წლის სენსაცია: კორალი ფარჟას სატირული ბოდი ჰორორი
ელიზაბეტ სპარკლი, რომელიც ცნობილია თავისი აერობიკის შოუთი, 50-ე დაბადების დღეზე შეიტყობს რომ, მისი სატელევიზიო პერსონა მოძველდა, საჭიროა უფრო ახალგაზრდა, მომხიბვლელი წამყვანი, რეიტინგების ასამაღლებლად, რის გამოც, ელიზაბეტს ათავისუფლებენ. ამ დამანგრეველი დარტყმის ფონზე, ეს უკანასკნელი გადაწყვეტს გამოიყენოს შავი ბაზრის ნარკოტიკი – უჯრედების გამრავლების ნივთიერება, რომელიც ჰპირდება, რომ იგი საკუთარი თავის გაძლიერებულ ვერსიად გარდაიქმნება. მთავარ როლებში: დემი მური, მარგარეტ ქუეილი და დენის ქუეიდი.
“სუბსტანციის” პრემიერა პირველად 2024 წლის 19 მაისს შედგა კანის 77-ე კინოფესტივალზე და შეირჩა “ოქროს პალმის რტოს” მოსაპოვებლად ძირითად საკონკურსო სექციაში, სადაც ფარჟამ მოიპოვა საუკეთესო სცენარის პრიზი. ხოლო მსოფლიო რელიზი ფილმისა ამავე წლის 20 სექტემბერს შედგა (ქართულ კინოგაქირავებაში კი 19-ში) და ეს უკვე რეჟისორის მეორე ფილმია 2017 წლის Revenge-ის შემდეგ. “სუბსტანცია” შეიძლება ჩაითვალოს წლის ერთ-ერთ უცნაურ, გიჟურ, სურეალისტურ, საზიზღარ, პროვოკაციულ, გამომწვევ ფილმად, რომელიც მაყურებელს დიდიხანი დაამახსოვრდება. თუკი 2020 წელს ჯულია დუკურნაუმ მსგავს ეფექტს მიაღწია თავისი “ტიტანით,” სადაც სხეული და მანქანა ერთმანეთს ერწყმის, კორალიმ კლონირების კონცეპტი აიღო, აიყვანა კუბში და ყოველ მოლოდინს გადააჭარბა, რომლის პროცესში ფილმი ასევე კომენტარსაც აკეთებს სოციუმში დაწესებულ სილამაზის ნორმებზე და იმაზე თუ როგორი მყიფე შეიძლება იყოს ქალის სხეული და გონება. ამასთანავე “სუბსტანცია” საინტერესოდ იკვებება ყველასთვის ნაცნობ და ფამილიარულ შიშებზე, როგორიცაა: დაბერება, პიროვნების გაორება, იდენტურობის დაკარგვა და თვით-განადგურებისკენ მიდრეკილება.
ფილმის ყურებისას იქმნება შთაბეჭდილება რომ, კორალიმ მხოლოდ საუკეთესო აიღო ბოდი-ჰორორის ოსტატებისგან როგორებიცაა: ბრაიან იუზნა, (Society, Beyond Re-Animator, Night of the Living Dead 3) ფრენკ ჰენენლოტერი (Frankenhooker, Basket Case-ის ტრილოგია) დევიდ კრონენბერგი (The Fly, The Brood, Videodrome) სტიუარტ გორდონი (Re-Animator, Castle Freak, From Beyond) და კარგად მიმოაბნია სიუჟეტის მსვლელობისას, რომელიც იწვევს როგორც გაოცებას, ისე ზიზღის შეგრძნებას და არაკომფორტულ ატმოსფეროს. მარტივად რომ ავღწეროთ “სუბსტანცია” – წარმოიდგინეთ “დორიან გრეის პორტრეტის” ან “ჯეკილისა და ჰაიდის” თანამედროვე ვერსია სადაც ვხედავთ თუ როგორ იწყებს ერთი პიროვნების ორი ნაწილი ერთმანეთთან ბრძოლას. (მხოლოდ ამ შემთხვევაში, ნაწილები ფიზიკურად არიან განცალკევებული ერთმანეთისგან)
კინოთეატრში ყურებისას, “სუბსტანციამ” დამანახა არამხოლოდ ფარჟის ანტიექსპლოატაციური კინოენის აბსოლუტური სიდიადე, არამედ მაყურებელთან დიალოგის მისი მეთოდების უნივერსალურობაც, რომლითაც მას შეუძლია მიაღწიოს ყველასთან და სრულიად განსხვავებული გზებით. ფილმის მსვლელობისას, სავსე დარბაზში ისმოდა როგორც სიცილი, ისე შემაძრწუნებელი ამოსუნთქვები და ზოგიერთი სცენის შესაბამისი რეპლიკები, რის გამოც ვფიქრობ “სუბსტანცია” აუცილებლად სანახავია და გამოსაცდელი დიდ ეკრანზე, ამასთანავე რაც უფრო ბრმად შეხვალთ ფილმზე, ნაკლები ინფორმაციით, მით უკეთესი იქნება – სრული ეფექტის მისაღებად.
