თავაზიანობის ექსპლუატაცია: ცნობილი დანიური თრილერის რიმეიქი
იტალიაში მოგზაურობისას ამერიკული ოჯახი მალევე დაუახლოვდება იქვე გაცნობილ ბრიტანულ წყვილს და დაახლოების მიზნით ეს უკანასკნელი, თავისთან დაპატიჟებს სოფელში, აგარაკზე, ლამაზი და იდილიური პეიზაჟებით სავსე. მცირე ყოყმანის შემდეგ, ამერიკული ოჯახი თანხმდება და ერთი ორი დღის შემდეგ, ის რაც თავიდან საოცნებო არდადეგებს ჰგავდა, მალე გადაიქცევა საზარელ, ფსიქოლოგიურ კოშმარად. მთავარ როლებში: ჯეიმს მაკევოი, მაკენზი დევისი, ეშლინგ ფრანჩოზი და სკუტ მაკნერი.
12 სექტემბერს, საქართველოს კინოთეატრებში ჯეიმს უოტკინსის ახალი ფილმის, კერძოდ კი ამავე სახელწოდების დანიური თრილერის რიმეიქი შედგა. ჯეიმსმა რეჟისორობასთან ერთად, სცენარისტობაც შეითავსა, (მის ნამუშევრებში ვხვდებით Eden Lake, The Descent 2, The Woman in Black და სხვანი) ხოლო პროდიუსერად ცნობილი “ბლამჰაუსი” გამოვიდა, სახელგანთქმული სხვადასხვა ჰორორ ფილმებით, მათ შორის “ჰელოუინის” რებუთ ტრილოგია, “უჩინარი კაცი,” “ეგზორცისტის” რიმეიქი და ა.შ. როგორც ამერიკულ რიმეიქებს სჩვევიათ ხოლმე, ორიგინალს ცოტათი ახლოს მიჰყვებიან, მაგრამ მთლიან მესიჯს “ფანჯრიდან აგდებენ,” გადადის გასართობ, ექშენით სავსე სურათში და ის, რაც ევროპულ ორიგინალს ჰქონდა, კერძოდ კი ატმოსფერო და მეტაფორა – ამას აქ ნაკლებად ვხვდებით. თუმცა, ორიგინალთან შედარებით შეინიშნება რიგი გაუმჯობესებები.
თუკი დანიურ ორიგინალში ტემპი საკმაოდ წყნარი, აუჩქარებელი და ნელი იყო, რომელიც მომნუსხველ შეგრძნებას იწვევდა რაც უფრო წინ მიიწევდა ისტორია, ამერიკული უფრო წმინდა წყლის ჰორორ ტერიტორიისკენ იხრება. სტრუქტურა ფილმისა, ოდნავ გაუმჯობესებულია: ამერიკული ოჯახი უფრო განვრცობილია, აქვთ სიღრმე, ხასიათი, (დანიური ოჯახისგან განსხვავებით, რომლებიც საკმაოდ უინტერესო და უღიმღამოები იყვნენ) ბრიტანულ ოჯახზეც ნელ-ნელა ვიგებთ რაღაცეებს, აქა-იქ მიმობნეულია პატარა მინიშნებებიც თუ რას მალავს ეს ერთი შეხედვით მომხიბვლელი და ქარიზმატული წყვილი. ბავშვებსაც აქვთ თავიანთი პიროვნულობა, უბრალოდ ფონისთვის არ არიან, რომ სიუჟეტი წინ წაწიონ და მსვლელობა ისტორიისა ბევრად უფრო ცოცხალია, მარდი და არ ჭიანურდება ისე, რომ მაყურებელი დაიღალოს.
სხვა მხრივ, Speak No Evil ფაქტობრივად იდენტური რიმეიქია, პირველი-მეორე ნახევარი მაინც, უმნიშვნელო ცვლილებითა და ოდნავ სხვადასხვა სცენებით. უიმედობის და უნუგეშობის განცდა სამწუხაროდ, ამერიკულ რიმეიქში იკარგება, თუმცა მაინც ინარჩუნებს ატმოსფერულობას იმისა რომ რაღაც რიგზე ვერ არის. რასაც რათქმაუნდა სამსახიობო დასი ეხმარება. გამორჩეული პერსონაჟი, რომელიც ფილმის ყოველ სცენას “იპარავს” და “მხრებით ათრევს,” ბრიტანული ოჯახის მთავარი წევრი – პედია. (ჯეიმს მაკევოი) როგორც ჩანს, ჯეიმსი აქ ბოლომდე იხარჯება და უპრობლემოდ გადადის ქარიზმატული პერსონიჟიდან, სრულ, შეშლილ, ბოროტ ადამიანამდე. პედი მომენტებში, ნელ-ნელა ავლენს თავის ბუნებას, მაგრამ მაინც ინარჩუნებს “კარგი” პერსონაჟის ხასიათს, სადამდეც ეს საჭიროა. მისი შეშლილობა კი ზოგჯერ ძალიან საშიშია, ხოლო ზოგჯერ კომიკურია, რამაც შესაძლოა გაგახსენოთ დაახლოებით ანალოგიური როლი ემ ნაით შიამალანის Split-იდან. მიუხედავად ამისა, ის თითქმის ბაძავს ორიგინალის, ჰოლანდიური ოჯახის პატრიარქს – პატრიკს, თავისი შეფარული უნარით, დამალოს სიგიჟე და ბოროტება, უბრალოდ პედი უფრო შავი, უხამსი იუმორით გამოირჩევა. ეშლინგ ფრანჩოზი მშვენივრად ირგებს პედის ცოლის როლს და უფრო მეტ სიღრმეს, პიროვნულობას სძენს ამ პერსონაჟს, ვიდრე ორიგინალში, სადაც პატრიკს უფრო მეტი ფუნქცია ჰქონდა ვიდრე ამ უკანასკნელს.
