ჯერემი სოლნიეს, Green Room-ის რეჟისორის ახალი თრილერი ამერიკის პატარა, კორუმპირებულ ქალაქზე
ყოფილი საზღვაო ქვეითი ტერი რიჩმონდი (აარონ პიერი) პატარა ქალაქში ფულით სავსე ჩანთით ჩამოდის, რათა თავის ბიძაშვილს გირაოს თანხა გადაუხადოს. თუმცა სანამ შტატის საზღვარს გადაკვეთს, პოლიცია აჩერებს და ძარცვავს, ვითომდა ნარკოტიკებით მოპოვებული თანხის გამო. ტერი ცდილობს ეს საკითხი სამართლებრივი გზით მოაგვაროს, მაგრამ სამწუხაროდ, დაუსრულებელ, ბიუროკრატიულ კოშმარის მარწუხებში ეხვევა, სადაც მოსამართლე (ჯეიმს ქრომუელი), შერიფი სენდი (დონ ჯონსონი) და სამოქალაქო მოხელე სამერი (ანა სოფია რობი) ერთმანეთთან არიან დაკავშირებულ/ჩახლართული.
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ფილმების Green Room, Hold The Dark და Blue Ruin რეჟისორი ჯერემი სოლნიე დიდ ეკრანზე ბრუნდება. ამ ძველი სკოლის სტილის ექშენ თრილერში მთავარი თემა სამოქალაქო კონფისკაციაა, რაც პოლიციას აძლევს უფლებას, დააკავოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც დანაშაულში ეჭვმიტანილია და მათგან ქონება ამოიღოს. ფილმის გახსნითი სცენა ცნობილი ჯგუფის Iron Maiden-ის The Number Of the Beast-ით იწყება, რომელიც მალევე აყალიბებს სურათის ტონს.
ბევრი ფილმი იკვლევს ჯარისკაცების ბრძოლას, რომელთა საბრძოლო უნარები არ ჯდება სამოქალაქო ცხოვრებაში. ზოგი ამ გამოწვევებს ემპათიით აღიქვამს, სხვები კი ამას იყენებენ როგორც საბაბს, გადამეტებული ექშენ სეკვენციებისთვის. Rebel Ridge უფრო მეტად იხრება ამ უკანასკნელისკენ. ფილმი წარმოგვიდგენს შავკანიან ჯარისკაცს ადგილობრივ სამართალდამცავებთან კონფლიქტის ცენტრში, ძირითადად თეთრკანიანთა პატარა ქალაქში, რაც დამატებითი სირთულის ფენას მატებს ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ რასობრივი დინამიკა (როგორც ეკრანზე, ისე მის გარეთ) სოლნიეს უბიძგებს უფრო ფრთხილად მოეკიდოს თემას, ვიდრე ზოგიერთ ვეტერანზე ფოკუსირებული ფილმი, მისი ერთგულება ჟანრული კონვენციებისადმი საბოლოოდ ჩრდილავს ამ ნიუანსებს, რაც იწვევს კლიმაქტურ, მაგრამ ამავე დროს სიღრმისეულად დაცლილ ექშენით სავსე ფინალს.
Rebel Ridge-ზე საუბრისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ისეთი ფილმები როგორიცაა Rambo: First Blood, Taken და თუნდაც Walking Tall, რომლებიც მსგავს მოცემულობას იკვლევდნენ სასპენსისთვის. თუმცა სოლნიე Rebel Ridge-ს გამორჩევს იმით, რომ მთავარი პერსონაჟი შავკანიანი ადამიანია, რაც აყალიბებს ტერის ქმედებებს თავიდან ბოლომდე. ეს არჩევანი არა მხოლოდ აძლიერებს მის გამართლებულ ფრუსტრაციას კორუმპირებული, ინდიფერენტული თეთრკანიანი პოლიციელების მიმართ, (რომლებიც მას მუდმივად აწუხებენ, ზედმეტად აკონტროლებენ) არამედ შურისძიების მის საბოლოო სწრაფვას სხვა კუთხით აჩენს, ვიდრე თეთრკანიანი რომ ყოფილიყო. განზრახ აქვს ჩაფიქრებული თუ არა, სოლნიეს სცენარი ტერის მუდმივად აყენებს თეთრკანიანი პერსონაჟების დისკომფორტში და შესაბამისად, მაყურებელშიც იწვევს ამ უხერხულობას.
ფილმის დასაწყისში ვიგებთ, რომ ტერი გადარჩენის სპეციალისტია – შიშველი ხელებით იჭერს თევზს და კარგად არის გაწვრთნილი საბრძოლო ხელოვნებაში. ამის გათვალისწინებით, მის მიერ მოწინააღმდეგის განიარაღება ან იარაღის ტყვიებისგან დაცლა, ხელის რამდენიმე მარტივი მოძრაობით, შთამბეჭდავი სანახავია. განსაკუთრებით კი მისი დაპირისპირება უფრო მცირე არმიასთან, რომელიც უფრო ხშირად იყენებს ცუდ, სალანძღავ სიტყვებს, ვიდრე იარაღს.