კორალი ფარჟა ბოლომდე იხრება ბოდი-ჰორორის ტერიტორიაზე და გრაფიკულ დეტალებში ვხედავთ სხეულის ტრანსფორმაციის სხვადასხვა საზარელ ნაწილებს, უცნაურად დამჭკნარი ზოგიერთი ნაწილი, გადახსნილი ზურგის ჭრილობები და ა.შ. აღარ დავკონკრეტდები რა და როგორ, უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, ფილმი თითქმის არ არის საშიში, ვიდრე დაძაბული, რაც ჰორორის ამ ქვე-ჟანრისთვის დამახასიათებელია. ფანტასტიური პრაქტიკული ეფექტების იქით, “სუბსტანცია” გამოირჩევა ლამაზი ოპერატურით, ქირურგიულად ზუსტი მიზანსცენებით, სტერილური და მინიმალისტური ინტერიერებით, რაც მშვენივრად ერწყმის ფილმის სურეალისტურ ბუნებას, ქალების ოვერსექსუალიზაციას მედიაში და მთავარ პერსონაჟთა მოსაწყენ, რუტინულ ცხოვრების წესს. მონტაჟი უცნაურია, ქაოტური, მაგრამ თანმიმდევრული და ხმის დიზაინი დიდ როლს თამაშობს დაძაბულობის შექმნაში მაშინაც კი, როცა ეკრანზე საშიში ან ვიზუალურად ამაზრზენი არაფერი ხდება. საუნდტრეკი სუბსტანციისა ძირითადად მოიცავს ელექტრო, პოპ, სინთ კომპოზიციებს, რომელშიც ყველასთვის ნაცნობი სიმღერის Pump It Up-ის რემიქსსაც შეხვდებით. ასეთი მუსიკითა და სტილით, “სუბსტანცია” თითქოს აღვიძებს გვიანდელი 90-იანებისა და ადრეული 2000-იანების ეპოქას, რომლის დროსაც მსგავსი მუსიკა, ფიტნესი და აერობიკა საკმაოდ პოპულარული იყო. “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია” როგორც იტყვიან.
“სუბსტანციაში” წამოჭრილი თემები კიდევ ერთი ძლიერი მხარეა, სადაც ის ეხება ქალთა წინაშე მდგარ მრავალ პრობლემას, განსაკუთრებით იმ ქალებისას, რომლებიც მედიაში მუშაობენ. ასაკის გამო პოზიციის დაკარგვის შიში, მათი სურვილი, ლტოლვა და შური ახალგაზრდობისა და სილამაზის მიმართ, მათი იმიჯის მიმართ აკვიატება და კაცების, რომლებიც მათ შოუებს მართავენ, შეპყრობილი მათი სხეულის ყოველი სანტიმეტრის ჩვენებაზე. ყველაზე საზიზღარი კი დენის ქუეიდის პერსონაჟი – ჰარვია, რომელიც ცდილობს ახსნას თავისი შეხედულებები ქალებზე, ამავდროულად თავი კარგ ტიპად მოაქვს, რადგან ის თავის აქციონერებს ფულს აკეთებინებს. განსაკუთრებით ამაზრზენია თუ როგორ შეექცევა ჰარვი კრევეტებს, როდესაც ის ამ ყველაფერზე საუბრობს და ცხიმიან თითებს მაგიდაზე იწმენდს. ასეთ ახლო კადრებს, რომლებმაც შესაძლოა დენი ბოილის Trainspotting გაგახსენოთ, ხშირად შეხვდებით, რაც უფრო აძლიერებს დაძაბულობისა და ზიზღის ეფექტს.
