ერთგვარ სატანისტს და იხანგრძლივებს სიცოცხლეს უდანაშაულო ხალხის სისხლით. ვისთან ან როდის გააფორმა მან ეს გარიგება – უცნობია, ისევე როგორც მისი წარმომავლობა. ყოველი მისი დაქირავებული ბანდიტი ან “მარჯვენა ხელი” – საშინლად უსახურია, არადასამახსოვრებელი და დავიწყებადი.

მიუხედავად ამდენი მინუსებისა, ფილმი ცდილობს საკუთარი თავის გამოსყიდვას სისხლიანი მესამე ნახევრით, ზუსტად მაშინ როცა საღებავის გაშრობის ექვივალენტის მქონე რიტმისგან დაღლილი მაყურებელი კინოთეატრის დატოვებას ცდილობს. ექშენი ახალ “ყვავში” ძალიან მცირედი დოზით არის მიმობნეული, მაგრამ ყოველგვარ საზღვარს სცდება უკვე ბოლოსკენ. ცხადია, ’94 წლის ორიგინალი იყო ბნელი და თავისებური ხასიათის მქონე, მაგრამ არ უშინდებოდა campy ტერიტორიაზე გადასვლას ცოტაოდენი იუმორითა და სოლიდური ექშენით, თანაც რეალური აქცენტი მაინც და მაინც ძალადობაზე არ იყო გაკეთებული. 2024 წლის ვერსია კი რატომღაც ცდილობს იყოს სიკვდილივით სერიოზული და გადაიხაროს ზედმეტად სტილიზებულ გროტესკულ, გრაფიკულ სისხლიან ექშენში. თუმცაღა, ასეთი სცენების ხილვა აუდიტორიისთვის, ფილმის ისედაც ნელი ტემპის ფონზე ნამდვილი სუფთა ჰაერია. ჩვენ ვაკვირდებით და ვუყურებთ თუ როგორ უსწორდება ერიკი როეგის დაცვის წევრებს ოპერის თეატრში, საოცარი ოსტატობით ფლობს კატანას, პისტოლეტს, ჭრის თავებს, ხელებს და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს. შეხედეთ ამ ყველაფერს როგორც “ყვავის” “ჯონვიკიფიკაცია”, ან უბრალოდ გაიხსენეთ Boy Kills the World-ის სისხლიანი სცენები. საწყენია, როცა ამხელა ქრონომეტრაჟის ფონზე მხოლოდ ეს სანახაობრივი მესამე ნახევარია დასამახსოვრებელი კიდევ ერთ რამდენიმე მომენტთან ერთად, რომელზეც სულ ცოტახანში ვისაუბრებ.

სისხლიანობაზე საუბრისას, შეიძლება აღვნიშნოთ მომენტები როცა ერიკი ამა თუ იმ შეტაკების დროს (რომელიც არც თუ ისე ხშირად ხდება) ზიანდება, დაჭრილია და ძვალიც კი აქვს მოტეხილი. ვინც არ იცის, ნებისმიერი სახის ჭრილობა “ყვავის” შურისმაძიებლისთვის – არაფერია, მალევე რეგენირდება და უბრუნდება პირვანდელ ყოფას, მაგრამ გრძნობს ტკივილს. აქ ყოველი ჭრილობა გრაფიკულად არის ნაჩვენები და მაყურებელიც გრძნობს ყოველი ჭრილობის ფატალურობასა თუ მტკივნეულობას, რაც ორიგინალში თავისებური ოსტატურობით და სტილისტიკით კარგად იყო შენიღბული, სავარაუდოდ იმდროინდელი სპეცეფექტების ლიმიტაციებით. კარგი იყო განსაწმენდელის ჩვენებაც, სადაც ერიკი პერიოდულად ხვდება და ესაუბრება კრონოსს. ვინაიდან, ’94 წლის ვერსიაში, უნდა ყოფილიყო მსგავსი სცენა, სადაც ახლად გაცოცხლებულ ერიკს ეგებება ვინმე გარდაცვლილი სული, ჩონჩხისა და ქოვბოის ტანსაცმლის სინთეზით და აცნობებს თუ რა მოუვიდა მას, თუმცა ბრენდონის გარდაცვალების შემდეგ, ეს სცენა ამოჭრეს და ისე გააკეთეს რომ ერიკი თავისით ხვდება ნელ-ნელა ყვავის მიერ ბოძებულ ძღვენს და ბოლომდე იყენებს მას. ერთ-ერთ სცენაში, კერძოდ კი ჩენსის (ჯორდან ბოლგერი) ოთახში წამიერად ჩნდება Crying Freeman-ის (რომელშიც მთავარ როლს მარკ დაკასკოსი ასრულებს) პოსტერი, რამაც გამიჩინა კითხვა – ნუთუ შეიძლება ეს ერთგვარი easter egg ყოფილიყო “ყვავის” სერიალის Stairway to Heaven-ისა, სადაც ტიტულარულ პერსონაჟს დაკასკოსი თამაშობს, თუმცა ჩემი მცირეოდენი სიხარული მალევე გაუფასურდა, რადგან ჩენსს უბრალოდ მოსწონს იაპონური კულტურა და სამურაები. (რაც არ უნდა ითქვას, მაინც სასიამოვნო დამთხვევა გამოვიდა, რასაც ალბათ მხოლოდ “ყვავის” ჰარდკორ ფანები მიხვდებიან). რასაც ვერ დაუწუნებ ახალ “ყვავს” – ეს მუსიკაა. ცხადია 2024 წლის ვერსია პირველი ორი ნაწილის საუნდტრეკის სიმაღლეებს ვერ წვდება, მაგრამ ცდილობს. აქ შეხვდებით როგორც ახალმოდურ პოსტ-პანკ ჯგუფებს – The Veils და Traitrs, ისე ნაცნობ კლასიკებს გერი ნიუმენის, ენიას და ჯოი დივიჟენის შესრულებით.