რაც შეეხება ამერიკულ ოჯახს, მაკენზი დევისი კარგად უმკლავდება თავის როლს, იცავს ოჯახს და მიუხედავად ზოგი სულელური გადაწყვეტილებებისა, შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, მისი ქმრისგან განსხვავებით, რომელსაც სკუტ მაკნერი თამაშობს. მართალია სკუტი კარგად და დამაჯერებლად გადმოსცემს, უნიათო, სუბმისიურ და ფრუსტრაციით გატანჯულ მამაკაცს, მაგრამ იმის ხილვა რომ საკმარისი ძალაც კი არ აქვს რომ ჩაქუჩი მოიქნიოს ან მოლოტოვის კოქტეილი ისროლოს – სევდიანი სანახაობაა. ლომის წილი კი ნამდვილად ლუიზას (მაკენზი დევისი) ეკუთვნის, ამ ყველაფრის ფონზე.
მესამე ნახევარი, კერძოდ კი ფინალური დაპირისპირება, საკმაოდ შეცვლილი და შემსუბუქებულია ორიგინალთან შედარებით, რამაც ზოგ მაყურებელში შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება, უკმაყოფილება ან სულაც სიცილი და გართობა. დაკარგული სასპენსის მაგივრად, Speak No Evil საკმაოდ მალე დგება ადვილად-პროგნოზირებადი სიუჟეტის განვითარების “რელსებზე” და უკვე მალევე ვხვდებით სად შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი. ფინალის შემსუბუქება გასაგებიცაა, დანიურ ორიგინალში მთელი ეს აუჩქარებელი ტემპი სიუჟეტისა, აუდიტორიას ცრუ, მშვიდ, რელაქსაციურ გარემოში ამყოფებდა და იმდენად მოულოდნელად დაატყდა თავს ეს კოშმარი იქ მყოფ ოჯახს რომ, რეაქციაც დროზე ვერ მოასწრეს და ტრაგიკულად დაასრულეს, საზარელი, გრაფიკული სცენების თანხლებით, მიუხედავად იმისა რომ ჰოლანდიელების ე.წ. “ტესტი” ვერ გაიარეს. ბრიტანულ ოჯახსაც, რიმეიქში აქვთ თავისი “იდეოლოგია,” რომელიც პატიოსნებასა და გულახდილობაზეა დაფუძნებული. ხოლო ფრაზა ორიგინალიდან – “კი მაგრამ რატომ აკეთებთ ამას? იმიტომ რომ თქვენ ამის უფლება მოგვეცით”, აქაც გაიჟღერებს. სპოილერის ასაცილებლად, აღარ დავკონკრეტდები რა შეცვალა რიმეიქმა მესამე ნახევარში, თუმცა შესაძლოა გაგახსენოთ Straw Dogs. (როგორც ორიგინალი, ისე რიმეიქიც)
ერთი მხრივ, საწყენია რომ Speak No Evil-მა ორიგინალის სახასიათო, ბნელი, საზარელი ატმოსფერო, შავი სატირა და მესიჯი დააიგნორა, რის გამოც გადაიქცა ტიპურ ჰორორ ფილმისა და თრილერის ნაზავად, სადაც მაღალი კლასის წარმომადგენლებს ემუქრებიან, აშინებენ სახიფათო აუთსაიდერები, რომლებიც მათში სისუსტის სუნს გრძნობენ და სურთ დასაჯონ მათი ცოდვებისთვის, ან სულაც მწარე გაკვეთილი ასწავლონ. მეორე მხრივ, “არ თქვა აუგი” გადაიქცა საპოპკორნე, გასართობ თრილერად, რომელმაც შეიძლება გაგახსენოთ 80/90-იანი წლების საშუალო-ბიუჯეტური დაძაბული თრილერები მსგავსი მოცემულობით, როგორებიცაა მაგალითად – Unlawful Entry, The Hand that Rocks the Cradle, Pacific Heights, Fatal Attraction, Fear და ასე შემდეგ. შესაბამისად, “ამერიკანიზებული” ფინალისა და მაკევოის გიჟური პერფორმანსის გამო Speak No Evil-ის ნახვა ღირს.
არ თქვა აუგი (Speak No Evil)
რეჟისორი: ჯეიმს უოტკინსი
ხანგრძლივობა: 1 საათი და 50 წუთი