სულები, უცნაური პერსონაჟები, საიქიო და 80-იანების შარმი: ტიმ ბარტონის საკულტო კლასიკა 36 წლის შემდეგ
მას შემდეგ, რაც ბარბარა (ჯინა დევისი) და ადამ მეიტლენდი (ალეკ ბოლდუინი) ავტოავარიაში დაიღუპებიან, ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლში “იჭედებიან” როგორც სულები და ვერ ახერხებენ გასვლას. როდესაც გაუსაძლისი დიტზები (კეტრინ ო’ჰარა, ჯეფრი ჯონსი) და მათი თინეიჯერი ქალიშვილი ლიდია (ვაინონა რაიდერი) ყიდულობენ მათ სახლს, მეიტლენდები ცდილობენ დააშინონ ისინი, თუმცა ყოველი მათი მცდელობა წარუმატებლად მთავრდება. მეიტლენდთა ძალისხმევა იზიდავს ვინმე ბითლჯუსს, (მაიკლ კიტონი) მძვინვარე სულს, რომლის “დახმარება” ქმნის იმაზე მეტ პრობლემას მეიტლენდებისთვის ვიდრე საჭიროა.
რამდენიმე დღეში დიდ ეკრანებზე ლეგენდარული “ბითლჯუსის” სიქველს ვიხილავთ, რომელსაც სულ რაღაც 36 წელი დასჭირდა. თრეილერებიდან გამომდინარე, ისტორია საინტერესო მოცემულობას გვპირდება, თუმცა მომენტებში დაჰკრავს “არასაჭირო სიქველის” სიმპტომები; იმედი მაქვს ვცდები და ჩვენს წინაშე ტიმ ბარტონის ამ სურეალისტური კომედიის ღირსეული გაგრძელება წარსდგება. მაგრამ სანამ ახალ ნაწილს ვნახავდეთ, მოდით გადავიმეოროთ პირველი ნაწილი და გავიგოთ როგორ შეინარჩუნა დრომ ეს ფანტაზმაგორია. ამაში ასევე დამეხმარება Faber and Faber-ის 1995 წლის წიგნი Burton on Burton.
“მაიკლ მაკდაუელის მიერ აღწერილი, როგორც “სახალისო ფილმი სიკვდილის შესახებ,” რეტროსპექტივაში, ეს იყო ნამდვილი, კვინტენსენციური ბარტონის მასალა: საზიზღარი, უცნაური, უაღრესად წარმოსახვითი, აღმაშფოთებელი დეკორაციისა და ინოვაციური სპეც ეფექტების პოტენციალით.” რაც, ვფიქრობ მშვენივრად აჯამებს “ბითლჯუსის” არსს: ორიგინალური იდეა აბსურდული შინაარსით. “ფილმს რეალურად არც ჰქონდა რამე ისტორია და რაიმე აზრი ან მორალი. ეს უფრო ცნობიერების ნაკადს ჰგავდა.” – ამბობს ტიმი.
ის, რაც ტიმ ბარტონს უნიკალურს ხდის, არის მისი უნარი – უპრობლემოდ შეაერთოს რეალობის ფრაგმენტები თავისი ფანტაზიით. როცა მის ფილმებში სიკეთე დროდადრო იმარჯვებს ბოროტებაზე, ის არ იგრძნობა რომ ეს წინასწარ არის გაწერილი: უბრალოდ რჩება ისეთი შეგრძნება რომ თითქოს სიუჟეტის ნაწილები ასე დალაგდა. ასე რომ, “ბითლჯუსი” იწყება იქ, სადაც ისტორიათა უმეტესობა მთავრდება – გმირების სიკვდილით. სამყარო, რომელშიც გმირები შედიან, უფრო ჰგავს ჩვენი რეალობის ნეგატიურ სურათს. ყველაფერი უკუღმაა. აქ არ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი; მიცვალებულები ცხოვრობენ ცოცხლებთან ერთად და მათ უნდა ისწავლონ ადაპტაცია.