რაც შეეხება სიუჟეტს, კარგად იწყება, გაჟღენთილია მისტიურობით, რომელიც გარშემორტყმულია სახელწოდებით ნივთიერებასთან. ჩვენ ვერასდროს ვიგებთ ვინ ან რა კომპანია დგას ამ ყველაფრის უკან, გარდა იდუმალი ხმისა, რომელიც მთავარ პერსონაჟებს პასუხობს ყოველ დარეკილ ზარზე, შეკითხვის ან დოზირების შემთხვევაში. ისტორია მალევე ხდება საინტერესო როგორც კი მაყურებელი იგებს თუ რას აკეთებს რეალურად “სუბსტანცია,” რომელიც “ზედმეტად კარგად ჟღერს რომ მართალი იყოს” და აქვს თავისი უკუჩვენებებიც. ხოლო როცა ვიგებთ თუ როგორ მუშაობს აღნიშნული ნივთიერება, შემდეგ ვხვდებით 7 დღიან ციკლში: 1 კვირა როგორც ელიზაბეტი (დემი მური) და 1 კვირა როგორც სიუ, (მარგარეთ ქუეილი) შესანიშნავად შესრულებული მსახიობების მიერ, რომლებიც ერთსა და იმავე პერსონაჟის ორ ვერსიას ასახავენ. მომენტებში “სუბსტანცია” ოდნავ განმეორებადი ხდება, როგორცკი კონცეფცია და მესიჯი ფილმისა გასაგებია და ზოგს შეიძლება Black Mirror-ის ერთი დიდი “გადაწელილი” სერიაც ეგონოს. თუმცაღა ის, თუ როგორ ეშვება მთავარი პერსონაჟი სიხარბის და სიგიჟის დაუსრულებულ უფსკრულში, მას შემდეგ რაც მან ეს “აკრძალული ნაყოფი” გამოიყენა – საინტერესო და საზარელი სანახაობაა. როგორც მოსალოდნელია, ამ ორ ინდივიდს შორის ნელ ნელა ჩნდება კონფლიქტი, იზრდება დაძაბულობა და ხდება ორი “მე”-ს დაპირისპირება: ახალგაზრდა, თავქარიანი სიუსა და გაბრაზებული, დეპრესიული ელიზაბეტს შორის. “სუბსტანციის” ხიბლიც სწორედ ამ სიმარტივესა და უბრალოებაშია, თავისი ცინიკური მიდგომით, რომელიც მალევე ვლინდება ერთ-ერთ ყველაზე ეპიკურ, დასამახსოვრებელ, გიჟურ მესამე ნახევარში, სადაც ფილმი ყოველ ზღვარს სცდება, ხოლო ბოდი-ჰორორის მხურვალე თაყვანისმცემლები რომლებიც აქამდე ყურადღებით აკვირდებოდნენ მომხდარს ეკრანზე, ფინალით კმაყოფილი დარჩებიან და სუსტი გულის პატრონები მალევე დატოვებენ დარბაზს, ზოგს კი მსგავსი გრაფიკული სანახაობა დიდხანს გაჰყვება.
დასასრულ, “სუბსტანცია” ალბათ წლის ერთ-ერთი ყველაზე გამომწვევი, თამამი (გრაფიკული სცენების გარდა, არის ასევე ეროტიული სცენებიც) გროტესკული სანახაობაა, რომელმაც აუდიტორიის და მათ შორის ჩემი მოლოდინები გაამართლა. ამასთანვე, ფილმი გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო ვიზუალით, რაც ოდესმე მინახავს ბოლო წლის განმავლობაში. მაქსიმალურად შეეცადეთ მოერიდოთ ყოველგვარ სინოფსისს, თრეილერს ან ზედმეტ ინფორმაციას, შედით ბრმად და “სუბსტანციის” მაქსიმალური ეფექტი – გარანტირებული იქნება. ფილმის ნახვის შემდეგ კი, აერობიკის ან ფიტნესის რეკლამებსა და ვიდეოებს სხვა თვალით შეხედავთ. ხოლო როგორც მაქს რენი იტყოდა დევიდ კრონენბერგის “ვიდეოდრომიდან” – “გაუმარჯოს ახალ ხორციელს!”
სუბსტანცია (The Substance)
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი 2024
რეჟისორი: კორალი ფარჟა (Coralie Fargeat)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 20 წუთი