საბოლოო ჯამში, შეიძლება აღნიშნული რეცენზია ზედმეტად ნეგატიურად ჟღერდეს, მაგრამ არ ვთვლი რომ ფილმი ისეთი კატასტროფაა როგორსაც ფანები ცდილობენ რომ გამოიყვანონ. საკმაოდ სუსტ მესამე და ავადსახსენებელ მეოთხე ნაწილს 2024 წლის ვერსია ათი თავით ჯობია და ცალსახად მეორე ნაწილსაც, თუმცა ეს ბევრს მაინც არ ნიშნავს. სამსახიობო დასი თამაშობს რასაც შეუძლია ამ მოსაწყენ სცენარში. სენდერსსაც შემოაქვს მცირე ნათელი ამ უღიმღამობის ზეიმში – სისხლიანობის და აქა-იქ კარგი კადრების სახით. კარგია, რომ სიუჟეტს დათმობილი აქვს უფრო მეტი დრო რომ გავიცნოთ შელი და ერიკი მკვლელობამდე ცოტახნით ადრე, მაგრამ კუს სისწრაფის მქონე ტემპისა და საშინლად ცოტა ექშენის ფონზე ეს საკმარისი არაა იმ Crow-ს ენერგიის დოზის მისაღებად, რასაც ფრენჩაიზის ყოველი ფანი ელოდება. შესაძლოა თანამედროვე მაყურებლისთვის, რომელიც არ იცნობს “ყვავს,” რაღაც ეტაპზე მოეწონოს, დრო გაიყვანოს, თუმცა ფანებისთვის რომლებსაც 94 წლის ორიგინალი ძალიან უყვართ თავის საუნდტრეკთან ერთად, იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ამასთანავე, ვფიქრობ რომ ეს რიმეიქი სულაც არ არის ბრენდონ ლის შეურაცხჰყოფა, ვინაიდან როგორც დასაწყისში ვთქვი, ნებისმიერ რიმეიქს და ვერსიას აქვს არსებობის უფლება. არ არის გამორიცხული რომ, აღნიშნული ნამუშევარი მალევე მიეცეს დავიწყებას და ისევ ’94 წლის ფილმს რომ დავესესხოთ:

“..შენობები იწვის, ადამიანები კვდებიან, მაგრამ ნამდვილი სიყვარული მარადიულია.”

ყვავი (The Crow)
რეჟისორი
: რუპერტ სენდერსი (Rupert Sanders)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 51 წუთი

40/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
თვალით მანიშნე (Blink Twice)

თვალით მანიშნე (Blink Twice)

რადგან მილიარდელია არ ნიშნავს რომ კეთილია

შემდეგი
Wunderhorse – Midas

Wunderhorse – Midas

| Album: Midas

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share