ეს სამყარო, ორ საპირისპირო ნაწილად დაყოფილი, ჰგავს თოჯინას, ენერგიული და მომხიბვლელია – თვალწარმტაცი, ვრცელი და უცნაურად მყუდრო გარემო. ბარტონი ვარაუდობს, რომ ეს სამყარო ყველას უნდა მოერგოს და ისინი ვინც მასში შეაბიჯებენ, თანდათან სწავლობენ ნავიგაციას, თითოეული ინდივიდი – თავისებურად. ამ მხრივ, რეალური სამყარო და საიქიო საოცრად ჰგავს ერთმანეთს. მთავარი გმირები, ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ამ გარემოში გადარჩენისთვის არ არიან აღჭურვილი, სამუდამოდ ხვდებიან ხაფანგში (კონცეპტი, რომელსაც ფილმი შემაშფოთებლად საგრძნობს ხდის) კერძოდ კი, ამბიციური მეწარმეების სახლში, რომლებიც მოჩვენებებს უყურებენ არა როგორც წყევლას, არამედ სიახლეს. ოჯახთან ერთად ასევე ვხვდებით გოთ გოგონას, რომელიც ითავსებს ხიდის ფუნქციას ამ ორ სამყაროს შორის და განასახიერებს ბნელ, მაგრამ ამასთანავე მხიარულ სულს. ფილმი სავსეა ხუმრობების მრავალფეროვნებით, მსუბუქიდან მძიმემდე, თუმცა რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ყოველი ხუმრობა “მიზანში არტყამს.” როგორც წესი, ფილმები ცდილობენ ხოლმე ჩვენს შეშინებას, მაგრამ ამას ზოგჯერ ვერ ახერხებენ. ბარტონი კი, ცდილობს გაგვართოს და შედეგი – მომნუსხველია. თუმცა როგორ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სწორედაც რომ ეს მომნუსხველი გრძნობა აღძრავს ცხოვრების განცდის მოულოდნელ სურვილს.
“ბითლჯუსისთვის ჩვენ გვინდოდა რო მაიკლი ისე ყოფილიყო თითქოს ის ეს ესაა მიწიდან ამოძვრა, ამიტომაც აქვს მას სახეზე ობი და ხავსი.” – გვიყვება ბარტონი ფილმის ანტაგონისტზე. ის აგრძელებს: “ყოველ ჯერზე, როცა მსახიობს შეუძლია როლში ჩაძირვა, მე ეს უბრალოდ ძალიან მომწონს, ვინაიდან თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მისი მეორე მხარე. ეს პროცესი თითქოს მათ სხვა მხარეს აღვიძებს. დაახლოებით როგორც ჰელუინზე, ხალხი ირგებს სხვადასხვა კოსტიუმს და ეს აძლევს მათ საშუალებს უფრო ველურები იყვნენ, ისინი თითქოს სხვა ადამიანები ხდებიან.” მაიკლ კიტონის ბითლჯუსი შავი იუმორისა და მანიაკალური ენერგიის ქაოტური ქარიშხალია, რაც მას ფილმის დაუვიწყარ ელემენტად აქცევს. როგორც თაღლითი სული და დაქირავებული მოჩვენება, ის ვულგარულია, ბოროტი და საოცრად არაპროგნოზირებადი, უპრობლემოდ გადადის გროტესკსა და უცნაურად მომხიბვლელს შორის. კიტონის პერფორმანსი მასტერკლასია ფიზიკურ კომედიაში, რომელიც მის პერსონაჟს შექანებულ, მაგრამ უცნაურ, მიმზიდველ სიცოცხლისუნარიანობას აძლევს. ბითლჯუსი არ არის წმინდა ბოროტი პერსონაჟი, არამედ ქაოტური ძალა, რომელსაც ამოძრავებს ეგოისტური სურვილები, ხოლო კიტონი მას სასიხარულო ანარქიას უნერგავს, რაც მას როგორც საშინელ ისე ქარიზმატულ ტიპად აქცევს. მისი პერსონაჟი თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო უბრალო მეორეხარისხოვანი როლი, მაგრამ მისმა დასამახსოვრებელმა თამაშმა, ფრაზებმა და მიმიკებმა შეძლო საკულტო ანტიგმირის შექმნა, რომელიც ფილმის დამთავრებიდან დიდი ხნის შემდეგ რჩება, მხიარული ეპილოგის ჩათვლით.
