სამყაროს დასასრულისგან დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ (Do Not Expect Too Much From the End of the World) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სამყაროს დასასრულისგან დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ (Do Not Expect Too Much From the End of the World)

სამყაროს დასასრულისგან დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ, თუმცა, გქონდეთ რადუ ჟუდეს რუმინული სატირისგან.

რუმინელმა რეჟისორმა რადუ ჟუდემ განსაკუთრებული აღიარება 2021 წლის ფილმით “Bad Luck Banging or Loony Porn” მოიპოვა, რისთვისაც ბერლინის კინოფესტივალზე ოქროს დათვის პრიზით დაჯილდოვა. არანაკლებ აღნიშვნას იმსახურებს მისი ახალი სატირა “Do Not Expect Too Much From the End of the World,” რომლის ყურადღების ცენტრშიც ახალგაზრდა ანჯელა (Ilinca Manolache) და მისი ერთი სამუშაო დღეა, როგორც  წარმოების ასისტენტის, ვისთვისაც არ არსებობს დასვენება და მიზეზი, რის გამოც მუშაობის შეწყვეტას შეძლებს იქამდე, სანამ თავისი ბოსის დავალებულ საქმეებს ბოლომდე არ მიიყვანს. 

ფილმი ორ მთავარ სიუჟეტს მიუყვება. პირველის მთავარი პერსონაჟი რადუ ჟუდეს ანჯელაა და მეორე რეჟისორ ბრატუს ანჯელა 1981 წლის პროპაგანდისტული კინოდან “Angela goes on,” ორივე ქალი დამოუკიდებელი, ხისტი, უშიშარია და ორივესთვის დღის უმეტესი ნაწილი მანქანის მართვას მოიცავს. როგორც რადუ ამბობს, კადრებს ბრატუს ფილმიდან ისევე ექცეოდა, როგორც თავისას, “მომეწონა მისი [Angela goes on] პოტენციალი, ვფიქრობ ის გაფუჭებული, წარუმატებული ფილმია და გულდასაწყვეტია, რომ ბრატუმ მისი სათანადოდ გაკეთება ვერ შეძლო, ამიტომაც გადავწყვიტე მე შემექმნა მისი ახლებური ვერსია.” ბრატუს ფილმს შენარჩუნებული აქვს ფერი, თუმცა, რეჟისორი მხოლოდ იმ ნაწილებს იყენებს, რაც მისთვის საინტერესოა, გარკვეულ ეპიზოდებში შენელებულ კადრებს იყენებს გამოსახულებისთვის მეტი ყურადღების მისაქცევად, გვაჩვენებს როგორი იყო დამოკიდებულება ქალი ტაქსის მძღოლის მიმართ და შემდეგ გვაჩვენებს, რა ხდება, როცა 2023 წელს მანქანას მართავს ქალი. რადუს ანჯელას ცხოვრება ნაცრისფერია, ისევე როგორც გამოსახულება მისი ყოველდღიურობის ასახვისას, ამიტომ ამ ნაწილს შავ-თეთრ ფერში ვუყურებთ, თუმცა, ჟიდუს თქმით ეს მხოლოდ მაყურებელში დაბნეულობის ასარიდებლად გამოიყენა.