ექშენ ფილმები, სადაც მთავარი გმირი გაურბის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, არც ისე ბევრია. მაგრამ ფილმებში, როგორიცაა Terminator 2: Judgement Day და The Rundown, ეს არჩევანი პერსონაჟის და სიუჟეტის განუყოფელი ნაწილი ხდება, რაც ამძაფრებს ინტენსიურობას. ამ მხრივ, Rebel Ridge საინტერესოდ იყენებს მთავარი გმირის არალეტალურ ექშენს, მაქსიმალურად ერიდება სისხლისღვრას და უმეტესწილად იყენებს კვამლის ყუმბარებს ან ყუმბარმტყორცნს, ასევე კვამლის ყუმბარებით დატენილი. მსგავსი მიდგომა ნაკლებად სარისკოა, თუმცა ორიგინალური.
ამის მიუხედავად, სოლნიეს მიმართულება ექშენ სცენებისადმი სუფთა და პირდაპირია, მაყურებელი ყოველთვის კარგად ხედავს და ესმის ნებისმიერი ლოკაციის განლაგება, სადაც ტერი სამართალდამცაცებს უპირისპირდება. პიერის შესულება ბრწყინვალედ აბალანსებს ტერის კონტროლირებად სიზუსტეს, სიმშვიდესა და ფრუსტრაციას, რომელიც მის შიგნით დუღს, რაც მას მუდმივად სასიამოვნო და სიმპათიურ პერსონაჟად ხდის. ტერი ყოველთვის წყნარია, სიტყვაძუნწი და ნებისმიერ პრობლემას ან კონფლიქტს რაც შეიძლება მშვიდად აგვარებს, რამდენადაც არ უნდა გაუარესდეს სიტუაცია. მისი დინამიური ინტენსიურობა შესანიშნავად მოქმედებს შერიფ ბერნის (დონ ჯონსონი) წინააღმდეგ, რაც მის სხვა როლებს ჰგავს, სადაც მისი ავტორიტეტი მყიფეა და ვინც მის რეჟიმს დაუპირისპირდება, სასტიკად უნდა დაისაჯოს. (მაგალითისთვის, ჯონსონის როლი – Django Unchained-ში)
მეორე პლანის მსახიობებიც არანაკლებ ძლიერები არიან: ანასოფია რობი (სამერ მაკბრაიდი) და ზსან ჯეი, (ჯესიკა სიმსი) ერთადერთი შავკანიანი ქალი ამ პატარა ქალაქის პოლიციის განყოფილებაში, ტერისთან უფრო ღრმა, ადამიანურ კავშირებს ამყარებენ. რობი, რომლის კარიერა “ტერაბიტიის ხიდის” შემდგომ ფილმებში შედარებით ნაკლებად შთამბეჭდავი იყო, ამტკიცებს, რომ მისმა თანმიმდევრულმა მუშაობამ ტელევიზიაში შეუნარჩუნა ერთგვარი სიმკვეთრე და მაკბრაიდი უფრო მრავალფენიან პერსონაჟად აქცია, ვიდრე უბრალო “კარგი თეთრკანიანი ქალი” შელბი სპრინგსიდან. (ქალაქი, სადაც ხდება ფილმის მოქმედება) ასევე საინტერესოა ჯესიკა სიმსის პერსონაჟის სიუჟეტური ხაზი შერიფ ბერნის რეჟიმის ქვეშ.
საბოლოო ჯამში, Rebel Ridge ძლიერი და ეფექტური, თუმცა ცოტათი პროგნოზირებადია. ხოლო სოლნიეს უახლესი ნამუშევარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის რეპუტაციას, როგორც მჭიდროდ კონტროლირებადი, დაძაბული თრილერების ოსტატი. როგორც ამ ტიპის ისტორიების მთავარ გმირებს სჩვევიათ, Rebel Ridge ნაცნობი ინსტინქტებისკენ იხრება, დაახლოებით ცნობილი ხდება საბოლოო დასასრული, რის გამოც უფრო ნიუანსირებული ან გამომგონებლურ მიდგომა უფრო დამაკმაყოფილებელი შედეგს მოიტანდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარი ცოტათი ნელდება, ფილმი მაინც ინარჩუნებს დაძაბულობას მაშინაც კი, როცა მთავარი გმირი უფრო ღრმად ჩადის კორუმპირებული ქალაქის წიაღში. საბედნიეროდ, ბოლო, მესამე ნახევარი საკმარისად აკომპენსირებს ამ ზანტ ტემპს და გვთავაზობს შთამბეჭდავ ფინალს.
რებელ რიჯი (Rebel Ridge)
რეჟისორი: ჯერემი სოლნიე (Jeremy Saulnier)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 11 წუთი