“ბითლჯუსის” ბიუჯეტი შეადგენდა 13 მილიონ დოლარს, რომლიდან მხოლოდ ერთი მილიონი გადაეცა სპეცეფექტების სამუშაოებს, უმნიშვნელო თანხა, თუ გავითვალისწინებთ სცენარის მიერ მოთხოვნილ ეფექტების მასშტაბსა და მოცულობას, რომელიც მოიცავდა stop-motion, replacement ანიმაციას, გრიმს, მაკიაჟის ეფექტებს, თოჯინებს, ცისფერ ეკრანსა და ცრუ პერსპექტივას. თუმცა ასეთი მიდგომა ბარტონმა სპეციალურად აირჩია, რომ სპეცეფექტები ყოფილიყო რაც შეიძლება იაფფასიანი ვიდრე უახლესი, საუკეთესო ეფექტები, რათა რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო სცენარის ტონალობასთან და ხასიათთან. რაზეც ტიმს ახსენდებოდა მისი ადრეული ნამუშევარი “ჰენზელზე და გრეტელზე” და რაღათქმაუნდა “გოძილას” ძველი ფილმები, რომელიც ასე ძალიან უყვარდა ბარტონს ბავშვობაში.” და მე ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომით, რეჟისორი ნოსტალგიურ, სახალისო ესთეტიკას აერთიანებს, რომელიც ავსებს ფილმის უცნაურ და ფანტასტიკურ ნარატივს. სწორედ ეს არის ძველი სკოლის საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმების წვრილმანი ხიბლი, სადაც ეს შარმი მოდის არა უწყვეტი რეალიზმისგან, არამედ ეფექტებს მიღმა არსებული კრეატიულობისა და წარმოსახვისგან. იმ ეპოქაში, სადაც ჰოლივუდი სულ უფრო მეტად იხრებოდა გაპრიალებული, მაღალტექნოლოგიური ვიზუალისკენ, Beetlejuice გამოირჩევა როგორც ფილმი, რომელიც ხარობს თავისი არასრულყოფილებით და აქცევს იმას, რაც შეიძლება შეზღუდვად ჩაითვალოს – მის უდიდეს ძალად.
კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება, რომელსაც წიგნში ვკითხულობთ, არის ის რომ “ბითლჯუსს” აქვს რამდენიმე ვიზუალური მინიშნება, რომლებიც მუდმივად ჩნდება ბარტონის ნამუშევრებში: ეს მოიცავს მინიატურულ ქალაქს, შავ-თეთრი ზოლებით გამოსახულ პერსონაჟებსა და სასაფლაოს გარემოს. რაზეც ბარტონი პასუხობს და თითოეულ ამ სიმბოლოზე საუბრობს: “ჩემს ბავშვობაში, ხშირად მიყვარდა სასაფლაოზე თამაში, რომელიც ჩვენი სახლთან ახლოს იყო, დაახლოებით ერთი კორპუსის დაშორებით. ზუსტად არ ვიცი რატომ იჩენს თავს ასე ხშირად ეს ადგილი ჩემს ნამუშევრებში, გარდა იმ ფაქტისა რომ, ეს თითქოს შენი სულის ნაწილია. ეს იყო ლოკაცია, სადაც თავს კომფორტულად, მშვიდად ვგრძნობდი, ერთგვარი სამყარო სავსე სიწყნარითა და სიმშვიდით, ასევე აღელვებითა და დრამით. როგორც ბევრი სხვა ბავშვი, მეც ვიყავი შეპყრობილი სიკვდილით. რაც შეეხება მინიატურულ ქალაქებს, ხშირად ვხატავდი ხოლმე დიდ ნახატებს, სადაც ვეებერთელა მფრინავი თეფშები თავს ესხმოდნენ ადამიანების ჯარს, რომლებიც გამოიყურებოდნენ დაახლოებით როგორც მინიატურები რაღაც მხრივ. არვიცი რატომ, მაგრამ იმ ფილმებში რომლებიც მე მომწონდა, ყოველთვის იყენებდნენ მსგავს მინიატურებს. ეს თითქმის იდენტურია როგორც მაგალითად stop-motion ანიმაცია; მათში არის გარკვეული ენერგია და ატმოსფერო, რომელიც ძლიერია. ხოლო რაც შეეხება შავ-თეთრ ხაზებს, ამას ვერასდროს ვერ ვიგებდი რატომ. შესაძლოა რაღაც ციხის ელემენტი უნდა იყოს ჩართული ამ ყველაფერში. ეს იმიჯი კი რატომღაც მიზიდავს და ყოველთვის მიზიდავდა, თანაც ბევრ ნახატში ვხვდებოდი, მაგრამ რა არის ამის მიზეზი – არვიცი.”