ანჯელა იმაზე მეტს მუშაობს ვიდრე ეკუთვნის, ხშირად მისი სამუშაო დღე 15-20 საათიან გრაფიკს ითვალისწინებს, რადგან სამსახურში დამატებითი კადრი არ ჰყავთ, თუმცა, ამის მიუხედავად თავის კუთვნილ ანაზღაურებასაც ვერ იღებს, რადგან მუდმივად უგვიანებენ. პროექტი, რომელზეც ანჯელა მუშაობს ავსტრიული ავეჯის კომპანიის დაკვეთაა შრომითი უსაფრთხოების შესახებ, რესპონდენტები სამუშაო ადგილებზე დაზიანებული ადამიანები არიან, რომელთაც ტრავმების შედეგად მუშაობის უნარი დაკარგეს, თუმცა, მათი მიზანი არა ინციდენტების მოკვლევა, არამედ სარეკლამო კლიპის გადაღებაა, სადაც დაზარალებული იტყვის, რომ ყველაფერში დამნაშავე თვითონ არის, რადგან დამცავი ჩაფხუტი არ ეკეთა. მნიშვნელოვანია, რომ ეტლში მჯდომი, ხელმოკვეთილი ან დაზიანებული, ნაიარევებიან ადამიანი ასევე სასისმოვნოდ უნდა გამოიყურებოდეს, პროექტის ხელმძღვანელი, ნინა ჰოსის პერსონაჟი, ერთ-ერთი რესპონდენტზე ამბობს, რომ “მისთვის საშიშია,” ამიტომ ვიდეოსთვის არ გამოდგება. ამავდროულად, მაშინ, როცა ანჯელა მთელ დღეს ატარებს იმ ადამიანების ჩასაწერად, რომელთაც გადაჭარბებული რაოდენობის საათებით მუშაობის გამო შრომითი უნარები დაკარგეს, თვითონაც ამ რისკის ქვეშ არის, რადგან 163 წუთის განმავლობაში, მუდმივად ვხედავთ გადაღლილ ქალს, ვისთვისაც გარკვეულ ეპიზოდებში მანქანის მართვა სახიფათოა, რადგან შეიძლება გადაღლილობისგან ჩაეძინოს, თუმცა პრობლემას ენერგეტიკული სასმელებით, საღეჭი რეზინის ღეჭვითა და რადიოში რუმინული პოპის ხმამაღალი მოსმენით უმკლავდება, რაც ერთადერთი გზაა გამოსაფხიზლებლად.

ანჯელას ალტერ ეგო და მთავარი გასართობი ბობიტაა, გამოგონილი პერსონაჟი, ტიკტოკის ფილტრიანი მიზოგინი მელოტი კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს ენდრიუ ტეიტს და მისნაირ სექსისტურ იდეებს ავრცელებს, გვიყვება, რას უზამს ბუნკერში დამწყვდეულ “ბოზებს”  და, რაც მთავარია, მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს. ვიდეოები მრავალფეროვანია და ანჯელასთვის მოსაწყენი ცხოვრების გახალისების საშუალებაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტონი საკმაოდ აგრესიული და არაკორექტულია, დარწმუნებულია, რომ ჭკვიანი მსმენელები ჰყავს და მის სარკაზმს გაიგებენ. ანჯელა, როგორც თვითონ ამბობს, “შარლი ებდოა.”

Do Not Expect Too Much From the End of the World ანარეკლია რუმინული საზოგადოებისა და მათი პრობლემების, თუმცა, კონტექსტისა და ლოკალურობის მიუხედავად, ვიწრო რეფერენსების გაგებაც შესაძლებელია, განსაკუთრებით ქართული აუდიტორიისთვის. ფილმის ბოლოს რესპონდენტი, რომელსაც კლიპისთვის შეარჩევენ, ყვება ინციდენტის ისტორიას, თუმცა, ყოველ ჯერზე ტექსტში ახალი პრობლემა ჩნდება, საბოლოო მოთხოვნა კი თავისი ამბის სრულად შეცვლა და რეკლამის მოთხოვნაზე მორგებაა, რითაც, შესაძლოა, სასამართლო დავა წააგოს, თუმცა სასწორზე 1000 ევროა, ანაზღაურება ვიდეოში მონაწილეობისთვის. 

Do Not Expect Too Much From the End of the World დიალოგები და ისტორიები იმდენად აბსურდულია, რთულია კომედიასა და ტრაგედიას შორის ზღვრის გავლება. ფილმის პრემიერა 2023 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა, Do Not Expect Too Much From the End of the World მე-7 ადგილს იკავებს “კაიე დუ სინემას” შეფასებით 2023 წლის 10 საუკეთესო ფილმში. 

სამყაროს დასასრულისგან დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ
Nu astepta prea mult de la sfârsitul lumii

2023 წ. (რუმინეთ, ლუქსემბურგი, საფრანგეთი,
ხორვატია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი.)
რეჟისორი: რადუ ჟუდე

ხანგრძლივობა: 2 საათი და 43 წუთი

91/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
არ თქვა აუგი (Speak No Evil)

არ თქვა აუგი (Speak No Evil)

თავაზიანობის ექსპლუატაცია: ცნობილი დანიური თრილერის რიმეიქი

შემდეგი
Toro y Moi – Hole Erth

Toro y Moi – Hole Erth

| Toro y Moi - ის მუდმივი მოგზაურობა ხმებსა და ჟანრებში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share