ფილმში ბევრ დასამახსოვრებელ სცენას შეხვდებით, თუმცა ძირითადად ამ სცენებიდან გამოირჩევა განსხვავებული ტრანსფორმაციები და სახეები. მიუხედავად ამისა, ყველაზე გამორჩეული და ექსტრემალური მომენტი ბოლოსკენ არის, როდესაც ბითლჯუსი ჩნდება მხიარული ქუდით, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა დემონური კარუსელის არსებები, რომლებიც ბრუნავენ მის ირგვლივ რგოლზე და რათქმაუნდა ბითლჯუსის უზომოდ დიდი, ვეებერთელა “მულტფილმური” ჩაქუჩის მაგვარი ხელები. შექმნილი ბარტონის მიერ, (მისი ერთ-ერთი ჩანახატებიდან) ეს სილამაზე “გააცოცხლა” სპეციალური მაკიაჟის ეფექტების სპეციალისტმა – რობერტ შორტმა, რომელმაც ამ ყველაფერს, კიტონის თავზე დაუმატა თავის ქალა, რაც საოცრად ჰგავს ჯეკგ სკელინგტონს, მთავარ პერსონაჟს The Nightmare Before Christmas-იდან. ტიმი ამბობს: “მე ყოველთვის ვაკეთებდი ხოლმე სხვადასხვა ჩანახატებს და მსგავსი გამოსახულებები მეორდებოდა სხვადასხვა ფორმებში. მაგრამ აქამდე არ შემიმჩნევია. (დემონური კარუსელის თავზე) ღამურის ყურებსაც შეამჩნევთ და იმ დროს წარმოდგენაც არ მქონდა რომ 1 წლის შემდეგ “ბეტმენზე” ფილმს გადავიღებდი. ხშირად ასეთი გამოსახულებები თავდაპირველად ჩნდება ხოლმე, და შემდეგ იქცევა რეალობად, რაც საინტერესოდ მიმაჩნია, რადგან ეს აჩვენებს თუ როგორ მუშაობს ქვეცნობიერი.”
ბითლჯუსის საიქიოს მოსაცდელ ოთახში ჯდომის სცენის ჩართვა ეპილოგში – ჭკვიანური გადაწყვეტილება გამოდგა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უყვარდა მაყურებელს ეს სცენები. საინტერესოა ისიც რომ, ასეთი საკულტო მომენტი გამოიწვია მკაფიო დასასრულის არქონამ – როდესაც ბითლჯუსის თავი იკუმშება და პატარავდება, როგორც კი ეს უკანასკნელი აფრიკელ ჯადოქარს აღიზიანებს. ბარტონი აღიარებს რომ, ფილმს არასდროს ჰქონია სათანადო დასასრული, რაც მას ერთგვარ ქაოტურ ხიბლს სძენს. შემთხვევითობა მშვენივრად ერგება ფილმის არაჩვეულებრივ ტონს, რაც ამ “რაც შეგვეძლო ის ვქენით” დასასრულს უცნაურად დამაკმაყოფილებელს ხდის. ბარტონი ამაზე მცირე კომენტარს აკეთებს: “ჩვენს არასდროს გვქონია დასასრული, ამიტომ გადავიღეთ რამდენიმე განსხვავებული სცენა და ვაჩვენეთ წინასწარ სატესტო აუდიტორიას; შესაბამისად მათი არჩევანი ამაზე შეჩერდა. (ბითლჯუსის თავის შეკუმშვა) მაგრამ ფილმი ისეთი შემთხვევითი იყო, რომ მას რეალურად არც არასდროს ჰქონია დასასრული.”
რაც შეეხება თავად ფილმის სათაურს, ეს ცალკე სახალისო ისტორიაა, რომელსაც ბარტონი ნათელს ჰფენს ამ გიჟი აღმასრულებლებისა და პროდუსერების გადაწყვეტილებებს. ის იხსენებს: “მათ სურდათ შეეცვალათ სათაური, რათა ის რაღაც უფრო კეთილგანწყობილი ყოფილიყო, მე კი ამ ყველაფერს ვებრძოდი. მათ სურდათ ფილმს რქმეოდა House Ghosts, (“სახლის მოჩვენებები”) რაც ძალიან ახლოს იყო შეცვლასთან. ერთ-ერთ შეხვედრაზე მათ თქვეს: “Beetlejuice რაღაც ვერ ჟღერს კარგად, მაგრამ აი House Ghosts ზუსტად ის არის რაც გვჭირდება.” ხუმრობით შევთავაზე: მოდით ამ ყველაფერის ნაცვლად უბრალოდ Scared Sheetless დავარქვათ. (“სიკვდილამდე შეშინებული”, სიტყვების Shit და Sheet-ის თამაში, shitless-ის ვულგარული კომბინაციის გამოყენებით) და ისინი ამ სახელსაც რეალურად განიხილავდნენ, სანამ არ დავიმუქრე რომ ფანჯრიდან გადავხტებოდი. მაგრამ მადლობა Warner Brothers-ს, რომ მათ დატოვეს ეს ყველაფერი ისე როგორც უნდა ყოფილიყო. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.” აგრეთვე სახალისოა ის ფაქტიც რომ, ამ ტიტულოვანი ანტიგმირის საეკრანო დრო სულ რაღაც 20 წუთია.
“ბითლჯუსის” ფანტაზმაგორიულ ისტორიაში პერსონაჟებს თავისებური სიცოცხლის ნაპერწკალი შემოაქვთ. კეტრინ ო’ჰარა ბრწყინავს, როგორც პრეტენზიული, მკაცრი და გაბედული თანამედროვე, პოსტ-მოდერნული სტილის მხატვარი. ლიდია, როგორც გოთი განდეგილი, რომელიც მუდამ სევდიანი, გულჩათხრობილი და მარტოსულია, მალევე ხდება ერთგვარი გოთური ხატი ამავე სუბკულტურაში წლების შემდეგ. ხოლო ვაინონა რაიდერი ამ როლში აბსოლუტურად განსაცვიფრებელია. ჯინა დევისისა და ალეკ ბოლდუინის ქიმია შესანიშნავია, დამაჯერებელი და ბუნებრივი, კარგად ასახავს წყვილს, რომელიც კმაყოფილია თავისი მოსაწყენი, მშვიდი ცხოვრებით. მოწყენილობაზე საუბრისას, Burton on Burton-ის წიგნში აღნიშნულია: “თუ არსებობდა რაიმე სახის კრიტიკა “ბითლჯუსის” მიმართ, ეს ის იყო, რომ დევისისა და ბოლდუინის გმირები საკმაოდ მოსაწყენები იყვნენ ყველაფერ დანარჩენთან შედარებით, რაც ფილმში ხდებოდა. თითქოს ბარტონმა სხვა პერსონაჟებს და ფილმის დიზაინს უფრო მეტი ყურადღება მიაქცია ვიდრე მათ.” რაზეც ტიმმა კომენტარი გააკეთა და მე მას გარკვეულწილად ვეთანხმები: “არასდროს მეგონა, რომ მეიტლენდების ოჯახი 100%-ით კარგები იყვნენ. მათ თავიანთი პრობლემები ჰქონდათ. ჩემთვის, მთელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ადამი და ბარბარა კარგი ადამიანები არიან, რომლებსაც მოსწონთ მოწყენილობა. ეს დაახლოებით ისეა, როგორც მაგალითად ძველ ფილმებში, სადაც მოსაწყენ გმირებს ცოტა შეღვიძება და შეცოცხლება სჭირდებათ. ჩემთვის ისინი ყოველთვის საკმაოდ საყვარლები იყვნენ, მაგრამ იყო ბევრი კრიტიკა იმის გამო, რომ ისინი მოსაწყენები იყვნენ, ხოლო სხვა ყველაფერი შესანიშნავი იყო. მაგრამ რომ არ გვყოლოდა ეს მოსაწყენი პერსონაჟები ბითლჯუსისთვის და ასევე საიქიოს გმირები, რაზეც დაშენებულია მთელი სიუჟეტი, ეს არ იქნებოდა ის, რაც დღეს თქვენს წინაშეა.”
ასე და ამგვარად, Beetlejuice გახდა წარმატებული. კრეატიული რისკი ამათ ღირდა. სცენარისტთა ოთახში ყველა იმ ხანგრძლივმა და დამქანცველმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ორიგინალურმა იდეამ გაიმარჯვა. პირველ ორ კვირაში ფილმმა 32 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო საბოლოოდ კი 73 მილიონზე მეტი. როგორც ჩანს, ამ წარმატებამ დაადასტურა ბარტონის თეორია, რომ მაყურებელს შეუძლია დატკბეს ისეთი ფილმებით, რომლებიც არღვევდნენ ჰოლივუდის კონვენციებს. იმედია, ახალი ნაწილი ღირსეულად გააგრძელებს ორიგინალის მემკვიდრეობასა და საკულტო სტატუსს, კიდევ შეგვახედებს საიქიოს ბიუროკრატიულ შიდა სამზარეულოში და კიდევ ერთხელ ვიხილავთ ნაცნობ პერსონაჟებს ახალ, საინტერესო მოქმედებასა და თავგადასავალში. რეტროსპექტივას კი დავამთავრებ კიდევ ერთი ციტატით წიგნიდან:
“უცნაურობა იყო კარგი, უცნაურობა იყო მისაღები, უცნაურობა იყო წარმატებული.”
რეცენზიაში გამოყენებული ამონარიდები ეკუთვნის Faber & Faber-ის წიგნს Burton on Burton, გამოცემული 1995 წელს.
Beetlejuice Beetlejuice-ის პრემიერა საქართველოში დაგეგმილია 5 სექტემბერს.
ბითლჯუსი (Beetlejuice)
რეჟისორი: ტიმ ბარტონი (Tim Burton)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 32 წუთი